ჩამოაყალიბე – გაუზიარე – შეთანხმდით – დაასკვენით.

აქტივობი შესახებ

აქტივობა ემსახურება ვერბალური და არავერბალური ინფორმაციის აღქმის,  გაანალიზების, საკუთარი თვალსაზრისის/პოზიციის/დასკვნების გამოხატვის უნარ-ჩვევების გამომუშავებას; ტრადიციული (წერილობითი) და მულტიმედიური ტექსტების აღქმისა და ერთიან კონტესტში გააზრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას.


აქტივობის  მიზნები

  • ვერბალური და არავერბალური ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირებისა და გაანალიზების უნარების განვითარება;
  • ტექსტის ანალიზის  უნარების განვითარება;
  • თანამშრომლობის უნარის განვითარება.

 

აქტივობის  ორგანიზების  ფორმა

 ინდივიდუალური  (პირველი  ნაწილი),  წყვილური (მეორე ნაწილი).

 

რესურსები

რვეული, კალამი, ტექსტი (ვიდეომასალა).

 

აქტივობის აღწერა

აქტივობის დასაწყისში მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს, რომ ინდივიდუალურად, წერილობით ჩამოაყალიბონ  თავიანთი მოსაზრება  (მაგ: სასწავლო  ტექსტიდან  გამომდინარე, გახსნან მეტაფორა “ცას სახე ჩამოსტირის,” ან ფორმულირება გაუკეთონ ნაწარმოების/ერთ-ერთი თავის მთავარ თემას და დაუკავშირონ იგი სათაურს; მულტფილმის/ფილმის ნახვის შემდეგ დაწერონ დასკვნა, რა იყო ფილმის დედააზრი და სხვ.). შემდეგ მასწავლებელი აწყვილებს მოსწავლეებს. მეწყვილეები ერთმანეთს გააცნობენ თავიანთ ჩანაწერებს, ახსნიან, რატომ ფიქრობენ ასე, მოიშველიებენ ტექსტს, ციტატებს, ბოლოს კი ერთობლივად ჩამოაყალიბებენ საერთო აზრს, რომელშიც გამოიყენებენ თავიანთ ნაწერებში გამოყენებულ სიტყვებს, ფრაზებსა და აზრებს. აქტივობა ნაყოფიერ ნიადაგს ამზადებს მსჯელობისთვის.

აქტივობის ხანგრძლივობა: 13-15 წუთი.

 

შეფასება

აქტივობით ფასდება,  შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • ტექსტის/ვიდეო/აუდიომასალის შინაარსის ადეკვატური აღქმა;
  • საკუთარი დამოკიდებულების წერილობით ჩამოყალიბება, წერისას ავტორისეულ ლექსიკაზე დაყრდნობით;
  • ტექსტის დანიშნულების განსაზღვრა,
  • ტექსტის გამართვა სალიტერატურო ენის ნორმების მიხედვით, მისი ცალკეული მონაკვეთების შეცვლა, დახვეწა;
  • თანამშრომლობა.

 

მეთოდური მითითება

აქტივობა კომპლექსური ხასიათისაა და ხელს უწყობს კითხვის, ზეპირმეტყველების და თანამშრომლობით მუშაობის უნარების ჩამოყალიბებას.