აქტივობა 18. ძვლის ქიმიური შედგენილობა

მიზანი:

მოსწავლემ მოიპოვოს ინფორმაცია ცხრილიდან, იმსჯელოს ძვლოვანი სისტემის დანიშნულებისა და ქიმიური შედგენილობის შესახებ.

 

რესურსები:

საინფორმაციო ტექსტი თანდართული ცხრილით და კითხვებით.

 

მსვლელობა:

1. მასწავლებელი სვამს კითხვას:

1. ივარაუდეთ, რა შეიცვლება ორგანიზმში, ძვლოვანმა სისტემამ უეცრად რომ შეწყვიტოს მოქმედება?

(მოსწავლეები ასახელებენ სხვადასხვა მოსაზრებებს: ვეღარ ვამოძრავებთ სხეულის ნაწილებს, სხეული დაკარგავს მუდმივ ფორმას, შინაგანი - ორგანოები საყრდენს, შეწყდება სისხლის უჯრედების წარმოქმნა).

2. შევაჯამოთ ყველა ჩამოთვლილი მოსაზრება და გამოვიტანოთ დასკვნა, რა ძირითად ფუნქციებს ასრულებს ძვლოვანი სისტემა?

(საყრდენ-მამოძრავებელს _ ძვლები კუნთებთან ერთად ადამიანის საყრდენი სტრუქტურაც არის და მოძრაობის ორგანოც; დამცველობითს - ძვლები შემოსაზღვრავენ და იცავენ შინაგან ორგანოებს; სისხლმბადს - ძვლის შიგნით არსებული სისხლმბადი ქსოვილი წარმოქმნის სისხლის უჯრედებს).

 

2. მასწავლებელი ურიგებს კლასს მცირე საინფორმაციო ტექსტს თანდართული ცხრილით და კითხვებით: სთხოვს იმუშაონ წყვილებში, გაანალიზონ ცხრილში მოცემული ინფორმაცია და უპასუხონ კითხვებს წერილობით.

 

საინფორმაციო ტექსტი:

რამდენიმე მოსწავლემ ცხოველების ძვლების ქიმიური შედგენილობის კვლევა ჩაატარა. ექსპერიმენტის პირველ ნაწილში მათ ერთი და იგივე ცხოველის ძვლები 250oC-მდე გააცხელეს. შემდგომ ეტაპზე ძვლების მეორე ნახევარი 24-სთ-ის განმავლობაში მარილმჟავას კონცენტრირებულ ხსნარში მოათავსეს. ექსპერიმენტის შედეგები მოცემულია ცხრილში:

  

გაანალიზე ცხრილში მოცემული ინფორმაცია და უპასუხე კითხვებს:

1. მოიფიქრე, როგორ შეიცვლებოდა ძვალი თითოეული ცდის შემდეგ, ახსენი შენი მოსაზრება და შეავსე ცხრილის შესაბამისი თავისუფალი უჯრა.

(250oC-მდე გახურების შემდეგ ძვალში დაიწვებოდა ორგანული ნივთიერებები, რომელთა უმეტესობა ცილებით არის წარმოდგენილი, ამიტომ ძვალი გახდებოდა მყიფე, მსხვრევადი და დაიშლებოდა. მჟავაში მოთავსების შემდეგ ძვალი დაკარგავდა მინერალურ მარილებს, და შესაბამისად სიმტკიცესაც, ამიტომ გახდებოდა დრეკადი და ელასტიური).

2. რამ გამოიწვია ძვლის მასის ცვლილება გახურების შედეგად? მჟავას ზემოქმედების შედეგად?

(გახურების შედეგად ორგანული ნივთიერება დაიშალა და დაიწვა, ხოლო აირები, რომლებიც ამ წვის შედეგად გამოიყო (ნახშირორჟანგი და წყალი) აორთქლდა. მჟავით დამუშავების შედეგად მჟავაში გამოილექა ძვლის შემადგენელი მინერალური მარილები, რამაც შეცვალა ძვლის თავდაპირველი მასა).

3. რომელი ორგანული და არაორგანული ნივთიერებები ჭარბობს ძვლის ქსოვილში?

(ორგანული ნივთიერებებიდან - ცილები, ხოლო არაორგანულიდან - კალციუმის მარილები).

4. შენი აზრით, როგორი თანაფარდობა იქნება ორგანულ და არაორგანულ ნივთიერებებს შორის ბავშვის ორგანიზმში?

(ბავშვის მზარდი ორგანიზმის ძვლებში ცილების პროცენტული რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე არაორგანული მარილების, ამიტომ ბავშვის ძვლები უფრო ელასტიურია).

5. როგორ ფიქრობ, რა იწვევს ძვლების ხშირ მოტეხილობას ასაკოვან ადამიანებში?

(ასაკოვან ადამიანებში ძვლის ქსოვილიდან ხშირად მიმდინარეობს კალციუმის გამოდევნა, მეორე მხრივ, შეფერხებულია ცილის სინთეზი. შესაბამისად, ასაკთან ერთად ცილებისა და მინერალური მარილების რაოდენობა მცირდება, ძვალი იფიტება და სუსტდება, რაც შესაძლოა მოტეხილობის მიზეზი გახდეს).

6. მოცემული ცხრილის მიხედვით გამოიანგარიშე ცილისა და მინერალური მარილების პროცენტული მაჩვენებელი ძვლებში; ჩათვალე, რომ გახურებისას ორგანული ნივთიერებები ბოლომდე დაიწვა, ხოლო მჟავას ზემოქმედებით ძვლის მინერალური მარილები სრულად გაიხსნა. 

ძვლის ტიპი - ცხრილი


3. მასწავლებელი ისმენს რამდენიმე წყვილის პრეზენტაციას, აკეთებს კომენტარებს, იძლევა შეფასებას.

ცხრილის შევსებული ფორმა:

ძვლის ტიპი - შევსებული


სასარგებლო ინტერნეტლინკები:

საყრდენ–მამოძრავებელი სისტემა ადამიანსა და ცხოველებში

პრეზენტაციები მოძრაობის ფორმებისა და ორგანოების შესახებ