ვინ? რა? როგორი?

აქტივობის შესახებ

ეს  აქტივობა მოსწავლეს აძლევს საშუალებას, შეისწავლოს და დაამუშავოს გრამატიკული საკითხები. იგი სასარგებლოა იმ თვალსაზრისითაც, რომ ხელს უწყობს მოსწავლეთა სხვადასხვა დონის კოგნიტური უნარების (გაგების, გააზრებისა და გამოყენების) დაუფლებას.

 

აქტივობის მიზანი

მოსწავლეები

1. ივარჯიშებენ არსებითი სახელების ამოცნობაში;

2. ივარჯიშებენ ზედსართავი სახელების ამოცნობაში;

3. გაიაზრებენ ტექსტის შინაარსს;

4. გაიხსენებენ ნაცნობ ზედსართავ სახელებს;

5. იმუშავებენ  დამოუკიდებლად.

 

რესურსები

 საკითხავი ტექსტი, დაფა, ცარცი/ბორდმარკერი,  რვეული,  საწერი  კალამი.

 

აქტივობის აღწერა

1. მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს, დაასახელონ წაკითხული ტექსტიდან ყველა არსებითი სახელი, რომლებსაც მოსწავლეების კარნახით ჩამოწერს დაფაზე. მოსწავლეები კი გადაიწერენ მათ რვეულებში.

2. ამის შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დამოუკიდებლად დაძებნონ და არსებით სახელებს გასწვრივ მიუწერონ ის სიტყვა (ან სიტყვები), რომელიც ახასიათებს თითოეულ მათგანს (ზედსართავი სახელი).

3. ბუნებრივია, ტექსტში ყველა არსებით სახელს შესაძლებელია არ ახლდეს ზედსართავი. ამიტომ, მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ასეთ არსებით სახელებს თავად შეურჩიონ შესაბამისი ზედსართავი სახელები ტექსტის შინაარსის გათვალისწინებით.

4. როდესაც ყველა სიტყვას დააწყვილებენ,  მოსწავლეებმა უნდა  მოახსენონ დამატებითი  ზედსართავი სახელები არსებითი სახელების დასახასიათებლად, - ოღონდ ტექსტის შინაარსისგან დამოუკიდებლად.

  

შეფასება

 ამ აქტივობით შეგვიძლია შევაფასოთ, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • არსებითი სახელების ამოცნობა;
  • ზედსართავი სახელების ამოცნობა;
  • ტექსტის შინაარსის გააზრების საფუძველზე ზედსართავი სახელების მისადაგება არსებითი სახელებისთვის;
  • ნაცნობი სიტყვების (ზედსართავი სახელების) გახსენება;
  • დამოუკიდებლად მუშაობა.

 

მეთოდური მითითება

თუ მასწავლებელი ამ ტიპის აქტივობას უფრო მაღალ კლასებშიც გამოიყენებს, მას შეუძლია გაართულოს იგი და მოსთხოვოს მოსწავლეებს, მაგალითად, დააჯგუფონ არსებითი და ზედსართავი სახელები შინაარსისა და ფორმის მიხედვით. ამგვარი აქტივობის გამოყენება შეიძლება სხვა მეტყველების ნაწილების დასამუშავებლადაც.