ბიოლ.VIII.5.

VIII კლასი

მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს  ადამიანის ორგანიზმის  ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები.

ინდიკატორები

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ასახელებს ადამიანის ორგანიზმის ქსოვილთა ძირითად ჯგუფებს. აღწერს მათი აგებულების თავისებურებებს და აკავშირებს შესასრულებელ ფუნქციებთან;
  • ილუსტრაციაზე ან მაკეტზე ამოიცნობს ადამიანის ორგანოთა სისტემებს და მსჯელობს მათ ფუნქციებზე (მაგ., ადამიანის ჩონჩხის ძირითადი ნაწილები, ზოგიერთი ძვალი და კუნთი);
  • აკავშირებს ცალკეულ ორგანოს შესაბამის ორგანოთა სისტემასთან და ასახელებს მის ძირითად ფუნქციებს;
  • იყენებს ან ქმნის ორგანოთა სისტემების  მოდელს/სქემას მათი მოქმედების (მაგ., გული _ ტუმბო, თირკმელი _ ფილტრი, მუხლის რეფლექსი) პრინციპის სადემონსტრაციოდ და აკავშირებს ფიზიკურ მოვლენებთან;
  • სქემატურად გამოხატავს გარემოსა და ორგანოთა სისტემებს შორის ნივთიერებათა (მაგ., აირები, წყალი, საკვები, ცხოველქმედების პროდუქტები) მიმოცვლას და მსჯელობს მის  მნიშვნელობაზე;
  • მსჯელობს საჭმლის მომნელებელი, სუნთქვის და სისხლის მიმოქცევის სისტემების ფუნქციების ურთიერთკავშირის შესახებ, ადგენს  სქემებს;
  • ორგანიზმის ფიზიკური მდგომარეობის შესაფასებლად იყენებს გაზომვას, მოსმენას, ვიზუალურ დაკვირვებას. შედეგებს წარმოადგენს ცხრილებისა და დიაგრამების/ცდის ოქმის სახით.

რესურსები