აქტივობა 9. საკვები პროდუქტების კვებითი ღირებულება

მიზანი:

მოსწავლემ მოიპოვოს ინფორმაცია ცხრილებიდან, იმსჯელოს დაბალანსებული კვების მნიშვნელობაზე.

 

რესურსები:

ბარათები დავალებით, რომელზეც მოცემულია ზოგიერთი პროდუქტის კვებითი ღირებულება და სხვადასხვა კატეგორიის ადამიანისათვის ენერგიის საშუალო დღიური ნორმა.

 

მსვლელობა:

1. მასწავლებელი სვამს სადისკუსიო კითხვას:

1) რამ შეიძლება გამოიწვიოს სიმსუქნე?

(მასწავლებელს მიყავს მოსწავლეები დასკვნამდე, რომ სიმსუქნის გამომწვევი მნიშვნელოვანი მიზეზია არადაბალანსებული კვება, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, შეუსაბამობა საკვებად მიღებულ კალორიებსა და ორგანიზმის ენერგეტიკულ მოთხოვნილებას შორის).

2) როგორ გესმით ტერმინი “კვებითი ღირებულება”?

(კვებითი ღირებულება წარმოადგენს კვების პროდუქტების ერთ_ერთ მახასიათებელს, რომელიც, მათში არსებული ორგანული ნივთიერებების ქიმიური ენერგიით განისაზღვრება. კვებითი ღირებულება გამოითვლება კალორიების, ან კილოჯოულების საშუალებით).

3) გაიხსენეთ, როგორია ორგანული ნივთიერებების ენერგეტიკული ღირებულება?

(1გრ ნახშირწყლების დაშლის შედეგად დაახლოებით 18 კ/ჯოული ენერგია გამოიყოფა.

1გრ ცილების დაშლისას – 18 კ/ჯოული;

1გრ ცხიმების დაშლისას – 39 კ/ჯოული;)

4) სად და რა პროცესში ხდება ორგანული ნივთიერებებიდან ენერგიის გამონთავისუფლება?

(საკვებიდან ენერგიის გამონთავისუფლება ხდება მათი ქიმიური დაშლის შედეგად. ეს პროცესი მიმდინარეობს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, როდესაც ფერმენტული რეაქციების საშუალებით ორგანული ნივთიერებები იშლებიან მონომერებამდე; აგრეთვე, - უშუალოდ უჯრედის შიგნით, როდესაც ხდება ორგანული მოლეკულების დაშლა ბოლომდე).

5) ცილებსა და ნახშირწყლებს პრაქტიკულად ერთნაირი კვებითი ღირებულება გააჩნიათ, რატომ არ იყენებს ორგანიზმი ცილებს როგორც ენერგიის ძირითად წყაროს?

(ცილები ორგანიზმში ასრულებენ მრავალ მნიშვნელოვან ფუნქციას, რომელთა შესრულება სხვა ორგანულ მოლეკულებს არ შეუძლიათ. მაგალითად: მამოძრავებელი, რეცეპტორული, კატალიზური ფუნქციები და სხვ. შესაბამისად, ორგანიზმი ცდილობს არ დახარჯოს ძვირფასი რესურსი მხოლოდ ენერგეტიკული მიზნებისათვის. მეორე მხრივ, ცილების დაშლა გაცილებით რთული ქიმიური პროცესია. შესაბამისად, ყველაზე მოკლე გზას ენერგიის მისაღებად ნახშირწყლების დაშლა წარმოადგენს).

6) ცნობილია, რომ ორგანიზმისთვის განსაკუთრებით საშიშია ცილოვანი “შიმშილი”. ახსენი, რატომ?

(ცხიმებისა და ნახშირწყლების სინთეზი შესაძლებელია ერთი მხრივ, მათი მონომერებიდან სინთეზის გზით, ხოლო მეორე მხრივ, ურთიერთგარდაქმნების საშუალებით, ან ორგანიზმში არსებული ცილების გარდაქმნის შედეგად. ცილების დეფიციტის ანაზღაურება კი ნახშირწყლებისა და ცხიმების ხარჯზე არ ხორციელდება. ცილების მიღების ძირითადი წყარო ცილოვანი საკვებია, ამიტომ ორგანიზმისთვის ცილოვანი შიმშილი განსაკუთრებით საშიშია).

7) როგორ ფიქრობ, რატომ არ შეიძლება ცილების ნაკლებობა ანაზღაურდეს ცხიმების ან ნახშირწყლების სიჭარბით?

(განსხვავება ვლინდება როგორც ქიმიური შედგენილობის, ასევე შესრულებული ფუნქციების მხრივაც: ცილები შეიცავენ ამინომჟავებს, ამონომჟავები - აზოტს, რომელიც ცხიმისა და ნახშირწყლის შემადგენლობაში არ შედის; ცილების მოლეკულების მიერ შესრულებული სხვადასხვა ფუნქციები განსხვავდება ნახშირწყლებისა და ცხიმებისაგან).

8) რომელ პროდუქტს გააჩნიათ ადამიანისათვის უფრო მაღალი კვებითი ღირებულება, მცენარეულს თუ ცხოველურს? რატომ?

