ტექსტი და მე - ტექსტი და ტექსტი - ტექსტი და გარესამყარო.
აქტივობის შესახებ
მოსწავლეებს, რომლებსაც კითხვის დროს შეუძლიათ მხატვრული ტექსტის დაკავშირება საკუთარ გამოცდილებასთან, სხვა ტექსტთან (უკვე წაკითხულ ნაწარმოებთან) და რეალურ ცხოვრებასთან, ბუნებრივია, უკეთ ახერხებენ წაკითხულის გაგებასა და გააზრებას. წარმოდგენილი აქტივობა დაეხმარება მასწავლებელს, ასწავლოს მოსწავლეებს ამგვარი კავშირების დამყარება ტექსტთან.
აქტივობის მიზანი
მოსწავლეები:
- გაეცნობიან სამი ტიპის კავშირს, რომელსაც კითხვის დროს მკითხველი ამყარებს ტექსტთან;
- გაიგებენ და გაიაზრებენ ტექტს.
რესურსები
დაფა, ცარცი/ბორდმარკერი, პლაკატები, ფლომასტერები.
აქტივობის აღწერა
- ტექსტის წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს პლაკატებს, რომლებზეც დიდი ასოებით არის დაწერილი: ”ტექსტი და მე”, ”ტექსტი და ტექსტი”, ”ტექსტი და გარესამყარო” და უხსნის, რას გულისხმობს თითოეული მათგანი. სასურველია, მასწავლებელმა სამივე ტიპის კავშირის საილუსტრაციოდ მოიყვანოს კონკრეტული მაგალითები და ახსნას, რომელი მათგანი უკეთ უწყობს ხელს წაკითხულის გაგებას და რომელი - ნაკლებად (მაგალითად: ა. ”როდესაც მესამე კლასში ვიყავი, მეც გადამიყვანეს სხვა სკოლაში, როგორც ლევანი. მახსოვს, როგორ მენატრებოდა ჩემი ძველი სკოლა, რას ვგრძნობდი, როცა მეგონა, რომ ახალ კლასში ყურადღებას არავინ მაქცევდა. ასე რომ, კარგად მესმის, რა მდგომარეობაშია ახლა ლევანი” - ასეთი კავშირები ხელს უწყობს ტექსტის გაგება-გააზრებას. ბ. ”თამუნას ისევე უყვარს შემწვარი კარტოფილი, როგორც მე” - ეს კი ზედაპირული კავშირის მაგალითია და ნაკლებად ეხმარება მკითხველს ტექსტის სრულყოფილად გააზრებაში).
- მას შემდეგ, რაც მასწავლებელი დარწმუნდება, რომ მოსწავლეებმა გაიგეს, რას გულისხმობს ეს კავშირები, ავალებს მათ, დაიწყონ წაკითხულ ტექსტზე მუშაობა. მასწავლებელი დაფაზე წერს კითხვებს და სთხოვს მოსწავლეებს, დაფიქრდნენ და პასუხი გასცენ მათ.
ტექსტი და მე
- რას გახსენებს ამ მოთხრობაში აღწერილი ამბავი?
- ხომ არ გაგონებს რომელიმე პერსონაჟი ვინმეს შენ გარშემო?
- რაიმე მსგავსი ამბავი ხომ არ გადაგხდენია?
ტექსტი და ტექსტი
- ხომ არ გაგონებს ეს მოთხრობა შენ მიერ წაკითხულ რომელიმე სხვა მოთხრობას ან წიგნს?
- რა მსგავსებაა მათ შორის?
- რა განსხვავებაა მათ შორის?
ტექსტი და გარესამყარო
- სად და როდის შეიძლება მოხდეს/მომხდარიყო ამ მოთხრობაში აღწერილი ამბავი?
- შეიძლება თუ არა მოხდეს ასეთი ამბები რეალურ ცხოვრებაში?
- რა შეიძლება მოხდეს და რა - არა?
შეფასება
ამ აქტივობის მიზანი უმთავრესად მოსწავლეთა მაღალი დონის კითხვის უნარების, კერძოდ კი, სინთეზირების უნარის განვითარებაა. აქტივობით შეიძლება შეფასდეს, თუ რამდენად საფუძვლიანად გაიგეს და გაიაზრეს მოსწავლეებმა წაკითხული მხატვრული ტექსტის შინაარსი; შეძლეს თუ არა ინტერტექსტუალური კავშირების დამყარება; შეძლეს თუ არა წაკითხულის გასააზრებლად წინარე ცოდნისა და გამოცდილების მიშველიება.