ბიოლ.XI.9.

XI კლასი

მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს ეკოლოგიური ფაქტორების მნიშვნელობა ეკოსისტემების ფორმირებისათვის და იმსჯელოს გარემოსდაცვით პრობლემებზე

ინდიკატორები

  • ასახელებს მაგალითებს და აღწერს ეკოსისტემაში ორგანიზმების თანაარსებობის ფორმებს (მაგ., სიმბიოზი, შეჯიბრი, პარაზიტიზმი) და მსჯელობს მათ შორის განსხვავებაზე;
  • ატარებს ცდებს ორგანიზმების განვითარებასა  და  ეკოლოგიური ფაქტორის  ინტენსივობას (ოპტიმუმი, გაძლების ზედა და ქვედა ზღვარი) შორის დამოკიდებულების  დასადგენად (მაგ., ხორბლის თესლის აღმონაცენის და წყლის რაოდენობებს შორის დამოკიდებულების დადგენა), მონაცემებს წარმოადგენს გრაფიკულად;
  • მოიძიებს და აანალიზებს მონაცემებს ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნების შესახებ და ვარაუდობს თუ როგორი სასიცოცხლო ფორმები შეიძლება არსებობდეს კონკრეტულ ეკოსისტემაში;
  • აგროვებს ინფორმაციას ლოკალურ ეკოსისტემაზე ანთროპოგენური ფაქტორების ზემოქმედების შესახებ, მასალას წარმოადგენს რეფერატის, ფოტომასალის ან ჩანახატების სახით, გამოთქვამს მოსაზრებას ამ პრობლემის თავიდან აცილების გზების შესახებ;
  • აანალიზებს გარემოს დაბინძურების შედეგად წარმოქმნილ რისკებს, ასახელებს მაგალითებს. დიაგრამებისა და/ან ცხრილების დახმარებით ასაბუთებს დაბინძურების უარყოფით ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე, ველური სახეობების გავრცელებაზე და სხვა;
  • გეგმავს და ატარებს კვლევას (მაგ., ინტერვიუ, ისტორიული წყაროები,  სტატისტიკური მონაცემები) თუ როგორ იცვლებოდა ადამიანის პოპულაციების სტრუქტურა დროთა განმავლობაში სხვადასხვა ფაქტორის (მაგ., სოციალური, ეკოლოგიური)  ზეგავლენით,  შედეგებს წარმოადგენს გრაფიკულად, აანალიზებს მონაცემებს და გამოთქვამს დასკვნებს;
  • აფასებს პოპულაციების მდგომარეობას სხვადასხვა გრაფიკული საშუალებით  წარმოდგენილი მონაცემების (მაგ., ასაკისა და სიკვდილიანობის, დროისა და ორგანიზმთა რაოდენობის, სიმჭიდროვისა და ორგანიზმთა რაოდენობის  ურთიერთდამოკიდებულების გრაფიკი) საფუძველზე.

რესურსები

შავი ზღვის სკივრი

ადამიანი შავ ზღვაზე არა მარტო ნაოსნობას, თევზაობასა თუ სამეურნეო საქმიანობას (მაგ. თევზსაშენები) ეწევა, არამედ მას წიაღისეულის მოსაპოვებლად, ტურიზმის, დასვენებისა და სამხედრო მიზნებისთვისაც კი იყენებს. დედამიწის მოსახლეობის ზრდასთან ერთად გაიზარდა მისი საჭიროებები, შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა საქონლის გადაზიდვასა და შესაბამის მომსახურებაზე. როცა გადაზიდვაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტს. თუ გადაზიდვის ღირებულებასა და ტრანსპორტის ტვირთმზიდაობას შევადარებთ, საზღვაო ტრანსპორტი ყველაზე მომგებიანი გამოდის, რადგან ზღვით შესაძლებელია დიდი მოცულობის ტვირთის საკმაოდ იაფად გადაზიდვა. როგორც მოგეხსენებათ, წყალში ხახუნის კოეფიციენტი საკმაოდ დაბალია, რაც ზღვის ტრანსპორტს, სხვებთან შედარებით, უპირატესობას ანიჭებს. მაგალითად, მიუხედავად სისწრაფისა, თვითმფრინავი საკმაოდ დიდ ენერგიას ხარჯავს ტვირთის სათანადო სიმაღლეზე ასატანად, ხმელეთის ტრანსპორტის საგზაო და რკინიგზის ინფრასტრუქტურის გასამართად კი დიდი ხარჯებია საჭირო. გარდა ამისა, ხმელეთზე ყველაზე ხშირია სატრანსპორტო ავარიები, რაც აზიანებს არა მარტო საქონელს, არამედ საფრთხეს უქმნის ხალხს. თანამედროვე ნავთობმზიდს ერთ ჯერზე 400,000 ტონა ნავთობის გადაზიდვა შეუძლია, სამგზავრო გემებს კი ერთდროულად 3000 მგზავრი გადაჰყავს, რაც 100 საქალაქთაშორისო ავტობუსს უდრის. 

 

მიზანი: მოსწავლეებს ეცოდინებათ, რა აბინძურებს შავ ზღვას
ჩამოთვლიან მაგალითებს, თუ რა გავლენას ახდენს დაბინძურებული გარემო სიცოცხლეზე შავ ზღვაში
მასალა: შუშის გამჭვირვალე, უფერო ჭურჭელი, მსხვილი საწრუპები, წებო, კაკაოს ფხვნილი, წყალი, კენჭები, სათამაშო თევზი (ან რამე ნივთი, რაც თევზის მაგივრობას გასწევს), ცოცხალი მცენარე (ან რამე ნივთი, რაც მის მაგივრობას გასწევს), ფარანი, ბუმბული, კბილის საჩიჩქნი ჩხირები, თეთრი ფურცლები, ნავთი, სარეცხი ფხვნილი, დანართი 1: სამუშაო ფურცელი „მაზუთით დასვრილი ყვითელფეხება თოლია“.
თემატური სფეროები: მეცნიერება და ტექნოლოგიები, სოციალური მეცნიერებანი, სახვითი ხელოვნება საკვანძო სიტყვა: ჰაბიტატი, ჰაბიტატის დაკარგვა
ხანგრძლივობა: 50 წუთი