ძვირფასო მეგობარო!

WordSection1">

აქტივობის შესახებ

იმისათვის, რომ მოსწავლემ უფრო კარგად გაიცნოს პრესონაჟი, მისი თვისებები, მსოფლმხედველობა, უნდა დავეხმაროთ მას, საფუძვლიანად დაფიქრდეს, თუ რას გრძნობს იგი და როგორი დამოკიდებულება აქვს გარესამყაროსადმი. ყოველივე ეს კი ხელს უწყობს წაკითხული ტექსტის გააზრებას.


აქტივობის მინები

მოსწავლეები

1.  უკეთ გაიცნობენ წაკითხული ნაწარმოების პერსონაჟს/პერსონაჟებს;

2.  დააკვირდებიან პერსონაჟის/პერსონაჟების თვისებებს;

3.  დააკვირდებიან პერსონაჟთა ურთიერთდამოკიდებულებას.


რესურსები

სახელმძღვანელო, რვეული, კალამი.


აქტივობის აღწერა

  1. მასწავლებელი შეარჩევს პერსონაჟს შესწავლილი მხატვრული ნაწარმოებიდან და განიხილავს მთელ კლასთან ერთად. მოსწავლეების დახმარებით იგი დაფაზე ჩამოწერს ამ პერსონაჟის ძირითად დამახასიათებელ თვისებებს.
  2. მასწავლებელი იმეორებს ამავე პროცედურას სხვა პერსონაჟთან დაკავშირებით. შენიშვნა: შერჩეულ პერსონაჟთა რაოდენობა დამოკიდებულია ტექსტზე, ასევე მასწავლებლის გადაწყვეტილებაზე.
  3. მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს დაფიქრდნენ შემდეგზე: ერთ პერსონაჟს მეორისთვის წერილი რომ მიეწერა, მათი აზრით, რას დაწერდა იგი? ყოფს კლასს ჯგუფებად და აძლევს დროს (2-3 წუთს)  თემის  მოსაფიქრებლად.
  4. ჯგუფების კარნახით მასწავლებელი  დაფაზე ჩამოწერს  წერილის  სავარაუდო თემებს.
  5. იმართება დისკუსია,  რომლის დროსაც განიხილება, რამდენად ადეკვატურად შეარჩიეს ჯგუფებმა თემები. მასწავლებელი წინასწარ აძლევს მითითებას მოსწავლეებს, რომ ჯგუფის პოზიციის დასაცავად მისაღებია მხოლოდ ის არგუმენტები, რომლებიც ტექსტს ემყარება.
  6. დისკუსიის შედეგად შეირჩევა თემები წერილისთვის (ერთი ან ორი, შესაძლებელია სამიც).
  7. ამის შემდეგ მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს, დამოუკიდებლად დაწერონ წერილი. შენიშვნა: წერილის მოცულობა უნდა იყოს იმდენი, რამდენის დაწერასაც მოასწრებენ მოსწავლეები 10-15 წუთის განმავლობაში.
  8. წერის დასრულების შემდეგ მასწავლებელი რამდენიმე მოსწავლეს წააკითხებს ნაწერს და განიხილავს კლასთან ერთად. შენიშვნა:  განხილვამდე მოსწავლეებს შეახსენებს, რომ ნაწერის შეფასებისას მათ უნდა იხელმძღვანელონ ორი კრიტერიუმით. ესენია: 1) შესაბამისობა დაფაზე ჩამოწერილ პერსონაჟების დამახასიათებელ თვისებებთან, 2) შესაბამისობა ტექსტთან, რომელშიც ასახულია პერსონაჟთა ურთიერთდამოკიდებულება.

შეფასება

ეს აქტივობა კომპლექსურია და კითხვის გარდა, ზეპირმეტყველებისა და წერის მიმართულებებსაც მოიცავს. ამდენად, მისი მიმდინარეობისას შეფასდება

  • წაკითხულის გააზრების უნარი - რამდენად კარგად შეუძლია მოსწავლეს, ამოიცნოს პერსონაჟთა თვისებები, მათი ურთიერთდამოკიდებულებები;
  • დისკუსიიაში მონაწილეობის უნარი - რამდენად კარგად შეუძლია მოსწავლეს საკუთარი მოსაზრების დასაბუთება შესაბამისი არგუმენტების მოშველიებით;
  • წერის  უნარი  - რამდენად კარგად შეუძლია  მოსწავლეს  მიზნობრივი  ტექსტის
  • (მოცემულ შემთხვევაში, წერილის) შექმნა და გაფორმება;
  • წარმოსახვის უნარი - რამდენად შემოქმედებითად მიუდგა მოსწავლე მოცემულ დავალებას.

აქტივობის მსვლელობისას ყურადღება უნდა დაეთმოს მოსწავლეთა ურთიერთშეფასებას.

მეთოდური მითითება

სასწავლო მიზნიდან და ტექსტის სპეციფიკიდან გამომდინარე, მასწავლებელს შეუძლია გარკვეული მოდიფიკაციები შეიტანოს ამ აქტივობაში. მაგალითად, შექმნას „განცხადებების დაფა“ წერილებისათვის,  რომლებშიც გამოტოვებული იქნება პერსონაჟთა  სახელები,  ხოლო  მოსწავლეებს დაევალებათ  მათი  (ადრესანტის  და ადრესატის) გამოცნობა. ამ აქტივობის გამოყენება შესაძლებელია IV და VI კლასებშიც.