აქტივობა 9. მტაცებელი და მსხვერპლი

მიზანი:

მოსწავლეებმა განახორციელონ ბუნებრივი გადარჩევის სიმულაცია საკლასო ოთახში; აწარმოონ დაკვირვება; აღრიცხონ მონაცემები; წარმოადგინონ შედეგები ცხრილის სახით.

 

რესურსები:

თეთრი, წითელი, მწვანე და შავი ფერადი მუყაოსაგან გამოჭრილი ერთი და იგივე მცირე ზომის წრეები. თითოეული ფერი დაახლოებით 30 - 30 ცალი. (შესაძლებელია ნებისმიერი ოთხი განსხვავებული ფერის საკვები დრაჟეს, მოზაიკის და სხვ. გამოყენება). ანალოგიური ფერების ქაღალდი, მუყაო ან ქსოვილის ოთხი ნაჭერი, რომელიც შეასრულებს „გარემოს“ როლს, ცხრილის ნიმუში მონაცემების აღსარიცხად.

 

მსვლელობა:

მასწავლებელი აცნობს კლასს სიმულაციის წესებს:

1. გაანაწილეთ ფერადი წრეები ოთხ ჯგუფში შემდეგნაირად:

1. 10 თეთრი, 10 წითელი, 10 მწვანე
2. 10 წითელი, 10 მწვანე, 10 შავი
3. 10 მწვანე, 10 შავი, 10 თეთრი
4. 10 შავი, 10 თეთრი, 10 წითელი

 
2. დააფინეთ მერხზე ქაღალდის, მუყაოს, ან ქსოვილის ნაჭერი, რომელიც გარემოს მოდელს წარმოადგენს. მიაქციეთ ყურადღება, რომ გარემოს ფერი ემთხვეოდეს წრეებიდან ერთ-ერთი ჯგუფის შეფერილობას. მოათავსეთ თქვენს ,,გარემოში” 10–10 სამი განსხვავებული ფერის წრე (სულ 30).

3. მასწავლებლის ნიშანზე 4–6 მოსწავლე (მტაცებლები) იწყებს მსხვერპლის ანუ ფერადი წრეების ,,მონადირებას” შემთხვევითობის პრინციპით: სწრაფად და თითო-თითოდ იღებენ წრეებს. შემდეგ ჯერზე მოსწავლეების სხვა ჯგუფები იმეორებენ იგივეს. 1-2 წთ-ის შემდეგ, მასწავლებლის ნიშანზე ექსპერიმენტი უნდა შეწყდეს.

4. შემდეგ ეტაპზე “ექსპერტების” ჯგუფი ითვლის თითოეული ფერის რამდენი წრე დარჩა გარემოში და აცნობს კლასს მონაცემებს.

5. ბავშვები ინიშნავენ მონაცემებს სახელწოდებით - პირველი თაობა; აანალიზებენ რომელი ფერის წრეები “გადარჩა ნადირობის” შემდეგ და რამდენად ემთხვევა ერთმანეთს წრეებისა და გარემოს ფერი. მასწავლებელი სთხოვს ბავშვებს დასკვნის გამოტანას.

6. ექსპერიმენტი გრძელდება. ამჯერად წრეების საწყის პოპულაციად იღებენ სამი სხვადასხვა შეფერილობის 10-10 წრეს. 2–4 პუნქტები მეორდება. მიღებული მონაცემები ფორმდება სახელწოდებით - მეორე თაობა.

7. მასწავლებელი სთხოვს ბავშვებს შეადარონ მეორე თაობაში გადარჩენილი წრეების შეფერილობა ექსპერიმენტის დასაწყისში აღებული წრეების ,,პოპულაციის” შეფერილობას.

8. მასწავლებელი სთხოვს ბავშვებს იმუშაონ წყვილებში, შეიტანონ ექსპერიმენტის მონაცემები ცხრილში, გააანალიზონ ექსპერიმენტების შედეგები და უპასუხონ კითხვებს:

 

1. რომელი ფერის წრეები გადარჩნენ უფრო მეტად ექსპერიმენტის შედეგად პირველ და მეორე თაობაში?

2. როგორ შეიცვალა საწყის შეფერილობასთან შედარებით ექსპერიმენტის დასრულების შედეგად მიღებული,,პოპულაციის” შეფერილობა?

3. რამ განაპირობა მოცემულ ექსპერიმენტში წრეების “პოპულაციის” შეფერილობის ცვლილება?
4. ევოლუციის რომელი ფაქტორის სიმულაცია განხორციელდა ექსპერიმენტში?
5. აღწერე, როგორ „იმოქმედა ბუნებრივმა გადარჩევამ” მოცემულ ექსპერიმენტში?
6. როგორ ფიქრობ, რა იყო მოცემული ექსპერიმენტის მიზანი?

 

მასწავლებელი წარუდგენს კლასს ცხრილის ნიმუშს:

ცხრილი - წრეების ფერები


9. სამუშაოს დასრულების შემდეგ მასწავლებელი ისმენს რამდენიმე წყვილის პრეზენტაციას, აკეთებს შემაჯამებელ კომენტარებს.

 

სავარაუდო პასუხები კითხვებზე:

1. წრეები, რომელთა ფერიც ემთხვეოდა გარემოს ფერს.

2. ახლად მიღებულ პოპულაციაში ძირითადად გარემოს ფერთან შეხამებული ინდივიდები იქნებიან წარმოდგენილი.

3. მტაცებლებმა უფრო მეტად მოინადირეს გარემოსგან მკვეთრად განსხვავებული ფერის მქონე მსხვერპლი.

4. ევოლუციის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი – ბუნებრივი გადარჩევა.

5. გადარჩევის შედეგად დაიღუპნენ მკვეთრი ფერის ინდივიდები, რომლებიც გარემოსთან ნაკლებად იყვნენ შეხამებული. გადარჩნენ ინდივიდები, რომელთა ფერი ეხამებოდა გარემოს ფერს.

6. ექსპერიმენტის მიზანია უჩვენოს ბუნებრივი გადარჩევის მოქმედება და მისი შედეგი – საწყისი “პოპულაციის” ცვლილება; გამოავლინოს რა როლი ენიჭება კონკრეტულ საბინადრო გარემოს ამ პროცესში.

  

შევსებული ცხრილის სავარაუდო ნიმუში (ცხრილში მოცემული ციფრები უჩვენებს საერთო ტენდენციას):

წრეების ფერები - შევსებული