"ნატურალისტური" ინტელექტის მქონე ადამიანები

"რატომ" კითხვები

"რატომ" კითხვები ხშირად გამოიყენება მიზეზების დადგენის მიზნით. “რატომ" კითხვები მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც გვინდა მოსწავლეების ყურადღება გავამახვილოთ მიზეზშედეგობრიობაზე. მაგ. ისტორიის სწავლებისას ვსვამთ არა მხოლოდ “როდის, რა, სად, ვინ" კითხვებს, არამედ “რატომ" კითხვასაც იმისთვის, რომ გავარკვიოთ მოვლენის მიზეზები ან წინაპირობები. გასათვალისწინებელია, რომ პირად საკითხებზე საუბრისას "რატომ კითხვის" დასმა გარკვეულ სირთულეებს იწვევს. იგი მოითხოვს რესპონდენტისაგან საკუთარი ქცევის ანალიზს. ხშირად ადამიანებს უჭირთ იმის ახსნა, თუ რატომ იქცევიან ისე, როგორც იქცევიან. განსაკუთრებით მაშინ, თუ რესპოდენტის ქცევა საკუთარი თავისათვის დამღუპველი ან წამგებიანია, "რატომ კითხვა" აღრმავებს მის უიმედობას და ზრდის არაადეკვატურობას. ასეთ შემთხვევებში უფრო ეფექტური და მისაღები იქნება, ნაცვლად კითხვისა "რატომ", დავსვათ კითხვა "რა?"; კითხვაზე "რა" რესპონდენტები უფრო ადვილად პასუხობენ, ვიდრე კითხვაზე "რატომ", რომელიც თვითანალიზს გულისხმობს. მაგალითი: "რა სახის უსიამოვნებები გაქვთ თქვენს შვილთან?" - ამ კითხვაზე რესპონდენტისთვის პასუხის გაცემა უფრო იოლია, ვიდრე "რატომ გაქვთ უსიამოვნებები თქვენს შვილთან?"...

აკადემიური ხარისხი

აკადემიური ხარისხი მიენიჭება პიროვნებას უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლის ამა თუ იმ საფეხურის (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) დამთავრებისას. აკადემიური ხარისხის მინიჭების სისტემა განსხვავებულია ქვეყნებისა და უმაღლესი სასწავლებლების მიხედვით. 2001 წლიდან ევროპაში აკადემიური ხარისხის მეტ-ნაკლებად ერთიანი სისტემა (ბოლონიის პროცესი) შეიქმნა, რომლის მიხედვითაც ევროპის ძირითადი ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლები კურსდამთავრებულებს შესაბამისი საფეხურის დამთავრების შემდეგ სამი ტიპის სამეცნიერო ხარისხს ანიჭებენ: ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხს. საქართველო 2005 წლიდან შეუერთდა ბოლონიის პროცესს.

აკრედიტაცია

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტთან და ეროვნულ სასწავლო გეგმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ახორციელებს აკრედიტაციას. აკრედიტაცია არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტთან, ეროვნულ სასწავლო გეგმებთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნორმატივებთან შესაბამისობის დადასტურება. თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება სრულად ვერ აკმაყოფილებს აკრედიტაციის პირობებს, მას გარკვეული დროით მიენიჭება პირობითი აკრედიტაცია, რათა ამ დროის განმავლობაში აკრედიტაციის პირობები სრულად დაკმაყოფილდეს; აკრედიტაციის გავლა სავალდებულოა ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის. აკრედიტაციის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურს. კონკრეტული აკრედიტაციის ჩასატარებლად სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახური ნიშნავს ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარეს, რომლის კანდიდატურასაც უთანხმებს აკრედიტაციის მაძიებელს. შეთანხმების პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის დებულებით. სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახური ვალდებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას სამართლებრივი დახმარება გაუწიოს აკრედიტაციის საკითხებთან დაკავშირებით. სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახური აკრედიტაციის საკითხებზე შეიმუშავებს ყოველწლიურ რეკომენდაციებს.

ანალიზი

არაფორმალური პროფესიული განათლება

ასერტულობა

ასერტულობა არის ადამიანის უნარი, თამამად გამოხატოს საკუთარი აზრი სხვისი შეურაცხყოფის გარეშე და სხვებთან დაამყაროს ეფექტური კომუნიკაცია. ამ დროს ადამიანი პატივს სცემს საკუთარ თავს და სხვებს. ასერტულობა აძლევს ადამიანს სხვებთან ღია კომუნიკაციის საშუალებას. ასერტული ქცევა აძლევს საშუალებას ადამიანს რომ დაიცვას საკუთარი პოზიცია, მაშინაც კი, როცა სხვებს განსხავებული აზრი აქვთ. ასერტული ქცევა გულისხმობს შემდეგი უნარების გამოყენებას:

  1. უარის თქმა: როგორ თქვა "არა" შესატყვის სიტუაციაში და შესატყვის დროს. საკუთარი პიზიციის გამოხატვა - "არა, არ შემიძლია" მიზეზების ახსნა - "დღეს დაკავებული ვარ" გაგება - "იმედი მაქვს, რომ თქვენთვის შესაბამის სხვა საქმეს მოძებნით"
  2. გრძნობების გამოხატვა: უთხრა ადამიანებს, თუ რას გრძნობ. დადებითი გრძნობების გამოხატვა: "შენ ძალიან კარგად შეასრულე დავალება" უარყოფითი გრძნობების გამოხატვა: "შენმა საქციელმა მე გული მატკინა"
  3. თხოვნა: ინფორმაციის, განმარტების მიღების თხოვნა. პრობლემის ჩამოყალიბება/განმარტების თხოვნა: "მე თქვენ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დავალება მომეცით; თუ შეიძლება, "შეგიძლიათ ამიხსნათ, ზუსტად რა გსურთ, რომ გავაკეთო?"

აქტიური მოსმენა

აქტიური მოსმენა ეფექტური კომუნიკაციის საფუძველია. აქტიური მოსმენის დროს მსმენელი ამახვილებს ყურადღებას მოსაუბრესა და მის ნათქვამზე. კარგ მსმენელს უნდა შეეძლოს მოსმენილის შინაარსის საკუთარი სიტყვებით გადმოცემა. ეს ნიშნავს იმას, რომ მან კარგად გაიგო სხვისი ნათქვამი. ამისათვის აქტიურმა მსმენელმა უნდა დაამყაროს უკუკავშირი მოსაუბრესთან კითხვების საშუალებით, რათა დააზუსტოს, ერთი მხრივ, გადმოცემულის შინაარსი და, მეორე მხრივ, მოსაუბრის ემოციური მდგომარეობა, მისი დამოკიდებულება საკითხისადმი. გარდა ამისა, აქტიური მოსმენისათვის აუცილებელია მოსმენის გარე და შიდა ფაქტორების გაცნობიერება. გარე ფაქტორებში გულისხმობენ: ზოგადად გადმოცემული საკითხის სირთულეს, მოსაუბრეს და გარემოს. კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას რაიმე შეხება ამ საკითხთან და რამდენად რთულია მისი გაგება. აქტიური მსმენელი უნდა დააკვირდეს, თუ მოსაუბრისგან რა არავერბალური ინფორმაცია მოდის, რამდენად დამაჯერებელია მოსაუბრე, და ა. შ. ცხადია, კარგად ილუსტრირებული ინფორმაცია და სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენება უფრო გაუადვილებს მსმენელს გადმოცემული ინფორმაციის გაგებას. და ბოლოს, გასათვალისწინებელია, თუ რამდენად შესატყვისია გარემო ინფორმაციის ურთიერთგასაცვლელად და არსებობს თუ არა რაიმე ხელისშემშლელი გარემო ფაქტორები (ხმაური, ვიბრაცია, განათება, ტემპერატურა და სხვა). აქტიური მოსმენის დროს მსმენელმა ასევე უნდა გააკონტროლოს მოსმენის შიდა - საკუთარ თავთან დაკავშირებული ფაქტორები. კერძოდ, მან ყურადღება უნდა გაამახვილოს მოსაუბრეზე, შეწყვიტოს ყველა შეუსაბამო ქცევა მოსმენის დაწყებამდე, წინასწარ მოამზადოს შესატყვისი მასალა (მაგ. ჩასაწერი რვეული, კალმისტარი, წინა გაკვეთილის შინაარსი), გააკონტროლოს თავისი ემოციური მდგომარეობა და ა. შ.

ბავშვთა უფლებათა კონვენცია

ბავშვთა უფლებათა კონვენცია არის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვთა სრულყოფილად მომზადება საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და აღზარდოს იგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული იდეალების, განსაკუთრებით კი მშვიდობის, ადამიანის ღირსების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით. ბავშვთა უფლებათა კონვენცია 1989 წელს ერთხმად მიიღო გაერთიენებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ. ის შედგება პრეამბულის, სამი ნაწილისა და 54 მუხლისაგან. ბავშვთა უფლებათა კონვენცია საქართველოში 1994 წლის 21 აპრილიდან შევიდა ძალაში.

ბრუნერის თეორია

ამერიკელი ფსიქოლოგი ჯერომ ბრუნერი (1915) კოგნიტური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მან საფუძველი ჩაუყარა კოგნიტური სწავლის თეორიას განათლების ფსიქოლოგიაში და განათლების ზოგად ფილოსოფიას. ბრუნერის მიდგომა სწავლებისადმი არის კონსტრუქტივისტული. ბრუნერის თეორიის მიხედვით, სწავლა არის აქტიური პროცესი, სადაც მოსწავლეები არსებული ცოდნის ბაზაზე ქმნიან ახალ იდეებს და კონცეფციებს. მოსწავლე არჩევს და გარდაქმნის ინფორმაციას, ქმნის ჰიპოთეზებს, ღებულობს გადაწყვეტილებებს და ყოველივე ამისათვის იყენებს შემეცნებით სტრუქტურებს. შემეცნებითი სტრუქტურა (სქემა, გონებრივი მოდელები) აძლევს მნიშვნელობას იდეებსა და კონცეფციებს, ახდენს გამოცდილების ორგანიზებას და ინდივიდს ეძლევა შესაძლებლობა, ჩაწვდეს "ინფორმაციის იქით" არსებულ ცნებებსა და კონცეფციებს. სწავლება ისე უნდა იყოს "აწყობილი", რომ მასწავლებელი შესაძლებლობას აძლევდეს მოსწავლეებს, თავად აღმოაჩინონ ძირითადი პრინციპები. ორივე მხარე (მასწავლებელი და მოსწავლე) აქტიურად არის ჩართული დიალოგში (სოკრატული სწავლება). მასწავლებლის ამოცანაა, ისე გარდაქმნას ინფორმაცია, რომ მოსწავლისათვის ადვილად მისაწვდომი გახდეს ის სწავლების ამა თუ იმ ეტაპზე. კურიკულუმი უნდა იყოს შედგენილი სპირალური პრინციპით ისე, რომ მოსწავლეს ჰქონდეს შესაძლებლობა, თანდათანობით გაიმდიდროს ცოდნა ახალ-ახალი ინფორმაციით. ბრუნერი მიიჩნევს, რომ მისი სწავლების თეორია მოიცავს ოთხ მთავარ ასპექტს: (1) სწავლებისადმი წინასწარი განწყობა; (2) სწავლება ისე უნდა იყოს აგებული, რომ მოსწავლისათვის ადვილად მისახვედრი და გასაგები იყოს; (3) საჭიროა არსებულ მასალაში თანმიმდევრობის პრინციპის დაცვა; (4) საჭიროა წახალისება-დასჯის მეთოდების სწორი გამოყენება. ბრუნერის მიხედვით, სწავლების ძირითადი პრინციპებია: 1. სწავლება უნდა ეფუძნებოდეს სასწავლო მასალასა და გამოცდილებას, რომლის ათვისებისათვისაც მოსწავლე მზადაა. 2. სწავლების სტრუქტურა ადვილად გასაგები უნდა იყოს მოსწავლისათვის (სპირალური ორგანიზება). 3. სწავლება ხელს უნდა უწყობდეს "ექსტროპოლაციას" ანუ ის უნდა ავსებდეს სასწავლო პროცესში წარმოშობილ "ნაპრალებს" (დამატებითი ინფორმაციის მოძიება).

გაგება

ბ. ბლუმის მიხედვით, გაგება განიხილება, როგორც აზროვნების ქვედა დონის უნარ-ჩვევა და, ზოგადად, იგი გულისხმობს ნასწავლი მასალის მნიშვნელობის წვდომას; კერძოდ:

  • ფაქტების, წესების, პრინციპების, თეორიების, პროცესების, ობიექტების, სტილის, მოვლენების საკუთარი სიტყვებით აღწერას;
  • ტექსტის ძირითადი აზრის საკუთარი სიტყვებით ახსნას მშობლიურ ენაზე;
  • ტექსტის შინაარსის გაგებაზე მიმართულ კითხვაზე პასუხის გაცემას;
  • სმენითი, წერილობითი და გრაფიკული ინფორმაციის ერთი ფორმიდან მეორეში გადატანას;
  • შესაბამისი მაგალითის მოყვანას;
  • საგნების, მოვლენების, პროცესებისა და სტილის თვალსაჩინო ნიშნით დახარისხებასა და დაჯგუფებას.

გაკვეთილის აქტივობა

აქტივობა არის მასწავლებლის მიერ დაგეგმილი მოსწავლეების ის ქმედებები, რომლებიც სასწავლო მიზნის მიღწევას ემსახურება. მიზნიდან გამომდინარე, მასწავლებელმა შეიძლება დაგეგმოს ერთი ან რამდენიმე აქტივობა და, ასევე, მათი ჩატარების თანამიმდევრობა. აქტივობა ისე უნდა დაიგეგმოს, რომ შენარჩუნდეს მოსწავლეთა ინტერესები და მოტივაცია. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა გაითვალისწინოს, თუ კონკრეტულად რის გაკეთება მოეთხოვებათ მოსწავლეებს და ის, თუ რა როლი უნდა შეასრულოს მან მთლიანად ამ პროცესში. გაკვეთილის აქტივობის დაგეგმვის დროს მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ცოდნა და უნარები, მათი შესაძლებლობები და გამოცდილება.

გაკვეთილის გეგმა (სცენარი)

მასწავლებელი ადგენს გაკვეთილის გეგმას, რომელიც განსაზღვრავს გაკვეთილის სტრუქტურას. გაკევთილის გეგმას გაკვეთილის სცენარსაც უწოდებენ. გაკვეთილის გეგმა მოიცავს გაკვეთილის მიზანს, შესაბამის აქტივობებს, მოსწავლეთა ორგანიზების ფორმას, დროის განაწილებას, რესურსების ჩამონათვალს და შეფასებას. გაკვეთილის ყოველი აქტივობის შესრულება (როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლისა) გაწერილი უნდა იყოს დროში. სასურველია, რომ მასწავლებელმა წერილობით შეადგინოს გაკვეთილის გეგმა ანუ სცენარი, სადაც ზუსტად იქნება გაწერილი ის, თუ რა მოხდება გაკვეთილზე: მასწავლებლის აქტივობები და მოსწავლეების მოსალოდნელი პასუხები. მაგალითად, მასწავლებელმა წინასწარ უნდა ჩამოწეროს, თუ რა შეკითხვების დასმას აპირებს, რათა მოსწავლეები აქტიურად ჩართოს დისკუსიაში. თუმცა, სიტუაციიდან გამომდინარე, მასწავლებელს წინასწარ დაწერილი გაკვეთილის სცენარის შეცვლაც (ანუ იმპროვიზაცია) უნდა შეეძლოს; გაკვეთილის გეგმის შედგენისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეების წინასწარი ცოდნა, რომელიც, შესაძლოა, არ იყოს ერთგვაროვანი. ასევე, ის, თუ როგორ შეიძლება ამ ცოდნის ამოქმედება გაკვეთილის დაწყებისთანავე, მოსწავლეების მოტივაცია, საჭირო რესურსების არსებობა და ა.შ. მოსწავლეთა შესაფასებლად, მასწავლებელმა უნდა გამოყოს მიზნის მიღწევის კრიტერიუმები, ანუ მოკლედ აღწეროს, რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს გაკვეთილის მიზანი განხორციელებულად, შესაძლებელია მიზნის მიღწევის დონეების გამოყოფაც - ანუ შეფასების სქემის - რუბრიკის შედგენა. ასევე, საჭიროა მასწავლებელმა მოახდინოს მის მიერ ჩატარებული გაკვეთილის ანალიზი: რა შესრულდა მის მიერ შედგენილი გეგმიდან კარგად, რამ შეუშალა ხელი გაკვეთილის მიზნის მიღწევაში და რა უნდა გამოსწორდეს მომავალში; არსებობს გაკვეთილის დაგეგმვის სხვადასხვა სტრატეგია. ყველაზე ეფექტურია, როდესაც მასწავლებელი ჯერ გეგმავს გაკვეთილის სასწავლო მიზანს, შემდეგ ამ მიზნის მიღწევის შემოწმების ფორმებს და მხოლოდ ამის შემდეგ აქტივობებსა და საჭირო რესურსებს.

გაკვეთილის სასწავლო მიზანი

სასწავლო მიზანი არის იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების ერთობლიობა, რომელსაც უნდა მივაღწიოთ გაკვეთილის ბოლოს. სასწავლო მიზანი მასწავლებლისთვის სასწავლო პროცესის დაგეგმვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და იგი განსაზღვრავს გაკვეთილის სასწავლო აქტივობის შინაარსს. გაკვეთილის მიზანი წარმოადგენს გაკვეთილის სპეციფიკურ, გაზომვად შედეგს. გაკვეთილის მიზანი შეიძლება იყოს რომელიმე უნარ-ჩვევის განვითარება, მაგალითად, კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება. სასწავლო მიზანი იწერება კონკრეტულად, მარტივად და რეალისტურად. მაგალითად, გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები გაიგებენ, ახსნიან, აღწერენ, შეადარებენ, შექმნიან, გააანალიზებენ, პრობლემას გადაჭრიან, შეაფასებენ, გამოიკვლევენ და ა. შ. გაკვეთილის მიზანი ქმნის როგორც მოსწავლეების პროგრესის შემოწმების, ასევე მასწავლებლის თვითშეფასების საფუძველს. ასევე, გაკვეთილის მიზნებიდან შესაძლებელია მოსალოდნელი სასწავლო შედეგების განსაზღვრა.

გამოცდების ეროვნული ცენტრი

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საქმიანობა 2001 წლიდან დაიწყო "განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროექტის" სახით. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება შეფასების ახალი სისტემის დანერგვა იყო, რომლითაც უნდა მომხდარიყო მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების შეფასება ობიექტური და სანდო მეთოდებით; ეროვნული გამოცდების ჩატარება და საუკეთესო აბიტურიენტთა შერჩევა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩასარიცხად და სახელმწიფო გრანტის მოსაპოვებლად; გამოცდების ეროვნული ცენტრი პასუხისმგებელია ერთიანი ეროვნულ გამოცდების ჩატარებაზე, ასევე, საერთაშორისო კვლევების ჩატარებაზე საქართველოში, რისი განხორციელებაც დაიწყო 2006 წლიდან.

განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი დაარსდა 2007 წელს. ცენტრი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ახორციელებს ინსტიტუციურ და პროგრამულ აკრედიტაციას უმაღლეს, პროფესიულ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. ცენტრის მიზნებია:

  1. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მათი პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან და წესებთან შესაბამისობაში მოყვანა, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების/საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსის, სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის გაცემის უფლების დადგენა.
  2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტთან, ეროვნულ სასწავლო გეგმებთან და სამინისტროს მიერ დადგენილ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნორმატივებთან შესაბამისობის დადასტურება.
  3. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მათი პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან და დადგენილ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა.
  4. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკადემიური პერსონალის და სტუდენტთა აღრიცხვა და მონაცემთა შესაბამისი ბაზის ფორმირება.

განმავითარებელი შეფასება

განმავითარებელი შეფასება ემსახურება მოსწავლეთა სწავლის პროცესისა და წარმატებების გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასების დროს მოსწავლე, მასწავლებლის გამოხმაურებისა და კომენტარების დახმარებით, მუდმივად იღებს ისეთ ინფორმაციას, რომელიც საკუთარი სწავლის გათვითცნობიერებაში ეხმარება. მასწავლებლის მიზანია: ასწავლოს მოსწავლეს, როგორ ისწავლოს (სწავლის სწავლა) და, ამავე დროს, მიიღოს ინფორმაცია მოსწავლის სასწავლო საჭიროებების შესახებ, რათა დაეხმაროს მას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. განმავითარებელი შეფასება ემსახურება სწავლების დარეგულირებას - დაგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით თითოეული მოსწავლისათვის სათანადო დახმარების აღმოჩენასა და პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებას. განმავითარებელ შეფასებას 'სწავლისათვის შეფასებასაც" უწოდებენ. განმავითარებელი შეფასების ყველაზე გავრცელებული ფორმებია წერილობითი კომენტარები, შეფასება ცხრილების (რუბრიკების) საშუალებით და სხვ.

განმსაზღვრელი შეფასება

მისი მიზანია მოსწავლეთა მიღწევების დონის შემოწმება სასწავლო მიზნებთან შეფარდებით. მაგ. განმსაზღვრელი შეფასებაა ქულა, რომელსაც მასწავლებელი წერს გაკვეთილის დროს და რომელსაც არ ახლავს თან განმარტება, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შედეგი გაუმჯობესდეს. განმსაზღვრელი შეფასება ტარდება სემესტრის ბოლოს, თემის დამთავრების შემდეგ, წლის ბოლოს და ა. შ. ისეთი სტანდარტიზებული ტესტები, როგორიცაა GRE, TOEFL და ა. შ. - არის განმსაზღვრელი შეფასების მაგალითები. მაგალითად, "რესტორნის მზარეულის მიერ საჭმლის გასინჯვა" არის განმავითარებელი შეფასება, რადგან ის სინჯავს იმისთვის, რომ გააუმჯობესოს მისი პროდუქტი. მისი "კლიენტის მიერ საჭმლის გასინჯვა" არის განმსაზღვრელი შეფასება რადგან ის უბრალოდ ადგენს, რამდენად კარგია საბოლოო პროდუქტი. განსაზღვრებით შეფასებას "სწავლის შეფასებასაც" უწოდებენ.

გარდნერის თეორია მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ

ამერიკელმა ფსიქოლოგმა ჰ. გარდნერმა (Gardner, 1943-) განავითარა "მრავალმხრივი ინტელექტის თეორია", რომლის მიხედვით არსებობს 8 ერთმანეთისგან განსხვავებული ინტელექტის სახე და მისი შესაბამისი სწავლის სტილი. ინტელექტის ეს სახეებია: ლინგვისტური, მათემატიკურ-ლოგიკური, ვიზუალურ-სივრცითი, სხეულებრივ-კინესთეტიკური, მუსიკალური, ინტერპერსონალური, ინტრაპერსონალური და ნატურალისტური (იხ. თითოეული ტიპის განმარტება ანბანური თანმიმდევრობით). თითოეულ ბავშვს გააჩნია ზემოთ ჩამოთვლილი ინტელექტის რამდენიმე სახეობა. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი აცნობიერებდეს სხვადასხვა ადამიანის სხვადასხვა ხარისხით მიდრეკილებას სხვადასხვა ინტელექტისადმი, რომ მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების მრავალმხრივად გამოხატვის და განვითარების შესაძლებლობა მისცეს.

გენდერი

ეს ტერმინი მეცნიერებაში სოციალური სქესის აღსანიშნავად გამოიყენება. სქესი დაკავშირებულია ქალსა და მამაკაცს შორის ფიზიკურ, სხეულებრივ განსხვავებებთან, ცნება "გენდერი" კი მიუთითებს მათ ფსიქოლოგიურ, სოციალურ და კულტურულ თავისებურებებზე. სქესი ბიოლოგიურად არის განსაზღვრული, გენდერი კი სოციალური და კულტურული ფაქტორებით არის განპირობებული და აღნიშნავს ქალისა და მამაკაცის სოციალურად ნასწავლი ქცევების, თვისებებისა და დამოკიდებულებების ნაკრებს. ბავშვი დაბადებიდანვე განეკუთვნება ბიოლოგიურ კატეგორიას - სქესს, შესაბამისად, მდედრობითს ან მამრობითს. აღზრდის პროცესში ხდება მათი გენდერული ცნობიერების ჩამოყალიბება. გოგონები და ბიჭები სხვადასხვაგვარ გამოცდილებას იღებენ და ითავისებენ არსებულ გენდერულ როლებს მოცემულ კულტურაში. ისინი სწავლობენ, თუ როგორ უნდა იქცეოდეს გოგო თუ ბიჭი, რა არის დასაშვები თითოეულისთვის და რა - არა. ამგვარად, გენდერი გულისხმობს ფსიქოლოგიურ ატრიბუტებს, მახასიათებლებს და ქცევებს, რომელთა შეძენა ხდება სოციალურ კონტექსტში. ყოველ საზოგადოებაში გენდერული განსხვავებები ვლინდება ადამიანთა ქცევის ფორმებში. მაგალითად, რომელ სფეროში მოღვაწეობენ ქალები და მამაკაცები და რა სამუშაოს ასრულებენ ისინი, როგორ იცვამენ, როგორ გამოხატავენ ემოციებს და ა.შ.

გოლმანის თეორია ემოციური ინტელექტის შესახებ

ამერიკელი ფსიქოლოგი გოლმანი (Goleman, 1946-) აყალიბებს თეორიას ემოციური ინტელექტის შესახებ, რომელიც არის ადამიანის უნარი, გაიგოს საკუთარი გრძნობები, გამოხატოს სხვის მიმართ ემპათია და მოახდინოს ემოციების ეფექტური რეგულირება/მართვა. საინტერესოა, რომ ემოციური ინტელექტის დონე/ხარისხი არ დგინდება გონებრივი ინტელექტის საზომი ტესტებით. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანის წარმატების წინასწარმეტყველებისათვის უფრო მნიშვნელოვანია მაღალი დონის ემოციური ინტელექტის ქონა, ვიდრე მაღალი დონის ზოგადი ინტელექტისა. განასხვავებენ ემოციური ინტელექტის ხუთ ძირითად უნარს: თვითშემეცნება, თვითრეგულაცია, მოტივაცია, ემპათია და სოციალური უნარ-ჩვევები. თვითშემეცნების დროს ადამიანი აცნობიერებს საკუთარ განცდებს, რაც მას ეხმარება გადაწყვეტილების მიღებასა და საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასებაში. თვითრეგულაცია გულისხმობს ადამიანის მიერ საკუთარი ემოციების მართვის უნარს, რაც მოიცავს სტრესული სიტუაციების დაძლევას, იმედგაცრუების და მარცხის გადატანას. მოტივაცია გულისხმობს მიზნის მისაღწევად ინიციატივის საკუთარ თავზე აღების უნარს. ემპათია ანუ თანაგანცდა ნიშნავს სხვა ადამიანების გრძნობების გაგების უნარს. ამ ემოციურ უნარს სხვანაირად "ადამიანური ურთიერთობის" უნარსაც უწოდებენ. ეს არის სხვა ადამიანების თანაგრძნობასა და ემოციების გაგებაზე დამყარებული ურთიერთობის უნარი, რომელიც მჟღავნდება სხვების მიმართ კეთილგანწყობასა და სოციალური სიტუაციების სწორ შეფასებაში. მკვლევარები ფიქრობენ, რომ ემოციური კომუნიკაციის 90% არავერბალურია. სხვა ემოციური უნარების მსგავსად, ემპათია არის შინაგანი თვისება, რომელიც ყალიბდება გამოცდილებით. ჩვილი ბავშვები 3 წლის ასაკში განიცდიან ემპათიას, როცა ისინი გამოხატავენ წუხილს სხვა ბავშვის ტირილზე. უფრო პატარა ასაკშიც კი ბავშვები იმიტაციის საშუალებით სწავლობენ რეაქციის გამოხატვას სხვა ადამიანის მწუხარებაზე. თუმცა ამ უნარის განვითარებისთვის საჭიროა უფროსებმა შეამჩნიონ და ხელი შეუწყონ მათი ემოციების განმტკიცებას. სოციალური უნარ-ჩვევები, თავის მხრივ, მოიცავს: (1) ურთიერთობის წარმართვისა და სოციალური სიტუაციების ზუსტი აღქმის უნარს; (2) ურთიერთობის დროს ზომიერების დაცვას; (3) სხვების ადვილად დაყოლიების, ლიდერობის, მოლაპარაკებებისა და დისკუსიების წარმართვის უნარს და (4) ურთიერთთანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის საფუძველზე პრობლემების გადაჭრის უნარს. განსაკუთებით მნიშვნელოვანია ემოციური ინტელექტის უნარ-ჩვევების განვითარება სკოლაში. სკოლას შეუძლია მოახდინოს "ემოციური განათლების" პროგრამის დანერგვა. ეს პროგრამა ასწავლის მოსწავლეებს სიბრაზით, იმედგაცრუებით და მარტოობით გამოწვეული ემოციების მართვას. განათლების სპეციალისტები მიუთითებენ ამგვარი უნარ-ჩვევების განვითარების დიდ მნიშვნელობაზე, რადგან მოსწავლეები, რომლებიც დეპრესიაში ან გაბრაზებულნი არიან და კონფლიქტები აქვთ თანატოლებთან, ვერ შესძლებენ სწავლაში წარმატების მიღწევას.

გრიფი

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი ადგენს სახელმძღვანელოების შესაბამისობას ხარისხის კრიტერიუმებთან და წარმატების შემთხვევაში ანიჭებს მათ რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფს. რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭება ხდება იმ შემთხვევაში, თუ სახელმძღვანელო აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

  • გრიფის მისაღებად წარმოდგენილი წიგნი ან წიგნების კრებული განკუთვნილია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნისთვის, საგნობრივი ჯგუფის ან/და მიმართულებისათვის, რომლისთვისაც არსებობს საგნობრივი სტანდარტები;
  • გრიფის მისაღებად წარმოდგენილია მასწავლებლის წიგნი ან მოსწავლისა და მასწავლებლის წიგნი ერთად;
  • წიგნი დადებით შეფასებას იღებს სახელმძღვანელოების გრიფირების კო ნკურსში ან წარმატებით გადის პილოტირების პროცესს;
  • რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭება თითოეული საგნის, საგნობრივი ჯგუფის ან/და მიმართულების სახელმძღვა ნელოსათვის ხდება კლასების მიხედვით.

