აქტივობა 10. არსებობისათვის ბრძოლა

მიზანი:

მოსწავლემ დაახასიათოს არსებობისათვის ბრძოლის ფორმები, იმსჯელოს თითოეულ მათგანზე, წარმოადგინოს მისი მაგალითები სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებით, მაგ: ფოტო– ან ვიდეომასალით.

 

რესურსები:

არსებობისათვის ბრძოლის სხვადასხვა ფორმების ამსახველი სურათები, ოთხი ილუსტრაცია სათაურის გარეშე ელ.ფორმატში ჯგუფებში სამუშაოდ, ტექსტი გამოტოვებული სიტყვებით გათვლილი მოსწავლეთა რაოდენობაზე.

მსვლელობა:

1. მასწავლებელი აჩვენებს კლასს სურათებს და სვამს კითხვას:
– რა აერთიანებს ამ სურათებს?

ბრძოლის სხვადასხვა ფორმა

ა) შიდასახეობრივი; ბ) შიდასახეობრივი; გ) სახეობათშორისი;

დ) გარემოს არახელსაყრელ პირობებთან ბრძოლა.

 

მასწავლებელს მიყავს მოსწავლეები დასკვნამდე, რომ ბუნებაში მუდმივად მიმდინარეობს ერთგვარი შეჯიბრი, ბრძოლა სხვადასხვა ორგანიზმებს შორის საარსებო რესურსების მოსაპოვებლად. სურათებზე ასახულია დაპირისპირება ცოცხალ ორგანიზმებს შორის, რაც ზოგიერთ შემთხვევაში უშუალო ბრძოლის სახეს იღებს, ზოგჯერ კი ასახავს გარემოს არახელსაყრელ პირობებთან ბრძოლის შედეგს.

მასწავლებლის კითხვები:

1. რა იწვევს შეჯიბრს, კონკურენციას ცოცხალ ორგანიზმებს შორის? (გამრავლების მაღალი ინტენსივობა და საარსებო რესურსების ნაკლებობა).
2. რა შემთხვევაში იქნება კონკურენცია უფრო დაძაბული? (როდესაც არსებობისათვის საჭირო პირობები მსგავსია, ანუ რაც უფრო ახლოა ტაქსონომიური თვალსაზრისით ორგანიზმები, მაგ: ერთი სახეობის ინდივიდებს სჭირდებათ ერთი და იგივე საკვები, საარსებო სივრცე, მეწყვილე გამრავლებისათვის და სხვ, ამიტომ მათ შორის კონკურენცია ძლიერ მაღალია).
3. როგორ განმარტავდით ტერმინს არსებობისათვის ბრძოლა? (ინდივიდის ბრძოლა, რათა გადარჩეს და დატოვოს შთამომავლობა).
4. ვის და რას შორის შეიძლება წარიმართოს ბრძოლა? ცოცხალ ორგანიზმებს შორის, ცოცხალ ორგანიზმებსა და გარემოს არახელსაყრელ ფაქტორებს შორის.


2. მასწავლებელი ატარებს მინი-ლექციას არსებობისთვის ბრძოლის სხვადასხვა ფორმების შესახებ, მისი გამომწვევი მიზეზებისა და მნიშვნელობის შესახებ ბუნებრივი გადარჩევის პროცესში.

3. მასწავლებელი ყოფს კლასს ოთხ ჯგუფად; გამოაქვს ეკრანზე ოთხი ილუსტრაცია სათაურის გარეშე და უნაწილებს მათ ჯგუფებს:

ინსტრუქცია ჯგუფებში სამუშაოდ:

ა) ამოიცნონ არსებობისათვის ბრძოლის ფორმა, რომელიც ილუსტრაციაზეა გამოსახული;

ბ) დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილება;

გ) დაახასიათონ ბრძოლის აღნიშნული ფორმა;

დ) მოიყვანონ არსებობისათვის ბრძოლის ამ ფორმის სხვა მაგალითები.

 

არსებობისათვის ბრძოლის ფორმები

ა) გარემოს არახელსაყრელ პირობებთან ბრძოლა, ბ) სახეობათშორისი,

გ) გარემოს არახელსაყრელ პირობებთან ბრძოლა, დ) შიდასახეობრივი

 

4. სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯგუფები წარადგენენ თავიანთ პრეზენტაციებს. მასწავლებელი აკეთებს კომენტარებს, იძლევა შეფასებას.

5. დასასრულს მასწავლებელს გამოაქვს ეკრანზე ტექსტი გამოტოვებული სიტყვებით და სთხოვს ბავშვებს, იმუშაონ ინდივიდუალურად და შეავსონ ეს ადგილები სათანადო ტერმინებით.

 

 

არსებობისათვის ბრძოლა

ცნობილია, რომ ცოცხალ ბუნებაში ორგანიზმებს ახასიათებთ გამრავლების მაღალი ინტენსივობა, ხოლო მეორე მხრივ, არ არსებობს სამყოფი რესურსები სქესობრივი სიმწიფის ასაკამდე მისაღწევად. ამიტომ ცოცხალ ორგანიზმთა შორის ჩნდება –––––––––––––– ნებისმიერი საარსებო რესურსის მოსაპოვებლად. სხვა სიტყვებით, ბუნებაში მუდმივად მიმდინარეობს ე.წ. ––––––––––––––––––––––. ცხადია, ამ ბრძოლაში გამარჯვებული აღმოჩნდება უფრო ძლიერი და მოცემულ პირობებს უკეთ –––––––––––––––– ორგანიზმები. შეიძლება ითქვას, რომ ბუნება თავად აწარმოებს ––––––––––––––––––– , რომლის შედეგად გადარჩებიან და შთამომავლობას ტოვებენ ორგანიზმები, რომელთაც კონკრეტულ საარსებო გარემოში სხვებთან შედარებით სასარგებლო ნიშან–თვისებები აღმოაჩნდებათ.

