სიტყვა - სურათი - სიტყვა

აქტივობის შესახებ

მოსწავლე კითხვის მთლიანობითი მეთოდის გამოყენებით ვიზუალურად იმახსოვრებს სიტყვის ორთოგრაფიულ ხატს და, ამდენად, იგი დანახვისთანავე აკავშირებს ნაწერს სიტყვის მნიშვნელობასთან. ამგვარი ხერხით მას შეუძლია სიტყვის ამოცნობა მისი დანაწევრება-გამთლიანების გარეშე, ე.წ. პირდაპირი გზით. აღნიშნული ხერხი კითხვის სწავლების ერთ-ერთი შემამზადებელი აქტივობაა, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ადრეულ - 5 წლის ასაკში კითხვის სწავლებისას.

 

აქტივობის მიზანი

მოსწავლეები

1.  ივარჯიშებენ სიტყვების ორთოგრაფიული ხატის დამახსოვრებაში;

2.  შეძლებენ მთლიანი სიტყვების წაკითხვას დეკოდირების გარეშე.

 

რესურსები

დაფა, ცარცი/მარკერი, სურათები.

 

აქტივობის აღწერა

1. მასწავლებელი დაფაზე აკრავს სურათებს მსწავლეებისთვის ნაცნობი ნივთების, ცხოველების, ფრინველების, მცენარეებისა და ა.შ. გამოსახულებით, რომლებსაც მარცხენა მხარეს მიუწერს შესაბამის სიტყვას, ხოლო მარჯვენა მხარეს - ამავე სიტყვებს არეულად.

2. მოსწავლეები ჯერ ასახელებენ ზეპირად, რა არის გამოსახული თითოეულ სურათზე. ამის შემდეგ, მასწავლებელი რიგრიგობით აჩვენებს მოსწავლეებს ამ სურათების გასწვრივ, მარცხენა მხარეს ჩამოწერილ სიტყვებს და სთხოვს, დააკვირდნენ და დაიმახსოვრონ ისინი ვიზუალურად.

3. ამის შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დააკვირდნენ მარჯვენა მხარეს ჩამოთვლილ სიტყვებს და იპოვონ, რომელ სურათს შეესაბამება თითოეული მათგანი. მასწავლებელი იძახებს რამდენიმე მოსწავლეს, რომლებიც ისრებით აკავშირებენ მარჯვნივ მოთავსებულ სიტყვებს შესაბამის სურათთან.

 

შეფასება

 მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეებს, თუ რამდენად კარგად შეუძლიათ მათ

  • ამოიცნონ და დაასახელონ სურათზე გამოსახული ნივთები, ცხოველები და ა.შ.;
  • დააკვირდნენ და დაიმახსოვრონ სიტყვის ორთოგრაფიული ხატი. 
 
ცხოველები და სახელები
 
 
 

მეთოდური მითითება

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს აქტივობა კითხვის სწავლების გავარჯიშების ფაზაზე გამოიყენება. ამდენად, შესაძლებელია მისი ხშირად გამეორება სასურველი შედეგის მიღწევამდე.