დაკვირვების ჩანაწერები

მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეებს (მათი კომენტარები, აზრები, ქცევები) არა მხოლოდ კლასში, არამედ დასვენებაზე, სათამაშო მოედანზე და ა. შ. იგი აკეთებს ჩანაწერებს, გარკვეულ აღნიშვნებს მათ შესახებ. ამგვარი ჩანაწერები განმავითარებელი (მიმდინარე) შეფასების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და კარგად აჩვენებს მოსწავლეების დროში განვითარებას. მასწავლებელმა დაკვირვების საფუძველზე უნდა მიუთითოს მოსწავლეს, თუ რა უნდა შეცვალოს ან რა უნდა გააუმჯობესოს მან სწავლის პროცესში. ამგვარად, ერთი მხრივ, ჩანაწერები მასწავლებელს ეხმარება აღმოაჩინოს ის ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის მოსწავლეს სწავლაში, ხოლო, მეორე მხრივ, მოსწავლეს ხელს უწყობს სწავლის სწავლის უნარ-ჩვევების განვითარებაში. დაკვირვების ჩანაწერებს აუცილებელი არ არის, ჰქონდეს მკაცრად განსაზღვრული სტრუქტურა.

დამოკიდებულება

დამოკიდებულება არის ადამიანის თვალსაზრისი, შეხედულება რისამე ან ვისამე შესახებ. დამოკიდებულება ადამიანის ემოციური სფეროს ნაწილია და იგი გამოხატავს იმას, თუ რას ვანიჭებთ უპირატესობას, რა მოგვწონს ან რა არ მოგვწონს, რა არის მნიშვნელოვანი ან რა არ არის მნიშვნელოვანი. ადამიანი თავის დამოკიდებულებას ადამიანების, საგნების, მოვლენებისა თუ პროცესების მიმართ აყალიბებს მთელი ცხოვრების განმავლობაში. დამოკიდებულებები ეფუძნება ადამიანის ღირებულებებს. ადამიანის ღირებულებების ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს სხვების შეფასებები, არსებული სიტუაცია და გარემოებები. ამ თვალსაზრისით სკოლას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სკოლა მოსწავლეს არა მარტო ცოდნის და უნარ-ჩვევების განვითარებაში უნდა დაეხმაროს, არამედ დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაშიც, რომლებიც მოსწავლეს აქცევს პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ.

დიდაქტიკური მეთოდი

სწავლების დროს დიდაქტიკური მეთოდის გამოყენების დროს ხდება ინფორმაციის მიწოდება დიალოგის ფორმით. მიზანი შეიძლება იყოს სხვადასხვა: მოსწავლეების ინფორმირება, მათი ცოდნის გამომჟღავნება და დახვეწა. დიდაქტიკური მეთოდით მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს ნათელი და პასუხობდეს შემდეგ კითხვებს: რა, რატომ და სად? ამ დროს მოსწავლისთვის ნათელია სასწავლო მიზნები, მან იცის, როდის ითვლება მიზანი მიღწეულად. მასწავლებელს ცნების ასახსნელად მოჰყავს მაგალითები, ამყარებს კავშირს ახალ და ძველ ცნებებს შორის. ინფორმაციის გაცვლის პროცესში მოსწავლე და მასწავლებელი - ორივე მონაწილეობს და ერთად აგებს ახალ ცოდნას. ქვემოთ მოყვანილია ამ მეთოდის გამოყენების მაგალითები გაკვეთილზე:

  • მასწავლებელი ხაზს უსვამს იმას, რაც, მისი აზრით, მნიშვნელოვანია მოცემულ მასალაში (ან გაკვეთილზე);
  • მასწავლებელი გადასცემს ინფორმაციას, რათა წაახალისოს მოსწავლეთა აზროვნება მოცემულ საკითხებზე;
  • მასწ ავლებელი, საკუთარი მოს აზრებების გარდა, განიხილავს სხვების მოსაზრებებსაც;
  • მასწავლებელს მოჰყავს მრავალი მაგალითი ახალი ცნების ახსნისას;
  • მასწავლებელი იყენებს შესაბამის საკლასო აქტივობებს (სადემონსტრაციო ექსპერიმენტი, სახელმძღვანელოსა ან დამატებითი მასალების გამოყენება), რომ მოსწავლეებმა ისწავლონ/განიმტკიცონ ახსნილი მასალა;
  • მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, რომ გაიხსენონ გაკვეთილის მთავარი საკითხები, ფაქტები, მოვლენები;
  • მასწავლებელი სთხოვს მოსწ ავლეს, რომ თავისი სიტყვებით გადმოსცეს წაკითხული ან მოსმენილი ინფორმაცია.

დიპლომი

დიპლომი (ბერძ. Diploma – ორად გაკეცილი ფურცელი) არის (1) დადგენილი ნიმუშის მიხედვით შედგენილი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სათანადო სპეციალობაში კვალიფიკაციის მინიჭებას (სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო წოდება). დიპლომი გაიცემა იმ უმაღლესი სასწავლებლის მიერ, რომელიც დაამთავრა სტუდენტმა (მაძიებელმა). დიპლომს ხელს აწერს რექტორი. დიპლომში იწერება იმ ფაკულტეტის დასახელება, რომელიც დაამთავრა სტუდენტმა და სპეციალობა (სპეციალობები), რომელიც მას მიენიჭა. (2) ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ან დაწესებულების დაჯილდოებას (მაგ. პრეზიდენტის სტიპენდიანტის დიპლომი).

დისკუსია

დისკუსია არის წამყვანსა და მსმენელებს შორის ცოდნის, შეხედულებებისა და იდეების სიტყვიერი გაცვლის პროცესი. დისკუსიას მსჯელობასაც უწოდებენ. საკლასო დისკუსია ეხმარება მოსწავლეებს საკითხის ღრმა და დეტალურ განხილვაში. კერძოდ, საკლასო დისკუსიის დროს იქმნება ისეთი ატმოსფერო, რომელშიც მოსწავლეებს შეუძლიათ აზრების ურთიერთგაზიარება, ახალი იდეების გამოთქმა, სხვისი აზრების მოსმენა და გაგება, კომუნიკაციის და თვითგამოხატვის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება. დისკუსიის წარმართვა მოითხოვს როგორც დისკუსიის წამყვანის, ასევე მისი მონაწილეებისაგან (1) კომუნიკაციურ უნარ-ჩვევებს, (2) მოცემული საკითხის ცოდნას, (3) ლიდერობის და კოორდინაციის შესაძლებლობას, (4) აზრების ურთიერთგაცვლას, (5) ჯგუფის, როგორც მთლიანის, გათვალისწინებას და, შესაბამისად, საჭიროებს საფუძვლიან მომზადებას. საკლასო დისკუსიის მომზადებისას მასწავლებელმა შესაბამისად უნდა შეარჩიოს დისკუსიის კონკრეტული თემა/საკითხი, რომელიც განსხვავებული მოსაზრებების განვითარების საშუალებას იძლევა. ასევე, მასწავლებელმა საკლასო დისკუსიისთვის უნდა შეარჩიოს შესაბამისი ფორმა (მაგ. მოსწავლის პრეზენტაციას მოჰყვება ჯგუფური დისკუსია; მოსწავლეებს მიცემული აქვთ წასაკითხი მასალა და ამას მოჰყვება შემაჯამებელი პრეზენტაცია და კლასის დისკუსია) და ფიზიკური გარემო (მაგ. წრეში ჯდომა დისკუსიის თითოეულ მონაწილეს შესაძლებლობას აძლევს, უფრო ადვილად დაამყაროს კომუნიკაცია; დიდი ჯგუფები შეიძლება დაიყოს უფრო პატარა ჯგუფებად და ა. შ.); დისკუსიის მიმდინარეობის დროს მასწავლებელმა უნდა გააკეთოს შემდეგი:

1. დისკუსიის ფასილიტაციისათვის შესაბამისი საკლასო გარემოს შექმნა:

  • დისკუსიის წესების ჩამოყალიბება (აზრის გამოთქმის წესები და ა. შ.)
  • ძირითადი თემების და ტერმინების ზოგადი მიმოხილვა;
  • დისკუსიასთან დაკავშირებული მოლოდინების გამოთქმა;
  • დისკუსიისთვის საკმარისი დროის გამოყოფა.

2. მონაწილეობის წახალისება/ხელშეწყობა:

  • მოსწავლეების დასაინტერესებლად მასტიმულირებელი შეკითხვების დასმა;
  • მოთხოვნა, რომ მოსწავლეებმა მუდმივად შეაჯამონ განხილული საკითხები;
  • კითხვების მომზადება და მოსწავლეებისთვის გარკვეული დროის მიცემა, რათა მათ წინასწარ მოამზადონ პასუხები და შემდეგ მთელ კლასს წარუდგინონ.

3. დისკუსიის წარმართვა და დასკვნების შეჯამება:

  • მოსწავლეების წახალისება, რათა მათ გამოთქვან თავიანთი იდეების გამამყარებელი არგუმენტები;
  • ჩუმი/მორცხვი მოსწავლისათვის სპეციფიკური დავალების მიცემა, რაც ხელს შეუწყობს მის მონაწილეობას, ჩართვას დისკუსიაში;
  • ისეთი მოსწავლის შეზღუდვა, რომელიც სხვას არ აძლევს აზრის გამოთქმის საშუალებას;
  • განხილული საკითხების შეჯამება და ძირითადი აზრების ჩამოყალიბება; მოსწავლეების იდეების განმარტება და მოსწ ავლეებისაგან დამატებითი კომენტარების მოთხოვნა.

დიუის განათლების კონცეფცია

ამერიკელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და განათლების სპეციალისტი ჯონ დიუი (Dewey, 1859- 1952) არის პროგრესული განათლების პრინციპების აქტიური იდეოლოგი. მისი განათლების კონცეფცია ეფუძნება ორ ძირითად ამოსავალს: (1) განათლება უნდა ემყარებოდეს გამოცდილებას, რადგან გამოცდილება მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ადამიანის მომავალს და (2) განათლება სოციალური ფუნქციის მატარებელი უნდა იყოს, რადგან სწორედ იდეებისა და გამოცდილების გაზიარებით მიიღწევა სოციალური პროგრესი. განათლებაში დიუის გავლენამ გამოხატულება ჰპოვა გამოცდილებითი განათლების კონცეფციაში. ამ კონცეფციის მიხედვით, განათლება გამოცდილების განვითარებაა. ტრადიციულ სკოლაში მოსწავლეები იღებენ გამოცდილებას, მაგრამ არ შეუძლიათ მისი დაკავშირება მომავალთან, მისი ცხოვრებისეულ სიტუაციაში გამოყენება. გამოცდილებაზე დაფუძნებული განათლების ძირითადი პრობლემაა ისეთი აწმყო გამოცდილების შერჩევა, რომელიც ნაყოფიერად და შემოქმედებითად აამოქმედებს მოსწავლეს. შესაბამისად, საჭიროა ახალი განათლებისათვის შესაფერისი მასალების, მეთოდებისა და სოციალური ურთიერთობების შემუშავება, რომლებიც უზრუნველყოფენ განათლების თანმიმდევრულ უწყვეტობას და განგრძობითობას. თითოეული გამოცდილება, რომელსაც ადამიანი შეიძენს, ცვლის მას, როგორც ამ გამოცდილებაში მონაწილეს და მომდევნო გამოცდილებაში რაღაცით შეცვლილი, განსხვავებული ადამიანი გადადის. ადამიანის ყოველი გამოცდილება მისი განვითარების მამოძრავებელი ძალაა. იგი გავლენას ახდენს სურვილების, მიზნების და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე. პედაგოგის მოვალეობაა სათანადოდ შეაფასოს რა მიმართულებით ვითარდება ახალგაზრდის გამოცდილება, რა დამოკიდებულებები და ტენდენციები უყალიბდება მას, რათა განასხვავოს, მათ შორის რომელია შემდგომი ზრდისთვის ხელშემწყობი და რომელი - საზიანო. ამისათვის კი მას უნდა ჰქონდეს მოსწავლეთა გაგების უნარი და მათ მიმართ კეთილგანწყობილი უნდა იყოს. ამავდროულად, პედაგოგებმა უნდა იცოდნენ, თუ როგორი გარემო უწყობს ხელს სამომავლო ზრდისა და განვითარებისთვის ხელსაყრელი გამოცდილების შეძენას და როგორ გამოიყენონ არსებული ფიზიკური და სოციალური გარემო ამ მიზნებისთვის. უფრო მეტიც, საჭიროა შეიქმნას განათლების ისეთი სისტემა, რომელიც ობიექტურ პირობებს სისტემატურად დაუქვემდებარებს ინდივიდთა "შიდა," სუბიექტურ პირობებს, ანუ მასწავლებელი, წიგნი, სასწავლო ინვენტარი მოემსახურება მოზარდთა უშუალო მიდრეკილებების გამოვლენასა და განვითარებას. ამრიგად, მასწავლებელმა სწორად უნდა განსაზღვროს ის გარემო, რომელიც ეფექტურ ურთიერთქმედებაში მოვა მოსწავლეთა კომპეტენციასთან და მოთხოვნილებებთან, რაც ხელს შეუწყობს ღირებული გამოცდილების დაგროვებას. სწავლების მეთოდების შერჩევა უნდა მოხდეს იმის გათვალისწინებით, თუ რა სარგებლობას მოუტანს იგი კონკრეტულ დროს კონკრეტულ ადამიანს. ამავდროულად, პედაგოგის მოვალეობაა თითოეული ინდივიდის და საგნის ცოდნის საფუძველზე შეარჩიოს ისეთი სასწავლო ჯგუფური აქტივობები, რომელშიც ყველა ინდივიდს შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს და რომელშიც ყველა მოსწავლე ერთად მონაწილეობს. ამ სიტუაციაში მასწავლებელს ეკისრება პასუხისმგებლობა ისე წარმართოს მოსწავლეთა ურთიერთობები, რომ შესაძლებელი გახდეს ჯგუფის, როგორც ერთი ორგანიზმის, მუშაობა. ამგვარად, მასწავლებელი ჯგუფური საქმიანობის ლიდერის ფუნქციას იძენს. მეორე მხრივ, აზროვნების და პიროვნების განვითარებისათვის მეტად მიშვნელოვანია გარკვეული თავისუფლების ხარისხი, რომელიც მოსწავლეებს განუვითარებს მიზნების დასახვისა და ამ მიზნების განხორციელების უნარებს. დიუის აზრით, ასევე მნიშვნელოვანია თავისუფლების გარეგნული მხარეც. კერძოდ, ფიზიკური თავისუფლება, რადგან მხოლოდ ფიზიკურად თავისუფალ გარემოში არის შესაძლებელი მოსწავლეებმა გამოავლინონ თავისი ნამდვილი ბუნება, ხოლო სიჩუმე და უსიტყვო მორჩილება ხელს უშლის მასწავლებელს გაიცნოს მოსწავლეები. ამგვარად, გამოცდილებითი განათლების ერთ-ერთი მთავარი იდეაა სასწავლო საქმიანობაში მოსწავლეთა მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფა, რაც შესაძლებელია განხორციელდეს ე.წ. "კეთებით სწავლების" და "სოციალური სწავლების" დროს.

დიფერენცირებული სწავლება

ეს არის სასწავლო პროცესის ისეთი ორგანიზება, რომელიც გათვლილია თითოეული მოსწავლის ან მოსწავლეთა ჯგუფების საჭიროებებზე, უნარებზე და შესაძლებლობებზე. დიფერენცირებული სწავლება აიგება შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: 1. მოსწავლეებისა და მასწავლებლების მოლოდინისა და სურვილების გაგება; 2. მოსწავლეეების ცოდნის, უნარებისა და სწავლის სტილის განსაზღვრა; 3. დაკვირვება იმაზე, თუ როგორ იგებენ მოსწავლეები დავალებას; 4. სამომავლო გეგმების დასახვის მიზნით შედეგების შემოწმება და ანალიზი; დიფერენციაციის მიზანია მოსწავლეთა უნიკალური უნარების და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეების მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების მიღწევას. დიფერენცირებული სწავლების ეფექტიანი გამოყენება მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად იცნობს მასწავლებელი თავის მოსწავლეებს და რამდენად ითვალისწინებს თითოეული მოსწავლის ცოდნას, უნარ-ჩვევებს, დამოკიდებულებას და უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც ყალიბდება მშობლებთან, თანატოლებთან, მედიასთან და სამყაროსთან ყოველდღიური ურთიერთობით. დიფერენციაციის სტრატეგიის გამოყენება მასწავლებლისგან სწავლისა და სწავლების სხვადასხვა მეთოდის ფლობას მოითხოვს.

დროის ორგანიზება

დროის ორგანიზება ადამიანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი უნარ-ჩვევაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია წარმატების მიღწევა. დროის ორგანიზება უნდა განხორციელდეს გრძელვადიან თუ მოკლევადიან მიზნებთან (პროექტი, სასწავლო გეგმა, გაკვეთილის გეგმა) შესაბამისობაში. დროის ეფექტიანად ორგანიზებისათვის მიმართავენ დროის მართვის სხვადასხვა სტრატეგიებს. ეს სტრატეგიებია: დღიურის წარმოება, დღის განრიგის შედგენა, მშობლებთან, მოსწავლეებთან და კოლეგებთან შეხვედრების ცხრილის შექმნა, მასალების დახარისხება, მათი საქაღალდეებში განთავსება და ა.შ. მასწავლებლისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია გაკვეთილის დროში სწორად დაგეგმვა, რათა გამოირიცხოს ზედმეტი დროის დარჩენის ან დროის უკმარისობის შემთხვევები. მასწავლებელმა წინასწარ უნდა მოამზადოს გაკვეთილის (კვირის, ტრიმესტრის, ან თემის) დროში გაწერილი გეგმა, სადაც ძირითად შინაარსთან ერთად გამოყოფილი იქნება დრო მოსწავლეთა საქმიანობის შესა- ფასებლად და დავალების მისაცემად. გამოცდილი მასწავლებლები წინასწარ ამზადებენ დამატებით მასალას იმ შემთხვევისთვის, თუ მოსწავლეები ადრე დაასრულებენ სამუშაოს (დავალებას).

ეროვნული სასწავლო გეგმა

ამ დოკუმენტს შეიმუშავებს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, ხოლო ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. მასში განისაზღვრება ზოგადი განათლების საფეხურების მიხედვით აუცილებელი საგნები, საგნობრივი ჯგუფები, საგნების მიხედვით საათები, მათი განაწილება და თანაფარდობა, სავალდებულო და მაქსიმალური დატვირთვის რაოდენობა, საგნებისა და საგნობრივი ჯგუფების სწავლებისათვის აუცილებელი მინიმალური საათების რაოდენობა, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები და რეკომენდაციები. ეროვნული სასწავლო გეგმით განისაზღვრება თითოეული კლასის ან საფეხურის დასრულებისათვის მისაღწევი შედეგები, ანუ იმ მიღწევების (უნარ-ჩვევებისა და ცოდნის) ჩამონათვალი, რომელთაც მოსწავლე უნდა ფლობდეს ყოველ საგანში თუ საგნობრივ ჯგუფში კლასის ან საფეხურის დამთავრებისას. ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს აგრეთვე მოდიფიცირებულ სასწავლო გეგმებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის. ეროვნული სასწავლო გეგმა მოიცავს შემდეგ საგნებსა და საგნობრივ ჯგუფებს: ა) ქართული (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - აფხაზური და ქართული) ენა და ლიტერატურა; ბ) საქართველოს ისტორია, საქართველოს გეოგრაფია და სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებები; გ) მათემატიკა; დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ე) უცხოური ენები; ვ) ფიზიკური, შრომითი და ესთეტიკური აღზრდა. ეროვნული სასწავლო გეგმის შესრულება სავალდებულოა ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება - საჯარო სკოლების მიერ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში საათების მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში გაწეული მომსახურება; ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება - საჯარო სკოლების მიერ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული, სააღმზრდელო და ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელ საგნებში გაწეული საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება;

სასკოლო სასწავლო გეგმის აუცილებელ ნაწილებს შეადგენს:

  • სასკოლო საათობრივი ბადე;
  • ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება;
  • სახელმძღვანელოების ჩამონათვალი;
  • შეფასების პრინციპები;
  • სადამრიგებლო პროგრამა;
  • ინკლუზიური განათლება.

ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრი

ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრი შეიქმნა 2006 წლის აპრილში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განათლების რეფორმის პროექტ "ილია ჭავჭავაძის" ფარგლებში. ცენტრი ორიენტირებულია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ცენტრის ძირითადი მიზნებია:

  • ეროვნული სასწავლო გეგმის მომზადება, პილოტირება და დან- ერგვის ხელშეწყობა; ასევე, სახელობო განათლების სასწავლო გეგმების შედგენა, პილოტირება და დანერგვა.
  • საჯარო სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესის ეროვნული შეფასებების სისტემის შემუშავება, დანერგვა, ეროვნული და სხვა შეფასებების განხორციელება;
  • სახელმძღვანელოების ეროვნულ სასწავლო გეგმებთან შესაბამისობის დადგენა და რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭება.

ვაუჩერი

ვაუჩერი არის სახელმწიფოს მიერ მოსწავლისათვის გადაცემული, მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოშვებულ იქნას როგორც მატერიალიზებული, ისე არამატერიალიზებული ფორმით და რომელიც განკუთვნილია მოსწავლის მიერ ზოგადი განათლების მიღების დასაფინანსებლად. (საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ; მუხლი 2, ლ). სახელმწიფო უზრუნველყოფს სრული ზოგადი განათლების მიღებას. მოსწავლის განათლების სახელმწიფო დაფინანსება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გრძელდება 12 წლის განმავლობაში. სახელმწიფო სწავლისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს იმ სკოლაში, რომელიც ახორციელებს დაწყებით ან/და საბაზო ან/და საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს. კერძო და საჯარო სკოლაში სწავლებას ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერით სახელმწიფო დააფინანსებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მინიჭებული აქვს აკრედიტაცია. სახელმწიფოს მიერ მოსწავლის განათლების დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერით. სტანდარტული და გაზრდილი ვაუჩერების ოდენობები განისაზღვრება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონისათვის მაქსიმალური დატვირთვის მიხედვით, განსხვავებულ მდგომარეობაში მყოფ მოსწავლეთა ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად, განათლების მიღების უფლების უზრუნველყოფაში თანასწორობის პრინციპის დაცვით.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ფართო საზოგადოებასთან ერთად, შეიმუშავა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც აღწერს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სასურველ შედეგს (დოკუმენტი დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ. განკარგულება N84, 2004 წლის 14 ოქტომბერი). ეროვნული სასწავლო გეგმა არის ერთ-ერთი მთავარი საშუალება ამ დოკუმენტის მიერ განსაზღვრული იდეალების მისაღწევად და, შესაბამისად, პატრიოტი, დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებლობების მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი ადამიანის აღზრდას ემსახურება.

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საფეხურები

ზოგადი განათლება სკოლებში იყოფა სამ საფეხურად: დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებად. დაწყებითი საფეხური გულისხმობს 1-6 კლასებს, საბაზო - 7-9, ხოლო საშუალო - 10-12 კლასებს. სავალდებულო სწავლება საქართველოში მოიცავს 1-9 კლასებს.

დაწყებითი საფეხურის ძირითადი ამოცანებია:

  • ჩამოაყალიბებინოს მოსწავლეს საფუძვლები შემდგომ საბაზო საფეხურზე ეფექტურად სწავლისთვის;
  • შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური თუ სულიერი თვისებებისა თუ მიდრეკილებების გამოსავლენად და გასავითარებლად;
  • შეუქმნას მოსწავლეს პირობები ინფორმაციის მოპოვებისა და იმ უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების გასავითარებლად, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დასჭირდება.

საბაზო საფეხურის ძირითადი ამოცანებია:

  • მიაღწევინოს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტში აღწერილ საგანმანათლებლო იდეალებს;
  • ჩამოაყალიბოს წინაპირობები მოსწავლეების მომავალი არჩევანისთვის, აპირებს თუ არა სწავლის გაგრძელებას მომავალში და თუ აპირებს - რა სახით;
  • შეუქმნას მოსწავლეს საფუძველი ინფორმაციის, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების გასავითარებლად მთელი ცხოვრების განმავლობაში.

საშუალო საფეხურის ძირითადი ამოცანებია:

  • დაეხმაროს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტში აღწერილი იდეალების მიღწევაში;
  • ხელი შეუწყოს მოსწავლეს საერთაშორისო სტანდარტის მქონე განათლების მიღებაში;
  • დაეხმაროს მოსწავლეს სწორი არჩევანის გაკეთებაში (გააგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში, ან ჩაებას შრომით საქმიანობაში).

თვითშეფასება

თვითშეფასება არის პროცესი, რომლის საშულებითაც მოსწავლე ერთვება საკუთარი სწავლის მიზნების ჩამოყალიბებასა და საკუთარი სწავლის პროცესის მართვაში. ამისათვის მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი ნაშრომების შეფასების საშუალება. მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, რომ აწარმოონ საკუთარ სასწავლო აქტივობებზე ჩანაწერები, პერიოდული წერილობითი შეფასებები. მაგალითად, თვითშეფასების ცხრილში შესაძლოა მოცემული იყოს შემდეგი პუნქტები: (1) რა გავაკეთე დღეს, (2) რა წარმატებით გავაკეთე, (3) ვისთან ერთად ვიმუშავე, (4) რა გავაკეთე კარგად, (5) რა მინდა, რომ უკეთ გავაკეთო და ა.შ. თვითშეფასების ერთ-ერთი ხერხია აგრეთვე, როცა მასწავლებელი სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეებს სთხოვს შეამოწმონ პასუხები და მთელ კლასს უკითხავს სწორ ვარიანტებს. მოსწავლეები ადარებენ საკუთარს. მიღებული შედეგების საფუძველზე მოსწავლეები აკეთებენ თვითშეფასებას. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ახსნან თავიანთი შეცდომების მიზეზები. ასევე, შესაძლებელია, რომ წლის დასაწყისში მასწავლებელმა მოსწავლეებს სთხოვოს, დაგეგმონ მომავალ ტრიმესტრში მისაღები ნიშანი. ხდება რეალურად მიღებული საბოლოო ნიშნისა და დაგეგმილის შეფასება. მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად განიხილავს წარუმატებლობის მიზეზს დასახული მიზნის მიუღწევლობის შემთხვევაში. თვითშეფასების მუდმივი წარმოება მოსწავლეებს უყალიბებს შეცდომის მიმართ სწორ დამოკიდებულებას. მოსწავლე ხვდება, რომ მხოლოდ შეცდომის გამოსწორებით არის შესაძლებელი მისი თვითგანვითარება.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა

არის სასწავლო გეგმა, რომელიც შემუშავებულია განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე კონკრეტული მოსწავლისთვის და ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ითვალისწინებს განსაკუთრებული საგანამანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის განსხვავებულსა და სპეციფიურ საგანმანათლებლო მოთხოვნებს. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებისას მასწავლებელი ძირითადად ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას, მაგრამ თუ მოსწავლის შესაძლებლობები არ იძლევა საშუალებას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას, მასწავლებელი, შესაძლოა სხვა სპეციალისტებთან ერთად განსაზღვრავს სპეციფიკურ შედეგებს და ამ შედეგების მიღწევის განსაკუთრებულ გზას.

ინკლუზიური განათლება

ინკლუზიური განათლება გულისხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეების ჩართვას სასწავლო პროცესში სხვა მოსწავლეებთან ერთად. სასკოლო სასწავლო გეგმაში გათვალისწინებული უნდა იყოს, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ საკითხების კოორდინირებაზე (ეს პიროვნება შეიძლება იყოს დირექციის წევრი, მომსახურე პერსონალი, მასწავლებელი ან მშობელი. ამ პიროვნებასთან უნდა იყოს დანიშნული შეხვედრების დრო, როდესაც სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეების მშობლები შეძლებენ გასაუბრებას შესაძლო პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. თუ სკოლას ჰყავს განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, აუცილებლად უნდა განსაზღვროს, თუ რას აკეთებს იმისთვის, რომ ამ მოსწავლის განათლებისთვის ადეკვატური პირობები შეიქმნას (მაგ. მას შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული საგაკვეთილო განრიგი, ან სპეციალური სივრცე, სადაც შეძლებს დასვენებას და სხვ.).

ინტერაქტიული სწავლების სტრატეგიები

ინტერაქტიული სწავლება გათვლილია ყოველი მოსწავლის სარგებელზე. ამ დროს აქცენტი კეთდება სწავლების ისეთ ფორმებზე, სადაც მოსწავლე აქტიურად ერთვება სწავლის პროცესში. მასწავლებელი ისე გეგმავს გაკვეთილს, რომ ყოველი მოსწავლე პოულობს თავის ადგილს და არ რჩება პასიური ან გარიყული. ინტერაქტიული სწავლება არის ორმხრივი პროცესი, რომლის დროსაც მოსწავლეები აქტიურ როლს ასრულებენ, პასუხობენ კითხვებს, თანამშრომლობენ ჯგუფური მუშაობის დროს, აქტიურად ერთვებიან დისკუსიაში, გამოთქვამენ აზრს და და ა.შ. ამგვარად, ინტერაქტიული გაკვეთილის დროს მასწავლებლები და მოსწავლეები აქტიურად ურთიერთობენ. კარგი ინტერაქტიული სწავლება მიიღწევა სწავლების და სწავლის სხვადასხვა მეთოდის ბალანსირებული გამოყენებით. ინტერაქტიული არ არის სწავლა, როდესაც მასწავლებელი კითხვებს უსვამს მოსწავლეს და მოსწავლეები მას პასუხობენ. ინტერაქტიულია სწავლა, როდესაც მოსწავლე თვითონ არის აქტიური საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობის ფორმირებაში.

ინტერვიუ

ინტერვიუ არის გარკვეული ინფორმაციის მოპოვების მიზნით მასწავლებლის დიალოგი მოსწავლესთან. ინტერვიუ შეიძლება იყოს სტრუქტურირებული ან არასტრუქტურირებული. სტრუქტურირებულია ინტერვიუ, რომელიც ეფუძნება წინასწარ მომზადებულ შეკითხვებს, ხოლო არასტრუქტურირებული ინტერვიუს დროს მასწავლებელს შეკითხვების წინასწარ არ აქვს მომზადებული და მას სვამს საუბრის პროცესში სიტუაციიდან გამომდინარე. ინტერვიუ მოსწავლეს აძლევს საშუალებას, გამოხატოს თავისი რეაქცია ან პასუხი რაიმე შეკითხვაზე ან შეკითხვათა რიგზე. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ მასწავლებელმა დაად- გინოს მოსწავლის დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ, საკითხის გაგების სიღრმე და არა ის, თუ მოსწავლე რამდენად სწორად პასუხობს შეკითხვაზე. შეკითხვები შეიძლება დაისვას რაიმე საკითხის, პრობლემის ან სიტუაციის ირგვლივ. ასეთი შეკითხვების დასმა მიზნად ისახავს იმის აღმოჩენას, თუ რამდენად ადეკვატურად ხედავს მოსწავლე პრობლემებს. ინტერვიუებს ხშირად იყენებენ ხოლმე იმისთვისაც, რომ მოსწავლე მიხვდეს, თუ რა პრობლემები აქვს მას და რა საკითხებზე იქნებოდა მისი მხრივ ყურადღების გამახვილება. ინტერვიუების მეთოდს ხშირად ეფექტურად იყენებენ ხოლმე სადამრიგებლო პროგრამის განსახორციელებლადაც.

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ცოდნა

შეიძლება განისაზღვროს, როგორც ციფრული ტექნოლოგიების, საკომუნიკაციო საშუალებებისა და/ან ქსელების გამოყენების უნარი მათი დანიშნულების შესაბამისად. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ისტ) იძლევა სასურველი ინფორმაციის მოპოვების, შენახვის, ერთმანეთთან დაკავშირების, შეფასების, ანალიზის, ახლის შექმნისა და გადაცემის შესაძლებლობას. ჩვენ მოვიხმართ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს: ვსარგებლობთ მობილური ტელეფონით, ვუკავშირდებით ერთმანეთს ელექტრონული ფოსტის საშუალებით, მოვიძიებთ ინფორმაციას ინტერნეტში, ერთმანეთს ვუზიარებთ და ვუცვლით ინფორმაციას. ჩვენი ყოველდღიური თუ პროფესიული საქმიანობა სულ უფრო მეტად მოითხოვს ისტ-ის საფუძვლიან ცოდნასა და სისტემატურ გამოყენებას. ისტ-ის სწავლა ემსახურება ეთიკური, ინფორმირებული, კანონთა პატივისმცემელი და ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტურად გამოყენების უნარის მქონე პიროვნების აღზრდას; ისტ-ის სწავლება მოწყვეტილი არ არის სასწავლო დისციპლინების კონტექსტს. ისტ-ის სასწავლო გეგმა რეალიზდება ყოველ ცალკეულ სასწავლო დისციპლინაში. უფრო მეტიც, მისი საშუალებით შესაძლებელია ერთმანეთთან სასწავლო დისციპლინების ეფექტური დაკავშირება.

კანონი ზოგადი განათლების შესახებ

„საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ" აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესებს. კანონი მიღებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წლის 8 აპრილს. გამოქვეყნებულია „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" 2005 წლის 4 მაისის მე-20 ნომერში.

კეთებით სწავლება

კეთებით სწავლების ანუ პრაქტიკის მეთოდის გამოყენების დროს ხდება ზუსტი ინსტრუქციის მიწოდება ექსპერიმენტის ან სიმულაციისთვის და არა ინფორმაციის მიწოდება. იგი მიზნად ისახავს, რომ მოსწავლეებმა შეასრულონ ისეთი ქმედებები, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის ან ჩვევის ფორმირებას. პრაქტიკის დროს მასწავლებელი აქტიურად იყენებს გამოხმაურებას (უკუკავშირს), რაც ხელს უწყობს იმას, რომ მოსწავლის პრაქტიკა იყოს აზრიანი და მან მართლაც გააცნობიეროს ის, რასაც აკეთებს და არა ავტომატურად (მექანიკურად) გაიმეოროს. ამგვარი სწავლება მხოლოდ სათანადო გამოხმაურების შემთხვევაში გვაძლევს მნიშვნელოვან ეფექტს. მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა შესთავაზოს აქტივობის სქემა ან მოდელი, სადაც მიღწევის დონეები ნათლად არის მოცემული და მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს, თუ რას მოელიან მისგან და როგორ ფასდება მისი წარმატება, ანუ რა არის ეფექტური "კეთება" და მიზნის მიღწევა. ამრიგად, პრაქტიკის მთავარი პრინციპებია: მოსწავლეებისთვის პრაქტიკული დავალების მიცემა, მათი წახალისება, სათანადო გამოხმაურების მიწოდება, რათა მათ აზრიანად იმოქმედონ;

კითხვების ტიპები

კითხვების ძირითად კლასიფიცირებისას ფორმის მიხედვით გამოყოფენ ღია და დახურულ კითხვებს. ღია კითხვის ტექსტში არ არის მოცემული პასუხების არჩევანი და მოპასუხეს ეძლევა სრული თავისუფლება იმაში, თუ რას უპასუხებს. ღია კითხვის მაგალითი: ვინ არის ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი? რატომ ფიქრობთ ასე? აქ მოპასუხემ თავისი საკუთარი სიტყვებით უნდა განმარტოს მიზეზი, გამოთქვას მოსაზრება, ან დაასახელოს ფაქტი. დახურული კითხვის ტექსტში კი წინასწარ არის მოცემული პასუხების არჩევანი და მან მხოლოდ ერთი სწორი პასუხი უნდა შეარჩიოს. დახურული კითხვის მაგალითი: რა არის მოთხრობის მთავარი თემა? ა) ერთი ოჯახის პრობლემები; ბ) ერთი ოჯახის საინტერესო ისტორია; გ) საქართველოში ჩიტების გამოზამთრების პრობლემა; დ) უწესო ბავშვის ამბავი. დახურული კითხვის ტიპია აგრეთვე "კი ან არა" (ე. წ. ჭეშმარიტი/მცდარი) კითხვები; "კი ან არა" კითხვის მაგალითი: არის თუ არა მოთხრობაში მოყვანილი პერსონაჟის დახასიათება?

კითხვების დასმა გაკვეთილზე

კითხვების დასმა გაკვეთილის მნიშვნელოვანი ნაწილია. მასწავლებელი კითხვების დასმით არკვევს, თუ როგორ გაიგეს მოსწავლეებმა გაკვეთილი, ხელმეორედ არის ის ასახსნელი თუ არა. ამდენად, აუცილებელია, რომ მასწავლებელი ფლობდეს კითხვების დასმის სხვადსხვა ტექნიკას. კითხვები განსხვავდება შინაარსობრივი თვალსაზრისითაც, ანუ იმის მიხედვით თუ რა მოეთხოვება მოსწავლეს. კითხვა შეიძლება იყოს ინფორმაციული ან სააზროვნო. მაგალითად - "ჩამოთვალე ის იდეები და აღმოჩენები, რომლებმაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ცვლილებები ეკონომიკაში (მითითებულია კონკრეტული ეპოქა)". ეს კითხვა ინფორმაციულია, რადგან ამ დროს საკმარისია მოსწავლემ გაიხსენოს შესაბამისი ინფორმაცია სახელმძღვანელოდან ან სხვა წყაროდან. "ამოირჩიეთ თქვენი აზრით ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იდეა ან აღმოჩენა, რომელმაც ყველაზე მეტად განსაზღვრა მნიშვნელოვანი ცვლილებები ეკონომიკაში (მითითებულია კონკრეტული ეპოქა) და არჩევანი დაასაბუთეთ". ეს სააზროვნო კითხვაა, რადგან მოსწავლეს საკუთარი პოზიციის დასაცავად, ინფორმაციული მიმოხილვის გარდა, არგუმენტების წარმოდგენა მოეთხოვება. თუ სასწავლო მასალა მხოლოდ ინფორმაციას შეიცავს და ეს არგუმენტები მასში არ არის მოცემული, მაშინ მოსწავლეს მოუწევს ინფორმაციის გაანალიზება და კრიტიკულად შეფასება, ანუ მაღალი შემეცნებით-სააზროვნო უნარების გამოყენება. საზოგადოდ, ღია კითხვების დასმა შესაძლებლობას იძლევა, ამოქმედდეს მოსწავლის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევები (ანალიზი, სინთეზი, შეფასება); ღია კითხვის მაგალითებია: როგორ მიხვდით ამას? რატომ ფიქრობთ ასე? რა მოხდებოდა, ეს რომ ასე გაგეკეთებინათ? და ა. შ.

კითხვების დასმა ინტერვიუს დროს

გაკვეთილის გარდა, მასწავლებელი უნდა ფლობდეს კითხვების დასმის ტექნიკას, რათა შეისწავლოს მოსწავლეების პრობლემები და უკეთ შესძლოს მათი ქცევების ანალიზი და მართვა. კერძოდ, მასწავლებელს უნდა შეეძლოს მოსწავლეების შესახებ ინფორმაციის მოპოვება ინტერვიუს საშუალებით (მოსწავლესთან, მშობელთან სხვა მასწავლებელთან ინტერვიუ-საუბარი); ინტერვიუს დროს გამოიყენება ღია კითხვები მაშინ, როცა საჭიროა რაიმე სრულიად ახალი ინფორმაციის მოპოვება. დახურულ კითხვებს კი იყენებენ მაშინ, როდესაც ინფორმაცია უკვე მოპოვებულია, მაგრამ ზოგიერთი დეტალი მაინც გაურ- კვეველია და ამიტომ საჭიროა სპეციფიკური ინფორმაციის მოპოვება. ინტერვიუს დროს ასევე განასხვავებენ პირდაპირ და არაპირდაპირ კითხვებს. პირდაპირი კითხვა უშუალოდ ეხება რესპონდენტს და მის დამოკიდებულებას რაიმეს მიმართ (მაგ. რა დამოკიდებულება გაქვთ სკოლის მიმართ?); არაპირდაპირი კითხვები კი რესპოდენტისაგან მოითხოვს ისეთ სიტუაციაზე პასუხს, რომელთანაც იგი პირდაპირ კავშირში არ იმყოფება (მაგალითად, თქვენ კლასელებს რამდენად მოსწონთ სკოლაში სიარული?); დამაზუსტებელი კითხვები ეხმარება მასწავლებელს ნათლად და დეტალურად გაერკვეს არსებულ სიტუაციაში. მაგალითად: კითხვა: რამდენად ხშირად დადიხართ სკოლაში შვილის ამბის გასაგებად? რესპოდენტი პასუხობს: ძალიან ხშირად. დამაზუსტებელი კითხვა: რას ნიშნავს ძალიან ხშირად თქვენთვის? კვირაში ერთხელ, ორ კვირაში ერთხელ, თვეში ორჯერ, თვეში ერთხელ და ა. შ. მასწავლებელი არ არის დაზღვეული შეცდომებისგან. შესაძლოა მან არასწორად დასვას კითხვები და, შესაბამისად, მოიპოვოს არაშესატყვისი ინფორმაცია. ძირითადი შეცდომები მოდის "დამაკვალიანებელი" კითხვების, "კი ან არა" (ჭეშმარიტი/მცდარი) კითხვების, "ორმაგი" კითხვების და "რატომ" კითხვების დასმის დროს.

კლასის მართვის სტრატეგიები

ტერმინი "კლასის მართვა" აღწერს პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს გაკვეთილების შეფერხებების გარეშე წარმართვას. ეს ასევე გულისხმობს მოსწავლის ხელისშემშლელი ქცევების პრევენციას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გაკვეთილის ნორმალურ მსვლელობას განაპირობებს არის კლასში ქცევის წესებისა და პროცედურების დადგენა, რომელიც მასწავლებელმა წლის დასაწყისშივე მოსწავლეებთან ერთად უნდა შეიმუშაოს. წესები უფრო ფორმალური, წერილობითი ხასიათისაა და ისეთი ტიპის ფორმულირებებს მოიცავს, რომლის წყალობით მოსწავლემ იცის, თუ რის გაკეთების უფლება აქვს და რისი - არა. პროცედურა უფრო არაფორმალური ხასიათისაა და კონკრეტული წესების განხორციელების გზებია. ძალიან ნაყოფიერ შედეგს იძლევა ის პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც თვითონ მოსწავლეები არიან ჩართულნი წესების შედგენაში, რადგან მათ უვითარდებათ პასუხისმგებლობისა და საკუთრების შეგრძნება. მაგალითად, მოსწავლეებმა და მასწავლებელმა შეიძლება შექმნან "საკლასო კონსტიტუცია" ანუ კლასში ქცევის წესების და პროცედურების ერთობლიობა. საკლასო კონსტიტუციის შედგენის დროს მოსწავლეები თავისუფლად გამოთქვამენ თავიანთ შეხედულებებს, თუ რა არის მათი აზრით მოსწავლეებისათვის მისაღები ქცევები და, შესაბამისად, მსჯელობენ კლასის წესებსა და პროცედურებზე (სხვისი პატივისცემა, კლასის სისუფთავის შენარჩუნება და სხვა); მასწავლებელი მოსწავლეების ყურადღებას მიმართავს კონკრეტული წესების შესრულების მნიშვნელობაზე, იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ შეიძლება რაიმეს გაკეთება (მაგალითად, ადგილიდან პასუხის წამოძახება, ხმაური და სხვა); მოსწავლეები კლასის წესების შესრულების დადებით და დარღვევის უარყოფით შედეგებზე მსჯელობენ. ბოლოს მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, რომ მიიღონ ის წესები, რომლებსაც მთელი კლასი ეთანხმება. სასურველია, რომ "საკლასო კონსტიტუცია" კედელზე თვალსაჩინო ადგილას იყოს გამოკრული და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსწავლეებს მივუთითოთ, თუ კონსტიტუციის რომელი პუნქტი დაირღვა. ამით მასწავლებელი მუდმივად ზრუნავს კლასის წესების დაცვაზე. შესაძლოა, მასწ ავლებელი და მოსწავლეები შეთანხმდნენ სანქციებზეც, ანუ იმ პროცედურებზე, თუ რა უნდა გააკეთონ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე არღვევს კლასის მიერ ერთხმად მიღებულ წესებს. სანქციების არსებობა ხელს უწყობს კლასის წესების დაცვას. მოსწავლეების მიერ ერთხმად მიღებული წესები და მისი შესრულების პროცედურები იძლევა იმის გარანტიას, რომ მთელი წლის განმავლობაში მასწავლებელმა შეინარჩუნოს დადებითი სასწავლო გარემო და სასწავლო პროცესი ნორმალურად წარიმართოს. კლასის მართვის სტრატეგიებში, გარდა ამისა, შედის გაკვეთილის დაგეგმვა, მოსწავლეთა ორგანიზება, დროის ორგანიზება და ა. შ.

კოლბერგის მორალურობის განვითარების თეორია

ამერიკელი ფსიქოლოგის, ლოურენს კოლბერგის (Kohlberg, 1927-1987) თეორია ეხება იმას, თუ როგორ ხდება ადამიანის მორალური განვითარება. ეს უკანასკნელი ეხება პიროვნების უნარს, აღიქვას და გაიგოს სხვა ადამიანების განსხავებული პერსპექტივები. როლური უნარ-ჩვევების განვითარება შეიძლება განვიხილოთ, როგორც მორალური განვითარების ერთ-ერთი ადრეული საფეხური. მორალურობის განვითარება იწყება 12 წლიდან, როდესაც მოზარდისათვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს "საკუთარი თავის იდენტურობის" ფორმირება. ბავშვი სვამს კითხვებს: "ვინ ვარ მე?" "რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი ცხოვრებაში?" იგი იწყებს საკუთარი სოციალური კოგნიციის გაგებას, ანუ ცდილობს გაიგოს, თუ როგორ აღიქვამენ მას სხვები. კოლბერგის მიხედვით, ბავშვი იქცევა საკუთარი მორალური განსჯის მიხედვით, რაც განსხვავებულია მისი განვითარების სხვადასხვა საფეხურზე. იგი გამოყოფს მორალურობის განვითარების შემდეგ სამ დონეს: პრე-კონვენციონალურს, კონვენციონალურს და პოსტ-კონვენციონალურს, ასევე მასში შემავალ ექვს სხვადასხვა საფეხურს.

პირველი დონე: პრე-კონვენციონალური I საფეხური:

უსიტყვო მორჩილება (5-6 წლის ასაკი, ბაღის პერიოდი) – დასჯა, წახალისება; ამ საფეხურზე ბავშვები მორალურობას განიხილავენ, როგორც მათ გარეთ, მათგან დამუკიდებლად არსებულ მოვლენას. ისინი ფიქრობენ, რომ გარკვეული ძალაუფლების მქონე ადამიანები ამკვიდრებენ ქცევის წესებს, რომელსაც ისინი უნდა დაემორჩილონ. ამგვარად, ამ საფეხურისთვის დამახასიათებელია წესების მორჩილება, რათა თავიდან აიცილონ დასჯა (კარგი ან ცუდი საქციელი განისაზღვრება იმით, მოჰყვება თუ არა მას ფიზიკური შედეგები); 

II საფეხური:

სამართლიანობა/ინდივიდუალობა და გაცვლა (დაწყებითი კლასები) – პიროვნული ჯილდოს მიღების ორიენტაცია; ამ საფეხურზე ბავშვები აცნობიერებენ, რომ სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვა შეხედულებები აქვთ. ისინი ფიქრობენ, როგორც განცალკევებული ინდივიდები და ორიენტირებულები არიან პიროვნულ ჯილდოზე. მათ მსჯელობაში არ ჩანს იდენტიფიკაცია ოჯახისა და საზოგადოების ღირებულებებთან. ამგვარად, ამ საფეხურზე პირადი მოთხოვნილება განსაზღვრავს, იმას, თუ რა არის სწორი და რა - არასწორი;

მეორე დონე: კონვენციონალური III საფეხური:

პიროვნებათაშორისი კონფორმულობა (შუა და მაღალი კლასები, "თინეიჯერობის" საწყისი ეტაპი) - ორიენტაცია "კარგი გოგო/კარგი ბიჭი" (ქცევას განაპირობებს სხვების მოწონება და სხვებისთვის სიამოვნების მინიჭება);

IV საფეხური:

სისტემის მიმართ პასუხისმგებლობა (მაღალი კლასები და "თინეიჯერობის" გვიანი ეტაპი) - ორიენტაცია "კანონი და წესრიგი" (წესების დაცვა, ავტორიტეტის პატივისცემა, სოციალური წესრიგის შენარჩუნება);

მესამე დონე: პოსტ-კონვენციონალური V საფეხური:

პრინციპული სინდისი (მოზრდილი) - სოციალური კონტრაქტის ორიენტაცია (კარგი განისაზღვრება ადამიანის უფლებების სოციალურად შეთანხმებული სტანდარტებით. მაგ. კონსტიტუცია. ამ საფეხურზე ადამიანები ფიქრობენ, რომ ყველა საზოგადოებას აქვს თავისი სოციალურად შეთანხმებული სტანდარტები);

VI საფეხური:

უნივერსალური ეთიკური პრინციპი - უნივერსალური ეთიკური პრინციპის ორიენტაცია (კარგი განისაზღვრება სამართლიანობის, ადამიანის ღირსების და თანასწორობის აბსტრაქტული ცნებების ინდივიდუალური გაცნობიერების საფუძველზე; ადამიანები ფიქრობენ, რომ არსებობს უნივერსალური ეთიკა, რომელსაც მთლიანი საზოგადოება უნდა ეთანხმებოდეს); მოზარდების უმრავლესობა იმყოფება მორალურობის განვითარების მესამე, პიროვნებათაშორისი კონფორმულობის საფეხუზე: თუ სხვებს კარგი წარმოდგენა ექნებათ ჩემზე, შესაბამისად, მეც კარგი წარმოდგენა მექნება საკუთარ თავზე. მორალურობის განვითარების თვალსაზრისით, გადამწყვეტია, რომ მოზარდს ამ ასაკში ვასწავლოთ დამოუკიდებლობა და თანტოლების ზეწოლისაგან თავის დაღწევა.

კოლბის თეორია სწავლის სტილის შესახებ

ამერიკელი განათლების სპეციალისტი დ. კოლბი (Kolb, 1939-) გვთავაზობს ზრდასრულთა სწავლის თეორიას, ე.წ. "ზრდასრულთა სწავლის ციკლს," რომელიც აღწერითი ხასიათისაა. ამ ციკლის მიხედვით, არსებობს სწავლის ოთხი საფეხური, რომლებიც ერთმანეთს მოსდევს. სწავლა იწყება კონკრეტული გამოცდილების მიღებით, რომელსაც მოსდევს ამ გამოცდილების გაცნობიერება უკვე არსებულ ცოდნაზე დაყრდნობით (პიროვნული რეფლექსია). ეს შესაძლოა გაგრძელდეს ზოგადი წესების და კანონზომიერებების აღმოჩენით (ცნებების და თეორიების ჩამოყალიბება, განზოგადება) და დამთავრდეს მათი გამოცდით მანამდე არსებული გამოცდილების გასაუმჯობესებლად. კოლბის მიხედვით, მასწავლებელი უნდა ითვალისწინებდეს ამ საფეხურებს და მოსწავლეს უსვამდეს ისეთ შეკითხვებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ საფეხურების ძირითადი ამოცანების შესრულებას. ესენია: კონკრეტული გამოცდილების მიღება, რეფლექსია, განზოგადება, იდეების გამოცდა. სწავლის ციკლის საფუძველზე კოლბმა თავის კოლეგებთან ერთად ჩამოაყალიბა სწავლის ტიპების კლასიფიკაცია. მათ შექმნეს 1 კვლევის სპეციალური ინსტრუმენტი, რომელიც ადგენს იმას, თუ სწავლის რომელ ტიპს მიეკუთვნება ინდივიდი. დ. კოლბის კლასიფიკაცია ეყრდნობა ორ განზომილებას, კერძოდ, (1) ჰორიზონტალურს - ამოცანის და მოსწავლის ურთიერთქმედების და (2) ვერტიკალურს - მოსწავლის აზროვნების და ემოციური პროცესების ხასიათს. ჰორიზონტალური განზომილების მარცხნივ გვაქვს ამოცანის შესრულება (კეთება, დაგეგმვა, ჰიპოთეზის შემოწმება), ხოლო მარჯვნივ - ამოცანაზე დაკვირვება (განჭვრეტა, რეფლექსია, განხილვა); ვერტიკალური განზომილების შემთხვევაში კი ზედა ნაწილში გვაქვს კონკრეტული გამოცდილება (გრძნობა და შეგრძნება), ხოლო ქვედა ნაწილში - აბსტრაქტული აზროვნება (განზოგადება) და დასკვნის გაკეთება. კონკრეტული გამოცდილება (შეგრძნება/გრძნობა) აქტიურად მოქმედი რეფლექტურად მოაზროვნე ჰიპოთეზის გამოცდა - ახალი სიტუაცია (კეთება/დაგეგმვა) პრაგმატისტი თეორეტი - კოსი რეფლექსია/დაკვირვება (განხილვა/ყურება) აბსტრაქცია და განზოგადება (აზროვნება/დასკვნა) კოლბის კლასიფიკაციის მიხედვით, გამოიყოფა სწავლების ოთხი ტიპი. აქტიურად მოქმედი ინდივიდი სწავლობს კეთებით, ქმედებით. უპირატესობას ანიჭებს ახალ, საინტერესო გამოცდილებას. იგი აქტიურად ერთვება პროექტებში, ჯგუფურ დისკუსიებში, პრობლემების გადაწყვეტაში, თამაშებში და სიმულაციებში. მისი ძირითადი ფილოსოფიაა "ერთხელ ყველაფერი უნდა სცადო." პრაგმატისტი სწავლობს აზროვნებით, ფიქრით. მას ახასიათებს იდეების, თეორიების გადასინჯვა, რათა დარწმუნდეს მათ ჭეშმარიტებაში. ცდილობს ახალი იდეების პრაქტიკაში დანერგვას, უყვარს პრაქტიკული პრობლემების გადაჭრა და დამოუკიდებლად სწავლა. ხშირად სვამს კითხვას: "როგორ შემიძლია ამის პრაქტიკაში განხორცილება?" მისი ძირითადი ფილოსოფიაა - "თუკი პრაქტიკაში ამართლებს, ე.ი. კარგია." თეორეტიკოსი სწავლობს დაკვირვებით და განჭვრეტით. მისთვის იდეები ძალზედ მნიშვნელოვანია, ხშირად სვავს კითხვას "ამას აქვს აზრი?", სწავლის დროს ახასიათებს ანალიტიკური, კონცეპტუალური მიდგომა, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება ლოგიკურ აზროვნებას და რაციონალურ შეფასებას. ის უკეთ საწავლობს დირექტივების საშუალებით, როდესაც მეტი ყურადღება ეთმობა თეორიებს და სისტემურ ანალიზს. მისი ძირითადი ფილოსოფიაა - "თუ ლოგიკურია, ე.ი. კარგია." რეფლექტურად მოაზროვნე სწავლობს შეგრძნებებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით. მისთვის ჯგუფში და წყვილებში მუშაობით მიღებული გამოცდილება ყოველთვის შედეგიანია, მას აინტერესებს ადამიანებთან ურთიერთობის ემოციური ელემენტები. მისი ძირითადი ფილოსოფიაა - "ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი."

კომუნიკაცია

კომუნიკაცია წარმოადგენს ადამიანებს შორის ვერბალური (სიტყვიერი) და არავერბალური სიმბოლოების საშუალებით აზრების, გრძნობების, დამოკიდებულებების და იდეების ურთიერთგაცვლას. კომუნიკაცია მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან "comunikare", რაც ნიშნავს: "გავხადოთ ყველასთვის გასაგები". ვერბალური კომუნიკაცია გულისხმობს სიტყვების საშუალებით ინფორმაციის გადაცემას. არავერბალური კომუნიკაცია (პოზა, მიმიკა, ჟესტიკულაცია, პაუზები, ხმის ინტონაცია და სიმაღლის ცვლილება, სქემა, დიაგრამა, სხვადასხვა შრიფტი) კი მოიცავს მოსაუბრის დამოკიდებულებას, რომელიც თან ახლავს და ავსებს სიტყვიერ ინფორმაციას. არავერბალური სიგნალები მიგვითითებენ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს სიტყვების მნიშვნელობის გაგება. ეფექტური კომუნიკაციის დროს ჩვენ უნდა გავიგოთ არა მხოლოდ ტექსტის პირდაპირი შინაარსი, არამედ ქვეტექსტიც, ანუ ისიც, თუ რას გულისხმობს მოსაუბრე. კომუნიკაციური უნარ-ჩვევებია: მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა, არავერბალური კომუნიკაცია, ინფორმაციის გარდაქმნა-ტრანსფორმაცია (სმენითი, წერილობითი და გრაფიკული ინფორმაციის ერთი ფორმიდან მეორეში გადატანა), სპეციალური ენის ფლობა (სხვადასხვა მეცნიერებების ენობრივი აპარატის ფლობა და სიმბოლოებით ოპერირება).

კონფიდენციალურობა

კონფიდენციალურობა არის იმის უზრუნველყოფა, რომ ინფორმაცია მისაწვდომი გახდეს მხოლოდ იმათთვის, ვისთვისაც ის არის განკუთვნილი. იგი წარმოადგენს ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვის ერთ-ერთ ქვაკუთხედს. კონფიდენციალურობა არის ძირითადი ეთიკური პრინციპი მრავალი პროფესიისთვის (მედიცინა, სამართალი, ჟურნალისტიკა, ფსიქოლოგია, სოციალური სამუშაო...). მასწავლებლის მიერ კონფიდენციალურობის დაცვა აუცილებელია მოსწავლისა და მისი ოჯახის შესახებ, მონაცემების შეგროვების დროს (ინტერვიუ, კითხვარები და ა. შ.). ეს ნიშნავს იმას, რომ მიღებული ინფორმაცია გაუზიაროს მხოლოდ იმ პირებს, ვინც ჩართულია მოსწავლისათვის სპეციალური პროგრამის შემუშავებაში, ან იმ პირებს რომლებსაც ესაჭიროებათ ამ ინფორმაციის გათვალისწინება ამ მოსწავლესთან მუშაობის დროს.

კრედიტი (ევროპული საკრედიტო სისტემა (ECTS)

კრედიტი არის ერთეული, რომელიც ასახავს სტუდენტის მიერ საგნის ასათვისებლად შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას, გამოხატულს დროის ერთეულში. ECTS - ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული საკრედიტო სისტემა (შემდგომში – ევროპული საკრედიტო სისტემა) სტუდენტზე ორიენტირებული სისტემაა. მისი დანიშნულებაა აკადემიური დატვირთვის ასახვა, რომელიც სტუდენტს ესაჭიროება სასწავლო პროგრამის მიზნების მისაღწევად. სტუდენტის საქმიანობა (სტუდენტის დატვირთვა) მოიცავს: ა) ლექციებზე, სემინარებზე, პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებზე დასწრებას; ბ) დამოუკიდებელ მეცადინეობას; გ) სასწავლო, სამეცნიერო და საწარმოო პრაქტიკას; დ) გამოცდების მომზადება-ჩაბარებას; ე) სასწავლო-სამეცნიერო ნაშრომზე (საკურსო ნაშრომი, მოხსენება კონფერენციაზე, სამეცნიერო წერილი, საპატენტო განაცხადი, სადიპლომო ნაშრომი, საბაკალავრო ნაშრომი, სამაგისტრო ნაშრომი, სადოქტორო დისერტაცია) მუშაობას; ვ) სასწავლო-სამეცნიერო ნაშრომის დაცვას და გამოქვეყნებას. საკრედიტო სისტემის შესაბამისად, სტუდენტის დატვირთვა ერთი აკადემიური წლის განმავლობაში მოიცავს 60 კრედიტს, რაც შეესაბამება სასწავლო საქმიანობის 1500-1800 ასტრონომიულ საათს, ხოლო 1 კრედიტი მოიცავს სტუდენტის სასწავლო საქმიანობას (სტუდენტის დატვირთვას) 25-30 ასტრონომიულ საათის განმავლობაში. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სტუდენტის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის თავისებურებების გათვალისწინებით, დასაშვებია სტუდენტის წლიური დატვირთვა აღემატებოდეს 60 კრედიტს, ან იყოს 60 კრედიტზე ნაკლები. კრედიტების განაწილება ხდება საგანმანათლებლო პროგრამის ყველა კომპონენტს შორის (როგორიცაა მოდულები, კურსები, პრაქტიკა, დისერტაცია და სხვ.), მისი ხანგრძლივობის და ტიპის მიუხედავად. კრედიტი ასახავს სამუშაოს იმ რაოდენობას, რომელიც საჭიროა ამა თუ იმ კომპონენტის დასასრულებლად, სრული აკადემიური წლის განმავლობაში უმაღლესი აკადემიური განათლების თითოეული საფეხურისათვის. კრედიტების მიღება შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტის მიმართ მოთხოვნილი სამუშაოს წარმატებით დასრულების შემდეგ და ამ სამუშაოს დადებითი შეფასების შემთხვევაში. დაუშვებელია სტუდენტის სემესტრული (ტრიმესტრული) მიღწევის შეფასება მხოლოდ სემესტრის (ტრიმესტრის) ბოლოს ჩატარებული გამოცდის მიხედვით. სტუდენტის სემესტრის (ტრიმესტრის) განმავლობაში გაწეული შრომის შეფასება გარკვეული შეფარდებით უნდა ითვალისწინებდეს: ა) მისი დამოუკიდებელი მუშაობის შეფასებას; ბ) შუა სემესტრულ რეიტინგულ შეფასებას; გ) სემესტრის (ტრიმესტრის) საბოლოო გამოცდის შეფასებას. [უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესი, 2006]

კრიტიკული აზროვნება

კრიტიკული აზროვნება არის რთული სააზროვნო უნარ-ჩვევა, რომელიც მოიცავს ერთდროულად ორ ან მეტ განსხვავებულ მოსაზრებაზე ფიქრს, სხვადასახვა მოსაზრების გაგებას, რაიმე შეხედულების დასაბუთებას სხვადასხვა მიდგომების საფუძველზე და იმის გაცნობიერებას, რომ სხვასაც შეიძლება საკუთარი განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეს. კრიტიკულ აზროვნებას ადამიანი მიმართავს არსებული ან წარმოდგენილი მოსაზრების "ჭეშმარიტი" ღირებულების დასადგენად. კრიტიკული აზროვნების დროს არსებითია არგუმენტების და კონტრარგუმენტების მოძიება, მთლიანი სიტუაციის გაანალიზება და, შესაბამისად, არსებული მტკიცებულებების საფუძველზე მოსაზრების შეცვლა ან ახალი მოსაზრების მიღება. კრიტიკულ აზროვნებას ასევე უწოდებენ "ლოგიკურ" ან "ანალიტიკურ" აზროვნებას. კრიტიკული აზროვნება ხშირად მოიცავს შემდეგ ეტაპებს: 1. საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის საწყისი მიმოხილვა; 2. არგუმენტების და კონტრარგუმენტების მოძიება გადაწყვეტილების მიღების საფუძვლის შესაქმნელად; 3. პირველადი დასკვნების გამოტანა; 4. სხვა შესაძლო მოსაზრებების განხილვა საკითხის შემდგომი დაზუსტების მიზნით; 5. შეჯამება - საბოლოო დასკვნის გაკეთება.

