აქტივობა 7. გაუარესდა თუ არა მდგომარეობა გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით?

შესწავლის საგანი/მიზნები

მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ:

  • გადაწყვეტილების მიღება თუ რა მტკიცებულებები უნდა შეაგროვონ;
  • კითხვებზე პასუხის გასაცემად მტკიცებულებების შეგროვება;
  • როგორ განსაზღვრონ, არის თუ არა მტკიცებულება საკმარისი კითხვებზე პასუხის გასაცემად;
  • თავიანთი საჭიროებისათვის საინფორმაციო ტექსტების ეფექტიანად და სწრაფად გავრცელება;
  • ავტორის თვალსაზრისისა და მისი ზეგავლენის შეფასება;
  • ვარაუდის გამოთქმა და არგუმენტირება.

 

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები

მასწავლებელი:

  • მოსწავლეებთან ერთად განიხილავს, რა გზით ხორციელდება დაკვირვება და კონტროლი ჰაერის და/ან წყლის სისუფთავეზე და სთხოვს, გამოთქვან ვარაუდი, მათი დაბინძურების ხარისხი ახლა უფრო მეტია თუ წარსულის რომელიმე კონკრეტულ მონაკვეთში;
  • ავალებს მოსწავლეებს, პასუხი დაასაბუთონ. მოიფიქრონ რა მტკიცებულებები, მაგ.: ფოტოები, სახელმწიფო არქივის მასალები, ჩანახატები, სამედიცინო ჩანაწერები ეპიდემიების კერების შესახებ, სახლის და სამუშაო გარემოს აღწერა, გარემოსდაცვითი საკანონმდებლო აქტები, შეიძლება შეგროვდეს;
  • მოსწავლეებთან ერთად განიხილავს ხელთ არსებულ ფაქტობრივ მასალას და მსჯელობს გარემოს დაბინძურების არსებული მდგომარეობის შესახებ;
  • ეკითხება მოსწავლეებს, არის თუ არა, მათი აზრით, მოძიებული მტკიცებულებები საკმარისი მყარი დასკვნის გამოსატანად და სთხოვს არგუმენტირებულ პასუხს.

 

მოსალოდნელი შედეგები

მოსწავლეები:

  • განსაზღვრავენ და შეაფასებენ წარსულის შესახებ ინფორმაციის წყაროებიდან მოპოვებულ მასალებს;
  • განსაზღვრავენ და შეაფასებენ ინფორმაციის თანამედროვე წყაროებს;
  • განსაზღვრავენ და შეადარებენ წარსულის და თანამედროვე ინფორმაციის წყაროების მონაცემებს;
  • ახსნიან წარსულის და თანამედროვე ინფორმაციის წყაროების ძლიერ და სუსტ მხარეებს.

 

რეკომენდაციები

  • შეიძლება შესწავლილ იქნას სხვადასხვა ადგილის დაბინძურებასთან დაკავშირებული ალტერნატიული საკითხები;
  • ამ აქტივობაში ყურადღება უნდა გამახვილდეს არა იმაზე, სწორად უპასუხა თუ არა მოსწავლემ გარემოს დაბინძურების შესახებ დასმულ შეკითხვას, არამედ იმაზე, თუ რამდენად სწორია მოსწავლის მიერ მოყვანილი მტკიცებულებები დამაჯერებლობის/შესაბამისობის თვალსაზრისით.