აქტივობა 4. მეორე პლანის პერსონაჟების საიდუმლო ცხოვრება

აქტივობის შესახებ:

აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეთა ზეპირმეტყველებისა (მოსმენის, ლაპარაკის) და კრიტიკული კითხვის უნარ-ჩვევების განვითარებას; იგი ბიძგს აძლევს მოსწავლეთა წარმოსახვის უნარს, უყა­ლიბებს ემპათიის განცდას და ეხმარება მათ, სხვადასხვა კუთხიდან/პოზიციიდან შეაფასონ წაკითხული. აქტივობა კომპლექსური სახისაა და ფარავს ზეპირმეტყველებისა და კითხვის მიმართულებებს.

 

აქტივობის მიზნები:

  • ზეპირმეტყველების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • კრიტიკული კითხვის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • წარმოსახვის უნარის განვითარება.

 

რესურსები: 

ადამიანური რესურსები.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა:

ინდივიდუალური.

 

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, მოირგონ ამა თუ იმ მხატვრული ნაწარმოების ერთ-ერთი მეორეხარისხოვანი პერსონაჟის როლი, რომლის შესახებაც ტექსტში მცირე ინფორმაციას ვხვდებით. მოსწავლეების მიზანია, შეავსონ პერსონაჟის ბიოგრაფიის “თეთრი ლაქები” თანაკლასელების შეკითხვებსა და საკუთარ წარმოსახვაზე დაყრდნობით.

მასწავლებელი ასახელებს მეორე პლანის რომელიმე პერსონაჟს ნაწარმოებიდან, რომელიც მოსწავლეებს უკვე შესწავლილი აქვთ ან იმჟამად სწავლობენ (მაგ., ძონძებში გახვეული პატარა ბიჭი ან ლამაზისეული ილია ჭავჭავაძის მოთხრობიდან “კაცია-ადამიანი?!”, ხუმარა აკაკი წერეთლის პოემიდან “თორნიკე ერისთავი”, სხვ.). კარგი იქნება, თუკი პერსონაჟის შერჩევაში მოსწავლეებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ერთ-ერთი მოსწავლე გამოდის კლასის წინ, ჯდება სკამზე, “მოირგებს” დასახელებული პერსონაჟის როლს და პასუხობს თანაკლასელების მიერ დასმულ შეკითხვებს, რომლებიც ამ პერსონაჟისთვისაა გამიზნული. ნიმუშის საჩვენებლად და/ან აქტივობის გამოსაცოცხლებლად მასწავლებელი შეიძლება თვითონაც ჩაერთოს აქტივობაში და შეკითხვები დაუსვას “პერსონაჟს”.

 

აქტივობის ხანგრძლივობა: 12_ 15 წუთი.

 

შეფასება:

აღნიშნული აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • კრიტიკული კითხვა;
  • კრიტიკული აზროვნება;
  • აზრის სათანადოდ გადმოცემა ზეპირი გზით;
  • წარმოსახვის უნარის გამოყენება.

 

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან: 

  • ქართ. VII. 5, 6, 7;
  • ქართ. VIII. 1, 5, 8, ქართ. IX. 6.