ჩემი კითხვა - შენი პასუხი.

WordSection1">

აქტივობის შესახებ

 

აქტივობა ხელს უწყობს წერითი მეტყველების განვითარებას და მიმართულია იქითკენ, რომ მოსწავლეებმა შეძლონ დიალოგური მეტყველების დროს სათანადო ენობრივ-გრამატიკული ნიშნების დაცვა; სათანადო სასვენი ნიშნების გამოყენება წინადადების მოდალობის გათვალისწინებით.

აქტივობის ჩატარებისას გაიმართება წერილობითი დიალოგი, რომლის მეშვეობით მოსწავლეები განავითარებენ სიუჟეტურ მონახაზს.

 

აქტივობის  მიზნები

  • დიალოგური მეტყველების  უნარის   განვითარება (წერილობითი დიალოგის საფუძველზე);
  • წერითი მეტყველების განვითარება;
  • თანამშრომლობის უნარის განვითარება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა

 წყვილური.

 

რესურსები

კალამი, რვეული, დაფა, ცარცი/მარკერი.

 

აქტივობის აღწერა

მასწავლებელი ნასწავლი ტექსტის თემას ავითარებს სათანადო შეკითხვით. დავუშვათ, ნასწავლი ტექსტის თემაა ”მოგზაურობა”. მასწავლებელი კითხულობს: ”თქვენ თუ გიმოგზაურიათ სადმე?” მოსწავლეების გააქტიურების შემდეგ, მასწავლებელი წყვილებად დაყოფს მოსწავლეებს და დაავალებს მათ, რომ: 1. წერილობით დაუსვან შეკითხვა მეწყვილეს; 2. გაუცვალონ ერთმანეთს რვეულები; 3. პასუხი გასცენ ერთმანეთის შეკითხვას; 4. მეწყვილის პასუხზე დაყრდნობით, დაუსვან მას მომდევნო  შეკითხვა და ასე  რამდენჯერმე.

 

მოსწავლეების მიერ დასმული შეკითხვების ნიმუშები:  (სტილი დაცულია)

  • მატარებელში მჯდარხარ?
  • სად ცხოვრობენ შენი ბებია და ბაბუა?
  • ზღვაზე ყოფილხარ?
  • რა ერქვა იმ ადგილს, ზღვა რო იყო?
  • თვითფრინავით თუ გიმოგზაურია?
  • საქართველოს გარდა, სხვაგან ყოფილხარ?
  • როგორი იყო შენი მოგზაურობა?

 

მეორე გაკვეთილზე მეწყვილეები კითხულობენ თავიანთ მიერ დაწერილ დიალოგს და წერენ რამდენიმე წინადადებისგან შემდგარ თხზულებას: „ჩემი მეგობრის ამბავი“, რომელშიც მეწყვილის პასუხების საფუძველზე, გადმოსცემენ ამბავს მეგობრის გამოცდილებიდან.

აქტივობის ხანგრძლივობა: 15-17  წუთი (პირველი გაკვეთილი), 15  წუთი (მეორე გაკვეთილი).

 

შეფასება

 აქტივობით ფასდება,  შეუძლია თუ არა მოსწავლეს

  • კითხვითი და თხრობითი წინადადებების მართებულად გამოყენება წერითი მეტყველების დროს;
  • წერითი  მეტყველებისათვის აუცილებელი ენობრივ-გრამატიკული  ნორმების დაცვა: ადეკვატური სასვენი ნიშნების დასმა, ზმნური ფორმების სწორად გამოყენება, სხვ.;
  • კონკრეტული ფაქტის/ამბის (პირადი გამოცდილებიდან)  წერილობით   გადმოცემა;
  • ფაქტით/მოვლენით მიღებული შთაბეჭდილებების წერილობით გამოხატვა;
  • თანამშრომლობა.

 

მეთოდუ შენიშვნა

მოსწავლეებს გარკვეული ნიმუშები ესაჭიროებათ სიუჟეტური ხაზის ასაგებად და კითხვების მოსაფიქრებლად, მაგრამ თუკი მასწავლებელი სავარაუდო კითხვების ნიმუშებს დაფაზე ჩამოწერს, მოსწავლეები დასჯერდებიან მხოლოდ მასწავლებლის მიერ ნიმუშებად მოტანილ კითხვებს და აღარ მოიფიქრებენ საკუთარს. ამიტომ უმჯობესია, მასწავლებელმა დაფაზე დაწეროს არა კითხვების ნიმუშები, არამედ საყრდენი კითხვები: ”რა? ვისთან ერთად? სად? რამდენჯერ?  რითი? რამდენი ხნით? რატომ? როდის?”