აქტივობა 3. რა იწვევს მჟავა წვიმებს?

შესწავლის საგანი/მიზნები

მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ:

  • რომ ატმოსფერო შეიცავს წიაღისეული საწვავის წვის შედეგად წარმოქმნილ ნახშირბადის დიოქსიდს და ეს გაზი შეიძლება გაიხსნას წვიმის წყალში, რაც იწვევს წვიმის წყლის სუსტ მჟავა რეაქციას;
  • როგორ ხვდება და ვრცელდება ჰაერში გოგირდის დიოქსიდი და აზოტის ოქსიდები;
  • რომ ჰაერში გავრცელებული გოგირდის ოქსიდის გახსნა წვიმის მჟავიანობის მომატებას იწვევს;
  • რომ გოგირდის ოქსიდი ჰაერში წარმოიქმნება ადამიანის საქმიანობისა და გეოლოგიური აქტივობების შედეგად;
  • წყლის ნიმუშების მჟავიანობის დადგენა.

 

რესურსები

  • წვიმის წყალი;
  • ნახშირორჟანგის შემცველი მინერალური წყალი;
  • წყალს, მასში გახსნილი გოგირდის დიოქსიდით.

 

აღჭურვილობა/ჭურჭელი

  • ქიმიური ჭიქები, 100 მლ;
  • pH ქაღალდი.

 

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები

მასწავლებელი:

  • ეკითხება მოსწავლეებს, რა იციან ჰაერში ნახშირმჟავა გაზის მნიშვნელობაზე მცენარეებისა და ცხოველებისათვის, ფოტოსინთეზისათვის და ახსენებს მათ, რომ ნახშირორჟანგი ატმოსფეროში ხვდება ბუნებრივი წყაროებიდან;
  • ურიგებს მოსწავლეებს 3 ჭურჭელს სხვადასხვა წყლის ნიმუშით, მაგალითად 1. წვიმის წყალს, 2. წყალს, მასში გახსნილი ნახშირმჟავა გაზით, 3. წყალს, მასში გახსნილი გოგირდის დიოქსიდით და ავალებს, ექსპერიმენტის საშუალებით განსაზღვრონ pH მახასიათებლის მიხედვით, რომელ ჭურჭელში რომელი წყალია;
  • აჩვენებს მოსწავლეებს, მაგალითად, ვულკანის ამოფრქვევის, წიაღისეული საწვავის წვის ვიდეოკლიპებს იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ ხვდება და ვრცელდება ჰაერში გოგირდის დიოქსიდი და აზოტის ოქსიდები.

 

მოსალოდნელი შედეგები

მოსწავლეები:

  • განსაზღვრავენ, რომელ ხსნარს აქვს მჟავა რეაქცია;
  • დაადგენენ, რომ უფრო დაბალი pH-ს მქონე ხსნარები უფრო აგრესიულია კოროზიულობის თვალსაზრისით;
  • განსაზღვრავენ, რომ წიაღისეული საწვავის წვა, მაგ., ტრანსპორტში და ვულკანის ამოფრქვევა იწვევს გარემოს მჟავიანობის მომატებას;
  • წარმოადგენენ მჟავა წვიმების წარმოქმნის რეაქციების თანმიმდევრობას სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებით (ნახატი, დიაგრამა, რეაქციების სქემები).

 

რეკომენდაციები

  • მოსწავლეებმა უნდა გაიხსენონ, რომ ოქსიდები წარმოიქმნება ნივთიერებათა წვის პროცესის შედეგად. ამ კონტექსტში შეიძლება განხილულ იქნას გოგირდისა და ნახშირის წვის რეაქციები;
  • ნახშირმჟავა გაზი, როგორც ფოტოსინთეზის ნედლეული, განიხილება ბიოლოგიაში ფოტოსინთეზის შესწავლის დროს. მთავარია, მოსწავლეები მიხვდნენ, რომ ჰაერში ნახშირმჟავა გაზის არსებობა აუცილებელია საკვების წარმოებისათვის. (კავშირი ბიოლოგიასთან);
  • ზოგიერთი ინტერნეტ-საიტზე, მაგ., http://www.epa.gov/acidrain/education/ განთავსებულია ვულკანის ამოფრქვევის ვიდეო მასალა, რომელთა გამოყენება შესაძლებელია გაკვეთილზე;
  • მოსწავლეებს უკვე აქვთ წარმოდგენა წვის რეაქციების სიტყვიერ განტოლებებზე. შეიძლება ზოგიერთმა მოსწავლემ დაწეროს რეაქციების სიმბოლური განტოლებები.

  

უსაფრთხოება

  • გოგირდის დიოქსიდი ტოქსიკური/მომწამლავი ნივთიერებაა, ამასთან, იწვევს მასალების კოროზიას. ამიტომ ხსნარები უნდა განთავსდეს საცობიან ბოთლებში;
  • განსაკუთრებით უნდა გაფრთხილდნენ ასთმით დაავადებული მოსწავლეები, რომ არ შეისუნთქონ გოგირდის დიოქსიდი. სასურველია, ექსპერიმენტი ჩატარდეს ამწოვ კარადაში.