აქტივობა 9. რა ემართება ატომებსა და მოლეკულებს ახალი მასალების ან ახალი ნივთიერებების წარმოქმნის ანუ ქიმიური გარდაქმნების დროს?

შესწავლის საგანი/მიზნები

მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ:

  • რომოქსიდი იწონის მეტს, ვიდრე ელემენტი, რომელმაც იგი წარმოქმნა;
  • დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადების განსაზღვრას;
  • გრაფიკის აგება და მის გამოყენება რაოდენობრივი მონაცემების მისაღებად;
  • რომ თუ ცნობილია ნივთიერების აღებული მასა, შესაძლებელია მისგან წარმოქმნილი ოქსიდის სავარაუდო მასის განსაზღვრა.

 

რესურსები

  • მაგნიუმის ლენტი.

 

აღჭურვილობა/ჭურჭელი

  • ბუნზენის სანთურა ან სპირტქურა;
  • პინცეტი;
  • ტიგელი;
  • დამცავი სათვალეები, ხელთათმანები და ხალათები.

 

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები

მასწავლებელი:

  • სვამს კითხვებს და ახსენებს მოსწავლეებს ელემენტებიდან ნაერთების მისაღებად მათ მიერ ჩატარებულ ცდებს. აჩვენებს ან ავალებს მოსწავლეებს, აღმოაჩინონ მასის ზრდა მაგნიუმის ოქსიდის მისაღებად მაგნიუმის ჰაერზე დაწვისას. შეაჯერებს მთელი კლასის მიერ მიღებულ ან მოსწავლეებისთვის მის მიერვე მიწოდებულ მონაცემებს და ეხმარება მათ, შეადგინონ მაგნიუმის ოქსიდის მასის მაგნიუმის მასაზე დამოკიდებულების ამსახველი გრაფიკი. უსვამს მოსწავლეებს კითხვებს მომხდარის შესახებ მათი მოსაზრებების გასაგებად. მაგ.,
    • რატომ იწონის მაგნიუმის ოქსიდი უფრო მეტს, ვიდრე მაგნიუმი?
    • რამდენი გ მაგნიუმის ოქსიდი მიიღება 1გ /1.5გ მაგნიუმისგან?
    • როგორ ფიქრობთ, რამდენი გ მაგნიუმის ოქსიდი მიიღება 10გ /15გ მაგნიუმისგან?

ეწინააღმდეგება თუ არა ეს შედეგები მასის შენახვის/მუდმივობის კანონს?

  • წარმართავს მოსწავლეთა მიერ მოსაზრებების გამოთქმის პროცესს. ეხმარება მათ შეჯერებასა და დასკვნის გამოტანაში.

 

მოსალოდნელი შედეგები

მოსწავლეები:

  • დაამტკიცებენ, რომ მაგნიუმის ოქსიდის მასა მეტია მაგნიუმის მასაზე და ახსნიან ამ მოვლენას მაგნიუმისა და ჟანგბადის ურთიერთქმედებით;
  • განსაზღვრავენ, რა დამოკიდებულებაა ცვლადებს შორის მაგნიუმის ოქსიდის მასის მაგნიუმის მასაზე დამოკიდებულების ამსახველ გრაფიკზე, რომელია დამოუკიდებელი და რომელი - დამოკიდებული ცვლადი. გამოიყენებენ გრაფიკს იმის სავარაუდოდ, თუ რა რაოდენობის მაგნიუმის ოქსიდი წარმოიქმნება მაგნიუმის სხვადასხვა რაოდენობის რეაქციაში შესვლის დროს.

 

რეკომენდაციები

  • მოსწავლეებს დასჭირდებათ მასწავლებლის მნიშვნელოვანი დახმარება, თუ მათ სურთ ამ აქტივობიდან ობიექტური, არგუმენტირებული შედეგების მიღება. შედეგების საფუძველზე მოსწავლეები განსაზღვრავენ ცვლადებს შორის წრფივ დამოკიდებულებას. ეს შეიძლება წარმოდგენილი იყოს ცხრილის სახით. თუ მოსწავლეები ვერ დაადგენენ ცვლადებს შორის წრფივი დამოკიდებულების არსებობას, კარგი იქნება კლასის მიერ აღრიცხული მონაცემების განხილვა და ამ შეცდომის მიზეზის დადგენა;
  • ზოგიერთი მოსწავლე შეძლებს შეაფასოს, რომ შესაძლებელია წარმოქმნილი მაგნიუმის ოქსიდის მასის წინასწარ განსაზღვრა, რადგან მაგნიუმის ოქსიდი შეიცავს მაგნიუმსა და ჟანგბადს შეფარდებით 1:1. სხვა მოსწავლეები მხოლოდ ახსნიან, რატომ მატულობს მაგნიუმის მასა მისი ოქსიდის წარმოქმნისას.

 

უსაფრთხოება

  • აუცილებელია დამცავი სათვალის გამოყენება;
  • ცდის ჩატარებიდან რამდენიმე ხნის განმავლობაში ტიგელი იქნება ცხელი. ამიტომ საჭიროა გაცივებამდე მისი დატოვება სამფეხზე.