აქტივობა 8. ხდება თუ არა გლობალური დათბობა?

შესწავლის საგანი/მიზნები

მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ:

  • სამეცნიერო კითხვებზე პასუხების გასაცემად მეორადი წყაროების გამოყენება;
  • როგორ უნდა გადაწყვიტონ/განსაზღვრონ, არის თუ არა მტკიცებულება საკმარისი კითხვაზე პასუხის გასაცემად;
  • სხვის მიერ მოწოდებული მტკიცებულებების შეფასება;
  • წინააღმდეგობრივი მტკიცებულებების განხილვა და შეფასება საერთო თვალსაზრისის ჩამოსაყალიბებლად.


რესურსები

  • შერჩეული და გამარტივებული ინფორმაცია (მაგ., ვიდეომასალა) გლობა­ლური დათბობის შესახებ.

 

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები

მასწავლებელი:

  • მოსწავლეებს აწოდებს წინასწარ შერჩეულ და გამარტივებულ ინფორმაციას (მაგ.: ვიდეომასალას) გლობალური დათბობის შესახებ და სთხოვს, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჯგუფურად უპასუხონ შეკითხვებს:
    • შეიცვალა თუ არა კლიმატი წარსულში?
    • რა შედეგი მოჰყვა ამ ცვლილებებს?
    • რა იწვევს დედამიწაზე დათბობას? მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებების რა მტკიცებულებები არსებობს?
    • თუ დედამიწაზე შეინიშნება დათბობა, რა არის დათბობის მიზეზები? რა როლს თამაშობს ამაში წიაღისეული საწვავის წვა? ამ მოსაზრების რა მტკიცებულებები არსებობს?
  • სთხოვს მოსწავლეებს, მოკლე მოხსენების სახით უპასუხონ შეკითხვებს, განმარტონ მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობოდნენ პასუხების გაცემის დროს და დაუსვან ერთმანეთს კითხვები მტკიცებულებების შესახებ;
  • მოსწავლეებთან ერთად მსჯელობს მოსწავლეთა პრეზენტაციებზე და იკვლევს საწვავის გამოყენების გზებს, გარემოზე მათი წვის მოქმედების შედეგებს და დასახავს გზებს საწვავის მოხმარების შეზღუდვისათვის.

 

მოსალოდნელი შედეგები

მოსწავლეები:

  • განსაზღვრავენ მონაცემების ძირითად ტენდენციებს და გამოიტანენ დასკვნებს;
  • ახსნიან, როგორ გამოიყენეს მტკიცებულებები დასკვნების გამოტანისას;
  • გააცნობიერებენ, სად არ იქნება მონაცემები საკმარისი მათ მიერ გამოტანილი დასკვნების გასამყარებლად ან შეიძლება მონაცემთა სხვაგვარი ინტერპრეტირება.

 

რეკომენდაციები

  • არსებობს CD-დისკები, რომლებშიც სხვადასხვა თვალსაზრისითაა განხილული/მოწოდებული ინფორმაცია გლობალური დათბობის შესახებ;
  • ეს აქტივობა შეიძლება დამუშავდეს როლურ თამაშად, მოსწავლეთა ნაწილი იქნება სხვადასხვა შეხედულების მქონე მეცნიერთა როლში. ზოგიერთმა ჯგუფმა შეიძლება ინფორმაცია მოიძიოს/მოამზადოს ან დასკვნები გამოიტანოს. სხვა მოსწავლეთა ამოცანა იქნება, დაადგინონ, შეესაბამება თუ არა მოპოვებული ინფორმაცია გამოტანილ დასკვნებს;
  • მოსწავლეებს შეიძლება ერთმანეთში აერიოთ სათბურის ეფექტი და ოზონის შრეში არსებული ხვრელის პრობლემები, მაგრამ ეს, შესაძლოა, სასარგებლოც იყოს, რომ მასწავლებელმა მარტივად აუხსნას ორივე საკითხი.