აქტივობა 6. უჯრედი - ქალაქი

მიზანი:

მოსწავლეებმა იპოვონ და გაანალიზონ ანალოგია უჯრედსა და ქალაქს შორის უჯრედშიდა სტრუქტურების ფუნქციების გააზრების გზით.

 

რესურსები:

საინფორმაციო ტექსტი; თავისუფალი ფურცლები და მარკერები ჯგუფებში სამუშაოდ.

 

მსვლელობა:

1. მასწავლებელი ყოფს კლასს ჯგუფებად და ურიგებს თითოეულ ჯგუფს მცირე საინფორმაციო ტექსტს გასაანალიზებლად.

 

საინფორმაციო ტექსტი

უჯრედი – ქალაქი

შეიძლება თუ არა, უჯრედი შეადარო ქალაქს?

დღეისათვის ეს აზრი ძალიან პოპულარულია. თითოეული უჯრედი იმდენად ორგანიზებული და მოწესრიგებულია, ხოლო მის ორგანოიდებს შორის ფუნქციები იმდენად ზუსტად არის განაწილებული, რომ ძნელია ამ შედარებას არ დაეთანხმო. ასეთ ქალაქში არის ქუჩები და ტრანსპორტი, სადაც აქტიური მოძრაობა შეინიშნება; სამთავრობო რეზიდენცია, სადაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება; საწყობები, სადაც წინასწარ არის მომარაგებული ყოველივე საჭირო; სამსახური, რომელიც ქალაქის შიგნით წესრიგს იცავს, არასასურველ სტუმრებს იშორებს და ნაგავი გააქვს. ასეთ ქალაქებში არის ქარხნები, რომლებიც სპეციალური მოწყობილობების საშუალებით და მზის უშრეტი ენერგიის გამოყენებით ქალაქისთვის საჭირო საკვებს აწარმოებენ, სხვა ტიპის ქარხნები ნედლეულს გადაამუშავებენ და საჭირო პროდუქციას იღებენ; აქვეა სპეციალიზირებული ელექტროსადგურებიც, რომლებიც მიღებული ენერგიით ქალაქს უზრუნველყოფენ.

გაიხსენე, რა მნიშვნელობა ჰქონდა უძველესი ქალაქებისათვის დამცავ გალავანს. ის ჩაკეტილი იყო მტრისათვის და იღებოდა საჭირო სტუმრების წინაშე. სწორედ ამ გალავნიდან გადიოდნენ მალემსრბოლელები და შიკრიკები, ელჩები და მზვერავები სხვა ქალაქებთან კონტაქტის დასამყარებლად.

მეცნიერების აზრით, თითოეული უჯრედი იმაზე უფრო რთულად არის ორგანიზებული, ვიდრე ჩვეულებრივი ქალაქი.

 

2. მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს საინფორმაციო ტექსტის მიხედვით შეასრულონ შემდეგი დავალებები:

ა) ზემოთ ჩამოთვლილი სტრუქტურები და საქმიანობები დაუკავშირეთ თქვენთვის ნაცნობ უჯრედულ ორგანიოიდებს, დაასაბუთეთ თქვენი მოსაზრება.

(ქუჩები _ ენდოპლაზმური ბადის არხები

ტრანსპორტი _ სხვადასხვა შიგთავსის მქონე ვეზიკულები უჯრედის შიგნით;

სამთავრობო რეზიდენცია _ ბირთვი:

გალავანი _ პლაზმური მემბრანა

საწყობები _ უჯრედული ჩანართები

წესრიგის დაცვა და ნაგვის გატანა _ ლიზოსომები

ქარხნები, სადაც ნედლეულისაგან იქმნება პროდუქტები - რიბოსომები;

ქარხნები, რომლებიც მზის ენერგიით საკვებს აწარმოებენ _ ქლოროპლასტები;

ელექტროსადგურები, რომლებიც ქალაქისთვის საჭირო ენერგიას იღებენ _ მიტოქონდრიები).

 

ბ) გაანალიზეთ უჯრედისა და ქალაქის ანალოგია სუნთქვის პროცესებთან მიმართებაში და უპასუხეთ კითხვებს:

1. რა წარმოადგენს სითბოსა და სინათლის წყაროს ქალაქში და როგორ იღებს ქალაქი ენერგიას?

(სითბოსა და სინათლის წყაროს ქალაქში წარმოადგენს მზე. ქალაქი ენერგიას სხვადასხვა ტიპის საწვავის გამოყენების შედეგად იღებს (ბუნებრივი აირი, ნავთობი). რომელიც თავის მხრივ, დედამიწის შორეულ წარსულში მზის ენერგიის დახმარებით არის წარმოქმნილი).

2. როგორ იღებს უჯრედი ენერგიას? რა განსხვავებას ხედავ ამ თვალსაზრისით მცენარეულ და ცხოველურ უჯრედებს შორის?

(მცენარეული უჯრედიც პირველსაწყის ენერგიას იღებს მზიდან, რათა საჭირო საკვები (საწვავი) წარმოქმნას, ამავე დროს შეუძლია ცხოველქმედებისათის საჭირო ენერგია მიიღოს უკვე წარმოქმნილი ორგანული ნივთიერებების დაშლის შედეგადაც. ცხოველურ უჯრედს არ შუძლია მზის ენერგიის გამოყენება და საკუთარი თავის დამოუკიდებელი ,,გამოკვება”. საჭირო ენერგიას ის იღებს მზა საწვავის _ ძირითადად, გლუკოზის გამოყენების შედეგად. ამგვარად, უჯრედის საწვავიც _ გლუკოზა, მზის ენერგიის გამოყენებით არის შექმნილი).

3. საშინაო დავალებად მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს გამოიყენონ გაკვეთილზე შეძენილი ცოდნა, საკუთარი ფანტაზია, მოიძიონ იდეები ინტერნეტში და შექმნან ჩანახატი, სქემა, ან მაკეტი, რომელიც ასახავს უჯრედისა და ქალაქის ანალოგიას.

 

სასარგებლო ინტერნეტლინკები:

ანალოგიები უჯრედსა და ქალაქს შორის:

http://scorescience.humboldt.k12.ca.us/fast/teachers/Internauts/teacherpage.htm
http://www.youtube.com/watch?v=4Lvg_gbmhmk