ლინგვისტური ინტელექტის მქონე ადამიანები

ამ ტიპის ინტელექტის მქონე ადამიანებს გააჩნიათ მეტყველების კარგი უნარი. შეუძლიათ კითხვა, წერა, მეტყველება. არსებობს პროფესიები (მაგალითად, ადვოკატი, ჟურნალისტი და ა.შ.), რომლებიც მოითხოვს ამ უნარ-ჩვევებს. ენისადმი მიდრეკილების მქონე ადამიანებს საუბრის დროს უყვართ მეტაფორების, იუმორისტული გამონათქვამების ხმარება. მათ, აგრეთვე, უყვართ სიტყვებით თამაში, ენის გასატეხები, ანეკდოტები და ა.შ. ადამიანებს, რომლებშიც ძლიერადაა განვითარებული ამ ტიპის ინტელექტი, გამორჩეულები არიან სკოლაშიც, რადგან შეუძლიათ აზრის ნათლად გამოხატვა როგორც ზეპირად, ისე წერილობით (იხ. გარდნერის თეორია მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ).

ლიცენზირება

"ლიცენზია" (ლათინური სიტყვაა და ნიშნავს - "ნებართვას") არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება. შესაბამისად, ლიცენზირება გულისხმობს კონკრეტულ სფეროში პროფესიული მოღვაწეობისათვის ოფიციალური ნებართვის მინიჭებას. სახელმწიფო უმეტეს სფეროში პროფესიული მოღვაწეობისათვის აწესებს ლიცენზირებას იმ მიზნით, რომ მოსახლეობა იყოს დაზღვეული მუშაკის არაკომპეტენტურობისაგან. მოქალაქეები ლიცენზირებას გადიან პროფესიული განვითარების ტრენინგებისა და გამოცდების ჩაბარების გზით. საქართველოში დადგენილია საქმიანობის ლიცენზიის 84 სახე და მათგან 4 ეხება საგანმანათლებლო საქმიანობას, კერძოდ,

  • ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის გენერალური ლიცენზია;
  • დამატებითი პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია;
  • მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გასცემს საგანმანათლებლო და სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიებს. საქართველოს კანონი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ უფრო დეტალურად განსაზღვრავს თითოეული სახის ლიცენზიის მოპოვების წესსა და პირობებს.

მათემატიკურ-ლოგიკური ინტელექტის მქონე ადამიანები

ამ ტიპის ინტელექტის მქონე ადამიანებს აქვთ აბსტრაქტული პრობლემების გადაჭრის, მათემატიკური და მეცნიერული პროცესების გაგების კარგი უნარი. მათ თავისუფლად შეუძლიათ რიცხვებით მანიპულირება, პრობლემების გადაწყვეტა, ანალიტიკური აზროვნება. ისინი კარგად ახერხებენ მონაცემების ინტერპრეტაციას, ცხრილების დალაგებას, აბსტრაქტულ კვლევასა და წვდებიან აბსტრაქტულ მიმართებებს. ისინი "ძლიერები" არიან მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში. ეს ინდივიდები კარგად სწავლობენ ექსპერიმენტის, კვლევის დაგეგმვას, თვითონაც აკეთებენ აღმოჩენებს. მათ მოსწონთ სტრატეგიული თამაშები (იხ. გარდნერის თეორია მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ).

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი არის თვით-რეგულირებადი ორგანო, რომელიც დაარსდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით 2007 წლის იანვარში. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი უზრუნველყოფს მასწავლებლის პროფესიის რეგულირებასა და სტატუსის ამაღლებას, მასწავლებლის პროფესიული ცოდნის, საქმიანობის მაღალ სტანდარტს, სწავლებისა და სწავლის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას მასწავლებლის, მოსწავლეებისა და საზოგადოების სასარგებლოდ. ცენტრი ფართო პედაგოგიურ და სამეცნიერო საზოგადოებასთან თანამშრომლობით ამზადებს საფუძვლიან რეკომენდაციებს მთავრობისათვის მასწავლებლის პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ცენტრის პრიორიტეტული ამოცანებია:

  • პროფესიული სტანდარტების შექმნა და განვითარება;
  • რეგისტრაციის, სერტიფიცირებისა და აკრედიტაციის სისტემების შექმნა;
  • მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და მიმზიდველი გარემოს შექმნა;
  • კომუნიკაციისა და კვლევის ეფექტური საშუალებების განვითარება;
  • ცენტრის ჩამოყალიბება მოქნილ, ეფექტურ და ეფექტიან ორგანიზაციად;

მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი

მასწავლებელთა ეთიკის კოდექსი განსაზღვრავს პედაგოგთა ძირითად უფლება-მოვალეობებს, დისციპლინური გადაცდომების სახეებს და, შესაბამისად, მათი დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულ სახდელებს. ეს არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნა და მიზნად ისახავს სკოლებში პოზიტიური და განათლებისათვის ხელშემწყობი კლიმატის შექმნას. მასწავლებელთა ეთიკის კოდექსის მიზანია:

  • ხელი შეუწყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დისციპლინის დამკვიდრებას;
  • უზრუნველყოს მოსწავლეებს, დირექციას და სკოლის სხვა თანამშრომლებს შორის ყველა სახის კონფლიქტის თავიდან აცილება;
  • უზრუნველყოს პედაგოგთა მისაღები ქცევები;
  • განსაზღვროს სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ეფექტურად მართვის მექანიზმები;
  • განსაზღვროს სასწავლო პროცესის მონაწილეთა უფლება-მოსილებანი.

მასწავლებლობის მაძიებელი

მასწავლებლობის მაძიებელი არის პირი, რომელმაც დადგენილი წესით გაიარა რეგისტრაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში და მუშაობს ზოგადსაგანმანათებლო დაწესებულებაში მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად. ზოგადსაგანმანათებლო დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში მასწავლებლობის მაძიებელი სარგებლობს მასწავლებლისათვის გათვალისწინებული თითქმის ყველა უფლებითა და შეღავათით. შეზღუდვა ეხება მხოლოდ შრომის ანაზღაურების ოდენობას (იგი დგინდება სკოლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით) და მონაწილეობას საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნებში. მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსით პირმა სკოლაში შეიძლება იმუშაოს არა უმეტეს 2 წლისა (იხ. კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 21).

მეტაკოგნიცია

მეტაკოგნიცია ნიშნავს საკუთარი შემეცნებითი (აზროვნების) პროცესების – აზრების, ფიქრების – გაცნობიერებას და მართვას. სხვა სიტყვებით, მეტაკოგნიცია არის აზროვნება აზროვნების შესახებ. ეს არის ცოდნა საკუთარი კოგნიტური სისტემისა და მისი ფუნქციონირების შესახებ და მისი კონტროლის უნარი. მეტაკოგნიციის დროს ხდება იმის შემეცნება, თუ რა ვიცით (მეტაკოგნიტური ცოდნა), იმის გაცნობიერება, თუ რას ვაკეთებთ, როგორ ვიქცევით (მეტაკოგნიტური უნარი), ან როგორია ჩვენი მიმდინარე კოგნიტური და ემოციური მდგომარეობა (მეტაკოგნიტური შეგრძნება). მეტაკოგნიცია მოიცავს მეტაკომპონენტებს – მართვის პროცესებს, რომლებიც ინფორმაციის გადამუშავების კონკრეტულ პროცესებს არეგულირებენ. ეს კომპონენტებია: პრობლემის არსებობის აღიარება, პრობლემის გაცნობიერება და იმ პროცესების ამორჩევა, რომლებიც გამოდგება პრობლემის გადასაჭრელად, სტრატეგიის არჩევა, მენტალური რეპრეზენტაციის შერჩევა, გონებრივი რესურსების განაწილება, პრობლემის გადაწყვეტის მსვლელობაზე კონტროლი, პრობლემის გადაწყვეტის ეფექტიანობის შეფასება. როდესაც მეტაკოგნიცია ეხება საკუთარი სწავლის პროცესების გაცნობიერებას, მაშინ ადგილი აქვს სწავლის სწავლას - ადამიანის მიერ საკუთარი სწავლის მართვას, რომელიც მოიცავს სწავლის დაგეგმვას, შეფასებას და მუდმივ მონიტორინგს.

მოდერაცია

ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ხდება გარკვეული ღონისძიებების (მაგალითად, სემინარი, პრეზენტაცია, ინტერნეტ საიტზე რესურსების გაცვლა, ფორუმი) მართვა ან გაძღოლა. ამ პროცესს წარმართავს საგანგებოდ შერჩეული პირი ანუ მოდერატორი. იგი კონკრეტული გეგმის მიხედვით და წესების დაცვით ეფექტიანად უძღვება პროცესს. 28 დისკუსიის წაყვანის დროს მოდერატორის მთავარი დანიშნულებაა, გაუძღვეს დისკუსიას იმ გეგმის მიხედვით, რომელიც საკითხის წინასწარი შესწავლის და გამოკვლევის პროგრამის საფუძველზე იქნა შემუშავებული. მოდერატორის ოსტატობა იმაში გამოიხატება, რომ მან რაც შეიძლება მეტად უნდა ჩართოს მონაწილეეები დისკუსიაში, მათ შორის ისინიც, ვინც არ არის აქტიური, ან თავს გაუბედავად გრძნობს. თუ რაიმე მიზეზის გამო ჯგუფში ვითარება დაიძაბება, ან მონაწილეებს შორის რაიმე გაუგებრობა მოხდება, მოდერატორის მოვალეობაა განმუხტოს სიტუაცია. მოდერატორი კარგი მსმენელი უნდა იყოს და საჭიროების შემთხვევაში გაჩუმდეს, რათა მონაწილეებმა თავად წარმართონ დისკუსია.

მონაცემთა ბაზა

მონაცემთა ბაზა არის მონაცემთა სტრუქტურული ერთობლიობა, რომლის დანიშნულებაა მონაცემთა შენახვა, მოდიფიცირება და წაკითხვა. ეს ტერმინი ძირითადად უკავშირდება ელექტრონული ფორმატის მქონე მონაცემებს, რომლებიც იქმნება და ინახება კომპიუტერული სისტემების გამოყენებით. მონაცემთა ბაზის სტრუქტურა ძირითადად შეესაბამება მონაცემთა ურთიერთმიმართებას. არსებობს მონაცემთა ბაზის სხვადასხვა სტრუქტურა (მაგალითად: რელაციური, იერარქიული, ობიექტზე ორიენტირებული). მათ შორის, დღემდე ყველაზე გავრცელებულია რელაციური სტრუქტურა. ამ ტიპის მონაცემთა ბაზაში მონაცემები ინახება ცხრილების ერთობლიობის სახით, სადაც თითოეული ცხრილი შეესაბამება ერთ ობიექტს. გარდა ამისა იგი შეიცავს ე.წ. დამხმარე ცხრილებს, რომლებიც გამოსახავს კავშირებს ამ ობიექტებს შორის.

მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება

მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება არის განათლების მიდგომა, რომელიც ფოკუსირდება მოსწავლეების საჭიროებებზე, შესაძლებლობებზე, ინტერესებზე და სწავლის სტილზე. ეს განსხვავდება მასწავლებელზე ფოკუსირებული მიდგომისაგან, სადაც მასწავლებელს აქვს ლიდერის აქტიური როლი, ხოლო მოსწავლეს კი პასიური მიმღების როლი. მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლის დროს მოსწავლე არის აქტიური თავისი სწავლის პროცესში, ხოლო მასწავლებელი გეზის მიმართულების მიმცემი. ძველი საგანმანათლებლო პროგრამები და სტანდარტები გათვლილი იყო მეტწილად ეგრეთწოდებულ „საშუალო მოსწავლეზე". ეს იმას ნიშნავდა, რომ საშუალო აკადემიური მოსწრების მოსწავლეს უნდა შესძლებოდა სტანდარტის მოთხოვნების შესრულება. ასეთი მიდგომა გულისხმობდა იმას, რომ მოსწავლეების ნაწილი ვერ შეასრულებდა სტანდარტს და, შესაბამისად, საგანმანათლებლო სივრცის გარეთ ხვდებოდა. ძველი საგანმანათლებლო პროგრამები ასევე პრაქტიკულად განათლების გარეშე ტოვებდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდა მოქალაქეებს და, შესაბამისად, გზას უკეტავდა მათ შემდგომი განვითარებისთვის. ეროვნული სასწავლო გეგმა ორიენტირებულია უკლებლივ ყველა მოსწავლეზე. სტანდარტში მოცემული ყველა შედეგი მიღწევადია თითოეული მოსწავლისათვის. სხვა საქმეა, რომ ყველა მოსწავლე, საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სხვადასხვაგვარი ხარისხით მიაღწევს ამ შედეგებს. მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების საწინააღმდეგო პრინციპებია, მაგალითად, მასალაზე თემაზე, პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება, სადაც უფრო მნიშვნელოვანია არა ის, თუ მოსწავლე როგორ სწავლობს და რა მიღწევები აქვს, არამედ ის, თუ რას სწავლობს.

მოსწავლის შეფასებების შედეგების ანალიზი

Evaluation

მასწავლებელი აგროვებს მოსწავლეზე ინფორმაციას შეფასების სხვადასხვა მეთოდით. მაგალითად, მასწავლებელი თითოეული მოსწავლის სხვადასხვა ნაშრომს აგროვებს საქაღალდეში და აკეთებს კომენტარებს და შენიშვნებს მოსწავლის შეფასებებზე, სახავს როგორც თითოეული მოსწავლის განვითარების გეგმას (ანუ თუ რა მიმართულებით სჭირდება კონკრეტულ მოსწავლეს გაძლიერება), ასევე, ყველა მოსწავლის შედეგების ანალიზზე დაყრდნობით, მსჯელობს მთელი კლასის მიღწევებსა და საჭიროებებზე. ასევე, ხშირად გამოიყენება ხოლმე შეფასებების რაოდენობრივი ანალიზი. მასწავლებელი აკვირდება ნიშნებს ტრიმესტრების მიხედვით, ადარებს თითოეული მოსწავლის მიღწევებს კლასის ან, შესაძლებელია, სკოლის საშუალო შედეგებს. მოსწავლის საბოლოო შედეგების ანალიზის საშუალებით სკოლის ადმინისტრაციას შეუძლია დააკვირდეს ზოგად ტენდენციებს სხვადასხვა კლასებსა და საგნებში. ამ შედეგების ანალიზის შედეგები ხშირად გამოიყენება მასწავლებლების პროფესიული განვითარებისას. მაგ. კათედრის სხდომაზე მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, თუ რატომ აქვს რომელიმე კონკრეტულ მასწავლებელს მხოლოდ კარგი ან მხოლოდ საშუალო შედეგები. რა მიზეზით ხდება ეს? მასწავლებლის სწავლების სტილის, მკაცრი ან რბილი შეფასების, სასწავლო გეგმის, მოსწავლეების დაბალი მოტივაციის თუ სხვ. ამ კითხვებზე პასუხის ძებნა მნიშვ ნელოვანია როგორც შემდგომი დაგეგმვის გასაუმჯობესებლად, ასევე მასწავლებლების პროფესიონალიზმის ასამაღლებლად.

პედაგოგიკა

პედაგოგიკა არის მეცნიერება აღზრდის, სწავლისა და სწავლების მიზნების, შინაარსის, ფორმებისა და მეთოდების შესახებ, სპეციალურად ორგანიზებული მიზანმიმართული და სისტემატური ქმედებების შესახებ, რომლებიც ორიენტირებულია პიროვნების ჩამოყალიბებაზე. პედაგოგიკა იკვლევს აღზრდის არსსა და კანონზომიერებებს, მის სტრუქტურას, ქმნის სასწავლო აღმზრდელობითი საქმიანობის თეორიებს. აღზრდის ობიექტთა თავისებურებების და სოციალური დანიშნულების შინაარსის მიხედვით განასხვავებენ პედაგოგიკის შემდეგ დარგებს:

  • ზოგადი პედაგოგიკა - ყველა ასაკობრივი ჯგუფისა და სხვადასხვა ტიპის სასწავლებლებისათვის სწავლებისა და აღზრდის საერთო კანონზომიერებების შესწავლა. იგი შედგება სწავლების თეორიის (დიდაქტიკა), აღზრდის თეორიის, აგრეთვე განათლების ორგანიზაციისა და მართვის მეცნიერული საფუძვლებისაგან.
  • ასაკობრივი პედაგოგიკა სწავლობს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის სპეციფიკური აღზრდისა და სწავლების კანონზომიერებს.
  • ანდროპედაგოგიკა - თეორია მოზრდილთა სწავლების შესახებ.
  • სპეციალური პედაგოგიკა - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდების სწავლა-აღზრდის კანონზომიერებები.
  • მეთოდიკა, ანუ კერძო დიდაქტიკა - ცალკეული საგნების სწავლების მიზნები და საშუალებები, მეცნიერული შინაარსის სასწავლო შინაარსად ტრანსფორმირება მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით.
  • სოციალური პედაგოგიკა სწავლობს აღზრდაზე სოციალური გარემოს გავლენებს.

პერკინსის თეორია სწავლის შესახებ

განათლების სპეციალისტი დევიდ პერკინსის (Perkins, 1992) "თეორია ერთი" განიხილავს ინფორმაციის მიწოდების იმ ფორმებს, რომლებიც ხელს უწყობს აზროვნების ამოქმედებას და, შესაბამისად, ეფექტურ სწავლასა და სწავლებას. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანი სწავლობს იმას, რისი სწავლის ლოგიკური შესაძლებლობაც და მოტივაციაც აქვს მას. "თეორია ერთის" მიხედვით, რაიმეს კარგად შემეცნება მოითხოვს შემდეგი პირობების გათვალისწინებას:

  1. ნათელი ინფორმაცია: მიზნების და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა;
  2. შემეცნებითი პრაქტიკა: აქტიური და სააზროვნო პროცესებით დატვირთული პრაქტიკა იმაში, რასაც მოსწავლე სწავლობს;
  3. გამოხმაურება: რჩევები და შეფასება, რათა მოსწავლემ უკეთეს შედეგებს მიაღწიოს;
  4. ძლიერი შინაგანი და გარეგანი მოტივაცია: დამაჯილდოვებელი აქტივობები ან დავალებები, რომლებიც თავისთავად საინტერესოა მოსწავლისათვის, ან ეხმარება მას სხვა მიზნების მიღწევაში;

"თეორია ერთის" საკლასო პრაქტიკაში გამოყენება გულისხმობს მასწავლებლის მიერ მოსწავლისათვის ნათელი ინფორმაციისა და შესაბამისი უკუკავშირის მიწოდებას, გააზრებული პრაქტიკის შეთავაზებას, რაც აღძრავს მოსწავლის შინაგან და გარეგან მოტივაციას. ნათელი ინფორმაცია გულისხმობს იმას, თუ "რა," "როგორ" და "როდის" უნდა გაკეთდეს. ამ შემთხვევაში მასწავლებელი თვალყურს ადევნებს, რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა მიწოდებული ინფორმაცია. მათი შეცდომების ანალიზის საფუძველზე მასწავლებელი ცდილობს იპოვოს ის გზები, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება, უკეთ გაიგონ მოცემული საკითხი. "თეორია ერთის" ამოქმედებას ხელს უწყობს სწავლების შემდეგი მეთოდები: დიდაქტიკური, სოკრატული, პრაქტიკული და სოციალური, რომლებიც ეხმარება მოსწავლეს აზროვნების აქტივაციაში. პერკინსის აზრით, კარგად აზროვნება გულისხმობს საკუთარი აზროვნების პროცესების მართვას, რომელიც მოიცავს შემდეგის გააზრებას: რა შეკითხვები უნდა დაუსვა საკუთარ თავს, როგორ უნდა გამოიყენო პრობლემის გადაჭრის სტრატეგიები, როგორ უნდა მოახდინო საკუთარი აზროვნების მონიტორინგი (შემოწმება) და წარმართო იგი სწორი მიმართულებით და ა.შ. ეს ერთგვარად ჰგავს საკუთარი აზროვნების შესწავლას ანუ რეფლექსიას (თვით-განცდას, გაცნობიერებას), მეტაკოგნიციას.

პიაჟეს შემეცნებითი თეორია

შვეიცარიელი ფსიქოლოგის ჟან პიაჟეს (1896-1980) თეორიისათვის ამოსავალია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ განვითარების პროცესში ბავშვი უბრალოდ კი არ რეაგირებს გარემოს ზეგავლენაზე, არამედ აქტიურად მოქმედებს და იძენს ცოდნასა და უნარ-ჩვევებს გარემოსთან შეგუების პროცესში. ბავშვის მიერ სამყაროს შემეცნება ვითარდება არა მხოლოდ ცოდნის დაგროვების თვალსაზრისით, არამედ თვისებრივად იცვლება თვით შემეცნების პროცესიც. ბავშვის მიერ აღქმული სამყარო განსხვავდება მოზრდილის მიერ აღქმული სამყაროსაგან. პიაჟეს მიხედვით, ინფორმაციის გადამუშავება შემეცნებითი სტრუქტურების - სქემების საშუალებით ხდება. სქემები არის ინფორმაციის მიღების, შენახვის, გარდაქმნის შინაგანად არსებული ჩარჩოები. სქემები იცვლება ბავშვის განვითარებასთან და ცოდნის დაგროვებასთან ერთად. თუ ბავშვის მიერ მიღებული ინფორმაცია შეესაბამება მის შემეცნებით სტრუქტურებს (სქემებს), მაშინ ხდება ბავშვის მიერ ამ ინფორმაციის გაგება ანუ ასიმილაცია. თუ ინფორმაცია არ შეესაბამება სქემებს, მაშინ ინფორმაციის გაგება ვერ ხერხდება. იმ შემთხვევაში, თუ შემეცნებითი სტრუქტურა მომწიფებულია შესაცვლელად, მაშინ იგი გადაეწყობა ახალი ინფორმაციის შესაბამისად ანუ განხორციელდება აკომოდაცია. ამგვარად, ასიმილაცია არის ახალი გამოცდილების გააზრება არსებულ შემეცნებით სტრუქტურებზე დაყრდნობით, ხოლო აკომოდაცია არის არსებული შემეცნებითი სტრუქტურების გარდაქმნა ახალი და ძველი ცოდნის გაერთიანების მიზნით. ასლიმილაციისა და აკომოდაციის მაგალითია: მცირეწლოვანი ბავშვი იქმნის წარმოდგენას რომ ყველაფერი რაც დაფრინავს არის ჩიტი. როდესაც ბავშვი პირველად ხედავს თვითმფრინავს ის მას ჩიტს ეძახის. ამ დროს ის იყენებს ასიმილაციის შესაძლებლობას, ანუ დაუქვემდებარებს თვითმფრინავს მისთვის ნაცნობ სქემას, რომ ყველაფერი, რაც დაფრინავს, არის ჩიტი. შემდეგ უკვე ხვდება, რომ თვითმფრინავი არ არის ჩიტი და იგონებს მისთვის ახალ სახელს. ამ დროს ბავშვი იყენებს აკომოდაციის შესაძლებლობას და ქმნის ახალ სქემას, სადაც ჩიტი და თვითმფრინავი სხვადასხვა რამე არის. ასიმილაციის და აკომოდაციის ურთიერთქმედება თვალსაჩინოს ხდის შემეცნების კონსტრუქტივისტული მიდგომის სისწორეს. კერძოდ, ყოველი ბავშვი ერთსა და იმავე ინფორმაციაზე სხვადასხვაგვარად მუშაობს, რადგან განსხვავებულ შემეცნებით სტრუქტურაში კრავს ინფორმაციას. ამას პიაჟე უწოდებს ბავშვის მიერ სამყაროს შესახებ ცოდნის აგებას - კონსტრუქციას. ასიმილაციის, აკომოდაციისა და კონსტრუქციის პროცესი დაბადებიდან ცხოვრების ბოლომდე გრძელდება. ყოველი ახალი კონსტრუქცია შემეცნებით სისტემას უფრო მოქნილსა და ძლიერს ხდის.

პიაჟეს თეორიის მიხედვით, სწავლების ძირითადი პრინციპებია:

  1. შემეცნებითი აზროვნების განვითარების შესაბამისად ბავშვებს უნდა მივაწოდოთ რეალური სამყაროს აღქმის შესაბამისი საშუალებები;
  2. შემეცნებითი აზროვნების განვითარება ხდება ისეთი სავარჯიშოების ან სიტუაციების საშუალებით, რომლებიც ხელს უწყობენ ბავშვების აქტიურად ჩართვას სასწავლო პროცესში და მოითხოვენ ადაპტაციას (ასიმილაცია, აკომოდაცია);
  3. სასწავლო მასალები და სავარჯიშოები უნდა მოიცავდნენ მხოლოდ ისეთ მოტორულ და გონებრივ ოპერაციებს, რომლებიც სჭირდებათ ბავშვებს შემეცნებითი აზროვნების განვითარების გარკვეულ ეტაპზე. ამიტომ უშედეგოა ისეთი დავალებების მიცემა, რომლებიც აღემატება მოსწავლის გონებრივ შესაძლებლობებს.

პილოტირება [ფრ. Pilotage - მართვის ოსტატობა]

პილოტირება არის ახალშექმნილი ნაკეთობის, ნაწარმისა თუ პროდუქციის გამოცდა ბუნებრივ, რეალურ გარემოსა და პირობებში. ეს პროცესი მიზნად ისახავს პროდუქციის შემოწმებას, მისი ხარვეზებისა და უპირატესობების გამოვლენას გაუმჯობესებისათვის საჭირო დასკვნების გაკეთებისა და შესაბამისი ცვლილებების განხორციელებისთვის. ეროვნული სასწავლო გეგმის პილოტირება არის მასში გათვალისწინებული სასწავლო მიზნებისა და მათი მიღწევის საშუალებების (სწავლა-სწავლების ახალი პრინციპები, საგნობრივი პროგრამები, მათ საფუძველზე შექმნილი სახელმძღვანელოები, შეფასების ახალი სისტემა და ა. შ.) ადეკვატურობის შემოწმება სკოლებში. 2005-2006 სასწავლო წლიდან საქართველოს 100 სკოლაში მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის პილოტირება.

პორტფოლიო (საქაღალდე)

პორტფოლიო არის მასწავლებლის ან მოსწავლის ნამუშევრების კრებული. პორტფოლიოს შეფასების დროს მასწავლებელი ან მასწავლებელთა ჯგუფი მოსწავლეს სთხოვს ამოირჩიოს თავისი ნამუშევრებიდან საუკეთესო და ხდება ამ ნამუშევრების განხილვა. პორტფოლიო შეიძლება შეიცავდეს მოსწავლის მიერ შესრულებულ საშინაო და საკლასო დავალებებს, ჯგუფური პროექტების ანგარიშებს და ა. შ. პორტფოლიოს დანიშნულებაა, რომ მოსწავლემ თავად შეაფასოს თავისი ნაშრომები და გააცნობიეროს, თუ რა შეცდომები დაუშვა და როგორ შეიძლება მომავალში ამ შეცდომების აცილება. მასწავლებლის პორტფოლიო შეიცავს მასწავლებლის ნამუშევრებს: აქტივობების ნიმუშებს, დავალებებისთვის განკუთვნილ ცხრილებს და ა. შ. პორტფოლიო ასევე დაერქვა ერთ-ერთი კერძო გამომცემლობის მიერ შემუშავებულ საკლასო ან ინდივიდუალური შეფასების ჟურნალს. ამ პორტფოლიოს წინა აბზაცში აღწერილთან კავშირი არ აქვს.

პრეზენტაცია

პრეზენტაცია არის რაიმე საკითხის აუდიტორიის წინაშე საჯარო წარდგენის პროცესი. პრეზენტაცია უნდა იყოს მოკლე (არაუმეტეს 20-30 წუთისა), აზრიანი და საინტერესო. კარგად მომზადებული შინაარსის და სხვადასხვა თვალსაჩინოების გამოყენების (სპეციალური კომპიუტერული პროგრამების, ფლიპჩარტი, მასალები და ა. შ) გარდა, ასევე, აუცილებელია მომხსენებელმა გაითვალისწინოს არავერბალური კომუნიკაციის ისეთი ელემენტები, როგორიცაა ხმის ტემბრი, სხეულის ენა და გარეგნობა; პრეზენტაცია სპეციალურ მომზადებას საჭიროებს. პრეზენტაციის მომზადების დროს მოსწავლემ უნდა გამოყოს პრეზენტაციის ძირითადი მიზნები; პრეზენტაციის დასაწყისში მომხსენებელმა მოკლედ უნდა მოახსენოს აუდიტორიას, თუ რაზე აპირებს საუბარს. მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს აუდიტორია, ვისთვისაც ამზადებს პრეზენტაციას და, შესაბამისად, შეარჩიოს პრეზენტაციის შინაარსი და ენა. მან უნდა ისაუბროს მაქსიმალურად გასაგებად და ხაზი გაუსვას ძირითად აზრებს და იდეებს. პრეზენტაციის შემდეგ მომხსენებელმა უნდა უპასუხოს დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს.

