ჩემი საგანძური.

WordSection1">

აქტივობის შესახებ

 

ეს  აქტივობა ემსახურება ინფორმაციის მოძიების, დახარისხებისა და ორგანიზებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას;  მარტივი საინფორმაციო ტექსტების შედგენის უნარ-ჩვევების გამომუშავებას; ანალიტიკური აზროვნების უნარ-ჩვევების გამომუშავებას, არავერბალური ინფორმაციის წერაში ტრანსფერირების უნარ-ჩვევების გამომუშავებას (ფოტოების, სამახსოვრო ნივთების დასათაურების გზით), შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამომუშავებას; ხელს უწყობს მოსწავლეთა აღქმისა და თვითგამოხატვის პროცესს.

 

აქტივობის მიზნები

  • ინფორმაციის თავმოყრის, დახარისხებისა და ორგანიზების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება;
  • წერითი მეტყველების განვითარება;
  • თვითგამოხატვისა და აღქმის სტიმულირება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა

მთელი კლასის მონაწილეობით (პირველი ნაწილი), ინდივიდუალური (მეორე ნაწილი).

 

რესურსები

კონტეინერი (ფეხსაცმლის ყუთი ან რაიმე სხვა მცირე ზომის ყუთი/კონტეინერი), მოსწავლის მიერ შერჩეული ფოტოები და სამახსოვრო ნივთები, კალამი, ფურცელი, რვეული, ფერადი ფანქრები/ფლომასტერები, აპლიკაციები.

 

აქტივობის აღწერა

მასწავლებელი შესთავაზებს მოსწავლეებს, შექმნან ”საგანძურის ყუთი”, რომელშიც შეინახავენ მათთვის ყველაზე ძვირფას ნივთებს: საყვარელ სათამაშოს, წიგნს,  ალბომს; სხვადასხვა დროს გადაღებულ საკუთარ ფოტოებს; საყვარელი ადამიანების (ოჯახის წევრების, მეგობრების, ნათესავების, შინაური ცხოველების) ფოტოებს; მათთვის სამახსოვრო ადგილებზე გადაღებულ ფოტოებს; არტეფაქტებს (ნახატს/პლასტილინის ფიგურას/ხელნაკეთ სათამაშოს), რომელიც, მათი აზრით, ”ყველაზე უკეთ გამოუვიდათ”, სხვ. სამახსოვრო ფოტოებთან ერთად ან მათ ნაცვლად, მოსწავლეებს შეუძლიათ, დახატონ სათანადო ნახატები (საერთო ჯამში, უნდა შეირჩეს, სულ მცირე, 4-5 ერთეული). მოსწავლეებმა უნდა შეადგინონ აგრეთვე ”საგანძურის სია” - მოამზადონ წარწერები  და,  შესაძლოა, კომენტარებიც ყუთში ჩადებული ყველა ნივთისათვის (კომენტარების შესახებ იხ. ქვემოთ, აქტივობის გართულებული ვარიანტი, ¹1).

აუცილებელია, მასწავლებელმა წარწერების და/ან კომენტარების  მოდელი შესთავაზოს ბავშვებს.  ამ მიზნით, აქტივობის საწყის ეტაპზე, მასწავლებელმა წინასწარ  უნდა შეარჩიოს 4-5 ფოტო/ნახატი ადამიანის, ცხოველის, ნივთის გამოსახულებით, წარუდგინოს მოსწავლეებს და შესთავაზოს, დაასათაურონ ფოტო. მოსწავლეები გონებრივი იერიშის გზით მოიფიქრებენ სახელწოდებებს. მასწავლებელი დაფაზე იწერს შეთავაზებულ ვარიანტებს. შემდეგ გაიმართება მსჯელობა საუკეთესო სახელწოდების გამოსავლენად. საუკეთესო ვარიანტის ავტორი დაჯილდოვდება სიმბოლური საჩუქრით ან ტაშით. შემდეგ მასწავლებელი განუმარტავს მოსწავლეებს, რომ ”საგანძურის სიის” შედგენისას ამგვარადვე უნდა დაასათაურონ მათ მიერ შერჩეული სურათები, ნივთები და სხვ.