(მცენარეული მასის უდიდესი ნაწილი წარმოდგენილია უჯრედის კედლის ძირითადი სტრუქტურული კომპონენტით _ ცელულოზით. ადამიანს არ გააჩნია სათანადო ფერმენტები ამ რთული ნახშირწყლის მოსანელებლად. შესაბამისად, ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია გადაამუშაოს და შეითვისოს მცენარეულ პროდუქტებში არსებული ენერგიის უდიდესი ნაწილი, მისთვის უფრო მაღალი კვებითი ღირებულება ცხოველური წარმოშობის პროდუქტს გააჩნიათ).

 

2. მასწავლებელი ურიგებს კლასს ბარათებს, რომელზეც მოცემულია ზოგიერთი პროდუქტის კვებითი ღირებულება და სხვადასხვა კატეგორიის ადამიანისათვის ენერგიის საშუალო დღიური ნორმა.

 

3. მასწავლებელი ყოფს კლასს 4–5 ჯგუფად და ავალებს მათ:

ა) შეადგინონ კვების დღიური რაციონი საკვები პროდუქტების ენერგეტიკული ღირებულების გათვალისწინებით კონკრეტული კატეგორიისათვის;

ბ) გაწერონ დღის განმავლობაში მიღებული საკვების რაოდენობა გრამებში.

 

მაგალითად:

პირველი ჯგუფი – 6 წლის ბავშვი

მეორე ჯგუფი – 14 წლის გოგონა

მესამე ჯგუფი – 17 წლის ბიჭი

მეოთხე ჯგუფი – გონებრივად მომუშავე საშუალო ასაკის ადამიანი

მეხუთე ჯგუფი – ფიზიკურად მომუშავე საშუალო ასაკის ადამიანი.

  

ენერგიის საშუალო დღიური რაოდენობა:

ენერგიის საშუალო დღიური რაოდენობა

ზოგიერთი საკვები პროდუქტის 100 გრ_ის საშუალო ენერგეტიკული ღირებულება

საკვები პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულება


ბ) უპასუხონ კითხვებს ცხრილიდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე.

 

ა) როგორ არის დამოკიდებული დღიურად საჭირო ენერგიის რაოდენობა შესრულებული სამუშაოს სიმძიმეზე?

(მძიმე, ფიზიკური სამუშაოს შემსრულებელი ადამიანი გაცილებით მეტ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე იმავე ასაკის გონებრივი შრომით დაკავებული ადამიანი. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ ფიზიკური დატვირთვა არ წარმოადგენს დღიურად საჭირო ენერგიის ერთადერთ საზომს. თავის წვლილი ამ მაჩვენებელში შეაქვს გონებრივ მუშაობას, ემოციურ დატვირთვას და სხვ.)

ბ) როგორ არის დამოკიდებული დღიური ენერგეტიკული საჭიროება სქესზე?

(ერთიდაიგივე ასაკში, ბიჭებს სჭირდებათ მეტი ენერგია, ვიდრე გოგონებს).

გ) ახსენი, რატომ იმატებს წონაში ადამიანი, რომელიც ძირითადად გონებრივი მუშაობით არის დატვირთული და ნაკლებად ეწევა აქტიურ ცხოვრებას?

(მხოლოდ გონებრივი სამუშაოს შესრულებით დაკავებულთა დღიური ენერგეტიკული დანახარჯი არაა დიდი. თუ ისინი მიიღებენ კალორიების ზედმეტ რაოდენობას, რომელთა დახარჯვასაც ვერ მოახერხებენ, ბალანსი მიღებულ და დახარჯულ ენერგიას შორის დაირღვევა,ზედმეტი კალორიები დაგროვდება ცხიმოვანი ქსოვილის სახით, რაც გამოიწვევს წონაში მატებას).

დ) ცხრილის მიხედვით ცხიმებს (მაგალითად კარაქს, კაკალს) გაააჩნიათ უფრო მაღალი ენერგეტიკული ღირებულება, ვიდრე ნახშირწყლებს (შოკოლადი, შაქარი, ნამცხვარი, პური). მიუხედავად ამისა, ცხიმებს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც “ნელი” ენერგის წყაროს, მაშინ როცა ნახშირწყლები ორგანიზმისათვის “სწრაფ” ენერგეტიკულ რესურს წარმოადგენენ. ახსენი, რასთან არის დაკავშირებული ეს შეუსაბამობა?

(საჭიროების შემთხვევაში ორგანიზმი ენერგიას სწრაფად იღებს მარტივი ნახშირწყლის _ გლუკოზის დაშლის შედეგად. მაშინ, როცა ცხიმებიდან ენერგიის მისაღებად საჭიროა დამატებითი მეტაბოლური გზების ჩართვა, რათა ცხიმებიდან ფერმენტული გარდაქმნების გზით მიღებულ იქნას ნახშირწყლები და უკვე შემდგომ განხორციელდეს მათი დაშლა უჯრედისათვის საჭირო ენერგიის გამოსანთავისუფლებლად).

 

4. ჯგუფები მუშაობენ, დასრულების შემდეგ აკეთებენ პრეზენტაციებს.

 

სასარგებლო ინტერნეტლინკები:

საჭმლის მომნელებელის სისტემის აგებულების და მოქმედების ამომწურავი დახასიათება 

ანიმაცია საჭმლის მომნელ;ებელის სისტემის აგებულების და მოქმედების შესახებ; ტესტები თვითშეფასებისათვის

სლაიდ–შოუ საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედების შესახებ