ჩემი კლასელი.

აქტივობის შესახებ

აქტივობა დაეხმარება მოსწავლეებს, მართებულად გამოიყენონ სათანადო ენობრივ-გრამატიკული ნორმები და გრამატიკული ელემენტები მცირე ზომის ტექსტების შეთხზვის დროს.

 

აქტივობის  მიზნები

  • წერითი მეტყველებისას  ენობრივი საშუალებებისა და გრამატიკული ელემენტების მართებულად გამოყენების უნარ-ჩვევების  განვითარება;
  • თვითგამოხატვის უნარის განვითარება;
  • თანამშრომლობის უნარის განვითარება. 


აქტივობის ორგანიზების ფორმა

 

წყვილური.

 

რესურსები

 კალამი, რვეული.

 

აქტივობის აღწერა

მასწავლებელი დააწყვილებს  მოსწავლეებს. ყოველი  მოსწავლე  წერს მცირე ზომის ტექსტს საკუთარი თავის შესახებ (ავტობიოგრაფია, დამახასიათებელი თვისებები). შემდეგ მოსწავლეები ერთმანეთს ნაწერებს გაუცვლიან; მასწავლებელი დაავალებს მათ, რომ თანაკლასელის ნაწერის ყოველი  წინადადება მესამე  პირში გადაიყვანონ და   დაწერონ თხზულება: „ჩემი კლასელი“.

ნაწერების გასწორებისას, მასწავლებელი, სავარაუდოდ, აღმოაჩენს ისეთ ნაწერებსაც, სადაც მოსწავლის სახელი და გვარი არ იქნება მითითებული. მასწავლებელს შეუძლია რამდენიმე ასეთი ნაწერი შეკრიბოს და „გამოცნობანა“ მოაწყოს: იგი წაიკითხავს ამგვარ ნამუშევრებს მთელი კლასის წინაშე, მოსწავლეები კი შეეცდებიან გამოიცნონ, რომელ თანაკლასელზეა დაწერილი მასწავლებლის მიერ წაკითხული ნამუშევარი.

აქტივობის ხანგრძლივობა: 15-17 წუთი.

 

შეფასება

 აქტივობით ფასდება,  შეუძლია თუ არა მოსწავლეს

  • სათანადო ენობრივი საშუალებებისა და გრამატიკული ელემენტების მართებულად გამოყენება წერის დროს;
  • კონტექსტის შესაბამისი ლექსიკური ერთეულების გამოყენება;
  • თვითგამოხატვა;
  • თანამშრომლობა.