პრობლემის გადაჭრა

პრობლემის გადაჭრა არის რთული სააზროვნო უნარ-ჩვევა, რომელიც გულისხმობს გარკვეული პრობლემის ამოსახსნელი პირობების, ხერხების ან დამხმარე საშუალებების მოფიქრებას. ადამიანები იყენებენ სხვადასხვა სტრატეგიებს პრობლემის გადასაჭრელად. ყველაზე მარტივი სტრატეგიაა ცდისა და შეცდომის მეთოდი, როდესაც ადამიანი გამოცდის პრობლემის გადასაჭრელ მრავალ გზას, სანამ სწორს არ მიაგნებს. უფრო რთული პრობლემის გადაჭრის შესაძლო ეტაპებია:

  1. პრობლემის განსაზღვრა;
  2. შესაბამისი ინფორმაციის ამოკრება;
  3. პრობლემის გამომწვევი შესაძლო მიზეზების დადგენა;
  4. პრობლემის გადაჭრის ხერხების მოფიქრება;
  5. პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზის შერჩევა;
  6. პრობლემის გადაჭრის გეგმის ჩამოყალიბება;
  7. შედეგების შემოწმება და შეფასება.

პროექტი

პროექტი არის კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაო, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას. პროექტზე მუშაობა მოიცავს დაგეგმვის, კვლევის, პრაქტიკული აქტივობისა და შედეგების წარმოდგენის ეტაპებს არჩეული საკითხის შესაბამისად. პროექტი განხორციელებულად ჩაითვლება, თუკი მისი შედეგები თვალსაჩინოდ და დამაჯერებლად არის წარმოდგენილი (მაგ. წერილობითი დოკუმენტი, მაკეტი, ინსცენირება, დებატები, აქცია, თანმიმდევრული ღონისძიებები და ა. შ.). შესაძლებელია, მოსწავლემ პროექტი შეადგინოს და განახორციელოს ინდივიდუალურად, მაგრამ უფრო ნაყოფიერი და წარმატებულია ჯგუფური სამუშაო. პროექტის საკითხებს მოსწავლეები შედარებით ხანგრძლივი დროის (ერთი ან რამდენიმე კვირის) განმავლობაში ამუშავებენ და შემდგომ წარუდგენენ მთელ კლასს ან უფრო ფართო აუდიტორიას. პროექტის განხორციელება მოსწავლეს უვითარებს მიღებული ცოდნის და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ-ჩვევებს.

პროფესიული განათლება

სახელობო ან/და პროფესიული უმაღლესი განათლების მიზანია პირის მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის მომზადება. საქართველოში პროფესიული განათლების სახეებია: სახელობო განათლება და პროფესიული უმაღლესი განათლება. სახელობო განათლების მიღება შეიძლება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის, ხოლო პროფესიული უმაღლესი განათლებისა - მხოლოდ სრული განათლების მიღების საფუძველზე. თავის მხრივ, სახელობო განათლება შეიძლება იყოს ფორმალური და არაფორმალური (იხილეთ სახელობო განათლება, უმაღლესი პროფესიული განათლება, ფორმალური პროფესიული განათლება და არაფორმალური პროფესიული განათლება).

რესურსცენტრი

რესურსცენტრი წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს. რესურსცენტრის ძირითადი მისიაა, დაეხმაროს სკოლებს საკუთარი ფუნქციის უკეთ განხორციელებაში ინფორმაციის, რესურსების მიწოდებით, სხვადასხვა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან ურთიერთობების აწყობით, სახელმძღვანელოების ან ტრენინგების მიმწოდებლებთან დაკავშირებით და სხვ. რესურსცენტრი ეხმარება სკოლებს სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში საჭირო კონსულტაციების გაწევის გზით. რესურსცენტრი ახორციელებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირების (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების) ზედამხედველობას. კერძოდ, საჭიროების შემთხვევაში იგი კონტროლს უწევს სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ეროვნული სასწავლო გეგმების, სტანდარტებისა და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების შესრულებას, სამინისტროს წარუდგენს რეკომენდაციებს და წინადადებებს საჯარო სკოლების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის და ახალი საგანმნათლებლო დაწესებულებების დაფუძნების შესახებ და ა. შ. გარდა ამისა, რესურსცენტრი სამინისტროსთან შეთანხმებით უზრუნველყოფს სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებზე ზრუნვას. ხელს უწყობს ამ კატეგორიის ბავშვებისათვის ინკლუზიური სწავლების მეთოდების დანერგვას. ასევე, ასრულებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციებს კანონმდებლობით დადგენილი წესით: უზრუნველყოფს შვილად აყვანის, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილობილად (ბავშვის დროებით მიმღებ ოჯახში განთავსება) აყვანის პროცესის კოორდინაციას, შესაბამისი ბანკის წარმოებას და სამინისტროსთან პერიოდულ ანგარიშგებას.

როლური თამაში (სიმულაციური სიტუაცია)

როლური თამაში არის სასწავლო დანიშნულების თამაში, რომელიც მიმართულია რომელიმე უნარ-ჩვევის განვითარებაზე, გარკვეული შინაარსის მონაწილეების თვალთახედვიდან განხილვაზე, სტერეოტიპული აზროვნების დაძლევაზე და სხვ. როლური თამაშის პროცესი წარმოადგენს ადამიანთა ჯგუფის მიერ ამა თუ იმ სიტუაციის მოდელირებას. მონაწილეები მოქმედებისას ითვალისწინებენ იმ სფეროს შინაგან ლოგიკას, რომელსაც მიეკუთვნება გასათამაშებელი სიტუაცია. მოთამაშეების მოქმედება ბოლომდე არაა წინასწარ განსაზღვრული სცენარით. სცენარში მოცემულია მხოლოდ ის პირობები, რომელიც აუცილებელია თამაშის ბიძგის მისაცემად. თითოეული ჯგუფის წევრი იღებს რომელიმე როლს და მოქმედებს ამ როლის შესატყვისად საკუთარი ინტერპრეტაციით. ეს მეთოდი ეხმარება მოსწავლეებს სხვისი აზრების და ქმედების უკეთ გაგებაში. მაგალითად, მოსწავლეები ცდილობენ გააანალიზონ ქარხნის მიერ გარემოს დაბინძურების შედეგები და წინაპირობები. ზოგიერთი მოსწავლე მსჯელობს ადგილობრივი მაცხოვრებლის, ზოგი ქარხნის დირექტორის, ზოგი ქარხნის მუშის თვალთახედვიდან. შედეგად ვიღებთ იმას, რომ მოსწავლეებს შეუძლიათ უკეთ დაინახონ პრობლემა სხვისი და მრავალმხრივი პერსპექტივიდან.

როჯერსის გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება

ამერიკელი ფსიქოლოგი კარლ როჯერსი (ღოგერს, 1902-1987) არის ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი. მან ჩამოაყალიბა მოსწავლის გამოცდილებაზე დაფუძნებული (Student Centered Learning) სწავლების იდეა, როდესაც სწავლების პროცესში მაქსიმალურად ხდება მოსწავლის სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინება. გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების დროს მოსწავლე თვითონ არის აქტიური და ინიციატივიანი. იგი აცნობიერებს იმ მიზეზებს, რომლებიც ხელს უწყობს მისი სწავლისადმი ინტერესების გაზრდას. გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება პიროვნების ცვლილებისა და ზრდის ექვივალენტურია. როჯერსის მიხედვით, ადამიანებს სწავლის ბუნებრივი ნიჭი გააჩნიათ. მასწავლებლის როლი სწორედ ის არის, რომ სწავლების პროცესში შექმნას ისეთი ატმოსფერი, სადაც მოსწავლეს შეეძლება ასეთი ნიჭის გამოვლენა. ამისათვის საჭიროა, რომ მასწავლებელმა:

  • შექმნას პოზიტიური გარემო სწავლებისათვის;
  • სწორად ჩამოაყალიბოს სწავლების მიზანი;
  • სისტემაში მოიყვანოს სასწავლო რესურსები და გახადოს მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი;
  • მოახდინოს სწავლების ინტელექტუალური და ემოციური კომპონენტების გაწონასწორება;
  • შეძლოს, რომ არ იყოს დომინანტი, იზიარებდეს მოსწავლის განცდებსა და აზრებს.

როჯერსის მიხედვით, სწავლება სასურველი მაშინაა, როცა (1) მოსწავლე სრულად არის ჩართული სწავლა-სწავლების პროცესში; (2) მოსწავლე აწყდება პრაქტიკულ, კვლევით პრობლემებს, რისი საშუალებითაც სწავლა უფრო მეტად მორგებული ხდება ინდივიდის საჭიროებებზე; (3) მოსწავლე მუდმივად აფასებს საკუთარ თავს, რაც მისი პროგრესისა და წარმატების შეფასების ძირითადი მეთოდია. როჯერსი, აგრეთვე, მიუთითებს მუდმივი ცვლილებების აუცილებლობაზე სწავლების პროცესში, რაც ზრდის მოსწავლის მოტივაციას. როჯერსის მიხედვით, 1. სწავლება უფრო ნაყოფიერია, თუ საგნის შინაარსი და პიროვნების ინტერესი ერთმანეთს ემთხვევა. 2. საჭიროა ახალი მიდგომებისა და პერსპექტივების მოძებნა, რაც არ გამოიწვევს პიროვნების დათრგუნვას. 3. სწავლების პროცესი სწრაფად მიმდინარეობს, თუ ასეთი შიშის კოეფიციენტი დაბალია. 4. ყველაზე პროდუქტულია ინიციატივიანი ანუ სტიმულის მიმცემი სწავლება.

სააზროვნო უნარ-ჩვევები

სააზროვნო უნარ-ჩვევა უნარ-ჩვევის ერთ-ერთი სახეობაა. სააზროვნო უნარ-ჩვევები ადამიანის შემეცნების მნიშვნელოვანი ნაწილია. განასხვავებენ მარტივ და რთულ შემეცნებით უნარ-ჩვევებს. შემეცნების პროცესში გამოყოფენ ისეთ მარტივ უნარ-ჩვევებს, როგორიცაა ინფორმაციის დამახსოვრება, ფაქტების გახსენება და ა. შ. რთულ სააზროვნო უნარ-ჩვევებში კი განიხილავენ კრიტიკულ აზროვნებას, პრობლემის გადაჭრას, შემოქმედებით აზროვნებას, თვითრეფლექსიურ აზროვნებას და ა. შ. ადამიანის აზროვნების განვითარება სასწავლო პროცესისათვის ყველაზე არსებითია. სინთეზი - სინთეზი არის სააზროვნო უნარ-ჩვევა, რომელიც ანალიზის საწინააღმდეგო პროცესს წარმოადგენს. სინთეზი გულისხმობს ცალკე მოცემული ელემენტების (ნაწილების, თვისებების) გონებაში გაერთიანებას ახალი სტრუქტურული მთლიანობის სახით: მაგალითად, ნაწილებისგან ახალი მთელის შედგენა, ცალკე თვისებების გაერთიანება ახალი მთლიანი შინაარსის სახით და ა. შ. ბ. ბლუმის მიხედვით, სინთეზი არის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა და მასში იგულისხმება:

  • ნაწილების შეერთება ახალი სტრუქტურის (მაგ. ტექსტის) შესაქმნელად;
  • ჰიპოთეზის წამოყენება;
  • კვლევის ან რეფერატის დაგეგმვა;
  • შემოქმედებითი პროდუქტის შექმნა;
  • პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების წამოყენება;
  • პრობლემის გადაჭრისათვის საჭირო მოქმედებების დაგეგმვა;
  • ახალი პროდუქტის (ინტელექტუალური ან მატერიალური) შექმნა ან გამოგონება.

საათობრივი ბადე

საათობრივი ბადე ასახავს მოსწავლეთა სავალდებულო და მაქსიმალური დატვირთვის ოდენობას. საათობრივი ბადე განსაზღვრავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალიწინებული სავალდებულო საგნების სწავლების ხანგრძლივობას ან კვირეულ დატვირთვას (ჩარჩოს). სასკოლო საათობრივი ბადე მოიცვას თითოეული კლასის მიხედვით დაზუსტებული გაკვეთილების განრიგს, რომელშიც გაწერილია, თუ რომელი საგანი ისწავლება რომელი კვირის დღეს და დროის რა მონაკვეთში. აქვე მითითებული უნდა იყოს, თუ ვინ ასწავლის ამ საგნებს. ამავე ბადეში უნდა იყოს აღნიშნული ყველა დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება, დროის და პედაგოგის/ინსტრუქტორის/წრის ხელმძღვანელის თუ სხვათა მითითებით.

საგნობრივი პროგრამები

ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთ მთავარ ნაწილს შეადგენს საგანმანათლებლო პროგრამები თითოეულ საგანში. საგნობრივი პროგრამა შედგება საგნის კონცეფციისგან, საგნობრივი სტანდარტებისა და პროგრამის შინაარსისგან.

  • საგნის კონცეფცია გულისხმობს კონკრეტული საგნის მიერ დასახულ მიზნებსა და ამოცანებს (როგორც ზოგადად, ისე თითოეული საფეხურის მიხედვით) და მათი შესრულების ძირითად მიმართულებებს;
  • საგნობრივი სტანდარტები - თითოეული კლასის მიხედვით თითოეულ საგანში მისაღწევი შედეგები და ის ინდ იკატორები, რომლებიც თვალსაჩინოს ხდის, მიღწეულია თუ არა რომელიმე კონკრეტული შედეგი. შედეგების ნაწილის შესრულება ყველა მოსწავლისთვისაა აუცილებელი. სტანდარტებში მოცემული ყველა შედეგი მიღწევადია თითოეული მოსწავლისათვის. სხვა საქმეა, რომ ყველა მოსწავლე, საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სხვადასხვაგვარი ხარისხით მიაღწევს ამ შედეგებს.
  • პროგრამის შინაარსი - რეკომენდაციები, თუ რომელი თემების საფუძვლიანი შესწავლით შეიძლება გარკვეული შედეგების მიღწევა თითოეულ საგანში;

სამეურვეო საბჭო

სამეურვეო საბჭო არის სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისაგან. მასში წარმომადგენლის წარგზავნის უფლება აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათათბირო ხმის უფლებით. სამეურვეო საბჭოს ფუნქციებია: სკოლის დირექტორის არჩევა, დირექციის წარმოდგენილი ბიუჯეტის დამტკიცება, დირექციის მიერ ფინანსებისა და სასკოლო ქონების განკარგვის კონტროლი, სკოლის შინაგანაწესის დამტკიცება და სხვ. (იხ. კანონი ზოგადი განათლების შესახებ, თავი VII).

სასკოლო სახელმძღვანელო

სასკოლო სახელმძღვანელო არის ეროვნული სასწავლო გეგმის, მასში შემავალი საგნობრივი პროგრამის (საგნობრივი სტანდარტისა და პროგრამის შინაარსის) მიხედვით შედგენილი წიგნი, რომელიც განკუთვნილია ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული შედეგების მისაღწევად და რომელსაც მინიჭებული აქვს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის სახელმძღვანელო შეიძლება იყოს ორი ტიპის:

  • საგნის სახელმძღვანელო;
  • საგნობრივი ჯგუფის სახელმძღვანელო.

საგნის სახელმძღვანელო ემსახურება საგნის ან საგნობრივი ჯგუფის ერთი ან მეტი მიმართულების სტანდარტით დასახული მიზნების მიღწევას. საგნობრივი ჯგუფის სახელმძღვანელო ემსახურება საგნობრივი ჯგუფის ერთზე მეტი საგნის ან/და მიმართულების სტანდარტით დასახული მიზნების მიღწევას. სახელმძღვანელო შეიძლება შედგებოდეს მოსწავლის და მასწავლებლის კომპლექტისაგან ან მხოლოდ მასწავლებლის წიგნისგან. სახელმძღვანელო არის მხოლოდ ერთ-ერთი და არა ერთადერთი საშუალება, რომელიც ემსახურება ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივ პროგრამებში მოცემული შედეგების მიღწევას. სახელმძღვანელო არ და ვერ ცვლის საგნობრივ პროგრამას. სახელმძღვანელოებში მოცემული ტექსტების, სავარჯიშოებისა თუ ილუსტრაციების გამოყენებით მასწავლებელი წარმართავს სასწავლო პროცესს საგნობრივი სტანდარტების შედეგების მისაღწევად. მასწავლებელი სახელმძღვანელოს არგებს მოსწავლეების საჭიროებებს. მას შეუძლია არ გამოიყენოს სახელმძღვანელოს რომელიმე ტექსტი ან აქტივობა, შეცვალოს დროის ხანგრძლივობა, რომელიც კონკრეტულ თემას ეთმობა, დაამატოს საკუთარი აქტივობები და სხვ. საქართველოს ყოველი საჯარო სკოლის პედაგოგიური საბჭო ვალდებულია დაამტკიცოს იმ სახელმძღვანელოების ან სხვა წიგნების ნუსხა, რომლებსაც ამ სკოლის მასწავლებლები რეგულარულად იყენებენ სასწავლო პროცესში. სახელმძღვანელოების არჩევა და გამოყენება თითოეული საგნისთვის/საგნობრივი ჯგუფისათვის საჭიროებს სერიოზულ დაფიქრებას და შემდეგი წესების სრულ დაცვას:

  • თითოეული კლასის ყოველ განაყოფში უნდა ისწავლებოდეს ერთი და იმავე სახელმძღვანელოთი;
  • თითოეული სახელმძღვანელო უნდა გამოიყენებოდეს მინიმუმ 3 წლის ვადით (შესაბამისად, წლის განმავლობაში სახელმძღვანელოს შეცვლა დაუშვებელია);
  • სახელმძღვანელოების არჩევა უნდა მოხდეს სკოლის კათედრის მიერ;
  • სახელმძღვანელოების არჩევა უნდა მოხდეს სასწავლო წლის დაწყებამდე, მინიმუმ ერთი კვირით ადრე.

სასწავლო გეგმა

სასწავლო გეგმა არის დოკუმენტი, რომელიც ნებისმიერი საგანმანათლებლო პროცესის ყველა ეტაპისათვის მოიცავს: დროის განაწილებას, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობებს, იმ მიღწევების (უნარ-ჩვევებისა და ცოდნის) ჩამონათვალს, რომელთაც მოსწავლე უნდა ფლობდეს ყოველი ეტაპის დამთავრებისას, ამ უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენის საშუალებების აღწერას. ასეთ დოკუმენტს ადგენს: სახელმწიფო, საგანმანათლებლო დაწესებულება ან მათი გაერთიანება და მასწავლებელი განათლების სხვადასხვა მიმართულებისა (საგნის) და საფეხურის შესაბამისად. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით განასხვავებენ რამდენიმე სახის სასწავლო გეგმას, კერძოდ: ეროვნულ სასწავლო გეგმას, სკოლის სასწავლო გეგმას და ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.

სასწავლო მიზანი

სასწავლო მიზანი არის მოსწავლის/სტუდენტის მიერ სწავლით შესაძენი წინასწარ განსაზღვრული შედეგი, ახალი გამოცდილება. იგი მოიცავს მოსწავლეთა უმრავლესობის მიერ ასათვისებელი ინფორმაციის, უნარ- ჩვევებისა და ღირებულებების ერთობლიობას (შესაბამისად შინაარსი, მოცულობა, სირთულე, განვითარების დონე და ტენდენცია). სასწავლო მიზნებს განსაზღვრავს მასწავლებელი ან საგანმანათლებლო დაწესებულება. სასწავლო პროცესის ნებისმიერი მონაკვეთისათვის (გაკვეთილი, კვირა, ტრიმესტრი, სასწავლო წელი, სწავლის საფეხური თუ სხვა) სასწავლო მიზნების განსაზღვრა ეფუძნება მოსწავლეთა მისწრაფებების, საჭიროებებისა და შესაძლებლობების ანალიზის შედეგებს. გათვალისწინებულია მოსწავლის ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობები, ასევე, ასაკთან შესაფერისი ინტერესები. სასწავლო მიზნები, საზოგადოდ, განსაზღვრავს სასწავლო გეგმებს. საქართველოში საჯარო სკოლების სასწავლო მიზნები ეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს, ხოლო მასწავლებლის მიერ დასახული სასწავლო გეგმები - სკოლის სასწავლო გეგმის მოთხოვნებს. ეროვნული სასწავლო გეგმა კი საქართველოს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით განისაზღვრება.

სასწავლო გარემო

ეს არის იმ სკოლის გარემო, სადაც სწავლობს მოსწავლე. ეს არის სკოლაში და კლასში არსებული ყველა სასწავლო საშუალებისა და რესურსების ერთობლიობა, რომელიც ხელს შეუწყობს სწავლებისა და სწავლის პროცესის სწორად წარმართვას წინასწარ დაგეგმილი მიზნების მისაღწევად. სასწავლო გარემო შედგება ფიზიკური და სოციალური ელემენტებისაგან. კერძოდ, ადამიანური რესურსები ზეგავლენას ახდენს მოსწავლის სასწავლო გარემოს ფორმირებაზე (მოსწავლე - მასწავლებლის, მასწავლებელი - მასწავლებლის, მოსწავლე - მოსწავლის, სკოლა-მშობლის ურთიერთობები), ასევე, მატერიალურ-ტექნიკური მახასიათებლები (სკოლის არქიტექტურა, დეკორაციები, მოწყობილობები და სხვა). ეფექტიანი სასწავლო გარემოს ძირითადი მახასიათებლებია:

  • ფსიქოლოგიური უსაფრთხოება: მოსწავლეს შეუძლია საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმა. მის პიროვნულ თავისებურებებს პატივს სცემენ. გარემო არის მზრუნველი, გულწრფელი და ნდობით აღსავსე;
  • ფიზიკური უსაფრთხოება: მოსწავლის ჯანმრთელობას არ ექმნება საფრთხე;
  • ინკლუზია: სხვადასხვა ეროვნების, კულტურის, რელიგიის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მოსწავლეები პატივს სცემენ ერთმანეთს და მშვიდობიანად თანაარსებობენ და სწავლობენ ერთ გარემოში;
  • ინტერაქტიული საკლასო გარემო: გარემო, სადაც მასწავლებელი ასრულებს ფასილიტატორის როლს, მოსწავლეები სწავლობენ ერთმანეთთან თანამშრომლობით, მოსწავლეები სწავლობენ "აღმოჩენებით". ეფექტიანი სასწავლო გარემო ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას.

სასწავლო დავალება

ეს არის სასწავლო პროცესში მიცემული ინსტრუქცია, რომელიც უნდა შეასრულოს მოსწავლემ. დავალებას განასხვავებენ შესრულების ხანგრძლივობის, ფორმის და შესრულების ადგილის მიხედვით. მოკლევადიანია დავალება, რომელიც გულისხმობს მაშინვე შესრულებას. მოკლევადიანი დავალებებია: ტესტი, დამოუკიდებელი სამუშაო და ა. შ. გრძელვადიანი დავალებებია: პროექტი, რეფერატი და სხვა დავალებები, რომელზეც მოსწავლე ხანგრძლივად მუშაობს. შესრულების ადგილის მიხედვით განასხვავებენ საშინაო და საკლასო დავალებებს, ხოლო ფორმის მიხედვით - ვერბალურ (პრეზენტაცია), წერით (თემის დაწერა) და ქმედით (სპექტაკლის დადგმა, ექსპერიმენტის ჩატარება) დავალებებს.

სასწავლო შედეგი

სასწავლო შედეგი არის ინფორმაციის, უნარ-ჩვევების, ღირებულებებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომელსაც მოსწავლეები იძენენ სწავლის პროცესში. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რა ისწავლა მოსწავლემ, არამედ მთავარია ცოდნის ხარისხი: როგორ ისწავლა და როგორ შეუძლია მოსწავლეს ამ ცოდნის გამოყენება ცხოვრების განმავლობაში. სასწავლო შედეგები განისაზღვრება საგანმანათლებლო პროცესის ნებისმიერი მონაკვეთისთვის (გაკვეთილი, კვირა, ტრიმესტრი, სასწავლო წელი, ზოგადი/უმაღლესი განათლების საფეხური თუ სხვა). ეროვნულ სასწავლო გეგმაში სწორედ საგნობრივი სტანდარტები ადგენს იმ მიღწევების ანუ შედეგების ჩამონათვალს, რომელთაც მოსწავლემ უნდა მიაღწიოს კონკრეტულ საგანში ან/და საგნობრივ ჯგუფში სასწავლო წლისა თუ საფეხურის ბოლოს. სტანდარტის შესრულება ითვალისწინებს ინფორმაციის გამოყენების შესაძლებლობების დემონსტრირებას. მოსწავლეს უნდა შეეძლოს ინფორმაციის ეფექტურად და ზნეობრივი პრინციპების გათვალისწინებით გამოყენება. ეროვნულ სასწავლო გეგმაში თითოეულ საგანში განსაზღვრულია თითოეული კლასის მიხედვით მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები, რომლებიც თვალსაჩინოს ხდის, მიღწეულია თუ არა რომელიმე კონკრეტული შედეგი. სტანდარტში მოცემული ყველა შედეგი მიღწევადია თითოეული მოსწავლისათვის. თუმცა, ყოველი მოსწავლე, საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სხვადასხვაგვარი ხარისხით მიაღწევს ამ შედეგებს და შესაბამისად შეფასდება მაღალი/დაბალი ქულებით;

სახელობო განათლება

ეს არის პროფესიული განათლების სახე, რომლის მიღებაც შეიძლება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ და რომლის მიზანია სერტიფიცირებული სპეციალისტის მომზადება. სახელობო განათლების მიღება შეიძლება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის შემდეგ. სახელობო საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება პროფესიული სწავლების ცენტრებში. სახელობო განათლება პროფესიული სწავლების ცენტრსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას შორის შესაბამისი ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილად. სახელობო განათლება შეიძლება იყოს ფორმალური და არაფორმალური (იხილეთ ფორმალური პროფესიული განათლება და არაფორმალური პროფესიული განათლება).

სელმანის თეორია სოციალური უნარ-ჩვევების განვითარების შესახებ

ამერიკელი ფსიქოლოგის, რობერტ სელმანის (Selman, 1980) თეორია ეხება სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას. მისი აზრით, ადამიანის შემეცნების (აზროვნების, კოგნიციის) განვითარებასთან ერთად ხდება სოციალური უნარ-ჩვევების ეტაპობრივი განვითარებაც. სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული როლური უნარ-ჩვევების - მოვლენათა სოციალური კონტექსტის სხვადასხვა პერსპექტივიდან, სხვადასხვა კუთხიდან ხედვის და შეფასების უნარის განვითარებაზე. სხვის როლში შესვლის უნარის არქონა ბავშვს ხელს უშლის დაინახოს მოვლენები სხვა ადამიანის პერსპექტივიდან. გარდა ამისა, სხვის როლში შესვლის უნარის გარეშე ბავშვს უჭირს სხვა ადამიანის გრძნობებისადმი ემპათიის გამოხატვა. ეს უნარი ვითარდება ბავშვის ასაკობრივ ზრდასთან ერთად. რ. სელმანმა წარმოადგინა სოციალური პერსპექტივის განვითარების საფეხურები. ეს ეხება ბავშვის სოციალური, როლური უნარ-ჩვევების განვითარებას. კერძოდ, სოციალური პერსპექტივის განვითარების საწყის საფეხურზე ("არადიფრენცირებული პერსპექტივის დანახვა", 3-დან 6 წლამდე) ბავშვებს უჭირთ განასხვავონ ერთმანეთისაგან, რომ მე-ს და სხვებს განსხვავებული ფიქრები და გრძნობები აქვთ. მეორე საფეხურზე ("სოციალურ-ინფორმაციული პერსპექტივის დანახვა", 5-დან 9 წლამდე) ბავშვებს ესმით, რომ სხვადასხვაგვარი პერსპექტივები შეიძლება გამომდინარეობდეს იქიდან, რომ ადამიანები სხვადასხვაგვარ ინფორმაციას ფლობენ. მესამე საფეხურის დასაწყისში ("თვით-რეფლექსიური მე-ს ხედვა", 7-დან 12 წლამდე) ხდება მნიშვნელოვანი ცლილებები და ბავშვს შეუძლია განავითაროს საკუთარი "მე"-ს ხედვა. ამ საფეხურზე ბავშვს შეუძლია "სხვის ტყავში შესვლა" და საკუთარი ფიქრების, გრძნობების და ქცევების სხვა ადამიანის პერსპექტივიდან დანახვა. ასევე, მათ შეუძლიათ იმის გაცნობიერებაც, რომ სხვებსაც შესწევთ იმავეს გაკეთების უნარი. შემდგომ საფეხურზე ("სხვისი (მესამე პირის) პერსპექტივიდან ხედვა", 10-დან 15 წლამდე) ბავშვს უვითარდება სხვისი (მესამე პირის) პერსპექტივიდან ხედვის შესაძლებლობა. ამ დროისთვის მას შეუძლია სხვებთან თავისი ურთიერთობის გარედან (უცხო თვალით) დანახვა. ბოლო საფეხური იწყება დაახლოებით 14 წლიდან და ცნობილია "სოციალური პერსპექტივის ხედვის" სახელით. თუმცა, ეს შესაძლოა რეალურად განვითარდეს მოზარდობის პერიოდში. ამ საფეხურზე ინდივიდის პერსპექტივის ხედვაზე ზეგავლენას ახდენს სოციალურ ღირებულებათა ერთი ან მეტი სისტემა.

სერტიფიკატი

სერთიფიკატი (ფრანგ. sertificat, ლათ. certifico - ვამტკიცებ) არის დოკუმენტი, რომელიც, საზოგადოდ, საქონლის ხარისხს ამტკიცებს. საგანმანათლებლო სივრცეში სერტიფიკატი ეძლევა პედაგოგს კვალიფიკაციის დადასტურების მიზნით. 2009 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწყებს მასწავლებელთა სერტიფიცირების პროცესს (მასწავლებლისთვის პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭება ან/და განახლება). მასწავლებლობის უფლების მოპოვება შეეძლებათ განათლების ბაკალავრებსა და მაგისტრებს სკოლაში ერთწლიანი გამოსაცდელი პეროდისა და სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ. განათლების ბაკალავრებს უფლება ექნებათ ასწავლონ დაწყებით კლასებში, ხოლო განათლების მაგისტრებს - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე. უფრო დეტალურად მასწავლებლთა სერტიფიცირების შესახებ იხილეთ მასწავ- ლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების კონცეფცია;

სერტიფიცირება

მასწავლებლების სერტიფიცირების სისტემა ემსახურება მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას და მათი კვალიფიკაციის დადასტურებას სხვადასხვა შეფასების გზით. შეფასების ახალ სქემაში ცენტრალური ადგილი უჭირავს ეროვნულ სასერტიფიკაციო გამოცდებს. მასწავლებლობის მსურველმა, შესაბამისი უმაღლესი განათლების მიღებისა და სკოლაში ერთი წლის მუშაობის შემდეგ, უნდა ჩააბაროს ეროვნული სასერტიფიკაციო გამოცდა, რომლის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, ის მოიპოვებს მასწ ავლებლობის უფლებას. გამოცდა ემსახურება მასწავლებლების პროფესიული უნარებისა და საგნობრივი ცოდნის შემოწმებას. პროფესიული განვითარებისა და წვრთნის აკრედიტებულ პროგრამებში წარმატებული მონაწილეობა და აგრეთვე ეროვნული სასერტიფიკაციაო გამოცდის წარმატებით ჩაბარება (გადაბარება) საჯარო სკოლამ შეიძლება გამოიყენოს როგორც ობიექტური საფუძველი მასწავლებლის კარიერული დაწინაურებისა და მისი ანაზღაურების ზრდისთვის. ეროვნული სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შემდეგ მასწავლებელი აგროვებს კრედიტების (ქულების) გარკვეულ რაოდენობას პროფესიული განვითარებისა და წვრთნის აკრედიტებულ პროგრამაში მონაწილეობით. მასწავლებელს აქვს არჩევანი: მონაწილეობა მიიღოს პროფესიული განვითარების პროგრამებში და დააგროვოს კრედიტები, ან პირველი ეროვნული სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 8 წლის შემდეგ გადააბაროს გამოცდა.

