ელექტრონული ტექსტების კითხვა

ზოგადი მიმოხილვა

მედიაწიგნიერება ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციაა, რომლის განვითარებაზეც ზრუნვა სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს თანამედროვე საგანბმანათლებლო სივრცეში. ამდენად, საჭიროდ მივიჩნიეთ, სათანადო ყურადღება გაგვემახვილებინა მულტიმედიური ტექსტების კითხვაზე.

კვლევების მიხედვით, ელექტრონულ ფორმატში კითხვა ბეჭდური ტექსტების კითხვისგან განსხვავებული უნარებისა და სტრატეგიების ფლობას მოითხოვს. ეს იმიტომ, რომ ელექტრონულ ფორმატში კითხვა უმეტესად ინფორმაციის მოძიებას უკავშირდება და ამ პროცესს თავად მკითხველი უძღვება (და არა მასწავლებელი). ამასთანავე,  ასეთი ტექსტების კითხვის დროს მკითხველი არ მიჰყვება ერთ ხაზს ტექსტის დასაწყისიდან ბოლომდე.  იგი მიჰყვება ბმულებს, გადადის ერთი ვებგვერდიდან მეორეზე, ხსნის და ეცნობა სხვა ფანჯრებს და ა.შ. ელექტრონულ ფორმატში კითხვისთვის საჭიროა შემდეგი უნარები: შესაბამისი კითხვების დასმა და ფორმულირება, სანდო ინფორმაციის მოძიება, ასევე ამ ინფორმაციის შეფასება, სინთეზირება და გაზიარება.

კვლევების თანახმად ასევე დამტკიცებულია, რომ ბეჭდური ტექსტების კითხვაში გაწაფული მოსწავლე ყოველთვის არ არის მულტიმედიური  ტექსტების ასეთივე კარგი მკითხველი და - პირიქით. 


აქტივობის მიზანი

წარმოდგენილი მეთოდები და რეკომენდაციები მიზნად ისახავს, დაეხმაროს მასწავლებელს მულტიმედიური, კერძოდ კი, ელექტრონული ტექსტების კითხვის სწავლების პროცესში.

 

რესურსები

კომპიუტერი, სხვადასხვა აქტივობის დასაგეგმად და ჩასატარებლად საჭირო მასალა.

 

აქტივობების აღწერა

1. საწყის ეტაპზე მოსწავლეები ვარჯიშობენ სასურველი ინფორმაციის მოძიებისთვის საჭირო კითხვების ჩამოყალიბებაში. ამისათვის მათ უნდა იცოდნენ, რომ კითხვა მთლიანად კი არ უნდა ჩაწერონ საძიებო ველში, არამედ შეძლონ შესაბამისი საკვანძო სიტყვების, ტერმინებისა და ფრაზების შერჩევა და გამოყენება.

2. ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის გასაანალიზებლად და შესაფასებლად, შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის საკლასო აქტივობების დაგეგმვა. მაგალითად:

მოსწავლეები აკვირდებიან და მსჯელობენ, რა განსხვავებაა, მაგალითად, შემდეგ დომეინებს შორის: .com, .gov, org, edu და ge და რა ტიპის ინფორმაცია შეიძლება მოიპოვონ თითოეული მათგანიდან;

მოსწავლეები ამოწმებენ მასწავლებლის მიერ შერჩეულ ვებგვერდებს (ამისათვის  მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს სანდო და ნაკლებად სანდო ვებგვერდები). მათ პასუხი უნდა გასცენ შემდეგ კითხვებს: შესაძლებელია თუ არა ამ ვებრგვერდზე წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმება სხვაგან? არის თუ არა ეს ინფორმაცია სანდო? არის თუ არა ეს ინფორმაცია ახალი? არის თუ არა ეს ინფორმაცია დასაბუთებული (ახლავს თუ არა მას შესაბამისი ფოტომასალა, აუდიო-მასალა და ა.შ.)? არის თუ არა ეს ვებგვერდი მიკერძოებული (ნეიტრალურია თუ ვინმეს ან რამეს პროპაგანდას ეწევა)? და ა.შ.

3. სასურველია ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას. მაგალითად:

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დახაზონ რუკა, რომელზეც მათ უნდა ასახონ, თუ როგორ მიაგნეს სასურველ ვებგვერდს და მოიპოვეს საჭირო ინფორმაცია. მოსწავლეები სიტყვიერადაც აღწერენ მათ მიერ ”განვლილ გზას” და ხსნიან, თუ რატომ მიიღეს ესა თუ ის გადაწყვეტილება თითოეულ ეტაპზე.

მოსწავლეები ხსნიან, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელეს კონკრეტულ ვებგვერდზე შემოთავაზებული ინფორმაციის სანდოობის დასადგენად, გადაამოწმეს თუ არა ეს ინფრომაცია და როგორ.

 

შეფასება

აქტივობის სპეციფიკისა და სასწავლო მიზნის გათვალისწინებით, მასწავლებელმა თავად უნდა განსაზღვროს შეფასების ტიპი და კრიტერიუმები.

 

კავშირი სხვა საგნებთან

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.