წერტილების შეერთებით ასოს ნიმუშის გამოწერა.

აქტივობის შესახებ

აქტივობა ემსახურება წერისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

 

აქტივობის მიზნები

  • ანბანის ასოების ამოცნობა;
  • ნატიფი მოტორიკის განვითარება;
  • წერის მიმართულების დაცვა;
  • წერის პროცესის გააზრება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა

 ინდივიდუალური.

 

რესურსები

სავარჯიშოების რვეული, სახელმძღვანელო, კალამი, საჩვენებელი ჯოხი, დაფა, ცარცი/მარკერი. შესაძლებელია ანბანლაკატის, ლოტოს, მოძრავი ანბანის გამოყენებაც.

 

აქტივობის აღწერა

მასწავლებელი მოსწავლეებს დაუსახელებს გამოსაწერ ასოს. მოსწავლეები ანბან-პლაკატზე, სახელმძღვანელოს შესაბამის გვერდზე, საანბანო ლოტოსა თუ მოძრავ ანბანში  ეძებენ და პოულობენ მას. მასწავლებელი ხელის ნელი მოძრაობით დაფაზე წერს გამოსაწერ ასოს (ორჯერ ან სამჯერ), დააფიქსირებინებს მოსწავლეებს, რომ ასოსა და ასოს შორის ერთი უჯრა უნდა გამოტოვონ; უჩვენებს მოსწავლეებს და თან სიტყვიერად უხსნის მათ, საიდან იწყება მოცემული ასოს გამოწერა.

მასწავლებელი  რიგრიგობით  მოიხმობს მოსწავლეებს  დაფასთან და ამეორებინებს მათ ასოს გამოწერის გეზს (ამისათვის მოსწავლეები საჩვენებელ თითს იყენებენ). შემდეგ მასწავლებელი ამოწმებს მოსწავლეთა მზადყოფნას წერითი დავალების შესრულებისთვის (მომარჯვებული აქვთ თუ არა მოსწავლეებს კალმები, სწორად უდევთ თუ არა მერხზე რვეულები, გადაშლილი აქვთ თუ არა რვეულები სათანადო გვერდზე). ამის შემდეგ მოსწავლეები შეუდგებიან მუშაობას - საწერ რვეულში მოცემული ნიმუშების მიხედვით გამოწერენ ასოთა განსაზღვრულ რაოდენობას.

აქტივობის ხანგრძლივობა: 13-15 წუთი.

 

შეფასება

აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს

  • ანბანში  ასოს ამოცნობა;
  • საწერ ბადეში ორიენტირება;
  • წერის მიმართულების დაცვა;
  • ასოს გამოწერა.

 

მეთოდური  შენიშვნა

შეძენილი  ცოდნის გასამყარებლად  და პროცესის გასახალისებლად, აქტივობა შეიძლება გამდიდრდეს იმ ტიპის მარტივი სავარჯიშოთი, როგორიცაა ”ჩაწერე სიტყვაში გამოტოვებული ასო”. მაგ., თუ მოსწავლეები სწავლობენ ასო ”გ”-ს გამოწერას, მასწავლებელს შეუძლია, დაფაზე გამოწეროს ორმარცვლიანი სიტყვები, სადაც აღნიშნული ასო გამოტოვებულია. მოსწავლეებს დაევალებათ სიტყვის სათანადო ასოთი შევსება (მაგ., თა- ვი, ქოლ- ა, გო- რა, -ემი და სხვ). ამ ტიპის სავარჯიშოები  ხშირად სახელმძღვანელოებშიცაა მოცემული.