წერის დღესასწაული.

აქტივობის შესახებ

აქტივობა შემაჯამებელი სახისაა და,  როგორც წესი, ტარდება სემესტრის ან სასწავლო წლის ბოლოს. იგი ემსახურება მოსმენის, მხატვრული წარმოსახვისა და ტექსტის ანალიზის უნარ-ჩვევების  გამომუშავებას. აქტივობა  მოსწავლეებისათ- ვის უფრო სახალისოს გახდის წერითი მეტყველების სწავლების პროცესს და შემოქმედე- ბითობის იერს შესძენს წერით დავალებებზე მუშაობას.

 

აქტივობის  მიზნები

  • მოსმენის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • ტექსტის ანალიზის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • საკუთარი მოსაზრების, დამოკიდებულების, პოზიციის, თვალსაზრისის გამოხატვისა და არგუმენტირების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • მხატვრულად წერის უნარ-ჩვევების განვითარება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა

ჯგუფური.


რესურსები

მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნაწერები, ფურცლები, კალამი, დაფა, ცარცი, მარტივი ჯილდოები/სიგელები.

 

აქტივობის აღწერა

მასწავლებლის დახმარებით, მოსწავლეებმა უნდა შეარჩიონ   სემესტრის/წლის განმავლობაში მათ მიერ შესრულებული ერთ-ერთი ნამუშევარი და ხმამაღლა წაუკითხონ იგი თანაკლასელებს.

მას შემდეგ, რაც ერთი მოსწავლე წაიკითხავს თავის ნამუშევარს, დანარჩენებს დაახლოებით 15 წუთი მიეცემათ საიმისოდ, რომ პატარა ფურცელზე ჩამოწერონ თავიანთი პოზიტიური/დადებითი კომენტარები მოსმენილი ნამუშევრის შესახებ (ნეგატიურ მხარეებს ამ შემთხვევაში ყურადღება არ ექცევა).

მოსწავლეთა წერილობითი კომენტარები წარმოდგენილი უნდა იყოს ორი რუბრიკის სახით (თითოეულ მათგანში ორი პარამეტრია). მასწავლებელი მოსწავლეებს წინასწარ გააცნობს ამ კრიტერიუმებს და დაფაზე ჩამოწერს მათ. წერილობითი კომენტარები ემსახურება როგორც მოსმენისა და შედარების უნარ-ჩვევის განვითარებას, ასევე  მხატვრულად წერის უნარის გამომუშავებას.

ეს რუბრიკებია:

1.       “გონების სარკე(მოსმენის უნარი)

  • ნაწერიდან დააფიქსირე სიტყვა, წინადადება, ფრაზა ან აზრი, რომელიც მო- გეწონა და ახსენი, რატომ მოგეწონა იგი.
  • ნაწერის წაკითხვის შემდეგ ჩაინიშნე, რაზე დაგაფიქრა მეგობრის ნაწერმა.

2.        “გულის სარკე(შედარებისა და მხატვრულად წერის უნარი)

  • ჩაინიშნე, რა გრძნობა, განცდა აღძრა შენში მეგობრის ნაწერმა.
  • შეადარე  ნაწერი  რაღაცას, რომელიც  ახსნის და გადმოსცემს ამ  ნაწერის არსს და/ან ხასიათს.

კომენტარებზე მუშაობის დასრულების შემდეგ  მოსწავლეები ხმამაღლა კითხულობენ თავიანთ კომენტარებს/შეფასებებს მოსმენის დროს გაჩენილი მყისიერი განცდისა და აზრების დასაფიქსირებლად.

აქტივობის ჩატარებისას, დღესასწაულისა და ზეიმის განწყობის შესაქმნელად, საკლასო ოთახიც სადღესასწაულოდ უნდა მოირთოს. ”წერის დღესასწაულს” შეიძლება დაესწრონ მოწვეული სტუმრები: მასწავლებლები, ამხანაგები, მშობლები, სკოლის თანამშრომლები და სხვ. (ამ შემთხვევაში  მოსწავლეებს შეუძლიათ, დაამზადონ მოსაწვევი ბარათები სტუმრებისათვის).

აქტივობის ხანგრძლივობა: მთელი აქტივობის ჩატარებას ესაჭიროება სამი 45-50 წუთიანი გაკვეთილი  (იმ შემთხვევაში, თუ კლასში 20-25 მოსწავლეა).


შეფასება

აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • დასკვნების, პირადი დამოკიდებულებების, შეგრძნებების  წერილობით ჩამოყალიბება;
  • ირიბი ნათქვამისა და ციტატის სწორად გამოყენება;
  • განცდის, შთაბეჭდილების რაიმესთან შედარება;
  • სასურველი მხატვრული ფორმის შექმნა.

 

მეთოდური მითითება

სასურველია, რომ წერის დღესასწაულის დასასრულს, მასწავლებელმა მოსწავლეები დააჯილდოვოს სიგელით, სიმბოლური საჩუქრით და სხვ.