ბუნ.VI.9.

VI კლასი

მოსწავლეს შეუძლია უსაფრთხო ქცევის წესების დაცვა როგორც ბუნებრივ, ისე ხელოვნურ გარემოში

ინდიკატორები

  • ამოიცნობს ადამიანისთვის სახიფათო ადგილების (მაგ., მომატებული რადიაცი, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, ტრანსფორმატორები, საშიში ქიმიური ნივთიერებები, საბანაო ზონები) შესაბამის გამაფრთხილებელ პირობით გრაფიკულ ნიშნებს;
  • აყალიბებს ქიმიური და რადიოაქტიური ნივთიერებების განთავსების და მათთან მუშაობის უსაფრთხოების წესებს, ცნობს გამაფრთხილებელ ნიშნებს (მაგ., ადვილად აალებადი, ფეთქებადი, რადიოაქტიური) ქიმიური რეაქტივის ჭურჭლის ეტიკეტზე. 

რესურსები

შავი ზღვის სკივრი

ადამიანი შავ ზღვაზე არა მარტო ნაოსნობას, თევზაობასა თუ სამეურნეო საქმიანობას (მაგ. თევზსაშენები) ეწევა, არამედ მას წიაღისეულის მოსაპოვებლად, ტურიზმის, დასვენებისა და სამხედრო მიზნებისთვისაც კი იყენებს. დედამიწის მოსახლეობის ზრდასთან ერთად გაიზარდა მისი საჭიროებები, შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა საქონლის გადაზიდვასა და შესაბამის მომსახურებაზე. როცა გადაზიდვაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტს. თუ გადაზიდვის ღირებულებასა და ტრანსპორტის ტვირთმზიდაობას შევადარებთ, საზღვაო ტრანსპორტი ყველაზე მომგებიანი გამოდის, რადგან ზღვით შესაძლებელია დიდი მოცულობის ტვირთის საკმაოდ იაფად გადაზიდვა. როგორც მოგეხსენებათ, წყალში ხახუნის კოეფიციენტი საკმაოდ დაბალია, რაც ზღვის ტრანსპორტს, სხვებთან შედარებით, უპირატესობას ანიჭებს. მაგალითად, მიუხედავად სისწრაფისა, თვითმფრინავი საკმაოდ დიდ ენერგიას ხარჯავს ტვირთის სათანადო სიმაღლეზე ასატანად, ხმელეთის ტრანსპორტის საგზაო და რკინიგზის ინფრასტრუქტურის გასამართად კი დიდი ხარჯებია საჭირო. გარდა ამისა, ხმელეთზე ყველაზე ხშირია სატრანსპორტო ავარიები, რაც აზიანებს არა მარტო საქონელს, არამედ საფრთხეს უქმნის ხალხს. თანამედროვე ნავთობმზიდს ერთ ჯერზე 400,000 ტონა ნავთობის გადაზიდვა შეუძლია, სამგზავრო გემებს კი ერთდროულად 3000 მგზავრი გადაჰყავს, რაც 100 საქალაქთაშორისო ავტობუსს უდრის.