სივრცის ორგანიზება

სწავლებისა და სწავლის დროს დასახული მიზნების მისაღწევად მნიშვნელოვანია სკოლისა და საკლასო სივრცის შესაბამისად ორგანიზება. სკოლასა და კლასში სივრცის სწორად ორგანიზება ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის, კვლევების, გამოფენების, თამაშებისა და დასვენებისათვის საჭირო პირობებს ქმნის. სკოლისა და საკლასო ოთახის სივრცის ეფექტიანად ორგანიზება მოსწავლეებს აზროვნების, შემოქმედებითობის, ესთეტიკური გემოვნების განვითარების საშუალებას აძლევს. სკოლის სივრცის ორგანიზება შეიძლება, აგრეთვე, გულისხმობდეს კედლების, ფანჯრების, დერეფნების და ჭერის გამოყენებასაც. კლასში სივრცის ისეთი მოწყობა, როდესაც მოსწავლეები მასწავლებლის პირისპირ სხედან, ეფექტიანია ლექციის, პრეზენტაციის, დემოსტრირების, კითხვა-პასუხის და საერთო ინსტრუქციების მიცემის დროს. მერხების წრიულად განლაგება გამართლებულია დისკუსიების წარმართვის შემთხვევაში. ჯგუფური მუშაობისთვის სასურველია მერხების ისეთი განლაგება, რომელიც ჯგუფებს გამოყოფს ერთმანეთისაგან.

სილაბუსი

სილაბუსი წარმოადგენს სასწავლო კურსის პროგრამას. მასში მოცემულია კურსის სათაური, სწავლების საფეხური, მიზანი და ამოცანები, სწავლების ფორმატი (სწავლების მეთოდი), კურსის საათობრივად გაწერილი შინაარსობრივი გეგმა გამოყენებული სახელმძღვანელოების გვერდების ან სხვა რესურსების დეტალური მითითებით, ასევე კურსის შეფასების პრინციპები (შუალედური, შემაჯამებელი, განმსაზღვრელი და სხვა), მოსალოდნელი შედეგები, კერძოდ, იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალი, რომელსაც უზრუნველყოფს კურსის დასრულება. უმაღლეს სასწავლებლებში სილაბუსი აწესრიგებს ლექტორისა და სტუდენტის ურთიერთობას. სასწავლო კურსის დაწყებისას სტუდენტმა სილაბუსის მეშვეობით უნდა გაიგოს, თუ რა და როგორ უნდა ისწავლოს, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს. მეორე მხრივ, სილაბუსის მეშვეობით უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციას შეუძლია შეამოწმოს ლექტორის აკადემიური საქმიანობის ხარისხი.

სკოლის თვითშეფასების სისტემა

სკოლის თვითშეფასების სისტემა არის თანმიმდევრულად გამოყენებული თვითგამოკვლევის მეთოდი, რომლის საშუალებით შესაძლებელია სკოლის სწავლება-სწავლის პროცესის ხარისხის გაუმჯობესება, სკოლის შემდგომი განვითარების გზების დასახვა მოძიებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე. სკოლის თვითშეფასების სისტემის გამოყენება გულისხმობს სკოლის დახმარებას - რეალურად არსებული სირთულეების აღმოჩენასა და მათი დაძლევის გზების მოძებნას სკოლის მთავარი ამოცანების გადასაწყვეტად. სკოლის თვითშეფასების პროცედურას ახორციელებს სპეციალური გუნდი, რომლის შემადგენლობა შეიძლება დაკომპლექტდეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ექსპერტებით (განათლების სპეციალისტი, სკოლის ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და სხვ.), რომლებიც ერკვევიან ყველა სახის სასკოლო საქმიანობაში, სკოლის ადმინისტრაციის წევრებით და საგანგებოდ მომზადებული მასწავლებელთა, მოსწავლეთა და მშობელთა ჯგუფებით. ისინი ერთობლივად იკვლევენ წინასწარ დაგეგმილ საგანმანათლებლო პროცესებს, განსაზღვრავენ სკოლის საჭიროებებს და ასევე ერთობლივად გეგმავენ მომდევნო აქტივობებს. კვლევის საგანი შესაძლოა გახდეს: საგანმანათლებლო პროგრამების დაძლევის, სკოლის/კლასის მართვის/ხელმძღვანელობის, ფინანსური მართვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, მოსწავლეთა მიღწევების, მოსწავლეთა შეფასების საკითხები, სკოლის შიდა და სკოლის გარეთა საქმიანობა. აგრეთვე, შესაძლებელია შესწავლილ იქნას სასწავლო გარემო, მოსწავლეთა მოვალეობების/დისციპლინის, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების დაცვის, სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა/ოჯახის მონაწილეობის საკითხები და სხვა. ინფორმაცია იკრიბება მოსწავლეთა აკადემიური წარმატებების მაჩვენებლების, პორტფოლიოების, სასკოლო დოკუმენტაციის, ინტერვიუების, დაკვირვების, გამოკითხვების და სხვა საკლასო გამოკვლევების სხვადასხვა რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების საფუძველზე. სკოლის თვითშეფასების საბოლოო პროდუქტს წარმოადგენს წერილობითი ანგარიში. შეკრებილი მასალა ანალიზდება გუნდის კომპეტენტური წევრების მიერ, რომლებიც გუნდის ყველა წევრთან ერთად პასუხისმგებლები არიან სკოლის მომავალი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე.

სკოლის კათედრა

სკოლის კათედრა ამავე სკოლის საგნობრივი ჯგუფის ყველა მასწავლებლის ერთობლიობის პირობითი სახელია. ყველა სკოლაში (სადაც ერთზე მეტი საგნის მასწავ- ლებელია) სასურველია არსებობდეს საგნობრივი ჯგუფების მასწავლებელთა კათედრები. კათედრების მუშაობის ფუნქციებია:

  • საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების შეთან- ხმებული წარმართვა და შეფასება;
  • ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობების განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
  • სახელმძღვანელოების შერჩევა;
  • სხვა საგნობრივი ჯგუფების მასწავლებლებთან შეთანხმებული მუშაობა (მაგ. ისტორიასა და ქართულში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო დავალებების მოფიქრება და სხვა.);
  • პროფესიული განვითარების გზების დასახვა;
  • რეკომენდაციების შემუშავება დამხმარე სასწავლო მასალებისა და ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების შესახებ;
  • რეკომენდაციების შემუშავება ახალი მეთოდოლოგიებისა და მიდგომების შესახებ.
  • შეფასების კომპონენტების და მათი წონების დადგენა. კათედრის ეფექტური მუშაობისთვის სასურველია თავმჯდომარის არჩევა ერთი წლის ვადით. კათედრის მუშაობა ეფექტიანი იქნება, თუ მისი წევრები რეგულარულად შეიკრიბებიან. სასწავლო წლის დასაწყისში გამართულ კათედრის შეხვედრაზე აუცილებელია საგნობრივი პროგრამების, შესაბამისი სახელმძღვანელოების და სასკოლო სასწავლო გეგმის განხილვა იმისთვის, რომ წინასწარ დაისახოს გეგმები: თუ რა საჭიროებები ექნებათ მასწავლებლებს წლის განმავლობაში; რა პრობლემების გადაჭრა იქნება აუცილებელი; რა რესურსების გამოყენება იქნება საჭირო ეფექტურად სწავლებისას და ა. შ. ტრიმესტრების ბოლოს კათედრის სხდომისას ასევე უნდა გადაიხედოს საგანმანათლებლო სტანდარტის შესრულების მიმდინარეობა. ამ დროისთვის უნდა მოხდეს პრობლემების გამოვლენა და შეფასება, თუ რა ხარისხით იქნება შესაძლებელი ყველა მოსწავლისთვის საგნობრივ პროგრამებში აღწერილი შედეგების მიღწევა.

სოკრატული მეთოდი

სწავლების დროს სოკრატული მეთოდის გამოყენების დროს მასწავლებელი სვამს მხოლოდ პრობლემურ (და არა ინფორმაციულ) კითხვებს (მაგ., რას ფიქრობთ ამაზე? რა განმარტებები გვჭირდება ამისთვის?), არ აწოდებს არანაირ ინფორმაციას მოსწავლეებს. ამ დროს მასწავლებელი განიხილავს გამონაკლისებს და მარტივ იდეას ეჭვქვეშ აყენებს. იგი არ აძლევს მოსწავლეებს ინფორმაციას, არამედ მათ სთხოვს აზროვნებას, რათა ისინი დამოუკიდებლად მივიდნენ პრობლემის გადაწყვეტამდე. სოკრატული მეთოდის გამოყენება შესაძლებელია დისკუსიით, დებატებით, პრობლემური კითხვების დასმით და სხვა. ზოგჯერ მასწავლებელს მოჰყავს ფაქტები მოსწავლეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებების საწინააღმდეგოდ, მაგრამ არ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას, ხელს უწყობს იმ პასუხების ეჭვქვეშ დაყენებას, რომელთაც გვაძლევენ სხვადასხვა ავტორიტეტები და სხვა. მოსწავლეები თავისუფლად გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით, თამამად თხზავენ ჰიპოთეზებს და ვერსიებს, აანალიზებენ ერთმანეთის არგუმენტებს. ქვემოთ მოყვანილია ამ მეთოდის გამოყენების მაგალითები გაკვეთილზე:

  1. მასწავლებელი სვამს პრობლემურ შეკითხვებს, რათა წაახალისოს მოსწ ავლეთა აზროვნება მოცემულ საკითხებზე;
  2. მასწავლებელს მოჰყავს დამხმარე და საწინააღმდეგო მაგალითები მოცემული მოვლენის საილუსტრაციოდ;
  3. მასწავლებელი კრიტიკულად განიხილავს მოსწავლის არგუმენტებს;
  4. მასწავლებელი ხელს უწყობს კლასის დისკუსიაში ჩაბმას;
  5. მასწავლებელი ახალისებს საკუთარი და სხვების აზრების კრიტიკული შეფასების უნარის განვითარებას;
  6. მასწავლებელი მოსწავლეს სთხოვს, ფაქტებისა და ცნებების ანალიზს, მასალაში მოცემული ფარული არსის გაგებას და ა. შ.
  7. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს, რომ დააკავშიროს სხვადასხვა წყაროდან მიღებული ცოდნა, სხვადასხვა ელემენტისაგან შექმნას ახალი სტრუქტურა;
  8. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს, რომ გამოიტანოს დასკვნა (გააკეთოს შეფასება) საკუთარ არგუმენტაციაზე დაყრდნობით.

სოციალურ-კოგნიტური თეორია (ბანდურა, მიშელი)

სოციალურ-კოგნიტური თეორიის თვალსაჩინო წარმომადგენლების, ა. ბანდურას (Bandura, 1925-) და მიშელის (Mischel, 1930-) მიხედვით, სწავლა და განვითარება ეფუძნება არა მხოლოდ პირად გამოცდილების შეძენის პროცესს, არამედ, უმეტესად, სხვა ადამიანთა ქცევაზე დაკვირვებასა და მოდელირებას. სწავლა დაკვირვების საშუალებით ნიშნავს უნარს სხვა ადამიანზე დაკვირვების შედეგად ქცევის რთული ნიმუშების ათვისების უნარს. ამ უნარის საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ განჭვრიტონ ქცევის შესაძლო შედეგები (სხვის მაგალითზე) და თავიდან აიცილონ არასასურველი შეცდომები. ადამიანს, რომელსაც აკვირდებიან, მოდელს უწოდებენ, ხოლო მოდელზე დაკვირვების გზით ადამიანის მიერ გარკვეული მოქმედებების ან ქცევის ათვისების პროცესს - მოდელირებას. მოდელირების თეორიის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს განსხვავება ათვისებასა და შესრულებას შორის. ესა თუ ის მოქმედება ან ქცევა ბავშვმა შეიძლება აითვისოს, ისწავლოს, მაგრამ მოხდება თუ არა ათვისებული ქცევის განხორციელება, მიბაძვა - ეს დამოკიდებულია ქცევის მოსალოდნელ წახალისებაზე ან დასჯაზე. დაკვირვების შედეგად ხდება ახალი გამოცდილების შეძენა, მაგრამ მისი ქცევაში რეალიზაციის ალბათობა იზრდება მაშინ, როცა ეს ქცევა წახალისებულია. კერძოდ, მიბაძვის ალბათობა იზრდება ა) თუ დამკვირვებელი გარკვეულ სარგებელს ნახულობს მოდელის ქცევის გამეორებით; ბ) თუ თვით მოდელი დაჯილდოებულია (მაგ. მოცეკვავის აპლოდისმენტები ზრდის ახალგაზრდა, დამწყები მოცეკვავისთვის მისი მიბაძვის ალბათობას); გ) თუ მოდელს მაღალი სოციალური სტატუსი აქვს; დ) თუ მოდელი კეთილგანწყობილია დამკვირვებლის მიმართ; ე) თუ არსებობს ემოციური შესატყვისობა მოდელსა და დამკვირვებელს შორის. მოდელზე დაკვირვების გზით ბავშვი არაპირდაპირ, ირიბად ითვისებს გარკვეულ ემოციურ რეაქციებსაც. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბავშვები დაკვირვების გზით სწავლობენ არა მხოლოდ კონკრეტულ ქცევებს, არამედ ისეთ ემოციურ რეაქციებსაც, როგორებიცაა შიში ან სიხარული. დაკვირვების გზით ემოციური რეაქციების სწავლის პროცესს ირიბ განმტკიცებას უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ სწავლა დაკვირვების გზით ძალიან ძლიერ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ავტომატურად ხდება და ჩვენ განწირულნი ვართ ბრმად მივდიოთ (მივბაძოთ) სხვა ადამიანებს. ბავშვებს ჰყავთ მრავალი მოდელი. ესენია: მშობლები, და-ძმები, მასწავლებლები, თანატოლები, ლიტერატურული გმირები, სატელევიზიო პერსონაჟები და სხვ. მოდელის არჩევას განსაზღვრავს, ერთი მხრივ, ბავშვის განვითარების ეტაპები, ხოლო მეორე მხრივ - ბავშვის უშუალო გამოცდილება. ბავშვები ზრდასთან ერთად სულ უფრო აქტიურად ირჩევენ მოდელს დასაკვირვებლად და მისაბაძად.

სოციალური (კოოპერატიული და თანამშრომლობითი) სწავლება

სოციალური უნარ-ჩვევები

სოციალური უნარ-ჩვევები არის იმ უნარ-ჩვევათა კრებული, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანთა თანაარსებობას. სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას საფუძვლად უდევს სოციალური შემეცნება. ეს არის ადამიანის ცოდნა მეორე ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის აზრების, გრძნობების და განზრახვების შესახებ. სოციალურ შემეცნებას აქვს უდიდესი ზეგავლენა იმაზე, თუ როგორი მიმართება ჩამოუყალიბდება ბავშვს სხვა ბავშვებისა და უფროსებისადმი; როგორ განუვითარდება მას სხვის პატივისცემის და ურთიერთგაგების ჩვევები. სოციალურ უნარ-ჩვევებში განიხილავენ: პასუხისმგებლო- ბის საკუთარ თავზე აღებას, სხვის პატივისცემას, თანამშრომ- ლობას, კონფლიქტის გადაჭრას, ჯგუფში გადაწყვეტილების მიღებას, ჯგუფში როლების მრავალფეროვნების მიღებას.

1. პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება:

  • ამოცანის შესაბამისად შესრულება;
  • პასუხისმგებლობის სხვასთან გაზიარების სურვილი.

2. სხვის პატივისცემა:

  • სხვის მოსმენა (ემპათია);
  • გადაწყვეტილების მიღება სამართლიანობისა და თანასწორობის საფუძველზე (ჯგუფურ მუშაობაში);
  • საკუთარ და სხვის რწმენებს, შეხედულებებს და იდეებს შორის განსხვავების აღიარება;
  • აზრის გამოხატვა სხვის შეურაცხყოფის გარეშე.

3. თანამშრომლობა:

  • თანამშრომლობა ჯგუფში;
  • თავაზიანობა;
  • მასალის გაზიარება.

4. კონფლიქტის გადაჭრა:

  • სხვების ყურადღებით მოსმენა;
  • კომპრომისის დაშვება;
  • სიტუაციის შესატყვისი რეაქცია;
  • პასუხისმგებლობის აღება;
  • სამართლიანობა.

5. გადაწყვეტილების მიღება ჯგუფში:

  • სხვების მოსმენა;
  • კამათი იდეების გარშემო;
  • კითხვების დასმა;
  • ძალისხმევა კონსენსუსის მისაღწევად.

6. ჯგუფში როლების მრავალფეროვნების მიღება:

  • მოცემულ სიტუაციაში შესატყვისი ქცევის გაცნობიერება და შესაბამისი მოქმედება;
  • როლების მონაცვლეობა (მაგ., ერთ გარემოში – ლიდერობა, მეორეში – შემსრულებლობა).

სოციალური კონსტრუქტივიზმი

სოციალური კონსტრუქტივიზმის თეორია განსაკუთრებულ ხაზს უსვამს სწავლას სოციალურ კონტექსტში და სხვებთან ურთიერთობით. სოციალური კონსტრუქტივიზმის ერთ-ერთი წარმომადგენელია რუსი ფსიქოლოგი ლევ ვიგოტსკი (1896-1934). ვიგოტსკი მოსწავლეებს მარტოხელა მეცნიერებს უწოდებდა. იგი ფიქრობდა, რომ მოსწავლე არის პატარა შეგირდი, რომელსაც მასწავლებელი ან/და სხვა მოზრდილი ეხმარება გამოცდილებების მიღებაში. ვიგოტსკის თეორია არის იმის დამტკიცების მცდელობა, რომ შემეცნება - ესაა სოციალიზაციის ანუ საზოგადოებრივი ურთიერთობის პროდუქტი. მაგ: რომელიმე ენის სწავლებისას ჩვენ ენას ვიყენებთ, როგორც საკომუნიკაციო საშუალებას, ანუ ვცდილობთ მისი საშუალებით დავამყაროთ ურთიერთობა სხვებთან. მხოლოდ ენის სრულყოფილი შესწავლის შემდეგაა შესაძლებელი მისი, როგორც "შინაგანი მონოლოგის", საშუალებად გამოყენება. ვიგოტსკი საუბრობს განვითარების უახლოეს და აქტუალურ ზონებზე. განვითარების აქტუალური ზონა არის ის ზონა, რომელშიც იმყოფება მოსწავლე სწავლის მომენტში. ხოლო უახლოესი ზონა არის ის, რომელსაც ადვილად მიაღწევს იგი, თუ მისი სასწავლო პროცესი სწორად იქნება აგებული. მასწავლებელი სწავლების პროცესში აქცენტს უნდა აკეთებდეს სწორედ განვითარების უახლოეს ზონაზე. ეს კი შესაძლებელია მოსწავლის მიერ პრობლემის გადაწყვეტით სხვებთან (მასწავლებელი, თანატოლი, მშობელი) ურთიერთობის პროცესში. მოსწავლის მიმართ ასეთ დახმარებას შეიძლება სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს: ახსნა, დისკუსია, ჯგუფური მუშაობა და ა.შ. ვიგოტსკი ასევე საუბრობს სოციალურ და კულტურულ ფაქტორებზე. ეს გავლენა იწყება დაბადებიდან. პატარები ითვისებენ თავიანთ კულტურას, ენას და ქცევებს მშობლებთან და ახლობლებთან ურთიერთობით. შესაბამისად, მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ის სოციალური და კულტურული ფაქტორები, რომლებიც მოსწავლის სწავლაზე გადამწყვეტ ზეგავლენას ახდენენ. შესაბამისად, მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ინდივიდუალიზმი და შეძლოს მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ისე, რომ ეს იყოს სასწავლო მიზნებთან შესატყვისობაშიც და ყველა მოსწავლეს მიეცეს შესაძლებლობა, მიაღწიოს განვითარების უახლოეს ზონას. სწავლების ამ მიდგომის მიხედვით, უმცროს კლასელებს შეიძლება შევთავაზოთ რთული და უფრო სააზროვნო ამოცანების გადაჭრა ჯგუფებში, რათა ხელი შეეწყოს მათი აზროვნების თვისებრივ განვითარებას და განვითარების უახლოესი ზონის მიღწევას. თუმცა, მასწავლებელმა მოსწავლეს არ უნდა მისცეს ისეთი ამოცანები, რომელიც თვისებრივად არ შეესაბამება მისი განვითარების შესაძლებლობებს. ვიგოტსკის თეორიის მიხედვით, სწავლების ძირითადი პრინციპებია: 1. შემეცნებითი აზროვნება განვითარების ეტაპების მიხედვით ცვლილებას ანუ ევოლუციას განიცდის. 2. სრულყოფილი შემეცნებითი აზროვნების ჩამოყალიბებისათვის გადამწყვეტი პირობაა პიროვნებებს შორის ურთიერთობა.

სწავლების ხერხი

სწავლების პროცესში გამოიყენებენ სწავლების სხვადასხვა ხერხს, რომელიც შეესატყვისება სწავლების სხვადასხვა მეთოდების ძირითად პრინციპებს. სწავლების ხერხებია: სიმულაცია - როლური თამაში (სწავლების პრაქტიკული მეთოდის გამოყენების დროს), გონებრივი იერიში (ძირითადად, სწავლების სოკრატული მეთოდის გამოყენების დროს), ვიზუალიზაცია - თვალსაჩინოების გამოყენება (სწავლების დიდაქტიკური მეთოდის გამოყენების დროს), ინსტრუქციის ნაბიჯ-ნაბიჯ მიწოდება (სწავლების პრაქტიკული მეთოდის გამოყენების დროს), არაორდინალური კავშირების გაკეთება (სწავლების სოკრატული მეთოდის გამოყენების დროს), რეზიუმირება - შეჯამება (სწავლების დიდაქტიკური მეთოდის გამოყენების დროს) და სხვ.

სწავლების ბიჰევიორისტული მიდგომა (სკინერი)

ბიჰევიორიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, ამერიკელი ფსიქოლოგის, ბ. ფ. სკინერის (Skinner, 1904-1990) მიხედვით, ადამიანის ქცევის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ეკისრება გარე ფაქტორებს და იმ გამოცდილებას, რომელსაც იგი სოციალურ გარემოში იძენს. პიროვნული თავისებურებების მიუხედავად, ბავშვს შეუძლია ნებისმიერი ქცევის დასწავლა, თუ მას სათანადო განმტკიცება მოჰყვება. სკინერმა ექსპერიმენტის საფუძველზე დაადგინა, რომ ქცევის წარმატება/წარუმატებლობა განსაზღვრავს იმას, მოხდება თუ არა ამ ქცევის დასწავლა. სწავლის ამ ფორმას სკინერმა ინსტრუმენტული სწავლა უწოდა. ინსტრუმენტულ სწავლას საფუძვლად უდევს ორგანიზმის აქტიური მოქმედებები გარემოში. თუ რაიმე შემთხვევითი მოქმედება სასარგებლო აღმოჩნდება, მისი განმტკიცება ხდება მიღწეული შედეგით. როგორც ცნობილია, ნებისმიერ ქცევას შეიძლება ჰქონდეს ან არ ჰქონდეს შედეგი. უშედეგო ქცევა თანდათან იკარგება, დავიწყებას ეძლევა. შედეგი შეიძლება ორი სახისა იყოს - სასიმოვნო და უსიამოვნო. სასიამოვნო შედეგის შემთხვევაში, ქცევის გამეორების ალბათობა იზრდება. რაც შეეხება უსიამოვნო შედეგს, იგი ამცირებს ქცევის ალბათობას, ანუ სწავლა არ ხორციელდება. ქცევის მომავალში განხორციელების ალბათობა იზრდება არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ქცევას სასიამოვნო შედეგები აქვს 2 (დადებითი განმტკიცება), არამედ მაშინაც, როდესაც ქცევა საშუალებას აძლევს მოსწავლეს თავი აარიდოს უსიამოვნო შედეგს. ამრიგად, სწავლის ორი გზა არსებობს: ან სასიამოვნო შედეგი უნდა მოჰყვეს სასურველ ქცევას, ან ბოლო უნდა მოეღოს ამ ქცევის უსიამოვნო შედეგს. მართალია, მიჩნეულია, რომ დასჯა ეფექტური მეთოდია გარკვეული ქცევის დასასწავლად, მაგრამ, სინამდვილეში, დასჯის გზით არასასურველი ქცევის აღმოფხვრას დიდი დრო სჭირდება. ამასთანავე, დასჯამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ფსიქიკის დარღვევა, მისი ნევროტიზაცია. ეს თეორია არ ითვალისწინებს ბავშვის პიროვნებას და მის ინდივიდუალურ თავისებურებებს და, ამ თვალსაზრისით, ნაკლოვანი და ცალმხრივია. თუმცა იგი მნიშვნელოვანია, რადგანაც აღწერს გარე ფაქტორების ზეგავლენით ახალი ჩვევების ჩამოყალიბების კანონზომიერებებს. კერძოდ, ეს თეორია გვასწავლის, რომ როგორც კი მოსწავლე რაიმე უნარს შეიძენს, მასწავლებელმა მას უნდა დაანახოს, რომ ეს უნარი სასარგებლოა. მაშასადამე, პედაგოგებმა ისე უნდა მოახდინონ სასწავლო პროცესის ორგანიზება, რომ განმტკიცება მოხდეს უშუალოდ სწავლის შემდეგ. სწავლის განმტკიცებას სკოლაში, ჩვეულებრივ, განაპირობებს რაიმე დავალების წარმატებით შესრულება. განმტკიცების კიდევ ერთი სახეა მასწავლებლის მიერ მოსწავლის შექება, წახალისება. აქედან გამომდინარე, ახლად ნასწავლი კიდევ უფრო განმტკიცდება, თუკი მასწავლებელი სწავლასთან დაკავშირებული ამოცანების სირთულეს შეუსაბამებს მოსწავლის შესაძლებლობებს. ეს მოსწავლეს უყალიბებს წარმატებაში დარწმუნებულობის, აგრეთვე, საკუთარი წარმატების მართლზომიერების განცდას. ამასთანავე, მასწავლებელს შეუძლია აგრძნობინოს და დაანახოს მოსწავლეს, რომ მას ძალიან სიამოვნებს, რომ მოსწავლე იყენებს ახლად შეძენილ უნარებს. რა თქმა უნდა, იდეალურ შემთხვევაში, განმტკიცების ეს ორი ფორმა ერთდროულად უნდა იყოს გამოყენებული.

სწავლებისადმი კონსტრუქ ტივისტული მი დგომა

ამ მიდგომის მიხედვით, ადამიანები სწავლობენ აზროვნების და გამოცდილების საფუძველზე, რის შედეგადაც უფრო რთული შემეცნებითი უნარები უვითარდებათ. აქედან გამომდინარე, კონსტრუქტივიზმი ორიენტირებულია მოსწავლის ძალისხმევაზე. მოსწავლე სწავლის (ან შემეცნების) პროცესის აქტიური მონაწილეა. იგი პასიურად კი არ ისრუტავს ინფორმაციას, რომელიც მოწოდებულია მასწავლებლის მიერ, არამედ მწყობრად აშენებს საკუთარ ცოდნას მისთვის უკვე ცნობილისა და წინა გამოცდილებების საფუძველზე. აშენების პროცესში მასწავლებელი ისევე ეხმარება მოსწავლეს, როგორც ხარაჩოები - მშენებელს. ხარაჩოების ფუნქციას ასრულებს მასწავლებლის მიერ შემუშავებული აქტივობები, მასწავლებლის მიერ შექმნილი გარემო და სასწავლო სიტუაციები, რომელშიც მოსწავლე დამოუკიდებლად აგებს საკუთარ ცოდნას. კონსტრუქტივისტული მიდგომებია: პიაჟეს შემეცნებითი აზროვნების თეორია და ბრუნერის თეორია; შემეცნებითი ფსიქოლოგიისა და კონსტრუქტივიზმის თეორიებმა დიდი როლი შეასრულა აქტიური სწავლების დანერგვის საქმეში დასავლეთის ქვეყნებში. ამ მიდგომის თანახმად, მოსწავლეს სწავლაში ენიჭება აქტიური და დამოუკიდებელი როლი. სასწავლო აქტივობის შერჩევა, მისი შესრულების ტემპის განსაზღვრა და შეფასება ხდება მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ერთობლივი შეთანხმებით. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მოსწავლის ინტერესზე და სწავლა უფრო ინდივიდუალიზებულია. ცოდნის და უნარ-ჩვევების შეძენა ხდება მოსწავლის და მასწავლებლის მიერ ერთობლივად შერჩეულ თემებზე და სავარჯიშოებზე მუშაობის შედეგად. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს მოსწ ავლეთა მოტივაციის და სასკოლო ჩართულობის გაზრდას და განაპირობებს მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას.

სწავლის სწავლა

ეს არის პროცესი, რომელიც გულისხმობს ადამიანის მიერ საკუთარი სწავლის მართვის გაცნობიერებას, რაც მოიცავს სწავლის დაგეგმვას, შეფასებას და მუდმივ მონიტორინგს. სწავლის სწავლა ეხება ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ სწავლობს ადამიანი ეფექტიანად (კონკრეტული ამოცანის მოთხოვნების მიღება, მისი გადაჭრის ეფექტური სტრატეგიების ცოდნა) და საკუთარი სასწავლო გამოცდილებების რეგულაციას (მოცემული ამოცანის წარმატებით გადაჭრის გზების ცოდნა და გამოყენება). სწავლის სწავლას აქვს ორი კომპონენტი: გონებრივი და ემოციური. სწავლის სწავლის გონებრივი კომპეტენცია, თავის მხრივ, იყოფა ორ ქვესფეროდ: სწავლის მოქმედებები და აზროვნების მოქმედებები. სწავლის მოქმედებების ძირითადი კომპონენტია სწავლის მართვის უნარ-ჩვევების განვითარება. კერძოდ, სწავლის შემადგ ე ნელი ოპერაციების და ჩვევების დაუფლება (ინფორმაციის დასამახსოვრებლად ძირითადი იდეების ამოწერა ან ხაზგასმა, მთლიანი მასალის ნაწილებად დაყოფა, ნაწილ-ნაწილ დასწავლა და ა. შ.) და მათი გამოყენება. აზროვნების მოქმედებების ძირითადი კომპონენტები მოიცავს ლოგიკურ აზროვნებას, პრობლემის გადაწყვეტას, საკუთარი სწავლის პროცესის გაცნობიერებას და გამოყენებას. ემოციური კომპონენტი გულისხმობს პიროვნების მიერ საკუთარი ემოციების მართვას ანუ თვითრეგულაციას. მაშინ როცა მოსწავლე ახალი ამოცანის გადაჭრის წინაშე დგას, ეფექტური თვითრეგულაცია გულისხმობს:

  • შეცდომის დანახვის და გამოსწორების უნარს;
  • უცნობი ვითარებისადმი შეგუებას;
  • წარმატების იმედს. შესაბამისად, სწავლის სწავლის უნარ-ჩვევის შეფასება მოიცავს არა მხოლოდ მოსწავლის სააზროვნო უნარ-ჩვევებს, არამედ ითვალისწინებს იმასაც, თუ რამდენად მიმღებელია იგი აკადემიური დავალებების მიმართ და როგორ იყენებს თავის უნარ-ჩვევებს მათ გადასაჭრელად. თანამედროვე სწავლის სწავლას მეტაკოგნიციასაც უწოდებენ.

