გეო.VIII.5.

VIII კლასი

მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ტრანსპორტის განვითარებაზე უძველესი  დროიდან დღემდე

ინდიკატორები

  • ასახელებს მისთვის ცნობილ სატრანსპორტო საშუალებებს და მსჯელობს მათი გამოყენების ეფექტიანობაზე სხვადასხვა ტიპის პროდუქციის გადაზიდვისას (მაგ.: მანძილი, ხარჯები, დრო);    
  • მსჯელობს სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებების განვითარებისა და გამოყენების პერსპექტივებზე განსხვავებულ ბუნებრივ გარემოში;
  • ცხრილში აჯგუფებს გარემო პირობებსა და შესაბამის ეფექტურ სატრანსპორტო საშუალებებს;
  • მოიპოვებს ინფორმაციას სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებების გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შესახებ; ეცნობა მეცნიერების მიღწევებს გარემოსთვის უსაფრთხო თანამედროვე ტრანსპორტის შექმნაში;
  • კონტურულ რუკაზე დააქვს ის სახმელეთო და საზღვაო მარშრუტები, რომლებითაც საქართველო უკავშირდება მეზობელ სახელმწიფოებს;
  • მსჯელობს წარსულში და თანამედროვე ეპოქაში კავკასიის როლზე, როგორც სატრანსპორტო დამაკავშირებელ დერეფანზე ევროპა-აზიას შორის. 

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები
შავი ზღვის სკივრი

ადამიანი შავ ზღვაზე არა მარტო ნაოსნობას, თევზაობასა თუ სამეურნეო საქმიანობას (მაგ. თევზსაშენები) ეწევა, არამედ მას წიაღისეულის მოსაპოვებლად, ტურიზმის, დასვენებისა და სამხედრო მიზნებისთვისაც კი იყენებს. დედამიწის მოსახლეობის ზრდასთან ერთად გაიზარდა მისი საჭიროებები, შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა საქონლის გადაზიდვასა და შესაბამის მომსახურებაზე. როცა გადაზიდვაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტს. თუ გადაზიდვის ღირებულებასა და ტრანსპორტის ტვირთმზიდაობას შევადარებთ, საზღვაო ტრანსპორტი ყველაზე მომგებიანი გამოდის, რადგან ზღვით შესაძლებელია დიდი მოცულობის ტვირთის საკმაოდ იაფად გადაზიდვა. როგორც მოგეხსენებათ, წყალში ხახუნის კოეფიციენტი საკმაოდ დაბალია, რაც ზღვის ტრანსპორტს, სხვებთან შედარებით, უპირატესობას ანიჭებს. მაგალითად, მიუხედავად სისწრაფისა, თვითმფრინავი საკმაოდ დიდ ენერგიას ხარჯავს ტვირთის სათანადო სიმაღლეზე ასატანად, ხმელეთის ტრანსპორტის საგზაო და რკინიგზის ინფრასტრუქტურის გასამართად კი დიდი ხარჯებია საჭირო. გარდა ამისა, ხმელეთზე ყველაზე ხშირია სატრანსპორტო ავარიები, რაც აზიანებს არა მარტო საქონელს, არამედ საფრთხეს უქმნის ხალხს. თანამედროვე ნავთობმზიდს ერთ ჯერზე 400,000 ტონა ნავთობის გადაზიდვა შეუძლია, სამგზავრო გემებს კი ერთდროულად 3000 მგზავრი გადაჰყავს, რაც 100 საქალაქთაშორისო ავტობუსს უდრის.