სარეკომენდაციო აქტივობები
ამობეჭდვააქტივობა 3. რომელი ქიმიური რეაქციები გამოიყენება ენერგიის წყაროდ?
შესწავლის საგანი/მიზნები
მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ:
- რომ მეტალების მონაწილეობით მიმდინარე ჩანაცვლების რეაქციები არის ენერგიის წყარო;
- რომ შესაძლებელია ამ რეაქციების ენერგიის გამოყენება;
- ჩანაცვლების რეაქციების დროს გამოყოფილი ენერგიის მეტალთა აქტიურობასთან დაკავშირება;
- ვარაუდის გამოთქმა და მისი შემოწმება ცდით;
რესურსები
- სპილენძის სულფატი;
- მაგნიუმის ფხვნილი;
- თუთია.
აღჭურვილობა/ჭურჭელი
- სინჯარები;
- სინჯარების სადგამი;
- პიპეტები ან შპრიცები;
- თერმომეტრი;
- დამცავი სათვალეები, ხელთათმანები და ხალათები.
მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები
მასწავლებელი:
- ავალებს მოსწავლეებს, დაასახელონ ქიმიური რეაქციების ენერგიის წყაროდ გამოყენების მაგალითები. საჭიროების შემთხვევაში ახსენებს მათ თერმულ რეაქციებს. აჩვენებს მოსწავლეებს, როგორ მუშაობს მარტივი ელექტროქიმიური ელემენტი, როგორ წარმოიქმნება ძაბვა;
- უსვამს მოსწავლეებს კითხვებს და ამგვარად ახსენებს მოსწავლეებს მეტალთა აქტიურობის მწკრივს. შემდეგ ავალებს, ივარაუდონ, რომელი მეტალების წყვილები წარმოქმნიან მაღალ და რომლების _ დაბალ ძაბვას. შემდეგ ცდით ამოწმებინებს მათი ვარაუდის სისწორეს;
- ატარებინებს მოსწავლეებს ცდებს სხვადასხვა მეტალისა და მარილის მონაწილეობით. ავალებს, გამოიკვლიონ ტემპერატურების ცვლილება სხვადასხვა მეტალზე სხვადასხვა მარილის დამატებისას (მაგ.,მოსწავლეები სპილენძის სულფატს ამატებენ ერთ სინჯარაში მოთავსებულ მაგნიუმის ფხვნილს შემდეგ, მეორე სინჯარაში - თუთიას. ორივე შემთხვევაში ზომავენ ხსნარების ტემპერატურას);
- ავალებს მოსწავლეებს, შეადარონ დაკვირვების შედეგები. მოსწავლეებთან ერთად განიხილავს შედეგებს, წერს რეაქციის სიტყვიერ ან სიმბოლურ ტოლობას და საბოლოოდ, მათთან ერთად აკავშირებს გამოყოფილ სითბოს რეაქციაში მონაწილე მეტალების აქტიურობასთან.
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები:
- აღწერენ ქიმიურ რეაქციებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ენერგიის მისაღებად;
- განასხვავებენ სხვადასხვა აქტიურობის მქონე მეტალების (მაგ.: მაგნიუმი და სპილენძი, რკინა და სპილენძი) მონაწილეობით მიმდინარე ქიმიური რეაქციების ენერგიებს ერთმანეთისაგან.
რეკომენდაციები
- მოსწავლეებმა უნდა შეადარონ ერთმანეთს სხვადასხვა ელეტროქიმიური ელემენტი. მთავარია, დაადგინონ მათი მუშაობის პრინციპი, რომ ენერგია გამოიყოფა ქიმიური რეაქციის შედეგად. დეტალების შესწავლა არ არის საჭირო.
უსაფრთხოება
- აქტივობაში გამოიყენება შაბიამნის განზავებული ხსნარი, რომელიც ნაკლებად სახიფათოა, ვიდრე კონცენტრირებული ხსნარი;
- აქტივობის დროს აუცილებელია დამცავი სათვალეებისა და ხელთათმანების გამოყენება.