სწავლის მოტივაცია

ყველა აქტივობას მოტივაცია უდევს საფუძვლად. მოტივაცია არის ქცევის განხორციელების ფსიქოლოგიური საფუძველი. რაც უფრო მეტად მოტივირებულნი არიან მოსწავლეები, მით მეტია სწავლის ხარისხი, რაც ნაკლებად არიან მოტივირებულნი - შესაბამისად, სწავლის ხარისხიც იკლებს. არსებობს შინაგანი და გარეგანი მოტივაცია. მოსწავლის სასწავლო აქტივობები შეიძლება განპირობებული იყოს მისი შინაგანი ან გარეგანი მოტივაციით. საინტერესო აქტივობები ეფუძნება მოსწავლის შინაგან მოტივაციას. შინაგანად მოტივირებული მოსწავლისათვის უფრო მნიშვნელოვანია თავად აქტივობა, ვიდრე მოსალოდნელი ჯილდო. გარეგან მოტივაციას კი მაშინ აქვს ადგილი, როცა მოსწავლე შესრულებული სასწავლო აქტივობისათვის მოელის წახალისებას, ჯილდოს (კარგი ქულა, შექება, კლასში გარკვეული სტატუსის მოპოვება და ა. შ). ამ დროს განხორციელებული სასწ ავლო აქტივობა შესაძლებელია მოსწავლისათვის არ იყოს საინტერესო. ზოგიერთი მოსწავლე დიდი ენთუზიაზმით ეკიდება სწავლას, რადგან მას აინტერესებს საგანი და სწავლის პროცესი. მაგრამ არიან ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც მასწავლებლის მხარდაჭერის გარეშე სწავლისადმი დიდ ინტერესს არ იჩენენ. მათ მუდმივად სჭირდებათ შექება, სტიმული და თანადგომა. ამრიგად, მოსწავლის სასწავლო აქტივობას განაპირობებს როგორც გარეგანი, ისე მისი შინაგანი მოტივაცია. ამიტომ პედაგოგმა სასწავლო პროცესის დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის მოტივაცია, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლის წარმატებებს.

სწავლის ტიპები (სტილი)

სწავლის ტიპი პირობითი ცნებაა და მიგვანიშნებს იმაზე, თუ ვის როგორ ურჩევნია ან უადვილდება სწავლა; ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ ინფორმაციის გადამუშავების (აღქმა, აღბეჭდვა, შენახვა) გარკვეულ მეთოდებს. განათლების სპეციალისტებმა ამ თემაზე განსაკუთრებით გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან გაამახვილეს ყურადღება. ეს თემა დღესაც აქტუალურია. სასურველია, რომ მასწავლებელმა შეაფასოს მოსწავლეთა სწავლის სტილი და მის მიერ გამოყენებული სწავლების მეთოდები მაქსიმალურად მოარგოს მათ ინდივიდუალურ სტილს. იმის ცოდნა, რომ მოსწავლეებს სხვადასხავა სწავლის სტილი აქვთ, მასწავლებლისთვის აუცილებელი ხდება სწავლებისა და სწავლის მრავალფეროვანი სტრატეგიების ფლობა და გამოყენება, რაც მას სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მეტად ჩართვაში დაეხმარება. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სწავლის სტილი შეიძლება შეიცვალოს დროისა და კონტექსტის მიხედვით. ამავდროულად, მოსწავლეები სწავლის ან რომელიმე ერთ ტიპს განეკუთვნებიან, ან რამდენიმეს ერთად. "მულტიმოდალობის ადამიანებად" იწოდებიან ისინი, რომლებიც ერთზე მეტ სწავლის ტიპს ანიჭებენ უპირატესობას. არსებობს სწავლის სტილის კლასიფიკაციის სხვადასხვა მოდელები და თეორიები. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კლასიფიკაციის მიხედვით, შესაძლებლია სწავლის ოთხი ძირითადი ტიპის გამოყოფა. ამ კლასიფიკაციის ძირითადი პრინციპია ის შეგრძნებითი მოდალობა, რომელსაც ადამიანი უპირატესობას ანიჭებს ინფორმაციის გადამუშავებისას. სწავლის ეს ტიპებია: ტაქტილური (შეხებითი), კინესთეტიკური (მოძრაობითი), მხედველობითი და სმენითი. სმენითი სწავლის ტიპის მქონე ადამიანები უკეთ სწავლობენ მოსმენით; კინესთეტიკური ტიპები - ურთიერთქმედებით და კეთებით; მხედველობითი სწავლის ტიპები - ვიზუალური ხატებით, სადემონსტრაციო თვალსაჩინოებებით და სხეულის ენით, ხოლო ტაქტილური ტიპები - ჩანაწერების გაკეთებით და დიაგრამების/გრაფიკების დახატვით. კოლბის კლასიფიკაციის მიხედვით, გამოიყოფა სწავლის ოთხი ტიპი, აქტივისტი, პრაგმატისტი, თეორეტიკოსი და რეფლექტურად მოაზროვნე (იხ. დ. კოლბის თეორია სწავლის სტილის შესახებ). სწავლის ტიპების შესახებ ერთ-ერთი საინტერესო კლასიფიკაცია ეკუთვნის, აგრეთვე, ჰ. გარდნერს (იხ. ჰ. გარდნერის თეორია მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ);

ტესტი

ტესტი არის სტრუქტურირებული ინსტრუმენტი, რომელიც იქმნება მოსწავლის განვითარების მოცემულ ეტაპზე ცოდნის და უნარ-ჩვევების გასაზომად ანუ შესაფასებლად. ტესტი შესაძლოა ეფუძნებოდეს ნორმას ან რაიმე კრიტერიუმს, იყოს სტანდარტიზებული ან საგნის მასწავლებლების მიერ შექმნილი. ტესტის შეკითხვები ძირითადად სამი ტიპისაა: მრავალჯერადი არჩევანის შეკითხვები, როდესაც ტესტი შეიცავს კითხვას, რომელსაც მოსდევს რამდენიმე პასუხი, რომლიდანაც მხოლოდ ერთია სწორი; შეკითხვები, რომელზეც მოსწავლემ უნდა დაწეროს პასუხი და მცდარი და ჭეშმარიტი პასუხების შეკითხვები. ოფიციალური საგამოცდო ტესტები (მაგ. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის) იქმნება ხანგრძლივი პროცესის შედეგად. კერძოდ, საგნობრივი საგამოცდო ტესტების შემუშავება მოიცავს შემდეგ ეტაპებს: (1) საგნის სპეციალისტები შეიმუშავებენ ტესტის კითხვების ბაზას და შეფასების შესაბამის სქემას, (2) სქემა გამოიცდება რამდენიმე წინასწარ შერჩეულ სკოლაში, (3) ტესტის კითხვები გასწორდება და დაიხვეწება მოსწავლეთა ნამუშევრების და მასწავლებელთა შენიშვნების მიხედვით, (4) კითხვები ხელახლა გამოიცდება მოსწავლეთა უფრო დიდ რაოდენობაზე, (5) ჩატარდება ამ კითხვათა ფსიქომეტრული ანალიზი მათი სირთულის ხარისხისა და სანდოობის საბოლოოდ დადგენის მიზნით, (6) კითხვები კიდევ ერთხელ განიხილება პედაგოგებთან ერთად, (7) გამოთქმული მოსაზრებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით საბოლოოდ დადგინდება საგამოცდო ტესტის კითხვების ტიპები, სახეები, ტესტის ფორმატი და შეფასების სქემა.

ტრანსფერი

ტრანსფერი ერთგვარ სიტუაციაში ნასწავლის სხვაგვარ, განსხვავებულ სიტუაციაში გამოყენებას ნიშნავს. დ. უზნაძის აზრით, აზროვნებას ახასიათებს ტრანსპოზიციის ან გადატანის უნარი. მას შემდეგ, რაც მოსწავლე გადაჭრის ამოცანას, მას უკვე აღარ უჭირს ანალოგიური ამოცანის გადაჭრა: "აზროვნებას ერთხელ გადაჭრილი ამოცანის ხერხი ანალოგიურ ახალ ამოცანაზე გადააქვს". მაგალითად, მათემატიკაში ნასწავლის გამოყენება სხვა გაკვეთილზე (ფიზიკაში) ან სკოლის გარეთ (სუპერმარკეტში). განათლების სპეციალისტებისათვის დილემას წარმოადგენს იმის გარკვევა, თუ რა შემთხვევაში ხდება ან არ ხდება ტრანსფერი. მაგალითად, ბუნებისმეტყველების მასწავლებლები მუდმივად ჩივიან, რომ მათ თავიდან უხდებათ მოსწავლეებისთვის მათემატიკის სწავლება, მაშინაც კი, როდესაც ეს მოსწავლეები კარგად სწავლობენ მათემატიკას. გარკვეული უნარის თავდაპირველი დაუფლება ხორციელდება კონკრეტული შინაარსის საფუძველზე. თუ უნარს ვავითარებთ მხოლოდ ერთი ტიპის შინაარსთან მიმართებაში და არ ვითვალისწინებთ იმას, რომ ეს უნარი მოსწავლემ სხვა შინაარსთან მიმართებაშიც უნდა გამოიყენოს, მაშინ მოსწავლეს ტრანსფერის განხორციელება გაუჭირდება. ტრანსფერი არ ხდება თავისთავად. საჭიროა სწავლების სპეციალურად დაგეგმვა იმისათვის, რომ ტრანსფერი განხორციელდეს. ტრანსფერს ხელს უწყობს შემდეგი პირობები: (1) ცოდნა, რომლის ტრანსფერიც ხდება, უნდა იყოს მიზეზ-შედეგობრივი მიმართების შემცველი; (2) სწავლების პროცესში ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ შეძენილი გამოცდილება შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვადასხვა სიტუაციაში; (3) სწავლის პროცესში მოსწავლემ უდა აღმოაჩინოს ამოცანის გადაჭრის ძირითადი პრინციპები. გამოყოფენ ტრანსფერის ორ ძირითად ფორმას. ერთ შემთხვევაში ტრანსფერი ხორცილედება გაკვეთილზე განხილული თემის დაკავშირებით ანალოგიურ თემებთან. მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეს ნასწავლი საკითხი დაუკავშიროს მსგავს თემებს სხვა სფეროებში. ტრანსფერის განხორციელება არ არის რთული. საჭიროა მასწავლებელმა გარკვეული დრო დაუთმოს საკითხის ფართო განხილვას და მოსწავლეთა ყურადღება გაამხვილოს სხვა სფეროებში არსებულ ანალოგიურ თემებზე, მოვლენებზე და ა. შ. მაგალითად, საქართველოში მომხდარი ვარდების რევოლუცია მასწავლებელმა შესაძლოა დაუკავშიროს იმავე მოვლენებს, რომლებიც მოხდა სხვა ქვეყნებში, მაგალითად უკრაინაში. ტრანსფერის მეორე ფორმის დროს ხდება შესასწავლი საკითხის ძირითადი პრინციპების ღრმად გაგება. ამის განხორციელება შესაძლებელია პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებით. პრობლემაზე მუშაობით მოსწავლეები იძენენ ცოდნას და უნარ-ჩვევებს, რომელიც შეუძლიათ თავისუფლად გამოიყენონ სხვა პრობლემის გადაჭრის დროს. მაგალითად, ლიტერატურის მასწავლებელი ასწავლის მოსწავლეს ფაქტების და ავტორის დამოკიდებულების ამოცნობას ლიტერატურულ ნაწარმოებში. მასწავლებელმა იმავე ოპერაციის შესრულება უნდა დაავალოს მოსწავლეს სხვა ტიპის ტექსტზე, მაგალითად, ისტორიულ წყაროზე.

უზნაძის მიდგომები თამაშსა და სწავლაზე

ცნობილი ქართველი ფსიქოლოგი დ. უზნაძე (1886-1950წ.წ.) თავისი თეორიის ფარგლებში აშუქებს ბავშვის თამაშისა და სწავლის ფსიქოლოგიურ ბუნებას და ფუნქციას. უზნაძის აზრით, ყველა ცოცხალი ორგანიზმის ბუნებრივ მდგომარეობას მოძრაობა, აქტიურობა შეადგენს. არ არის აუცილებელი, რომ ცოცხალი ორგანიზმის ასამოქმედებლად მასზე რაიმე გამღიზიანებელი ზემოქმედებდეს. ცოცხალი ორგანიზმის ბუნებრივი თავისებურებაა მასში არსებული ძალების მოქმედება, აქტივობა. ამ თავისებურებას უზნაძე ფუნქციონალურ ტენდენციას უწოდებს. დ. უზნაძის თეორიის თანახმად, თამაშის ძირითად არსს ბავშვის შესაძლებლობათა აქტივაცია წარმოადგენს. კერძოდ, ბავშვი არა მხოლოდ იმ ძალებითაა აღჭურვილი, რომლებიც ბიოლოგიურად მნიშვნელოვანია მისი განვითარების ამ ეტაპზე, არამედ იმ ძალებითაც, რომლებიც მან მემკვიდრეობით მიიღო და რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება განვითარების შემდგომ ეტაპებზე. ბიოლოგიურად აუცილებელი ფუნქციები მის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების იმპულსით მოქმედებს, ხოლო ძალების მეორე ჯგუფი მოქმედებს ფუნქციონალური ტენდენციის საფუძველზე. თამაში სწორედ ამ ძალთა მოქმედების გამოვლინებაა. მნიშვნელოვანია, რომ თამაშის საშუალებით ხდება იმ ძალების და შესაძლებლობების განვითარება, რომელიც შემდგომში სერიოზული საქმიანობის განხორციელების საფუძველი ხდება. სასკოლო ასაკში, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ცხოვრებაში სწავლა დიდ ადგილს იკავებს, არანაკლები დრო ეთმობა თამაშს, განსაკუთრებით კი ფიზიკურ თამაშებს. ამასთან, სკოლის ასაკის ბავშვების თამაში სპეციფიკურ სახეს იძენს. ბავშვი მარტო აღარ თამაშობს. მას აუცილებლად ჰყავს პარტნიორი და, ამასთან, მისი თამაში მიზანდასახული ქცევების ფორმად იქცევა, რომელიც საკუთარი ძალების გამოცდის, თანატოლებთან შეჯიბრის ხასიათს იძენს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქცევითაც არანაირი პროდუქტი არ იქმნება, მისი მიზანი თვითგანვითარება, საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების გამოცდაა. სწორედ ამიტომ, მოზარდი ზოგჯერ მარტოც მიმართავს საკუთარი მოტორული აპარატის ამოქმედებას. იგი თითქოს თავის თავს ეჯიბრება და ცდილობს სულ უფრო და უფრო დახვეწილი და ძლიერი მოძრაობები შეასრულოს. ამგვარად, ამ ასაკში თამაში მოძრაობათა განვითარების, გაუმჯობესებისა და დახვეწის მიზანს ემსახურება და იგი შეჯიბრის პირობებში ხორციელდება, რომელიც გულისხმობს გარკვეული წესებისა და პირობების დაცვას. შედეგად, მოზარდი "ფიზიკური თამაშის" გზით გაითავისებს საზოგადოებაში არსებულ, გარკვეულ წესებს და ნორმებს, რაც ეხმარება მას პიროვნებათშორისი ურთიერთობებისა და ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარებაში. დ. უზნაძის მიხედვით, სწავლა ადრეული ბავშვობიდან იწყება, მაგრამ დასრულებულ შინაარსს სწავლა სკოლის გარემოში იძენს. ამ პერიოდში სწავლა ქცევის ძირითად ფორმად იქცევა. სწავლა არა მხოლოდ რაიმე ცოდნის შეძენას გულისხმობს, არამედ შესაძლებლობების შეძენასაც, უნარების განვითარებასაც. სწორედ ამიტომ, სწავლის პროცესში არა მხოლოდ კონკრეტული ცოდნის ან ჩვევის დაუფლება ხდება, არამედ მოსწავლის იმ უნარებისა და შესაძლებლობების ("ძალების") განვითარებაც, რომლებიც სწავლის პროცესში მონაწილეობენ. უფრო მეტიც, უზნაძის აზრით, სწავლაში ძირითადი სწორედ ამ უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაა. თუმცა, თამაშისგან განსხვავებით, სწავლის პროცესში ბავშვის ძალების აქტივაცია უფროსის (მასწავლებლის) მიერ მიწოდებული მასალის საფუძველზე ხორციელდება და, ამ მხრივ, სწავლა ქცევის გარდამავალი ფორმაა თამაშსა და შრომას შორის. სასკოლო გარემოში სწავლა გარკვეულ სასწავლო მასალასთან ერთად აუცილებლად მასწავლებელსაც გულისხმობს, კერძოდ კი მის მონაწილეობას სწავლის პროცესში. მასწავლებლის ფუნქცია მასალის უბრალოდ მიწოდება და გამოკითხვა კი არ არის, არამედ - სწავლება. მასწავლებელი ასწავლის მოსწავლეს, რისთვისაც სასწავლო მასალას მოსწავლის უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით გარდაქმნის და ისე აწოდებს მას. მასალა, ერთი მხრივ, მოსწავლის ცოდნისა და უნარების ("ძალთა") აქტუალური დონის შესატყვისი უნდა იყოს, მეორე მხრივ, კი - მისგან გარკვეულწილად დაშორებული, რათა ხელი შეუწყოს განვითარებას. მასწავლებლის ფუნქცია სწორედ ამ პირობების რეალიზაციაა: მოსწავლისათვის ახალი მასალის მისაწვდომად გადაცემა, "ახსნა". "ახსნა კი უცნობის ნაცნობზე, ახლის ძველზე დაყვანასა და სწორედ ამით ნაცნობისა და ძველის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას ნიშნავს". ამგვარად, მოსწავლის განვითარების პროცესში მასწავლებელი შუამავალია მასალასა და მოსწავლეს (მის "ძალებს") შორის. ახსნის შედეგად მანამდე პრაქტიკულად მოცემული გარკვეული ფაქტი ბავშვისთვის დაკვირვების ობიექტად იქცევა, მისი ცნობიერებისთვის ხდება მისწავდომი. რაიმე ფაქტი, მოვლენა თუ საგანი სწავლის შედეგად ბავშვისთვის არა მხოლოდ პრაქტიკულად მოცემულად არსებობს, არამედ ცნობიერებაშიც ინახება ცნებათა სახით. ამრიგად, უზნაძის მიხედვით, სწავლის ძირითადი არსი ახსნაში და ამ გზით, მოვლენათა, ფაქტთა და საგანთა ცნობიერებაში ასახვასა და მოზარდის ცნებითი აზროვნების განვითარებაში მდგომარეობს.

უკუკავშირი (გამოხმაურება)

უკუკავშირი არის პროცესი, როდესაც მოსაუბრე იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ იქნა გაგებული მის მიერ გაცემული შეტყობინება. უკუკავშირი მეტად მნიშვნელოვანია კომუნიკაციაში გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად. ხშირად ადამიანი ვერც კი აცნობიერებს, რომ მისი არ ესმით. თუ მოსაუბრე წინასწარ ასკვნის, რომ მის მიერ გაცემული ინფორმაცია სხვისთვის ისედაც გასაგებია, მაშინ იგი ხშირად ეხვევა გაუგებრობაში. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მსმენელისაგან უკუკავშირის მიღება. მოსაუბრემ უნდა შეამოწმოს, თუ როგორ გაიგეს მის მიერ გაცემული ინფორმაცია. ამისათვის საკმარისია მან იკითხოს, თუ რა და როგორ იქნა გაგებული. ინტერაქტიურ სასწავლო პროცესში მასწავლებლები და მოსწავლეები ჩართულნი არიან კომუნიკაციის პროცესში, როცა ორივე მხარე ეხმაურება მოსაუბრის ნათქვამს ან ქცევას. მასწავლებლის უკუკავშირი მოსწავლის მიმართ შეიძლება იყოს შემდეგი სახის: იგნორირება, უარყოფა, დადებითი და კონსტრუქციული გამოხმაურება. იგნორირების შემთხვევაში მასწავლებელი არ აქცევს ყურადღებას მოსწავლეს, მის მიერ შესრულებულ დავალებას თუ აქტივობას. უარყოფითი გამოხმაურების შემთხვევაში მასწავლებელი მოსწავლის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს უარყოფითად ეხმაურება (მაგ. ეუბნება, რომ მან არასწორად შეასრულა დავალება, უკიდურეს შემთხვევაში, აყენებს შეურაცხყოფას). დადებითი გამოხმაურების შემთხვევაში მასწავლებელი აფასებს მოსწავლის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს დადებითად (აქებს და აძლევს მის ნამუშევარს მაღალ შეფასებას); კონსტრუქციული გამოხმაურების შემთხვევაში კი მასწავლებელი აკეთებს ისეთ კომენტარს, რომ ეს ხელს უწყობს მოსწავლის სწავლის სწავლის უნარ-ჩვევის განვითარებას. კერძოდ, მასწავლებელი მოსწავლეებს ნათლად უხსნის, თუ სწავლის რა მეთოდების გამოყენებით არის შესაძლებელი მოცემული მასალის გაგება და ათვისება, მასწავლებელი ცდილობს დაეხმაროს მოსწავლეს იმის გაცნობიერებაში, თუ რა სირთულეებს ხვდება იგი სასწავლო მიზნის მიღწევისას და აწვდის ისეთ გამოხმაურებას, უსახავს გზებს, რომელიც მას ხელს უწყობს სირთულეების დაძლევაში, მასწავლებელი ახალისებს მოსწავლეთა ახალი სწავლითი სტრატეგიების დამოუკიდებელ ძიებას და სხვ.

უნარ-ჩვევა

თუ ადამიანი აწარმოებს სათანადო მოქმედებას, მას თანდაყოლილი უნარიდან გარკვეული უნარ-ჩვევა განუვითარდება, ხოლო თუ მას არ ექნება სათანადო პირობები, თუ არ ისწავლის, არ იმუშავებს სათანადო მიმართულებით, მაშინ მას ეს უნარ-ჩვევა აღარ განუვითარდება. უნარ-ჩვევა იგივე უნარია, რომელიც ძირითადად ნასწავლია და წვრთნის შედეგადაა განვითარებული. იგი მოიცავს ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომლებიც მიზნად ისახავს სასურველი შედეგის მიღწევას. განასხვავებენ შემდეგ უნარ-ჩვევებს: აკადემიური (კითხვა, წერა, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითი აზროვნება და სხვა), პიროვნული ურთიერთობის (მოსმენა, საუბარი, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, სხვა), და მოტორული (ძერწვა, ხატვა, ჭიდაობა, მიზანში სროლა და სხვა); დ. უზნაძე უნარ-ჩვევას უწოდებს ნიჭს.

ფასილიტაცია

ნებისმიერი აქტივობა, რომელიც გულისხმობს რაიმე პროცესების ხელშეწყობას, ან სხვისი დავალებების გაადვილებას. ადამიანს, რომელიც კისრულობს ამ როლს, ეწოდება ფასილიტატორი. ტერმინი ფასილიტატორი გამოიყენება განათლების სისტემაში და ნიშნავს სპეციფიკური გამოცდილების მქონე ადამიანს, რომელიც ეხმარება სხვებს სასწავლო მიზნების მიღწევაში. კერძოდ, ფასილიტატორი შეიძლება ეწოდოს იმ მასწავლებელს ან რე პეტიტორს, რომელიც ეხმარება სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეს დავალებების შესრულებაში. პილოტირების პროცესში ფასილიტატორი არის საპილოტე სკოლის მასწავლებელი, რომელმაც გაიარა სპეციალური მომზადება და ცდილობს, გადასცეს თავისი გამოცდილება სხვა მასწავლებელს, რომელსაც არ მიუღია მსგავსი გამოცდილება.

ფოკუს-ჯგუფი (ფოკუსირებული დისკუსია)

ეს არის ჯგუფური ინტერვიუს მეთოდი, რომლის დროს ერთდროულად რამდენიმე რესპონდენტს ვესაუბრებით და ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მათ შორის აზრთა გაცვლას (აქედან გამომდინარეობს ამ მეთოდის კიდევ ერთი დასახელება – "ჯგუფური დისკუსია"). თანამედროვე ფოკუს-ჯგუფების უშუალო წინამორბედად სოციალურ მეცნიერებებში ამერიკელი სოციოლოგის რობერტ მერტონის (Merton, 1910 – 2003), და მისი კოლეგების მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს შემუშავებული "ფოკუსირებული ინტერვიუს" მეთოდი ითვლება. ფოკუს-ჯგუფის ჩატარება სერიოზულ მომზადებას მოითხოვს, რაც გულისხმობს თემის წინასწარ შესწავლას, გამოკვლევის პროგრამის და სადისკუსიო გეგმის შემუშავებას (დასასმელი კითხვების წინასწარ მომზადებას), აგრეთვე, დისკუსიის ჩატარების ტექნიკური მხარეების უზრუნველყოფას. ფოკუს-ჯგუფის დროს წარმოქმნილი დისკუსიების შედეგად უკეთ ვლინდება რესპონდენტების დამოკიდებულება გარკვეული სოციალური პრობლემებისადმი, მათი ფსიქოლოგიური განწყობები და ემოციური შეფასებები, რომლებიც ხშირად არც არის გაცნობიერებული რესპონდენტების მიერ. როგორც წესი, ფოკუს-ჯგუფის მონაწილეებს სპეციალური კრიტერიუმების საფუძველზე არჩევენ, ეს კრიტერიუმები კი გამოკვლევის ამოცანებითაა განპირობებული. უპირველესი მოთხოვნა მონაწილეთა შერჩევისადმი ისაა, რომ ისინი კარგად უნდა ერკვეოდნენ იმ საკითხში, რომელსაც ფოკუს-ჯგუფი ეძღვნება. ფოკუს-ჯგუფის მონაწილეთა რაოდენობა 8-დან 10-მდე მერყეობს, თუმცა ზოგ შემთხვევაში რესპონდენტთა მინიმალური რაოდენობა შეიძლება 5-6 იყოს, ხოლო მაქსიმალური – 12. რესპონდენტთა რაოდენობის მკაცრი შეზღუდვა აუცილებელია, რათა ფოკუს-ჯგუფის მსვლელობისას მის ყველა მონაწილეს მიეცეს თავისი აზრის თავისუფლად და სრულად გამოთქმის საშუალება. თუ ეს პირობა არ სრულდება, ფოკუს-ჯგუფი ვერ აღწევს თავის მიზანს. ფოკუს-ჯგუფის წარმატებას დიდწილად განსაზღვრავს ჯგუფის წამყვანი ანუ მოდერატორი (იხ. აგრეთვე მოდერატორი). მოდერატორის მიერ ფოკუს-ჯგუფის ჩატარების სტილი შეიძლება იყოს როგორც მკაცრი, ასევე ლიბერალური. უკანასკნელ შემთხვევაში, როგორც წესი, საქმე გვაქვს გამოცდილ მოდერატორთან, ვინაიდან რესპონდენტების მოჩვენებითი თავისუფლების მიუხედავად, მან მაინც უნდა აკონტროლოს დისკუსიის მსვლელობა და უნდა მიიღოს პასუხები დასმულ კვლევით კითხვებზე. ყოველთვის ხდება ფოკუს-ჯგუფის დროს გამართული საუბრის აუდიო- და/ან ვიდეოჩაწერა, რის შესახებაც რესპონდენტები წინასწარ უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მათი კონფიდენციალობა. ფოკუს-ჯგუფის ხანგრძლივობა, როგორც წესი, საათნახევრიდან ორ საათამდეა; შესვენების გაკეთება ფოკუს-ჯგუფის მიმდინარეობის დროს არ არის მიზანშეწონილი. ერთი კვლევითი პროექტის ფარგლებში, როგორც წესი, რამდენიმე ფოკუს-ჯგუფი ტარდება, რომლებიც ხშირად განსხვავდება მონაწილეთა მაჩვენებლების მიხედვით (ქალები; მამაკაცები; სხვადასხვა ასაკობრივი ან პროფესიული ჯგუფი); ფოკუს-ჯგუფები კარგად უთავსდება კვლევის სხვა მეთოდებს, ამიტომ ხშირად გამოიყენება ფართომასშტაბიან პროექტებში სხვა მეთოდებთან, მათ შორის გამოკითხვასთან ერთად. უკანასკნელ შემთხვევაში, ფოკუს-ჯგუფების შედეგად მიღებული თვისებრივი ინფორმაცია, როგორც წესი, ამდიდრებს რაოდენობრივ შედეგებს. აღსანიშნავია, აგრეთვე ისიც, რომ ფართო გამოკითხვებთან შედარებით ფოკუს-ჯგუფების ჩატარება ნაკლებ დროს მოითხოვს და დამკვეთს გაცილებით უფრო იაფი უჯდება, ვიდრე სხვა ტიპის კვლევის ჩატარება.

შედეგზე ორიენტირებული სწავლება

შედეგზე ორიენტირებული სწავლება არის სტანდარტებზე დაფუძნებული განათლების მოდელის შემადგენელი ნაწილი. შედეგებზე ორიენტირებული სწავლების მოდელი განსხვავდება ტრადიციული მოდელისაგან. აქამდე არსებული სასწავლო პროგრამები და სტანდარტები მეტწილად განსაზღვრავდა ინფორმაციის მოცულობას, რომელიც მოსწავლეს უნდა შეეძინა თითოეული კლასის მიხედვით. ასეთი მიდგომა არ გულისხმობდა ამ ინფორმაციის გამოყენების მნიშვნელობას. ეროვნული სასწავლო გეგმა ორიენტირებულია შედეგზე (ანუ რა ცოდნასა და უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდეს მოსწავლე თითოეულ საფეხურზე) და ამ შედეგის დემონსტრირებაზე. ეროვნული სასწავლო გეგმის მიერ დასახული სტანდარტის შესრულება ითვალისწინებს ინფორმაციის გამოყენების შესაძლებლობების დემონსტრირებას. მოსწავლემ არა მარტო უნდა შეძლოს არა მხოლოდ იმის ჩვენება, რომ იგი გარკვეულ ინფორმაციას ფლობს, არამედ ისიც, რომ მას შეუძლია ამ ინფორმაციის ეფექტურად და ზნეობრივი პრინციპების საფუძველზე გამოყენება.