არსებობს –––––––––––––––––––––– სამი ფორმა. მათ შორის ყველაზე უფრო დაძაბულია ––––––––––––––––––––– ბრძოლა, რადგან ერთი სახეობის ინდივიდებს ერთი და იგივე სასიცოცხლო რესურსი – საკვები, საცხოვრებლად და გასამრავლებლად საჭირო ტერიტორია სჭირდება. შესაბამისად, კონკურენცია მათ შორის მეტად მაღალია. –––––––––––––––––––––––– ბრძოლა სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლებს შორის ასევე მწვავედ მიმდინარეობს, თუ სახეობები ეკუთვნიან ერთსა და იმავე გვარს, ოჯახს; ან სჭირდებათ მსგავსი საარსებო პირობები. ბრძოლის ეს ფორმა მოიცავს პირდაპირ ურთიერთობებს, როგორიცაა მტაცებელი – მსხვერპლი, პარაზიტი – მასპინძელი, მცენარე – ბალახისმჭამელი ცხოველი. ––––––––––––––––––––––––––ბრძოლა მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს შიდასახეობრივ ბრძოლაზე და ამძაფრებს მას. რადგან ერთი სახეობის ინდივიდები ერთმანეთს ეჯიბრებიან არსებობის აბიოტური ფაქტორების – სინათლის, სითბოს, ტენის და სხვათა მიღებაში. ორგანიზმების ბრძოლა გარემოს არახელსაყრელ პირობებთან სხვადასხვა ––––––––––––––––– ვლინდება. მაგალითად, წყლის დეფიციტის პირობებში მობინადრე მცენარეებს სქელი წვნიანი ღეროები, ეკლისმაგვარი ფოთლები და ცვილისებრი შებუსვა აქვთ, რაც გარემოს არახელსაყრელ პირობებთან ბრძოლის შედეგია.

 

 

სავარაუდო პასუხი:

ცნობილია, რომ ცოცხალ ბუნებაში ორგანიზმებს ახასიათებთ გამრავლების მაღალი ინტენსივობა, ხოლო მეორე მხრივ, არ არსებობს სამყოფი რესურსები სქესობრივი სიმწიფის ასაკამდე მისაღწევად. ამიტომ ცოცხალ ორგანიზმთა შორის ჩნდება კონკურენცია ნებისმიერი საარსებო რესურსის მოსაპოვებლად. სხვა სიტყვებით, ბუნებაში მუდმივად მიმდინარეობს ე.წ. არსებობისათვის ბრძოლა ცხადია, ამ ბრძოლაში გამარჯვებული აღმოჩნდება უფრო ძლიერი და მოცემულ პირობებს უკეთ შეგუებული ორგანიზმები. შეიძლება ითქვას, რომ ბუნება თავად აწარმოებს ბუნებრივ გადარჩევას, რომლის შედეგად გადარჩებიან და შთამომავლობას ტოვებენ ორგანიზმები, რომელთაც კონკრეტულ საარსებო გარემოში სხვებთან შედარებით სასარგებლო ნიშან–თვისებები აღმოაჩნდებათ.

არსებობს არსებობისათვის ბრძოლის სამი ფორმა. მათ შორის ყველაზე უფრო დაძაბულია შიდასახეობრივი ბრძოლა, რადგან ერთი სახეობის ინდივიდებს ერთი და იგივე სასიცოცხლო რესურსი – საკვები, საცხოვრებლად და გასამრავლებლად საჭირო ტერიტორია სჭირდება. შესაბამისად, კონკურენცია მათ შორის მეტად მაღალია. სახეობათშორისი ბრძოლა სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლებს შორის ასევე მწვავედ მიმდინარეობს, თუ სახეობები ეკუთვნიან ერთსა და იმავე გვარს, ოჯახს; ან სჭირდებათ მსგავსი საარსებო პირობები. ბრძოლის ეს ფორმა მოიცავს პირდაპირ ურთიერთობებს, როგორიცაა მტაცებელი – მსხვერპლი, პარაზიტი – მასპინძელი, მცენარე – ბალახისმჭამელი ცხოველი. გარემოს არახელსაყრელ პირობებთან ბრძოლა მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს შიდასახეობრივ ბრძოლაზე და ამძაფრებს მას. რადგან ერთი სახეობის ინდივიდები ერთმანეთს ეჯიბრებიან არსებობის აბიოტური ფაქტორების – სინათლის, სითბოს, ტენის და სხვათა მიღებაში. ორგანიზმების ბრძოლა გარემოს არახელსაყრელ პირობებთან სხვადასხვა შეგუებულობებით ვლინდება. მაგალითად, წყლის დეფიციტის პირობებში მობინადრე მცენარეებს სქელი წვნიანი ღეროები, ეკლისმაგვარი ფოთლები და ცვილისებრი შებუსვა აქვთ, რაც გარემოს არახელსაყრელ პირობებთან ბრძოლის შედეგია.

 

6. მასწავლებელი საშინაო დავალების სახით ავალებს ბავშვებს დააკვირდნენ თავიანთ საცხოვრებელ გარემოს, ან მოიძიონ მასალა ინტერნეტში და წარმოადგინონ არსებობისათვის ბრძოლის სხვადასხვა ფორმის მაგალითები სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებით, მაგ: ფოტო_ ან ვიდეომასალით.

  

სასარგებლო ინრენეტლინკები:

დედამიწა და გარემო – ინტერაქტიული თამაში 

გამოცანები, თამაშები, ვიდეოები ეკოლოგიის თემაზე