ზეპირი მოხსენება.

რესურსები

მოსწავლეებს ხელი უნდა მიუწვდებოდეთ პრეზენტაციისათვის საჭირო ტექნიკურ საშუალებებზე, მაგალითად, კომპიუტერზე, პროექტორზე.

 

აქტივობის შესახებ

ზეპირი მოხსენების მომზადება მოსწავლეებს უვითარებს მიზნისა და აუდიტორიისთვის შესაფერისი ტექსტის აგების/ორგანიზების უნარს. ეს კი მოითხოვს კრიტიკულ კითხვას, ჩანაწერების, მონახაზის გაკეთებას, რეზიუმირებას. აუდიტორიისთვის ინფორმაციის უკეთ მისაწოდებლად მიზანშეწონილია ვიზუალური საშუალებების, სქემების, გრაფიკების, რუკების, სლაიდების, პროექტორის გამოყენება. მას- წავლებელი ცდილობს, ზეპირი მოხსენება მჭიდროდ დაუკავშიროს სასწავლო პროცესის კონკრეტულ საკითხს. გთავაზობთ რამდენიმე ნიმუშს:

ა. მოხსენება, როგორც კითხვის განვრცობა. მაგალითად, წაიკითხეს მოთხრობა, შეარჩიეს მოქმედების ადგილი და გადაწყვიტეს, მოამზადონ მოხსენება ამ ადგილის/რეგიონის ადათ-წესებისა და ტრადიციების შესახებ.  შესაძლებელია მოსწავლეებმა აირჩიონ მოქმედების დრო და ზეპირი მოხსენება  ეპოქის ძირითადი მოვლენების, მნიშვნელობანი ამბების შესახებ  მოამზადონ.

ბ. მოხსენება შესასწავლი ტექსტის მიხედვით შექმნილი ფილმის ან სპექტაკლის შესახებ.  ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ მოსწავლეები შეარჩევენ ამ ნაწარმოების მიხედვით შექმნილ ფილმს/სპექტაკლს და ზეპირ მოხსენებად წარმოადგენენ მის მიმოხილვას. მაგალითად, იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა?“ და მისი ეკრანიზაცია. მოხსენებაში მოსწავლეები განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ იმ სხვაობებს, რომლებიც ტექსტსა და კინოვერსიას ახასიათებს.

იმისათვის, რომ მოსწავლეებმა შეძლონ სხვადასხვა აუდიტორიისათვის შესაფერისი სტილის შერჩევა, შეიძლება აქტივობის უფრო გართულებაც. მაგალითად, მასწავლებელი მოსწავლეების მცირე (3-4კაციან) ჯგუფებს, რომელთაც უკვე შეარჩიეს მოხსენების თემა, ურიგებს ბარათებს. ამ ბარათებზე ჩამოწერილია აუდიტორიის შესაძლო ვარიანტები:

  • ჩვეული, კარგად ნაცნობი აუდიტორია: მეგობრები, თანაკლასელები;
  • უმცროსკლასელები;
  • უცნობი აუდიტორია: სკოლის სტუმრები სხვა რეგიონიდან.

 

შეფასება

მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად უნდა ჩამოაყალიბოს ზეპირი მოხსენების შეფასების კრიტერიუმები. გთავაზობთ შეფასების კითხვარის ნიმუშს:

მასწავლებლის მიერ ზეპირი მოხსენების შეფასების კითხვარი

 ზეპირი მოხსენების შეფასების კითვარი

  

მეთოდური მითითება

მნიშვნელოვანია, რომ ზეპირი მოხსენების დროს კლასში შეიქმნას სასურველი გარემო. სკამები ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ აუდიტორია უყურებდეს მომხსენებელს. მომხსენებელიც უნდა ხედავდეს მსმენელებს. გასათვალისწინებელია, რომ მსმენელებს ჰქონდეთ ჩანაწერების გაკეთების საშუალება. შესაძლებელია მოხსენებით მიღებული ინფორმაციის განვრცობა დისკუსიის ან წერილობითი პასუხების მეშვეობით.