დავიჯერო თუ არა?

აქტივობის შესახებ

 

აქტივობა ხელს უწყობს ძირითადი სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარებას და მიმართულია იქითკენ, რომ მოსწავლეებმა შეძლონ  თანამიმდევრობის დაცვა კონკრეტული ფაქტის/მოვლენის წერილობით გადმოცემისას. აქტივობის ნაწილი ტარდება ზეპირმეტყველების დონეზე; ამგვარად, იგი კომპლექსურია და მიემართება წერისა და ზეპირმეტყველების მიმართულებებს. აქტივობას აქვს თამაშისა და შეჯიბრის სახე.

 

აქტივობის მიზნები

 

  • სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარება;
  • წერის დროს ამბის/მოვლენის თანამიმდევრულად გადმოცემის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • ზეპირმეტყველების განვითარება.

 

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა

ინდივიდუალური (პირველი ნაწილი), ჯგუფური (მეორე ნაწილი).

 

რესურსები

კალამი, რვეული, სანიშნები, დაფა, ცარცი/ბორდმარკერი.

 

აქტივობის აღწერა

მასწავლებელი ასახელებს/დაფაზე დაწერს მოსწავლეებისთვის კარგად ნაცნობ თემას (მაგ; რაიმეს დაკარგვა, გაბრაზება, ჩხუბი, ზრუნვა, მოგზაურობა, შიში და სხვ.). შესაძლოა, თემა კავშირში იყოს სახელმძღვანელოში დამუშავებულ რაიმე საკითხთან.

ზეპირი გზით, კითხვებისა და მინიშნებების სახით, მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს, გაიაზრონ შერჩეული თემა და დაუკავშირონ იგი პირად გამოცდილებას. მასწავლებელი ერთ-ორ მოსწავლეს მოაყოლებს შერჩეულ თემასთან დაკავშირებულ რაიმე ამბავს პირადი გამოცდილებიდან. ამის  შემდეგ კი დაავალებს მოსწავლეებს, რამდენიმე წინადადებით დაწერონ ერთი პატარა ამბავი - ტყუილი ან მართალი. მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, სასურველია, მასწავლებელიც ჩაერთოს მუშაობაში და დაწეროს თავისი ტყუილი ან მართალი ამბავი, რათა შემდეგ  მოსწავლეებს გაუზიაროს იგი.

წერითი დავალების დასრულების შემდეგ მოსწავლეები კითხულობენ თავიანთ ნაწერებს და ცდილობენ გამოიცნონ, მართალ ამბავს ისმენენ თუ ტყუილს. აქტივობის ამ ეტაპზე კლასი შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად: პირველმა ჯგუფმა წაიკითხოს თავისი ტყუილი და მართალი ამბები, მეორე ჯგუფმა კი ამოიცნოს, წაკითხულიდან რომელი ამბავი იყო გამოგონილი, რომელი - რეალურად მომხდარი. შემდეგ ჯგუფები შეენაცვლებიან ერთმანეთს. შესაძლოა, საგანგებოდ დამზადდეს რაიმე სიმბოლური სანიშნები (მაგ., ყვითელი წებოვანი ფურცელი ტყუილი ამბისთვის, წითელი წებოვანი ფურცელი - მართალი ამბისთვის). სიმ- ბოლური ნიშნები მოსწავლეებმა შეიძლება ტანსაცმელზე მიაკრან ერთმანეთს.

აქტივობის ხანგრძლივობა: 15-17 წუთი.

 

შეფასება

  • აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს კონკრეტული ფაქტის/მოვლენის აღწერა, შინაარსის თანამიმდევრულად გადმოცემა ზეპირად და/ან წერილობითი სახით;
  • ტექსტის გაანალიზება.