შემეცნების განვითარების საფეხურები

ყველა ბავშვი გონებრივი განვითარების მსგავს ეტაპებს მსგავსი თანმიმდევრობით გაივლის. ყოველი ეტაპი შემეცნების თვისებრივად განსხვავებული ფორმით ხასიათდება. ჟ. პიაჟეს მიხედვით, არსებობს შემეცნების ოთხი ასეთი ზოგადი ეტაპი ანუ საფეხური: სენსომოტორული - მოიცავს ცხოვრების პირველ 2 წელიწადს. ამ დროს ცოდნა სამყაროს შესახებ შეზღუდულია ადამიანებთან და საგნებთან ფიზიკური ურთიერთქმედებით და ჩვილი სამყაროს შეიმეცნებს მარტივი მოქმედებების საშუალებით. ასეთი მარტივი მოქმედებებია: წოვა, ტაცება, ღეჭვა, დათვალიერება და სხვა. პრეოპერაციული - მოიცავს 2-6 წლამდე პერიოდს. სამყაროს შემეცნების მიზნით ბავშვი იწყებს სიმბოლოების გამოყენებას. საგნებსა და მოვლენებს სიტყვები, რიცხვები ან ნახატები ცვლის. ქმედებები, რომლებიც ადრე ფიზიკურ ხასიათს ატარებდა, ახლა გონებრივად წარიმართება შინაგანი სიმბოლოების გამოყენებით. პრეოპერაციულ საფეხურზე ბავშვი ჯერ არ ფლობს პრობლემის სიმბოლური გადაჭრის ჩვევებს და უჭირს ობიექტთა კლასიფიკაცია. სხვადასხვა შინაარსის შეცდომები და უხერხულობები თან ახლავს მის მცდელობებს, რომ გაიგოს სამყარო. კონკრეტული ოპერაციები - ეს ეტაპი მოიცავს 6-11 წლამდე პერიოდს. ამ დროს წინა საფეხურზე არსებული შეზღუდვების დიდი რაოდენობა ქრება. ამ პერიოდის ბავშვს აქვს უნარი, აწარმოოს ლოგიკური ოპერაციები იმ ცოდნის საფუძველზე, რომელსაც უკვე ფლობს. მას შეუძლია მიმატების, გამოკლების, დალაგების, და ა. შ. ოპერაციების წარმოება. ამ ასაკში ბავშვები იწყებენ გონებაში სიტუაციების წარმოდგენას - რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ ... ამავე ასაკში ბავშვებს შეუძლიათ ნივთების შინაგანი თვისებების შესახებ წარმოდგენების შექმნა (წონა, მოცულობა და ა.შ.). მათ უჭირთ აბსტრაქტული აზროვნება, აბსტრაქტული ცნებების გამოყენება, განზოგადება, სინთეზი; რომელიმე კონკრეტული აბსტრაქტული ამოცანის ამოხსნა შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ამოცანა პირდაპირ უკავშირდება რეალობას. ამ ასაკში ბავშვები სწავლობენ კლასიფიცირებას და რიგის მიხედვით დალაგებას. ფორმალური ოპერაციები - იწყება 11 წლიდან და მოზრდილობამდე გრძელდება. ამას სხვანაირად აბსტრაქტული აზროვნების პერიოდსაც უწოდებენ. ამ პერიოდში ვითარდება და იხვეწება მაღალი დონის სააზროვნო უნარ-ჩვევები. ამ ასაკში მოზარდს შეუძლია ჰიპოთეზების შემუშავება, შესაძლო ფაქტორების განსაზღვრა, დასკვნების გამოტანა ისე, რომ მსჯელობის საგანი არ იყოს პირდაპირ რეალობიდან აღებული. მოზარდებს უვითარდებათ შესაძლებლობა, იმსჯელონ ტექსტის ლოგიკურ გამართულობაზე.

შემთხვევის ანალიზი (შესწავლა)

შემთხვევის შესწავლა არის თვისებრივი კვლევის მეთოდი და ასევე, ზოგადად, კვლევითი სტრატეგია, რომლის მიზანია ცალკეული ფენომენის ემპირიული შესწავლა რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციაში სხვადასხვა წყაროების გამოყენებით (Yin, 1994). შემთხვევის შესწავლა ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სფეროებში, მაგალითად, პედაგოგიკა, მედიცინა, ჟურნალისტიკა, ანთროპოლოგია, ფსიქოლოგია და სხვა. შემთხვევის შესწავლა შეიძლება მოიცავდეს როგორც ერთი ადამიანის შემთხვევის შესწავლას, ასევე ჯგუფების, ორგანიზაციების, გარკვეული თემის, მოვლენის ან ურთიეთობების შესწავლას. კერძოდ, 1. ინდივიდის შესწავლა- მოიცავს ინდივიდის შემთხევის შესწავლას. მაგალითად, კონკრეტული ბავშვის მეტყველების ან ქცევის შესწავლა. 2. ჯგუფების შესწავლა - მისი მიზანია ჯგუფის (მაგ: ოჯახი) წევრებს შორის ურთიერთობის და აქტივობების აღწერა და შესწავლა. 3. თემის შესწავლა - ფუკუსი კეთდება ერთ ან რამოდენიმე თემზე. მიზანია ცხოვრების ძირითადი ასპექტების შესწავლა (შრომა, დასვენება, ოჯახური ცხოვრება, სასკოლო ცხოვრება), წევრებს შორის ურთიერთმიმართების აღწერა და და სხვა. 4. ორგანიზაციის და ინსტიტუტების შესწავლა - სკოლების, ფირმების, სავაჭრო დაწესებულებების და ა.შ. შესწავლა. ფოკუსირებულია შრომით საქმიანობების, მენეჯმენტის, ორგანიზაციის კულტურის შესწავლაზე და ა.შ. 5. მოვლენების, როლების და ურთიერთობების შესწავლა - მაგალითად, შეისწავლის მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობას, რაღაცა შემთხვევას, დანაშაულის რაიმე ფორმას, როლების კონფლიქტს; შემთხვევის შესწავლა გულისხმობს მოვლენათა დეტალური აღწერას, იგი აგრეთვე მოიცავს მის ახსნას და ინტერპრეტაციას გარკვეულ თეორიებთან მიმართების დადგენის საფუძველზე, თუმცა აუცილებელია ფაქტების და მის შედეგად გაკეთებული დასკვნების ერთმანეთისგან მკაფიოდ გამოცალკევება, სხვა სიტყვებით, ნათლად უნდა ჩანდეს სად არის ფაქტი და სად ავტორისეული ვარაუდი.

შემოქმედებითი აზროვნება

შემოქმედებითი აზროვნება არის რთული სააზროვნო უნარ-ჩვევა. იგი არის რაიმეს ახალი გზით კეთება ან დანახვა; შემოქმედებითი აზროვნება ხასიათდება იდეების მრავალრიცხოვნებით, მრავალფეროვნებით (მოქნილობა, საკითხის სხვადასხვა კუთხით დანახვა), მათი სიახლით (ორიგინალობით) და გარდაქმნის უნარით (ძველი იდეების საფუძველზე ახლის შექმნა); ხშირად შემოქმედებით აზროვნებას უკავშირებენ ხოლმე ხელოვნების დარგში მოღვაწე ადამიანებს. ამას განაპირობებს ის, რომ ამ დარგში შემოქმედებითობა არის გარანტი, რომ ხელოვანი ქმნის თვითმყოფად ნაწარმოებს. შემოქმედებითი აზროვნება მნიშვნელოვანია ნებისმიერი პრობლემის გადაჭრისას, რადგან საშუალებას იძლევა არასტანდარტული პასუხების მისაგნებად.

შეფასება

Assessment

ბ. ბლუმის მიხედვით, შეფასება არის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა და ზოგადად, იგი გულისხმობს არჩეული კრიტერიუმების (მაგალითად, რაოდენობა, ხარისხი, ხანგრძლივობა, და ა. შ.) გარკვეული კატეგორიისადმი მიკუთვნებას, სტანდარტებზე (ამ კრიტერიუმის შესაბამისი სტანდარ- ტული საზომი ერთეულები, საზოგადოებაში მიღებული ნორმები, ღირებულებები და წესები) და პირობებზე (კონტექსტი, საზღვრები, რესურსები, მოქმედების დრო და ადგილი და სხვა) დაყრდნობით რაიმეზე მსჯელობას ან დასკვნების გამოტანას. კერძოდ:

  • საკუთარი პოზიციის (არჩევანის) არგუმენტირებული დასაბუთება;
  • გარკვეულ კრიტერიუმე ბზე ან სტანდარტე ბზე დაყრდნობით დასკვნების გაკეთება;
  • პოზიციისა და მისი კონტრარგუმენტების განხილვის საფუძველზე დასკვნის გამოტანა;
  • პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზიდან ერთ-ერთის არჩევის მართებულობის დასაბუთება;
  • მოდელის (სისტემის) მოქმედების შეფასება;
  • მტკიცებულების (თეორიის, პრეზენტაციის) ღირებულების (მნიშვნელოვნების) დაზუსტება;
  • რამდენად შეესაბამება მიღებული დასკვნა იმ მონაცემებს, რომელთა საფუძველზეც დასკვნა გაკეთდა (მონაცემებისა და დასკვნების შესაბამისობის დადგენა).

შეფასება (Assesment)

შეფასება არის რაიმე საგნის, მოვლენის, პროცესის ან ვინმეს შესაბამისობის/მიმართების დადგენა წინასწარ განსაზღვრულ ნიშან-თვისებებთან (კრიტერიუმებთან). შეფასების მიზანია იმის გარკვევა, თუ რამდენად კარგად ასწავლის მასწავლებელი და რამდენად კარგად სწავლობენ მოსწავლეები. კერძოდ, შეფასებას აქვს შემდეგი ძირითადი მიზნები: (1) მოსწავლის სწავლის ხელშეწყობა; (2) მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა; (3) სწავლების კონკრეტული მეთოდიკის ეფექტიანობის შემოწმება; (4) სასწავლო პროგრამების ეფექტიანობის განსაზღვრა და სრულყოფა; (5) სწავლების ეფექტიანობის შეფასება და სრულყოფა; (6) მშობლების ჩართვა მოსწავლის სწავლების პროცესში და მათთან კომუნიკაციის გამყარება. შეფასებას აქვს ორი განსხვავებული ფუნქცია: სწავლის პროცესის შეფასება (მიმდინარე შეფასება) და პროდუქტის/შედეგების/მიღწევების შეფასება (შემაჯამებელი შეფასება). პირველი გულისხმობს ინფორმაციის დაგროვებას სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ, ხოლო მეორე - შედეგების აღნუსხვას. შეფასების ფორმებია: განმავითარებელი, განმსაზღვრელი და დიაგნოსტიკური.

შეფასების მრავალმხრივობა

აკადემიური მოსწრების შეფასება უნდა იყოს მრავალმხრივი. შეფასების სხვადასხვა მეთოდის გამოყენება იძლევა იმის საშუალებას, რომ შეფასება გახდეს უფრო ხარისხიანი. შეფასება უნდა მოიცავდეს სწავლის შემეცნებით, ემოციურ და ნებელობით-ქცევით სფეროებს. სასწავლო პროცესის წარმატებით წარმართვისათვის არ არის საკმარისი, მოსწავლე მხოლოდ საკონტროლოების და ტესტების შედეგების საფუძველზე შეფასდეს. მოსწავლის მრავალმხრივი შეფასება მოითხოვს შეფასების სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებას. დაგროვილი მონაცემების, ნამუშევრების კრებულების, პრეზენტაციების, მოსწავლეთა თვითშეფასებისა და მოსწავლეების მიერ ერთმანეთის შეფასების, ჯგუფური მუშაობის თუ სხვა ტიპის აქტივობების მიხედვით. მასწავლებელმა შეფასებისას უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობის ხარისხი (სახლში მიცემული დავალების შესრულების ხარისხი, გაკვეთილზე აქტიურობა, შემოქმედებითობა და სხვა).

შეფასების გამჭვირვალობა

გამჭვირვალობის პრინციპი ისაა, რომ მასწავლებელი მოსწავლეებს წინასწარ უნდა შეუთანხმდეს, თუ რა კრიტერიუმებით ან ინსტრუმენტებით (მაგ. შეფასების ცხრილებით, რუბრიკებით) შეფასდება მისი ნაშრომი. ამის ცოდნა მოსწავლეს მისცემს იმის საშუალებას, რომ უფრო კარგად მოემზადოს, ყურადღება გაამახვილოს მნიშვნელოვან საკითხებზე, შესაბამისად, მისთვის არ იყოს მოულოდნელი ის, თუ რა შეფასებას მიიღებს. შესაძლებელია აგრეთვე ის, რომ მასწავლებელმა და მოსწავლემ ერთად შეიმუშაონ ის ძირითადი შედეგები, რომელთაც უნდა მიაღწიონ სასწავლო აქტივობის დასრულების შემდეგ და ის კრიტერიუმები, რომლებითაც მოხდება მათი სასწავლო შედეგების შეფასება. შეფასების კრიტერიუმების შექმნა უნდა მოხდეს მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით; შედეგები, რომელთაც მასწავლებელი ელის, მიღწევადი უნდა იყოს მასწავლებლებისათვის.

შეფასების მიზანთან შესაბამისობა (ვალიდურობა)

შეფასება ზუსტად უნდა ზომავდეს იმას, რის შესაფასებლადაც ის არის განსაზღვრული. შეფასების მიზანს წარმოადგენს შედეგის გაზომვა, ამიტომ შეფასების მეთოდი უნდა შეირჩეს მიზნის შესატყვისად. მაგალითად, თუ შეფასების მიზანია მსჯელობის უნარის შემოწმება, ხოლო დავალება მიმართულია ფაქტობრივი ცოდნის შეფასებაზე, მაშინ ამ დავალებით მსჯელობის უნარს ვერ გავზომავთ. მსჯელობის უნარის გასაზომად მოსწავლეს უნდა დავუსვათ კითხვა, რომლის მიხედვითაც მას მოუწევს გარკვეულ ფაქტებთან დაკავშირებით თავისი პოზიციის ჩამოყალიბება და დასაბუთება (თუ ფაქტების შეფასება სასწავლო მასალაში არ არის მოცემული).

შეფასების სისტემა

შეფასების სისტემა არის შეფასების ერთიანი მეთოდი, რომელიც ხორცილდება სხვადასხვა ინსტიტუციონალურ დონეზე. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში გამოიყოფა შეფასების სისტემების რამდენიმე დონე: 1. ეროვნული შეფასებების სისტემა, რომლის საშუალებითაც სახელმწიფო ამოწმებს, რამდენად შეესაბამება მოსწავლეთა მიღწევები ეროვნული სასწავლო გეგმებით დადგენილ მიღწევათა დონეებს და რამდენად რეალურია ამ დონეების დაძლევა. 2. სასკოლო შეფასების სისტემა, რომლის საშუალებითაც სკოლა ადგენს მოსწავლეთა მიღწევების შესაბამისობას სკოლის სასწავლო გეგმითა და საგნობრივი სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. სკოლამ უნდა დაადგინოს შეფასების ზოგადი პრინციპები, რომლითაც მისი ყველა მასწავლებელი ხელმძღვანელობს. სხვა საკითხებთან ერთად, უნდა განისაზღვროს: ა) რა არის ის მინიმალური ბარიერი, რომელიც მოეთხოვება მოსწავლეს იმისთვის, რომ კლასიდან კლასში გადავიდეს? ბ) რა არის ის მინიმალური ბარიერი, რომლის დაძლევაც მოეთხოვება მოსწავლეს იმისთვის, რომ საგნის დაძლევა დამაკმაყოფილებლად ჩაეთვალოს. აქვე უნდა იყოს განმარტებული, რა ალტერნატივებს სთავაზობს სკოლა იმათ, ვინც წლის დამთავრებისთვის ვერ შეძლებს ამ ბარიერის დაძლევას. თუ არსებობს ე. წ. „საშემოდგომო", რა იგულისხმება მის ფარგლებში? (მაგ. აძლევს თუ არა მასწავლებელი კონკრეტულ დავალებას მოსწავლეს, იცის თუ არა ამ უკანასკნელმა, თუ რის მიხედვით შეფასდება, აქვს თუ არა მას გამოცდა, თუ მოეთხოვება გარკვეული ნაშრომის წარმოდგენა და სხვ.) გ) როგორ ხდება იმ მოსწავლეების შეფასება, რომლებიც ხშირად აცდენენ სკოლას საპატიო მიზეზების გამო? სკოლამ უნდა შეიმუშაოს საკუთარი წესი, რომელიც განმარტავს, რამდენია დასაშვები ზღვარი და როგორ უნდა მოიქცეს მოსწავლე, რომელსაც ამ ზღვარზე მეტი გაცდენა აქვს? (მაგ. როგორ უნდა აღიდგინოს გაცდენილი მასალა, დასჭირდება მას თუ არა დამატებითი გაკვეთილები და სხვ.) 3. მოსწავლის შეფასების სისტემა, რომლის საშუალებითაც მასწავლებელი ადგენს თითოეული მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას სკოლის შეფასების ზოგად პრინციპე ბზე დაყრდნობით. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შეფასების სისტემა ათ ქულიანია. 10 საუკეთესო ნიშანია, 1 კი - ყველაზე დაბალი. ათქულიანი სისტემა მეტ საშუალებას აძლევს მასწავლებელს, რომ აკადემიურ მოსწრებაში პროგრესი და რეგრესი დაანახოს მოსწავლეს. დაწყებით საფეხურზე (1-6 კლასები) მოქმედებს ნიშნების დაწერის სპეციალური სქემა. 1-4 კლასებში წლიური შეფასება ნიშნებით არ არის საერთოდ რეკომენდებული. შესაძლებელია, რომ სკოლამ შემოიღოს გარკვეული პირობითი ნიშნები განსაკუთრებული წარმატების აღსანიშნავად. ამ კლასებში ტრიმესტრის ბოლოსა და წლის ბოლოს კლასის დამრიგებელმა თითოეულ მოსწავლეს უნდა დაუწეროს მოკლედ შემაჯამებელი კომენტარი ტექსტის სახით, სადაც დაახასიათებს მოსწავლის წარმატებებს და მისცემს რჩევებს საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენისთვის. აქ მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ფრთხილად მოვეკიდოთ მოსწავლის პრობლემებს და შევთავაზოთ გაუმჯობესების გზები. მე-5 - მე-6 კლასებში ხდება უკვე ნიშნების დაწერა 10 ქულიანი სისტემით. მე-5 - მე-6 კლასებში და საბაზო და საშუალო საფეხურებზე ფიზიკურა ღზრდაში მოსწავლე ფასდება სისტემით: არ ჩაეთვალა, ჩაეთვალა, წარჩინებით ჩაეთვალა. ოფიციალური სტატუსი აქვს შემდეგ ნიშნებს: საგნის ტრიმესტრული ნიშანი - საგანში მიღებული შეფასება თითოეულ ტრიმესტრში; საგნის წლიური ნიშანი - ტრიმესტრული ნიშნებიდან გამომდინარე შეფასება საგანში; საერთო წლიური ნიშანი - ნიშანი, რომელიც გამოხატავს ყველა საგნის შეფასების ერთობლიობას; საერთო საფეხურის ნიშანი - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურების საერთო შეფასება;

შეფასების ცხრილი (რუბრიკა)

რუბრიკა არის მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმებისა და მათი გამოყენების წესების ერთობიობა, რომლის მიხედვითაც მასწავლებელი აფასებს მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას ამა თუ იმ დისციპლინაში. როგორც წესი შეფასების სქემებს, რუბრიკებს ცხრილის ფორმა აქვთ. ცხრილის პირველ სვეტში (ან ალტერნატიული დიზაინის შემთხვევაში - სტრიქონში), მოცემულია სხვადასხვა კომპონენტი, რომელთა მიხედვითაც ხდება მოსწავლის მოსწრების შეფასება. მას მოსდევს აკადემიური მოსწრების სხვადასხვა დონეები და მათი შეფასების შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელობები. კარგი მასწავლებელი ითვალისწინებს შემდეგ პრინციპებს შეფასების სქემების (რუბრიკების) შექმნის ან შერჩევისას:

  • საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, რომ ერთხელ მაინც მიიღონ მონაწილეობა თითოეული ტიპის რუბრიკის შექმნაში, მის დახვეწასა და შეფასებაში. ამას ორი მიზანი აქვს: პირველ რიგში, ეს მათ საშულებას მისცემს, უკეთ გაერკვნენ, რას ითხოვს მათგან მათი მასწავლებელი, როგორ აფასებს მათ ნამუშევარს (თამაშის წესები თავიდანვე ცნობილი/გარკვეული უნდა იყოს ყველა მხარისთვის). მეორეს მხრივ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რუბრიკების შექმნაში, შეფასებასა და დახვეწაში მონაწილეობა მათ გაუჩენთ დადებით დამოკიდებულებასა და პასუხისმგებლობას, რადგანაც ისინი შეფასების პროცესის შემადგენელი ნაწილი გახდებიან.
  • საკმარის დროს უთმობს რუბრიკების შერჩევას, ადაპტირებას და/ან მომზადებას, რათა რუბრიკის შესრულების შემდეგ შეგროვებული მონაცემები მასწავლებლისთვის სასარგებლო იყოს. კრიტერიუმებისა და შესრულების დონეებს ყურადღებით უნდა შერჩევა იმ მიზეზით, რომ ისინი ადეკვატურად უნდა ზომავდნენ მოსწავლის წარმატებას/მოსწრებას.
  • მასწავლებელი ქმნის ისეთ ინსტრუმეტს, რომელიც გამოდგება გაზომვა-შეფასებითვის აქტივობების მთელი სერიის შემთხვევაში, ყოველი კონკრეტული აქტივობისთვის საკუთარი რუბრიკის შექმნის ნაცვლად. აგრეთვე, ერიდება ძალიან ზოგადი ხასითის რუბრიკის შექმნას, იმ მოსაზრებით, რომ იგი სასარგებლო იქნება ყველა სიტუაციაში.
  • არ იყენებს ზედმეტ დეტალიზაციას. უამრავი არასაჭირო წვრილმანი ინფორმაციის ჩართვა იწვევს ძირითადი განზრახვიდან გადახვევას ან საერთოდ დაკარგვას და მიუღწეველს გახდის უმთავრეს მიზნებს. რუბრიკა მზადდება და გამოიყენება კონკრეტული მიზნის მისაღწევად/მიზანმიმართულად; რუბრიკის შექმნა/გამოყენება არ არის თავად მიზანი.
  • • შეზღუდეთ კრიტერიუმების რაოდენობა - ყუარადღება გაამახვილეთ გონივრული რაოდენობის კრიტერიუმეზე. მხოლოდ ოთხ-ხუთ კრიტერიმზე ფოკუსირება საშუალებს მოგცემთ ეფექტიანი ინტრუმეტის შექმნისა, რომელიც მიზანმიმართულად აფასებს, ზომავს იმას რაც არსებითია, რასაც თავად ანიჭებთ მნიშვნელობას
  • ყურადღებით ამოწმებს, რომ ყველა კრიტერიუმი გაზომვადი იყოს; ეს ბოლო ნიშნავს, რომ ყველა ჩართულია კომპონენტი ან რიცხვით მასშტაბზე არის აღნუსხვადი ან შეიძლება მათი აღნიშვნა "არის" ან "არ არის" გზით.
  • მაქსიმალურად კორექტულია კრიტერიუმების დონეების ჩამოყალიბებისას; არ იყენებს პირადი დამოკიდებუ-ლების გამომხატველი სიტყვებს (მაგ "მოსაწყენი", "უინეტერესო" პრეზენტაცია და ა. შ.). ყოველთვის მიუთითებს იმ ობიექტურ კატეგორიებს და შემდგენელ დეტალებს, რომელთა მიხედვითაც ხდება საბოლოო შეფასების მიღება. იყენებს გაზომვის დაახლოებით ოთხ დონეს. დონეების ძალიან მცირე რაოდენობა არ იძლევა საკმარისი რაოდენობის მონაცემებს იმისათვის, რომ მოხდეს კორექტული დისკრიმინაცია, ზუსტი დიფერენეცირება.

ჩვევა

ჩვევას უწოდებენ მრავალჯერადი გამეორებით შეძენილ მეტად თუ ნაკლებად ავტომატიზებულ მოქმედებას ან ქცევას. მოქმედების ავტომატიზება იმით გამოიხატება, რომ ჩვევის შემადგენელი მოძრაობები, მოტორული იმპულსები მიმდინარეობს ცნობიერების მონაწილეობის გარეშე ან თანამონაწილეობის დაბალი ხარისხით. ჩვევას ადამიანი იძენს როგორც გარკვეული მოქმედების დასასწავლად მისი მიზანდასახული გამეორების შედეგად, ასევე მაშინ, როცა ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთებზე ადამიანს უწევს გარკვეული მოქმედებების ხშირი გამეორება. განასხვავებენ მოტორულ და გონებრივ ჩვევებს: მოტორულს უწოდებენ მოძრაობის ჩვევას; მაგალითად, ველოსიპედით სიარულს, ღილის, თასმების შეკვრას, ცურვას და ა. შ. გონებრივს უწოდებენ ისეთ ჩვევებს, რომლებიც ავტომატიზებულ გონებრივ ოპერაციას წარმოადგენენ (გამრავლების ტაბულის ზეპირი ცოდნა, აბზაცის დაცვა, სასვენი ნიშნების გამოყენება, კითხვის დროს პაუზების გაკეთება და ა.შ.). მეორე მხრივ, ჩვევებს აჯგუფებენ შინაარსის მიხედვითაც. გამოყოფენ საყოფაცხოვრებო (ჩაცმა-დახურვის, დანა-ჩანგლის ხმარების ა. შ.), ჰიგიენურ (კბილების გახეხვის, ხელების დაბანის); სპორტულ ჩვევებს (ველოსიპედის ტარება, ცურვა) და ა. შ.

ცოდნა

ცოდნა ნიშნავს რაიმეს შესახებ ინფორმაციის ქონას და რაიმე საქმის ან მოქმედების შესასრულებლად საჭირო ხერხების ფლობას. ბ. ბლუმის მიხედვით, ცოდნა განიხილება, როგორც აზროვნების ქვედა დონის უნარ-ჩვევა და მასში იგულისხმება:

  • ფაქტების, წესების, პრინციპების, თეორიების, თარიღების, პროცესების, ობიექტების, სტილის, მოვლენების ცნობა და დასახელება
  • კონკრეტული მონაცემების, ტერმინოლოგიის, პროცედურების ცოდნა
  • ინფორმაციის მოძიების პროცედურების ცოდნა
  • კონკრეტულ მონაცემებთან მუშაობის ხერხების და საშულებების ცოდნა: ა) წესების და კანონების ცოდნა; ბ) კლასიფ იკაციებისა და კატეგორიების ცოდნა; გ) კრიტერიუმების ცოდნა; დ) მეთოდების ცოდნა;
  • სმენითი, წერილობითი და გრაფიკული ინფორმაციის დამახსოვრება და გახსენება მსგავსი ან ზუსტი ფორმით;

ჯგუფური მუშაობა

სოციალური (კოოპერატიული და თანამშრომლობითი) სწავლების დროს ხდება მოსწავლეთა დაჯგუფება. მათ ეძლევათ საზიარო კომპლექსური დავალება, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეების ჩართვას თანამშრომლობაში, დავალებების შესასრულებლად ერთობლივ ძალისხმევას. ჯგუფური დავალებები მოსწავლეებისაგან ამოცანების ერთობლივად გადაჭრას ან საერთო პროდუქტის შექმნას უნდა მოითხოვდეს. ჯგუფების ფორმირების დროს მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი კრიტერიუმები: (1) ჯგუფებს უნდა მიეცეთ ისეთი კომპლექსური ამოცანები, რომლებიც მოითხოვს ურთიერთთანამშრომლობას. ჯგუფის წევრებმა უნდა აღიქვან, რომ მათი წარმატება ერთმანეთზეა დამოკიდებული. ეს ზრდის ჯგუფის წევრების თანამშრომლობას. თანამშრომლობის მისაღწევად რეკომენდებულია ჯგუფისთვის ჯილდოს დაწესება, მოსწავლეების წახალისება, სამუშაოს დანაწილება და სხვა. ჯგუფის წევრები უნდა იღებდნენ საერთო შეფასებას: ჯგუფები ასრულებენ საერთო დავალებას (მაგ. პროექტი) და მისი წევრები იღებენ ერთნაირ შეფასებას. (2) ჯგუფური ამოცანები უნდა იყოს სასწავლო საგნის ამოცანებისა და მიზნების შესაბამისი. (3) ჯგუფური მუშაობისთვის გამოდგება ისეთი ამოცანები, რომელთა გადაჭრის სხვადასხვა გზა არსებობს. ასეთი ამოცანები მოსწავლეებს აძლევს მსჯელობის საშუალებას. მაგალითად, ჯგუფებს ეძლევათ დავალება, რომ გადაჭრან გარკვეული პრობლემა. ყოველი ჯგუფი მუშაობს დავალებაზე. აყალიბებს საერთო აზრს და ამზადებს პრეზენტაციას, რომელსაც წარმოადგენს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი. სხვადასხვა ჯგუფის შედეგები შედარდება ერთმანეთს და იმართება დისკუსია მთელი კლასის მონაწილეობით. (4) ჯგუფებს უნდა მიეცეთ ისეთი სირთულის ამოცანები, რომლებიც შეესატყვისება მოსწავლეების სააზროვნო და სოციალურ უნარ-ჩვევებს (ჯგუფში მუშაობის გამოცდილებას). ჯგუფებს თავდაპირველად ეძლევათ შედარებით იოლი ამოცანები, რომლებიც თანდათან რთულდება. (5) ჯგუფებს უნდა მიეცეთ ისეთი დავალებები, რომლებიც ხელს უწყობს ჯგუფის წევრებს შორის შრომის სამართლიან დანაწილებას. მაგალითად, ჯგუფს ეძლევა დავალება, რომ დაწეროს ჯგუფური პროექტი საზოგადოებრივ მეცნიერებაში. თითოეული ისტორიული წყაროს შესწავლაზე პასუხისმგებელია ჯგუფის ერთი წევრი. შემდგომ ისინი ერთად ამზადებენ საბოლოო ნამუშევარს. (6) ჯგუფებს შორის უნდა არსებობდეს შეჯიბრის შესაძლებლობა, რაც უზრუნველყოფილია დაჯილდოებით, წახალისებით და გარეგანი მოტივაციის სხვა მექანიზმებით.