ძველი და ახალი სიტყვები

 (არსებული ლექსიკური მარაგის აქტივაცია; ახლად შეძენილი ლექსიკური მარაგის გამოყენება).

 

აქტივობის შესახებ

მოგეხსენებათ, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს უკვე გააჩნიათ გარკვეული ლექსიკური მარაგი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათი  ლექსიკა მაინც საკმაოდ მწირია, რაც მათ კითხვის პროცესში დაბრკოლებებს უქმნის. ამიტომ, საჭიროა,

რომ მასწავლებელმა გაააქტიუროს და გაამდიდროს მათი ლექსიკური ფონდი ისე, რომ ეს პროცესი სახალისო და შედეგისმომტანი იყოს მოსწავლეებისთვის. ამისათვის შესაძლებელია დაიგეგმოს და ჩატარდეს ისეთი საკლასო აქტივობები, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს, გაიხსენონ უკვე  ნაცნობი სიტყვები და,  ამასთანავე,  შეიძინონ ახალი ლექსიკუ- რი მარაგი.

 

აქტივობების მიზანი

ამ აქტივობების შედეგად მოსწავლეები:

 

  • ისწავლიან თანამშრომლობას, ჯგუფურ მუშაობას;
  • შეძლებენ საკუთარი ლექსიკური მარაგის გააქტიურებას;
  • შეძლებენ  სიტყვათა ჯგუფების კონკრეტულ თემებთან დაკავშირებას;
  • ისწავლიან აზრობრივი რუკების აგებასა და გამოყენებას.

 

 

რესურსები

 სახელმძღვანელო, ან რომელიმე დამატებითი საკითხავი წიგნი; ბარათები; საწერი კალმები.

 

აქტივობების აღწერა

 

  1. გონებრივი იერიში იდეების გენერირების მიზნით - ნებისმიერი ტექსტის წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დაასახელონ ამ ტექსტთან დაკავშირებული თემები, მაგალითად, გარეული ცხოველები, წელიწადის დროები, ოკეანის თევზები (თუ ტექსტი ეხება ბუნებას), ფერები, ადამიანის ემოციები (თუ მოთხრობაა) და ა.შ.
  2. ამის შემდეგ მასწავლებელი ისე  დაგეგმავს გაკვეთილს, რომ ყველა მოსწავლეს მიეცეს საშუალება, მიიღოს მასში მონაწილეობა, გაიხსენოს და დაასახელოს სიტყვა, რომელიც უკავშირდება ჩამოთვლილ თემებს  (მაგ., გარელი ცხოველები: დათვი, მგელი, შველი, კურდღელი, ციყვი, მტაცებელი, სორო, ბუნაგი და სხვ.; წელიწადის დროები: ზაფხული, ზამთარი, შემოდგომა, გაზაფხული, სიცხე, წვიმა, ნისლი, თოვლი, ფიფქი, ყინული და სხვ.; ადამიანის გრძნობები: ბედნიერი, მოწყენილი, მხიარული, ნაღლიანი, გაბრაზებული და სხვ.).  შენიშვნა:  მასწავლებელი წინასწარ მომზადებულ ბარათებზე გარკვევით ჩაიწერს მოსწავლეების მიერ დასახელებულ თითოეულ სიტყვას.
  3. აზრობრივი რუკა - მასწავლებელი ანაწილებს თემებს ჯგუფებში. ყველა ჯგუფმა უნდა ჩაიწეროს თემის  დასახელება და ფურცელი მოათავსოს მაგიდის ცენტრში. ამის შემდეგ მასწავლებელი ერთმანეთში აურევს ბარათებზე დაწერილ სიტყვებს და გაანაწილებს მათ ჯგუფებში. მოსწავლეები ცენტრში მოთავსებული ბარათის გარშემო აწყობენ თემასთან დაკავშირებულ სიტყვებს. ბუნებრივია, მათ შეხვდებათ იმ თემებთან  დაკავშირებული სიტყვებიც, რომლებიც სხვა  ჯგუფებს შეხვდათ, ასევე  ისეთი სიტყვებიც, რომლებიც არც ერთ თემას არ უკავშირდება.
  4. ამის შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს,   დარჩენილი  ბარათები გაყონ ორ ნაწილად. ცალ-ცალკი დალაგდება სიტყვები, რომლებიც სხვა თემასთან არის დაკავშირებული და სიტყვები, რომლებიც არც ერთ თემასთან არ არის დაკავშირებული. ამის შემდეგ ჯგუფებს ეძლევათ დრო, დაახარისხონ და გადასცენ შესაბამის ჯგუფებს ”თავიანთი” სიტყვები. შენიშვნა: აქტივობის ეს ეტაპი სასარგებლოა, რადგან თითოეულ მოსწავლეს კიდევ ერთხელ უწევს დაფიქრება ყველა თემასთან დაკავშირებულ სიტყვებზე. ამასთანავე, ეხმარება მას ურთიერთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში .
  5. თამაში „სიტყვების ჯაჭვი“ - მასწავლებელი ხმამაღლა კითხულობს ერთ-ერთ სიტყვას და რიგრიგობით ათქმევინეებს მოსწავლეებს ამ და ყოველ მომდევნო სიტყვასთან აზრობრივად  დაკავშირებულ  სიტყვებს, მაგ., ოკეანე → ვეშაპი →თევზი → ბადე → მეთევზე → ნავი → აფრა → მეკობრე და ა.შ., ან ფერი → წითელი → ვაშლი → მარწყვი → ბალი → ატამი →ნესვი → ზაფხული → შემოდგომა → ჩურჩხელა და ა.შ. შესაძლებელია ამ აქტივობას შეჯიბრის სახეც მიეცეს. შენიშვნა: ეს აქტივობაც ხელს უწყობს არსებული ლექსიკური ფონდის გააქტიურებასა და შევსებას.