მოსწავლეები შეაგროვებენ ”საგანძურს”. შეგროვების შემდეგ მოსწავლეები ფურცელზე ჩამოწერენ ნივთების ჩამონათვალს (”საგანძურის სიას”), რომელიც ნივთებთან ერთად ყუთში უნდა ჩაიდოს - ამისათვის მათ უნდა მოამზადონ ფოტოების, სათამაშოების, ნივთების, ნახატებისა და სხვა არტეფაქტების წარწერები (მაგ., ”ჩემი საყვარელი თოჯინა, სახელად ....”, ”ჩემი ყველაზე სწრაფი მანქანა”, ”მე, როდესაც 4 წლის ვიყავი”, ”მე და ჩემი საბავშვო ბაღის მეგობრები”, ”ჩემი ბებია გაზეთის კითხვის დროს”, ”პირველი დღე სკოლაში”, ”პლასტილინის კაცუნა”, ”ჩემი ძაღლი”, ”წიწილები ჩემი სოფლის ეზოში”,  სხვ.).

”საგანძურის სიის” დაწერის შემდეგ მოსწავლეები მოამზადებენ ”საგანძურის ყუთს” - მორთავენ მას ნახატებით და/ან აპლიკაციებით, გააფერადებენ სხვადასხვაფრად, მისთ. დასასრულს, მოსწავლეები ”საგანძურის ყუთში” მოათავსებენ ”განძეულობას” და ”საგანძურის სიას”.

მასწავლებელი გაეცნობა სიას, დაათვალიერებს ”განძსა” და ”საგანძურის ყუთს”, სათანადო კომენტარებით გაამხნევებს და წაახალისებს მოსწავლეებს.

შესაძლებელია აღნიშნული აქტივობის გართულებაც. კერძოდ, მასწავლებელს შეუძლია, სთხოვოს მოსწავლეებს:

  1. მოამზადონ კომენტარებიანი ”საგანძურის სია”;
  2. შეადგინონ სია ქრონოლოგიური მიმდევრობის დაცვით.

1. მოსწავლეებმა ჩამონათვალში  დასახელებულ თითოეულ ნივთს უნდა დაურთონ მოკლე (ერთ ან ორწინადადებიანი) კომენტარი, მაგ.: ”პლასტილინის კაცუნა - ეს კაცუნა მე გამოვძერწე ხელოვნების გაკვეთილზე”, ”ჩემი ყველაზე სწრაფი მანქანა - ეს მანქანა მამამ დაბადების დღეზე მაჩუქა”, ”ჩემი თოჯინა - ეს  თოჯინა ბებიამ მიყიდა მაღაზიაში. მას შეუძლია ტირილი”, ”ჩემი საყვარელი წიგნი - ეს წიგნი მაჩუქეს, როდესაც 6 წლის ვიყავი. ძალიან მიყვარს მისი  ნახატების დათვალიერება”, ”ჩემი სახანძრო მანქანა - შეუძლია კედელზე ასვლა და წყლის გამოშვება”, მისთ.

2. მოსწავლეებმა ჩამონათვალის შედგენისას უნდა დაიცვან ქრონოლოგიური თანამიმდევრობა - ფოტოები, ნივთები, არტეფაქტები დალაგდება ”დროის ისრის” შესაბამისად: ერთად დაჯგუფდება 4 წლის ასაკში გადაღებული ფოტო და საბავშვო ბაღის მეგობრების სურათი; 6 წლის ასაკში შესრულებული ნახატი და 6 წლის აღსანიშნავ დაბადების დღეზე ნაჩუქარი მანქანა და მისთ.

აქტივობის ხანგრძლივობა: 12-15 წუთი (საწყისი ეტაპი); 15-18 წუთი (ბოლო ეტაპი).

 

შეფასება

აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს

  • ინფორმაციის დახარისხება და ორგანიზება;
  • არავერბალური ინფორმაციის ვერბალურად გარდაქმნა;
  • მარტივი ინფორმაციული ტექსტის შედგენა და სათანადოდ გაფორმება;
  • შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამოვლენა;
  • თვითგამოხატვა.

 

მეთოდური მითითება

”დროის ისართან” დაკავშირებით იხ. დანართი 2. (”არამხატვრული ტექსტების 4 ტიპი და მათი გრაფიკული მაორგანიზებლები”).