ვწერთ ბიოგრაფიას.

აქტივობის შესახებ

აქტივობა ემსახურება მოვლენებისა და ფაქტების თანამიმდევრულად გადმოცემის უნარის გამომუშავებას, წერითი მეტყველების განვითარებას. აქტივობა ნაწილობრივ ფარავს, აგრეთვე, ამავე კლასის მე-16 შედეგს (ქართ. VI. 16).


აქტივობის მიზნები

 

  • ინფორმაციის მოძიების, დახარისხებისა და ორგანიზების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • მოვლენებისა  და ფაქტების  თანამიმდევრულად  გადმოცემის  უნარ-ჩვევების განვითარება;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • წერითი მეტყველების განვითარება.

 


აქტივობის ორგანიზების ფორმა

ინდივიდუალური.


რესურსები

სანიმუშოდ შერჩეული ბიოგრაფიული ტექსტი, წყაროები ბიოგრაფიული ტექსტის შესაქმნელად, კალამი, რვეული.


აქტივობის აღწერა

მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრება ბიოგრაფიული ტექსტების, მათი სპეციფიკის შესახებ; შეახსენებს მათ, რომ ბიოგრაფიის სუბიექტი (პირი, ვისზეც იწერება ბიოგრაფია)  შეიძლება იყოს მეტნაკლებად ცნობილი ისტორიული პირიც და თანამედროვე ადამიანიც.4

სანიმუშოდ მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს ერთ-ერთ ბიოგრაფიულ ტექსტს,

 

 

რომელსაც კლასში წაიკითხავენ. მასწავლებლის ხელმძღვანელობით, მოსწავლეები დააკვირდებიან ბიოგრაფიული ტექსტის ენობრივ, სტილისტურ და სტრუქტურულ თავისებურებებს (აღწერითი ხასიათი, ქრონოლოგიური თანამიმდევრობის დაცვა, თხრობა მესამე პირში, სხვ.).

მასწავლებელი შესთავაზებს მოსწავლეებს, დაწერონ ბიოგრაფიული ტექსტი. მოსწავლეებ შეარჩევენ ბიოგრაფიის სუბიექტს. ის შეიძლება იყოს მწერალი, რომლის ნაწარმოებსაც სწავლობენ, ისტორიული პირი, სპორტსმენი, მსახიობი, მუსიკოსი და ა.შ.

ბიოგრაფიული ტექსტის შესაქმნელად მოსწავლეები, პირველ რიგში, უნდა გაეცნონ მასალებს შერჩეული სუბიექტის შესახებ. მოსწავლეები განსაზღვრავენ, რა წყაროებით ისარგებლებენ ტექსტის შესაქმნელად (ბიოგრაფიის წყაროების შესახებ  იხ. მეთოდური მითითებები, ¹1). ამ ეტაპზე მოსწავლეებს შეუძლიათ შემოიფარგლონ 2-3 წყაროთი.

მასალების ანალიზის, დახარისხებისა და ორგანიზების პროცესის უკეთ წარმართვის

მიზნით, მასწავლებელი შესთავაზებს ბავშვებს,  მუშაობის დროს მოამზადონ:

ა) ”ცხოვრების ხაზი” - მოსწავლეები შექმნიან სუბიექტის ცხოვრების მნიშვნელოვანი თარიღების ჩამონათვალს დაბადებიდან სიკვდილამდე. ეს ჩამონათვალი უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, 6-8 მოვლენას/ფაქტს;

ბ) პორტრეტი  - მოსწავლეები დახატავენ სუბიექტის პორტრეტს; მიუთითებენ, რას ფიქრობდა სუბიექტი თავისი ცხოვრების სამ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე;

გ) ციტატები - მოსწავლეებმა უნდა მოიყვანონ, სულ მცირე, ორი ციტატა - სუბიექტის აზრები, გამონათქვამები, რომლებიც, ბიოგრაფიის ავტორის აზრით, საუკეთესოდ ასახავს სუბიექტის საუბრის სტილის, მის აზრებსა და შეხედულებებს.

დ) ე.წ. ”გულის  რუკა”  –  ესაა  გრძნობების, ემოციების,  დამოკიდებულებების ამსახველი გრაფიკული მაორგანიზებელი. მოსწავლეები დახატავენ /გამოსახავენ გულს. შემდეგ ამ გამოსახულებას შეავსებენ სიტყვებით/სურათებით, რომლბიც ასახავენ სუბიექტის გრძნობებს, ემოციებს, დამოკიდებულებებს ადამიანების/საგნების/მოვლენების, სხვ. მიმართ. გულის რუკაზე” შეიძლება, მაგ., გამოისახოს: ბიოგრაფიის სუბიექტის საყვარელი წიგნის სახელწოდება; ეკლესია (თუკი ბიოგრაფიის სუბიექტი რელიგიური ადამიანია), სუბიექტის ოჯახის ამა თუ იმ წევრის, მეგობრის, მასწავლებლის სახელები (თუკი მათ მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ სუბიექტის ცხოვრებაში), სუბიექტის ჰობი (მაგ., შეიძლება გამოისახოს თევზი და/ან ანკესი, თუკი სუბიექტი გატაცებულია თევზაობით); სახელები იმ ადამიანებისა, რომელთა მოღვაწეობამ/შემოქმედებამ გავლენა მოახ- დინა სუბიექტზე, სხვ.

