ვითომ, ვითომ...

რესურსები

იმ შემთხვევაში, თუ სიტუაციები გათამაშდება, შესაბამისი რეკვიზიტი, მაგალითად, ”მძიმე” ხელჩანთა, ფლომასტერები, ბურთი, ხურჯინი და ა.შ.


აქტივობის აღწერა

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს რამდენიმე სიტუაციას:

1. მათ უნდა წარმოიდგინონ, რომ ხვდებიან სხვადასხვა ადამიანს, რომლებსაც უნდა მოესალმონ და მოიკითხონ, შემდეგ კი გამოემშვიდობონ, მაგალითად:

  • დიდი ხნის უნახავ  მეგობარს;
  • ბაღის მასწავლებელს;
  • ბებია-ბაბუას.

2.  მათ უნდა წარმოიდგინონ, რომ სთავაზობენ დახმარებას:

  • მოხუცებულს, რომელსაც უჭირს სიარული და მოაქვს ხელჩანთა;
  • მეგობარს, რომელმაც ხატვის გაკვეთილზე აღმოაჩინა, რომ სახლში დარჩა ფლომასტერები/ფერადი ფანქრები;
  • დედას, რომელსაც  დაუგროვდა გასარეცხი ჭურჭელი;
  • ბაბუას ყურძნის კრეფაში.

3.   მათ უნდა წარმოიდგინონ, რომ მადლობას უხდიან:

  • ამხანაგს, რომელმაც დაპატიჟა დაბადების დღეზე;
  • დედის მეგობარს, ნინო დეიდას, რომელმაც ლამაზად ილუსტრირებული წიგნი აჩუქა;
  • მეზობლის ბიჭს, ცამეტი-თოთხმეტი წლის რეზის, რომელმაც ხეზე შერჩენილი ბურთი ჩამოუღო;
  • ბებიას, რომელმაც სოფლიდან ჩურჩხელები, ტკბილი ტყლაპი და თათარა/ფელამუში ჩამოუტანა.

 

შეფასება

შეფასდება განსხვავებულ სამეტყველო სიტუაციებში მოსწავლის ადეკვატურად რეაგირების, სამეტყველო ეტიკეტის,  ენობრივი ფორმულების გამოყენების უნარი; შესაბამისი ლექსიკის ცოდნა და გამოყენების უნარი.

 

მეთოდური მითითება

ამ სიტუაციების გათამაშება შესაძლებელია არა მარტო I, არამედ II–III კლასებშიც.