ტელევიზორი

WordSection1">

აქტივობის  შესახებ

ეს  აქტივობა  სთავაზობს მოსწავლეებს  კიდევ ერთ ხერხს წაკითხულის გასააზრებლად. ეს სტრატეგია გულისხმობს ტექსტის სურათების გაცოცხლებას გონებაში (ანუ ვიზუალიზაციას) და მის გადმოცემას ჩანახატების მეშვეობით.


აქტივობის მიზანი

მოსწავლეები

  1. გაეცნობიან კითხვის ახალ სტრატეგიას;
  2. ისწავლიან, როგორ გამოიყენონ ეს სტრატეგია წაკითხული ტექსტის გასააზრებლად და ინტერპრეტირებისათვის;
  3. შეძლებენ ტექსტის ფრაგმენტების ვიზუალიზაციას;
  4. აღწერენ, როგორ დაეხმარა ეს სტრატეგია ტექსტის გააზრებაში.

 

რესურსები

საკითხავი მასალა, პლაკატი, საწერი კალმები/ფანქრები.

 

აქტივობის აღწერა

1. მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რას გულისხმობს ეს  სტრატეგია და საილუსტრაციოდ აჩვენებს სპეციალურად გამზადებულ პლაკატს (იხ. ნიმუში). იმისათვის, რომ მოსწავლეები უკეთ ჩაწვდნენ სტრატეგიის არსს, მასწავლებელს ეს პროცესი შეუძლია შეადაროს ტელევიზორის ყურებას, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ეს  ტელევიზორი  მოთავსებულია  თავად მოსწავლის  თავში. იგი  წინასწარ სთხოვს მოსწავლეებს, რომ ტექსტის მოსმენისას დახუჭონ თვალები და თავიანთ გონებაში გააცოცხლონ კადრები ისე, თითქოს ტელევიზორს უყურებენ.

2. მასწავლებელი  უკითხავს  ტექსტს მოსწავლეებს.  ყოველი  პასაჟის/ეპიზოდის დასრულების შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, აღწერონ მათ გონებაში გაცოცხლებული კადრები.

პლაკატის ნიმუში

3. როდესაც მასწალებელი დაასრულებს ტექსტის კითხვას, იგი ავალებს მოსწავლეებს გააკეთონ ჩანახატები. მასწავლებელმა უნდა გააფრთხილოს მოსწავლეები, რომ ამ შემთხვევაში ნახატის შესრულების ხარისხი ნაკლებად მნიშვნელოვანია. ეს  უნდა იყოს რაც შეიძლება სწრაფად გაკეთებული  ჩანახატები. ამ დავალების მიზანი  არის ის, რომ მოსწავლეებმა თავიანთი ხედვა (ნაწარმოების მათეული ინტერპრეტაცია) გადმოსცენ არავერბალური გზით და პირდაპირ სახატავ ფურცელზე გადაიტანონ.

4. აქტივობის  ბოლო  ნაწილი  შეიძლება დაეთმოს სტრატეგიის შეფასებას. მოსწავლეები განიხილავენ, დაეხმარა თუ არა ვიზუალიზაცია ტექსტის გაგებაში, რით ჰგავს ეს პროცესი ტელევიზორის ყურებას და რით განსხვავდება მისგან და  ა.შ.


პლაკატის ნიმუში

WordSection1">


შეფასება

  • ამ აქტივობის მიზანია, მოსწავლეები გაეცნონ კითხვის ერთ-ერთ სტრატეგიას. ამდენად, მისი მიმდინარეობისას სასურველია განმავითარებელი შეფასების გამოყენება. მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეებს, ისმენენ თუ არა ისინი ტექსტს ყურადღებით;
  • ახერხებენ თუ  არა მოსმენილი ტექსტის  ვიზუალიზაციას (ვიზუალურად გაცოცხლებას) გონებაში;
  • გაიგეს და აითვისეს თუ არა კითხვის ახალი სტრატეგია.

 

მეთოდური მითითება

ეს აქტივობა საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ მისი საშუალებით მოსწავლეები წარმოაჩენენ წაკითხული/მოსმენილი ტექსტის ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ხედვას, რაც საკლასო დისკუსიების გამართვის კარგ შესაძლებლობას იძლევა.

ამ აქტივობის გამოყენება შესაძლებელია მეოთხე კლასიდან.

 


კავშირი სხვა საგნებთან

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.