წინადადებაში ნახატის ნაცვლად სიტყვის ჩასმა.

აქტივობის შესახებ

აქტივობა ემსახურება ვიზუალური წიგნიერებისა და, ზოგადად, სემიოტიკური კომპეტენციის საწყისის უნარების გამომუშავებას.

 

აქტივობის მიზნები

  • მოსმენილი  ინფორმაციის  წერაში ტრანსფერირება (გადატანა);
  • ვიზუალური ინფორმაციის წერაში ტრანსფერირება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა

ინდივიდუალური.

 

რესურსები

რვეული, სახელმძღვანელო, კალამი.

 

აქტივობის აღწერა

აქტივობა კომბინირებული სახისაა - იგი ფარავს ზეპირმეტყველებისა და წერის მიმართულებებს.

აღნიშნული აქტივობა ჯერ მუშავდება ზეპირმეტყველების დონეზე. მოსწავლეებმა ზუსტად უნდა განსაზღვრონ, რომელი სიტყვა უნდა ჩასვან წინადადებაში ნახატის ნაცვლად (ამ ტიპის სავარჯიშოები ხშირადაა მოცემული სახელმძღვანელოებსა და სავარჯიშო რვეულებში). მასწავლებელი გადააშლევინებს მოსწავლეებს სახელმძღვანელოს/რვეულს სათანადო გვერდზე, მოამარჯვებინებს კალმებს და უხსნის მათ წერითი სამუშაოს არსს დეტალური ინსტრუქციის მიცემის გზით. ინსტრუქცია შემდეგი ნაბიჯებისაგან შედგება:

  • გამოიცანით, რომელი სიტყვა უნდა ჩაწეროთ წინადადებაში;
  • გამოცნობის შემდეგ გადაწერეთ წინადადება;
  • გადაწერის დროს სათანადო ადგილზე ჩასვით ნახატის ნაცვლად სიტყვა;
  • წინადადების ბოლოს დასვით წერტილი. მაგ. ”ნინომ (ხატია წიგნი)  წაიკითხა”.

მოსწავლემ უნდა გადაწეროს წინადადება, ამოიცნოს, რომ სიტყვა ”წიგნი” უნდა ჩასვას, დამოუკიდებლად უნდა ჩაწეროს იგი, წინადადების ბოლოს კი დასვას წერტილი.

აქტივობის ხანგრძლივობა: 10-12 წუთი.

 

შეფასება

აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს

  • ნაცნობი ორთოგრაფიული ხატის მქონე სიტყვების დამოუკიდებლად ჩაწერა;
  • ზეპირი და/ან ვიზუალური ინფორმაციის წერაში ტრანსფერირება.