დავიწყებული ფორმების ახალი სიცოცხლე.

რესურსი

პლაკატი.

 

აქტივობის აღწერა

მასწავლებელი უკითხავს/ასმენინებს მოსწავლეებს ისეთ ნაწარმოებს (მაგალითად, ანა კალანდაძის ”ფეხი დამადგით...”), რომელშიც გამოყენებულია არქაული ფორმები და სთხოვს, დაასახელონ, რომელი ფორმა ეუცხოვათ და რატომ/რომელი ფორმები არ იხმარება თანამედროვე ქართულში. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები დაასახელებენ არქაული ფორმების თანამედროვე შესატყვისებს, მასწავლებელი დაფაზე გააკრავს პლაკატს, რომელზედაც ამოწერილია ეს ფორმები შესატყვის თანამედროვე ფორმებთან ერთად. მოსწავლეები აკვირდებიან და და ამოიცნობენ მსგავსება-განსხვავებებს. შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მათ, ”გაათანამედროვონ” ეს  ნაწარმოები. იმართება მსჯელობა, რომელი ვარიანტი იყო უფრო შთამბეჭდავი; რატომ გამოიყენა ავტორმა არქაული ფორმები. მასწავლებელი ცდილობს მოსწავლეებს აუხსნას, რა მხატვრულ–ესთეტიკური ფუნქცია აქვს არქაულ ენას.

 

შეფასება

შეფასდება, რამდენად შეძლებენ მოსწავლეები ადრეული პერიოდის სალიტერატურო ენის ძირითად ენობრივ თავისებურებათა (სახელთა ბრუნების, ზმნისწინთა ძველი და ახალი ფორმების, რიცხვის წარმოების) ამოცნობას და მათი თანამედროვე ვარიანტების დასახელებას, არქაულ და თანამედროვე ფორმებს შორის მსგავსება–განსხვავების შემჩნევას.

 

მეთოდური მითითება

უფრო მარტივი სახით ამ აქტივობის გამოყენება შესაძლებელია წინა კლასებშიც. მაგალითად, რომელიმე შესასწავლ ლექსში გამოყენებული არქაული ფორმების ამოცნობა და მისი შესაბამისი თანამედროვე ფორმის დასახელება.