აქტივობა 1. როგორ განვასხვაოთ სხვადასხვა ტიპის ნიადაგები ერთმანეთისგან

შესწავლის საგანი/მიზნები

მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ:

  • რომ სხვადასხვა ნიადაგს აქვს სხვადასხვა მახასიათებელი, მათ შორის, pH და, რომ ესაისახება მცენარეებზე;
  • როგორ მოიპოვონ მეორადი წყაროებიდან ინფორმაცია მცენარეებზე და მათთვის ოპტიმალური ნიადაგის ტიპის შესახებ;
  • როგორ გამოიყენონ მჟავების, ფუძეებისა და ნეიტრალიზაციის შესახებ მიღებული ცოდნა და დასახონ გეგმა ნიადაგების მჟავიანობის შესამცირებლად;
  • ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა წყაროდან;
  • კვლევის ჩატარება და ანგარიშის დაწერა.

 

რესურსები

  • ნიადაგების ნიმუშები;
  • გამოლექვის ამსახველი ფოტოები, ვიდეო კლიპები.

 

აღჭურვილობა/ჭურჭელი

  • ნიადაგის ტესტირების კომპლექტი.

 

მასწავლებლის სავარაუდო აქტივობები

მასწავლებელი

  • იყენებს მეორად წყაროებს (მაგ.: ფოტოები, ვიდეო კლიპები და სხვა), ახსენებს მოსწავლეებს, რა იციან გამოლექვის შესახებ და სთხოვს ამ ცოდნაზე დაყრდნობით გამოთქვან თავიანთი ვარაუდი, თუ რა ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ნიადაგის ფორმირებაზე. დაადგინონ, რომ ამ თვალსაზრისით მცენარეული საფარი და ნიადაგის ფაუნაც მნიშვნელოვანია;
  • აწოდებს მოსწავლეებს ინფორმაციას სხვადასხვა ტიპის ნიადაგების შესახებ და თუ შესაძლებელია, აცნობს ნიადაგის ტესტირების კომპლექტს. ავალებს მათ, დამატებითი რესურსებიდან მოიპოვონ ინფორმაცია და განსაზღვრონ, რატომ არის ნიადაგის რეაქცია მჟავა ან ტუტე და დასახავენ გზებს ამ რეაქციის გასანეიტრალებლად;
  • ავალებს მოსწავლეებს, გამოიყენონ ნიადაგის ტესტირების/კვლევის კომპლექტი სხვადასხვა ნიადაგის გამოსაკვლევად. გამოიკვლიონ, რომელი მცენარეებია დამახასიათებელი კონკრეტული ნიადაგისათვის (მაგ., მათი სკოლის მიმდებარე ნაკვეთში და სხვა), რა გავლენას ახდენს ნიადაგის ტიპი სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მცენარეების სხვადასხვა მახასიათებლებზე (მაგ., ფერი). ეხმარება მოსწავლეებს, განაზოგადონ მონაცემთა ბაზაში მოპოვებული ინფორმაცია და გამოიყენონ ის საინფორმაციო ბიულეტენის დასამზადებლად.

 

მოსალოდნელი შედეგები

მოსწავლეები:

  • განსაზღვრავენ სხვადასხვა ტიპის ნიადაგებს შორის განსხვავებების დიაპაზონს;
  • ნიადაგის ტესტირების კომპლექტების გამოყენებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრავენ ნიადაგის მჟავიანობის ხარისხს;
  • გამოავლენენ და აღწერენ მცენარეებს, რომლებიც იზრდებიან რომელიმე ერთი ტიპის ნიადაგზე (მაგ.: სკოლის მიმდებარე) და მცენარეებს, რომლებიც ვერ იხარებენ იქ;
  • გამოთქვამენ ვარაუდს, რომელი მეთოდებით არის შესაძლებელი ნიადაგის მჟავა ან ტუტე რეაქციის განეიტრალება.


რეკომენდაციები

  • დასკვნით ეტაპზე მოსწავლეები, ალბათ, გამოიკვლევენ სხვადასხვა ნიადაგს და იქ გავრცელებულ მცენარეებსა და ცხოველებს. მოსწავლეებს მანამდე არ შეუსწავლიათ ნიადაგის მჟავიანობა. ნიადაგის pH შეიძლება შემოწმდეს pH ქაღალდით და არა მხოლოდ ნიადაგის ტესტირების კომპლექტების გამოყენებით;
  • მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა არ დაუკავშირონ ნიადაგის მჟავიანობა მხოლოდ მჟავა წვიმებს. მცენარეებთან (ფესვებთან) კონტაქტი აძლიერებს ნიადაგის მჟავიანობას;
  • დამატებით, მოსწავლეებმა შეიძლება კონკრეტული ნიადაგის შესწავლისას აღმოაჩინონ ველური ყვავილები, რომლებიც მასზე ხარობს, აგრეთვე გაცვალონ მათ ხელთ არსებული ინფორმაციები სხვა სკოლის მოსწავლეებთან ელექტრონული ფოსტისა და ინტერნეტის საშუალებით.

 

უსაფრთხოება

  • უნდა შემოწმდეს, ხომ არ არის მოსწავლეების მიერ შეგროვებული ნიადაგები ცხოველთა ფეკალიებით დაბინძურებული;
  • ნიადაგებზე მუშაობის დასრულების შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა.