გეო.VIII.6.

VIII კლასი

მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ვაჭრობის როლზე ეკონომიკის განვითარებაში

ინდიკატორები

  • კონტურულ რუკაზე აღნიშნავს მნიშვნელოვანი მოგზაურობების შედეგად წარმოქმნილ სავაჭრო გზებს (მაგ. დიდი აბრეშუმის გზის მარშრუტი);
  • ირჩევს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო ბრენდს და მსჯელობს ეკონომიკის განვითარებაში მის საერთაშორისო და ადგილობრივ მნიშვნელობაზე; აღნიშნავს მას კონტურულ რუკაზე;
  • იკვლევს სასოფლო-სამეურნეო ბაზრის ასორტიმენტს, ასხვავებს ადგილზე წარმოებულ და იმპორტირებულ პროდუქციას;  შედეგებს წარმოადგენს მისთვის სასურველი ფორმით;
  • იკვლევს სასურსათო მაღაზიის ასორტიმენტს, საქონელს აჯგუფებს ადგილზე წარმოებულ და შემოტანილ პროდუქციად; მსჯელობს საქართველოს კვების პროდუქციაში იმპორტის როლზე და ექსპორტიორ ქვეყნებს  აღნიშნავს კონტურულ რუკაზე;
  • ირჩევს მრეწველობის (მაგ.: ნავთობის და ბუნებრივი აირის მრეწველობა) და სოფლის მეურნეობის (მაგ.: ხორბლის და ყავის წარმოება) ზოგიერთი დარგის პროდუქციას, იკვლევს ამ პროდუქციაზე მოთხოვნას მსოფლიო ბაზარზე და კონტურულ რუკაზე აღნიშნავს უმსხვილეს იმპორტიორ და ექსპორტიორ ქვეყნებს;
  • განმარტავს იმპორტისა და ექსპორტის ცნებებს; სტატისტიკური მასალის ანალიზის საფუძველზე აჯგუფებს სხვადასხვა პროდუქციის იმპორტიორ და ექსპორტიორ ქვეყნებს.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები
შავი ზღვის სკივრი

ადამიანი შავ ზღვაზე არა მარტო ნაოსნობას, თევზაობასა თუ სამეურნეო საქმიანობას (მაგ. თევზსაშენები) ეწევა, არამედ მას წიაღისეულის მოსაპოვებლად, ტურიზმის, დასვენებისა და სამხედრო მიზნებისთვისაც კი იყენებს. დედამიწის მოსახლეობის ზრდასთან ერთად გაიზარდა მისი საჭიროებები, შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა საქონლის გადაზიდვასა და შესაბამის მომსახურებაზე. როცა გადაზიდვაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტს. თუ გადაზიდვის ღირებულებასა და ტრანსპორტის ტვირთმზიდაობას შევადარებთ, საზღვაო ტრანსპორტი ყველაზე მომგებიანი გამოდის, რადგან ზღვით შესაძლებელია დიდი მოცულობის ტვირთის საკმაოდ იაფად გადაზიდვა. როგორც მოგეხსენებათ, წყალში ხახუნის კოეფიციენტი საკმაოდ დაბალია, რაც ზღვის ტრანსპორტს, სხვებთან შედარებით, უპირატესობას ანიჭებს. მაგალითად, მიუხედავად სისწრაფისა, თვითმფრინავი საკმაოდ დიდ ენერგიას ხარჯავს ტვირთის სათანადო სიმაღლეზე ასატანად, ხმელეთის ტრანსპორტის საგზაო და რკინიგზის ინფრასტრუქტურის გასამართად კი დიდი ხარჯებია საჭირო. გარდა ამისა, ხმელეთზე ყველაზე ხშირია სატრანსპორტო ავარიები, რაც აზიანებს არა მარტო საქონელს, არამედ საფრთხეს უქმნის ხალხს. თანამედროვე ნავთობმზიდს ერთ ჯერზე 400,000 ტონა ნავთობის გადაზიდვა შეუძლია, სამგზავრო გემებს კი ერთდროულად 3000 მგზავრი გადაჰყავს, რაც 100 საქალაქთაშორისო ავტობუსს უდრის.