 

 

შეფასება

ამ აქტივობის მიმდინარეობისას მიზანშეწონილია განმავითარებელი შეფასების გამოყენება.  მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეებს, რამდენად:

  • სწრაფად იხსენებენ და ასახელებენ ისინი სიტყვებს;
  • კარგად შეუძლიათ მათი კლასიფიკაცია;
  • ეფექტურად აგებენ და იყენებენ აზრობრივ რუკებს;
  • აქტიურად არიან ჩართულნი მუშაობაში აქტივობის თითოეულ ეტაპზე;
  • აქვთ სურვილი, დაეხმარონ საკუთარ თანაკლასელებს.

 

მეთოდური მითითება

  •  იმისათვის, რომ მთელი კლასი აქტიურად ჩაერთოს აქტივობებში, მასწავლებელმა აუცილებლად უნდა შექმნას ისეთი გარემო, რომ ყველა მოსწავლის მოსაზრება იყოს ყურადღებული, რათა თითოეულ მათგანს ჰქონდეს განცდა იმისა, რომ მისი აზრს არ უარყოფენ ან დასცინებენ.
  • საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ შეთავაზებული აქტივობების საშუალებით მოსწავლეების ლექსიკური ფონდი მხოლოდ ისეთი სიტყვებით გავამდიდროთ, რომელთა გამოყენებაც მათ რეალურად სჭირდებათ სასკოლო თუ ყოფით სიტუაციებში.
  • ამ აქტივობის თითოეული ეტაპი შეიძლება დაიგეგმოს რამდენჯერმე სასწავლო წლის განმავლობაში. მათი გამოყენება თავისუფლად არის შესაძლებელი III და IV კლასებშიც, ბუნებრივია,  - შესაბამისი მოდიფიკაციით.



კავშირი სხვა  საგნებთან

 

ინტერდისციპლინარული კავშირების განსაზღვრა შესაძლებელია იმის მიხედვით, თუ რა თემას/თემებს ეხება კონკრეტული აქტივობა. მოცემულ შემთხვევაში, მომიჯნავე საგანია ბუნებისმეტყველება.