გეო.VIII.2.

VIII კლასი

მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს გეოგრაფიული ობიექტებისა და ქვეყნების მდებარეობა რუკაზე

ინდიკატორები

  • იყენებს პოლიტიკურ რუკას და აღწერს პირობით ნიშნებს (ფერები, საზღვრები), რომლითაც ხდება ტერიტორიების (სახელმწიფოები, ცალკეული ადმინისტრაციული ერთეულები, დედაქალაქები) აღნიშვნა პოლიტიკურ რუკაზე;
  • რუკისა და სტატისტიკური ინფორმაციის გამოყენებით ადგენს ცხრილს, სადაც განათავსებს კონტინენტების მიხედვით სამი ყველაზე დიდი და სამი ყველაზე მცირე ქვეყნის (ფართობისა და მოსახლეობის მიხედვით) მახასიათებლებს;
  • საკოორდინატო ბადის გამოყენებით განსაზღვრავს სხვადასხვა გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობას, მათ შორის მანძილებსა და მიმართულებებს (მსოფლიოს მნიშვნელოვანი ქვეყნები და დედაქალაქები, საქართველოს რეგიონები და ადმინისტრაციული ცენტრები);
  • იყენებს რუკას და მსჯელობს საქართველოს მდებარეობაზე რეგიონული და მსოფლიო მასშტაბით. ადარებს  რომელიმე სხვა ქვეყნის მდებარეობას;
  • იყენებს ატლასს და ახასიათებს ერთ-ერთ რეგიონს (მდებარეობა, საზღვრები, რელიეფი, ჰიდროგრაფიული ქსელი, ადმინისტრაციული ცენტრები);
  • რუკის გამოყენებით განსაზღვრავს საქართველოს ზოგადგეოგრაფიულ  მდებარეობას; ადარებს მსგავსი და განსხვავებული მდებარეობის ქვეყნებს, აჯგუფებს მათ ცხრილში.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები
შავი ზღვის სკივრი

A4 ზომის ფურცლები ორად გაყავით და თითოეულს ერთ მხარეს დააწერეთ ზოგს საქართველო, ზოგს უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო, იტალია, საბერძნეთი, ერაყი, თურქეთი, რუსეთი ან სხვა.

  • მოსწავლეებს სთხოვეთ, აიღონ ფურცლები და ჯგუფს დაანახონ ან ხმამაღლა წაიკითხონ, რა წერია მასზე. მოსწავლეებს სთხოვეთ, თავიანთი ფურცლები მეგობარს ზურგზე მიამაგრონ ქინძისთავებით. ამგვარად, ყოველ მოსწავლეს ზურგზე რომელიმე ქვეყნის სახელი ექნება მიკრული.
  • თუ ბავშვები უფრო მეტია, ვიდრე ფურცლები, აიღეთ ახლები და, თქვენი შეხედულებისამებრ, დააწერეთ იგივე ან სხვა ქვეყნები. მთავარია, ამ თამაშში 6 შავიზღვისპირა ქვეყანა (საქართველო, უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი და რუსეთი) მონაწილეობდეს.