ისტ. VIII. 5.

VIII კლასი

მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა  ვაჭრობის მნიშვნელობაზე ადამიანისა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის. 

ინდიკატორები

  • საქართველოს ან სხვა ქვეყნის მაგალითზე მსჯელობს, თუ როგორ იცვლება ქალაქის ან ქვეყნის კეთილდღეობა ვაჭრობის განვითარების სხვადასხვა დონის მიხედვით, მსჯელობს ვაჭრობის მნიშვნელობაზე ამა თუ იმ ქალაქში/ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის;
  • აფასებს ადამიანის ეკონომიკური უფლებების მნიშვნელობას თანასწორობისა და თავისუფლების თვალსაზრისით;
  • მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე აღწერს შემთხვევებს, როდესაც ადამიანებს მათთვის აუცილებელი საქონლის შეძენის მხოლოდ ერთი ან რამდენიმე წყარო აქვთ; ადარებს ამ ორ მდგომარეობას და მსჯელობს ერთ-ერთის უპირატესობაზე;
  • ასახელებს მისთვის ცნობილ რამდენიმე კომპანიას/ფირმას, რომლებიც ერთსა და იმავე სახის საქონელს აწარმოებენ; ირჩევს, მისი აზრით,  საუკეთესო მწარმოებლის გამოსავლენ კრიტერიუმებს და ასაბუთებს თავის მოსაზრებას;
  • საკუთარი დასახლების მაგალითზე ასახელებს საქონელსა  თუ მომსახურებას, რომელზეც მოთხოვნილება არსებობს, მაგრამ სრულად ვერ კმაყოფილდება (მაგ.: რესურსების დეფიციტი, სიძვირე, ინფრასტრუქტურის შეუსაბამობა და ა.შ.); თანაკლასელებთან ერთად მსჯელობს მდგომარეობის გამოსწორების საშუალებებზე.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები
შავი ზღვის სკივრი

ადამიანი შავ ზღვაზე არა მარტო ნაოსნობას, თევზაობასა თუ სამეურნეო საქმიანობას (მაგ. თევზსაშენები) ეწევა, არამედ მას წიაღისეულის მოსაპოვებლად, ტურიზმის, დასვენებისა და სამხედრო მიზნებისთვისაც კი იყენებს. დედამიწის მოსახლეობის ზრდასთან ერთად გაიზარდა მისი საჭიროებები, შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა საქონლის გადაზიდვასა და შესაბამის მომსახურებაზე. როცა გადაზიდვაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტს. თუ გადაზიდვის ღირებულებასა და ტრანსპორტის ტვირთმზიდაობას შევადარებთ, საზღვაო ტრანსპორტი ყველაზე მომგებიანი გამოდის, რადგან ზღვით შესაძლებელია დიდი მოცულობის ტვირთის საკმაოდ იაფად გადაზიდვა. როგორც მოგეხსენებათ, წყალში ხახუნის კოეფიციენტი საკმაოდ დაბალია, რაც ზღვის ტრანსპორტს, სხვებთან შედარებით, უპირატესობას ანიჭებს. მაგალითად, მიუხედავად სისწრაფისა, თვითმფრინავი საკმაოდ დიდ ენერგიას ხარჯავს ტვირთის სათანადო სიმაღლეზე ასატანად, ხმელეთის ტრანსპორტის საგზაო და რკინიგზის ინფრასტრუქტურის გასამართად კი დიდი ხარჯებია საჭირო. გარდა ამისა, ხმელეთზე ყველაზე ხშირია სატრანსპორტო ავარიები, რაც აზიანებს არა მარტო საქონელს, არამედ საფრთხეს უქმნის ხალხს. თანამედროვე ნავთობმზიდს ერთ ჯერზე 400,000 ტონა ნავთობის გადაზიდვა შეუძლია, სამგზავრო გემებს კი ერთდროულად 3000 მგზავრი გადაჰყავს, რაც 100 საქალაქთაშორისო ავტობუსს უდრის.