აქტივობა 3. რომელი ქიმიური რეაქციები გამოიყენება ენერგიის წყაროდ?

შესწავლის საგანი/მიზნები

მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ:

  • რომ მეტალების მონაწილეობით მიმდინარე ჩანაცვლების რეაქციები არის ენერგიის წყარო;
  • რომ შესაძლებელია ამ რეაქციების ენერგიის გამოყენება;
  • ჩანაცვლების რეაქციების დროს გამოყოფილი ენერგიის მეტალთა აქტიურობასთან დაკავშირება;
  • ვარაუდის გამოთქმა და მისი შემოწმება ცდით;

 

რესურსები

  • სპილენძის სულფატი;
  • მაგნიუმის ფხვნილი;
  • თუთია.

 

აღჭურვილობა/ჭურჭელი

  • სინჯარები;
  • სინჯარების სადგამი;
  • პიპეტები ან შპრიცები;
  • თერმომეტრი;
  • დამცავი სათვალეები, ხელთათმანები და ხალათები.

 

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები

მასწავლებელი:

  • ავალებს მოსწავლეებს, დაასახელონ ქიმიური რეაქციების ენერგიის წყაროდ გამოყენების მაგალითები. საჭიროების შემთხვევაში ახსენებს მათ თერმულ რეაქციებს. აჩვენებს მოსწავლეებს, როგორ მუშაობს მარტივი ელექტროქიმიური ელემენტი, როგორ წარმოიქმნება ძაბვა;
  • უსვამს მოსწავლეებს კითხვებს და ამგვარად ახსენებს მოსწავლეებს მეტალთა აქტიურობის მწკრივს. შემდეგ ავალებს, ივარაუდონ, რომელი მეტალების წყვილები წარმოქმნიან მაღალ და რომლების _ დაბალ ძაბვას. შემდეგ ცდით ამოწმებინებს მათი ვარაუდის სისწორეს;
  • ატარებინებს მოსწავლეებს ცდებს სხვადასხვა მეტალისა და მარილის მონაწილეობით. ავალებს, გამოიკვლიონ ტემპერატურების ცვლილება სხვადასხვა მეტალზე სხვადასხვა მარილის დამატებისას (მაგ.,მოსწავლეები სპილენძის სულფატს ამატებენ ერთ სინჯარაში მოთავსებულ მაგნიუმის ფხვნილს შემდეგ, მეორე სინჯარაში - თუთიას. ორივე შემთხვევაში ზომავენ ხსნარების ტემპერატურას);
  • ავალებს მოსწავლეებს, შეადარონ დაკვირვების შედეგები. მოსწავლეებთან ერთად განიხილავს შედეგებს, წერს რეაქციის სიტყვიერ ან სიმბოლურ ტოლობას და საბოლოოდ, მათთან ერთად აკავშირებს გამოყოფილ სითბოს რეაქციაში მონაწილე მეტალების აქტიურობასთან.

 

მოსალოდნელი შედეგები

მოსწავლეები:

  • აღწერენ ქიმიურ რეაქციებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ენერგიის მისაღებად;
  • განასხვავებენ სხვადასხვა აქტიურობის მქონე მეტალების (მაგ.: მაგნიუმი და სპილენძი, რკინა და სპილენძი) მონაწილეობით მიმდინარე ქიმიური რეაქციების ენერგიებს ერთმანეთისაგან.

  

რეკომენდაციები

  • მოსწავლეებმა უნდა შეადარონ ერთმანეთს სხვადასხვა ელეტროქიმიური ელემენტი. მთავარია, დაადგინონ მათი მუშაობის პრინციპი, რომ ენერგია გამოიყოფა ქიმიური რეაქციის შედეგად. დეტალების შესწავლა არ არის საჭირო.

 

უსაფრთხოება

  • აქტივობაში გამოიყენება შაბიამნის განზავებული ხსნარი, რომელიც ნაკლებად სახიფათოა, ვიდრე კონცენტრირებული ხსნარი;
  • აქტივობის დროს აუცილებელია დამცავი სათვალეებისა და ხელთათმანების გამოყენება.