ამგვარად ორგანიზებული ინფორმაცია ცალკეული თემების და მათთან დაკავშირებული დეტალების სახით შევა ბიოგრაფიულ ტექსტში. საჭიროებისამებრ, ტექსტის შედგენისას მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიყენონ მიზეზ-შედეგობრივი და/ან სხვა მიმართებების ამსახველი კავშირები/კონსტრუქციები  (მაგ., ”..-ის  გამო ბიოგრაფიის  სუბიექტმა იმოქმედა ამგვარად...”, სხვ.) მასალების ანალიზის, დახარისხებისა და ორგანიზების დროს მიღებული მონაცემებისა და დასკვნების საფუძველზე, მოსწავლეები  დაწერენ  ბიოგრაფიულ ტექსტს.


შეფასება

აქტივობით ფასდება,  შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

 

  • ბიოგრაფიული ტექსტის სტრუქტურის გააზრება;
  • ინფორმაციის მოძიება, გაანალიზება, დახარისხება და ორგანიზება;
  • მოვლენების/ფაქტების გადმოცემა ქრონოლოგიური თანამიმდევრობის დაცვით;
  • ორგანიზებული ინფორმაციის ნაშრომში ასახვა (თემების სახით);

 

სათანადო ენობრივ-სტილისტური ნორმების გამოყენება, ირიბი ნათქვამისა და ციტირების მართებულად გამოყენება, მიზეზ-შედეგობრივი და/ან სხვა მიმართებების ამსახველი კავშირების/კონსტრუქციების მართებულად გამოყენება.


მეთოდური მითითებები

  • ბიოგრაფიული  ტექსტის შედგენისას ავტორი  ეცნობა და ამუშავებს  წყაროებს სუბიექტის შესახებ. წყაროები ორი ტიპისაა: ა) პირველადი წყაროები: თავად ბიოგრაფიის სუბიექტი  (თუკი ბიოგრაფია იწერება თანამედროვე ადამიანზე, საუკეთესო საშუალებაა, ავტორი პირადად შეხვდეს და გაესაუბროს მას), დღიურები, წერილები, ინტერვიუები ბიოგრაფიის სუბიექტთან, ავტობიოგრაფია/ავტობიოგრაფიული ჩანაწერები (დაწერილი ბიოგრაფიის სუბიექტის მიერ), სამახსოვრო ჩანაწერები, ფოტოები, საისტორიო წყაროები/ცნობები; მოგონებები იმ პირებისა, რომლებიც იცნობდნენ ბიოგრაფიის სუბიექტს. მეორადი წყაროები: წიგნები, ალბომები, ვებგვერდები და სხვა ელექტრონული რესურსები, საჟურნალო/საგაზეთო/სტატიები, სხვ. - ზოგადად, მთელი ის ინფორმაცია, რომელიც მოგვითხრობს ბიოგრაფიის სუბიექტის შესახებ.
  • მოსწავლეების უკეთ ორიენტაციის მიზნით, სასურველია, მასწავლებელმა მოს- წავლეებს აჩვენოს მასალის ორგანიზების მოდელი. ამ მიზნით მასწავლებელს შეუძლია, კლასში წაკითხულ ბიოგრაფიულ ტექსტზე დაყრდნობით, მოამზადოს და დაფაზე გამოსახოს ”ცხოვრების ხაზი”, ”გულის რუკა” და სხვ.  კარგი იქნება, თუკი ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან მოსწავლეებიც.


კავშირი სხვა საგნებთან

აქტივობა ავითარებს ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევებს, რომლებიც თანაბრად საჭიროა ნებისმიერი ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების შესწავლის დროს.

 

 

WordSection1">

4. ბიოგრაფია (ისევე, როგორც ავტობიოგრაფია), საზოგადოდ, წარმოადგენს აღწერითი ტიპის ტექსტს, რომელშიც გამოყენებულია ნარატიული ტიპის ტექსტის გარკვეული ელემენტებიც. ბიოგრაფიის ტიპის ტექსტების შედგენისას, ძირითადად, გამოიყენება 3 მეთოდი/მიდგომა. ესენია: 1. ისტორიული - იგი ფოკუსირებულია თარიღებისა და მოვლენების გადმოცემაზე ქრონოლოგიური თანამიმდევრობის დაცვით. ამ ტიპის ბიოგრაფიული ტექსტები ყველაზე ფართოდაა გავრცელებული; 2. სოციოლოგიური -  იგი სუბიექტის ცხოვრების გადმოცემისას ფართოდ იყენებს ისტორიულ კონტექსტს (აღწერს სათანადო პერიოდის საოჯახო ცხოვრებას, კვებას  და საკვებ  პროდუქტებს,  მედიცინას, სატრანსპორტო საშულებებს, ეკონომიკას, განათლების სისტემას, მოდას, სამეურნეო სისტემას, არქიტექტურას და ა.შ.); 3. ფსიქოლოგიური - სუბიექტის ცხოვრების გადმოცემისას ფოკუსირებულია კონფლიქტებზე, რომელიც ბიოგრაფიის სუბიექტს აქვს სხვებთან - ოჯახის და/ან საზოგადოების წევრებთან, ბუნებასთან, საკუთარ თავთან, სხვ. ამ ტიპის ბიოგრაფიებში შეიძლება აღწერილი იყოს არა სუბიექტის მთელი ცხოვრება, არამედ ერთი რომელიმე ეპიზოდი, რომელშიც, ავტორის აზრით, უკეთ იკვეთება ბიოგრაფიის სუბიექტის ხასიათი. ზემოთ წარმოდგენილი აქტივობა ფოკუსირებულია ისტორიული ბიოგრაფიის ტიპზე, რომელიც ქრონოლოგიური თანამიმდევრობით გადმოგვცემს მოვლენებსა და ფაქტებს.