აქტივობა 8. ბუნებრივი გადარჩევა
მიზანი:
მოსწავლემ იმსჯელოს ბუნებრივი გადარჩევის მიზეზებსა და მნიშვნელობის შესახებ, შეადაროს ერთმანეთს ბუნებრივი და ხელოვნური გადარჩევა; მოიყვანოს სათანადო მაგალითები;
რესურსები:
ვიდეო http://www.youtube.com/watch?v=DG_nLm8b8qI ევოლუციური განვითარების შესახებ; საინფორმაციო ტექსტი, ან სახელმძღვანელოში მოცემული მასალა ბუნებრივი და ხელოვნური გადარჩევის შესახებ.
მსვლელობა:
1. მასწავლებელი სვამს სამოტივაციო კითხვებს:
• როგორ გესმით ტერმინი “გადარჩევა”? “ბუნებრივი გადარჩევა”? (ორგანიზმების შერჩევა ბუნებრივი ძალების მიერ განსაზღვრული ნიშნის მიხედვით).
• სახეობათა უმეტესობას ახასიათებს გამრავლების მაღალი ინტენსივობა, თუმცა ყველა ინდივიდი ზრდასრულ ასაკს ვერ აღწევს.
• როგორ ფიქრობთ, რატომ? არის თუ არა ყველასათვის საკმარისი საკვები, თავშესაფარი, და სხვა საარსებო რესურსი? (ბავშვები მიდიან დასკვნამდე, რომ რესურსების სიმწირის გამო ყველა ინდივიდი ვერ გადარჩება).
• როგორ ურთიერთობას იწვევს საარსებო რესურსების უკმარისობა ცოცხალ ორგანიზმებს შორის? (შეჯიბრს, კონკურენციას).
• კონკურენციის პირობებში, როგორი შთამომავლობა მიაღწევს სქესობრივი სიმწიფის ასაკს და დატოვებს შთამომავლობას? (მასწავლებელმა უნდა მიიყვანოს ბავშვები დასკვნამდე, რომ გადარჩებიან და შთამომავლობას დატოვებენ ძლიერი, კონკრეტულ საარსებო პირობებს უფრო მეტად შეგუებული ორგანიზმები).
• ადამიანი ყოფა–ცხოვრებაში მცენარეებისა და ცხოველების მრავალ ჯიშს იყენებს. საიდან გაჩნდა შინაური ცხოველებისა და კულტურული მცენარეების ასეთი დიდი მრავალფეროვნება? (ადამიანის საქმიანობის შედეგად, რომელსაც გამოყავდა ახალი, მისთვის სასარგებლო ჯიშები).
2. კითხვა-პასუხის შემდეგ მასწავლებელი აჩვენებს კლასს ვიდეოს, სთავაზობს ბავშვებს გამოთქვან თავიანთი შთაბეჭდილებები.
3. მასწავლებელი ურიგებს კლასს საინფორმაციო ტექსტს, ან იყენებს სახელმძღვანელოში მოცემულ მასალას ბუნებრივი და ხელოვნური გადარჩევის შესახებ; სთხოვს მოსწავლეებს ინდივიდუალურად წაიკითხონ ტექსტი.
4. მასწავლებელი აწყვილებს ბავშვებს, ავალებს გამოიყენონ ვიდეოსა და ტექსტში მოცემული ინფორმაცია და შეასრულონ დავალება:
ა) დაადგინონ ბუნებაში ბუნებრივი გადარჩევის მიმდინარეობის მიზეზები;
ბ) იმსჯელონ ბუნებრივი გადარჩევის მნიშვნელობის შესახებ;
გ) შეადარონ ბუნებრივი და ხელოვნური გადარჩევა ვენის დიაგრამის საშუალებით.
დ) მოიყვანონ ბუნებრივი და ხელოვნური გადარჩევის დამადასტურებელი მაგალითები.
ე) მოიფიქრონ, როგორ გააფორმონ საკუთარი ნაშრომი და გააკეთონ პრეზენტაცია.
სავარაუდო პასუხი გ) კითხვაზე:
5. დასასრულს მასწავლებელი წერს დაფაზე ტერმინებს:
ბუნებრივი გადარჩევა, ხელოვნური გადარჩევა, სახეობა, შეგუება, ჯიში, გამრავლების ინტენსივობა - და სთხოვს ბავშვებს შექმნან მცირე ზომის ბიოლოგიური ტექსტი აღნიშნული ტერმინების გამოყენებით.
მოსწავლეების ტიპური შეცდომები
მოსწავლეებს უჭირთ სათანადო ტერმინების გამოყენება, როდესაც საუბრობენ ევოლუციური თეორიის შესახებ; უჭირთ მიზეზ–შედეგობრივი კავშირების დამყარება ისეთ ცნებებს შორის, როგორიცაა გამრავლების ინტენსივობა და არსებობისათვის ბრძოლა; პოპულაციის გენეტიკური მრავალფეროვნება, ბუნებრივი გადარჩევა და სახეობის წარმოქმნა.
სასარგებლო ინტერნეტლინკები:
თეორიული მასალა ევოლუციის შესახებ, თანამედროვე შეხედულებები ევოლუციაზე
თამაში, ანიმაცია ევოლუციის თემაზე
ინტერაქტიური მასალები ევოლუციის შესახებ