სხვის მიერ ნათქვამი სიტყვის/ფრაზის ჩაწერა.

აქტივობის შესახებ

აქტივობა კომპლექსური სახისაა - იგი ფარავს ზეპირმეტყველებისა და წერის მიმართულებებს. აქტივობა ემსახურება მოსმენილი ინფორმაციის წერაში ტრანსფერირების (გადატანის) უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

 

აქტივობის მიზნები

  • ფონოლოგიური უნარების განვითარება;
  • მოსმენილი ინფორმაციის წერაში ასახვის უნარის განვითარება;
  • წერის ტექნიკის განვითარება;
  • სასიცოცხლო უნარ-ჩვევების (თანამშრომლობის უნარის) განვითარება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა

ინდივიდუალური/წყვილური2.

 

რესურსები

რვეული, დაფა, ცარცი/მარკერი, კალამი.

 

აქტივობის აღწერა

აქტივობა კომპლექსური სახისაა - იგი ფარავს ზეპირმეტყველებისა და წერის მიმართულებებს.

ჩასაწერი სიტყვა/ფრაზა ჯერ ზეპირმეტყველების დონეზე მუშავდება. დამუშავების შემდეგ მოსწავლეებს ევალებათ, რომ თავიანთ სამუშაო რვეულებში ან დაფაზე დაწერონ იგი. მაგ., მასწავლებელი ეუბნება მოსწავლეებს: ”მე გეტყვით სიტყვას, თქვენ კი ჩაიწერეთ ეს  სიტყვა რვეულში”. ცხადია, მასწავლებელი არჩევს მოსწავლეების მიერ არაერთგზის წაკითხულ, ნაცნობ, ერთ ან ორმარცვლიან სიტყვებს (მაგ: დედა, ბუ, მეფე, ბიჭი). შესაძლებელია, რომ მასწავლებელმა მარცვლებადაც დაანაწევროს სიტყვა, მოსწავლეებმა კი სიტყვად აქციონ მარცვლები და ჩაიწერონ ისინი რვეულში (გრაფიკული ნიმუშის გამოუყენებლად).

მოსწავლეთა გასახალისებლად კლასი შეიძლება დავყოთ წყვილებად და აქტივობას კითხვა-პასუხის ფორმა მივანიჭოთ.  ამ შემთხვევაში წყვილებში მუშაობა ამგვარად წარიმართება: მოსწავლე ეკითხება თავის მეწყვილეს: ”რა გქვია შენ?” Pპასუხის მოსმენის შემდეგ კი ჩაიწერს მეწყვილის სახელს რვეულში.

 

 

აქტივობის ხანლივობა

 10-12 წუთი.

 

შეფასება

  • აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს მოსმენის შემდეგ (ან კარნახით) ნაცნობი ორთოგრაფიული ხატის მქონე სიტყვების დაწერა;
  • ბგერებისაგან/მარცვლებისაგან სიტყვის შედგენა და ჩაწერა;
  • თანამშრომლობა.