2. ცდილობს მოცემული ამოცანის გადაჭრას დამოუკიდებლად და მეწყვილესთან ერთად

ტიპური აქტივობა

2. აქტივობა I. "სილუეტები"

(გუნდური სამუშაო)

კედელზე გაკრულია თეთრი სახატავი ქაღალდი. მაგიდაზე დგას სანათი. მასწავლებელი დააყენებს ერთ-ერთ მოსწავლეს კედელზე გაკრული სახატავი ფურცლის გასწვრივ და აჩვენებს მოსწავლეებს, თუ როგორ ეცემა მისი  ჩრდილი კედელზე (რაც უფრო ახლოსაა მოსწავლე კედელთან, მით უფრო პატარა ზომისაა ჩრდილი).

მოსწავლეები ირჩევენ წყვილებს.

აკრავენ კედელზე ფურცელს, ერთ-ერთი მოსწავლე ჯდება პროფილით ქაღალდის გასწვრივ კედელთან. მოსწავლეები თავად არეგულირებენ განათებას ისე, რომ მეგობრის ჩრდილი დაეცეს და კარგად განთავსდეს კედელზე გაკრულ ქაღალდზე.

მოსწავლე, რომელსაც ხატავენ, უნდა იჯდეს გაუნძრევლად 1-2 წუთის განმავლობაში მაინც. მეორე მოსწავლე შავ სქელ ფანქარს შემოავლებს მეგობრის ჩრდილის კონტურს, გამოჭრის გამოსახულებას, შეღებავს მას შავი გუაშით ან შავი პასტელით და დააწებებს თეთრ ქაღალდზე. ამის შემდეგ როლები იცვლება.

 

რესურსები

2.I. სახატავი ქაღალდები, შავი ფანქარი, შავი საღებავი ან პასტელი, მაკრატელი, წებო, მაგიდის სანათი.

 

შენიშვნა

2.I. მასწავლებელმა უნდა აუხსნას მოსწავლეებს პროფილის ცნება (ხედი გვერდიდან). თუ კლასში ბევრი მოსწავლეა, მასწავლებელს დასჭირდება ორი ან მეტი მაგიდის სანათი, რათა ყველამ მოასწროს სამუშაოს გაკეთება. 

 

 

2. აქტივობა II. "მხიარული მატარებელი" 

მოსწავლეები გამოჭრიან ფერადი ქაღალდების ან მუყაოსგან დაახლოებით, 3X5 სმ ოთხკუთხედებს - ვაგონებს და პატარა რგოლებს – ბორბლებს. სახატავ ფურცლებზე დახატავენ ლიანდაგებს. ეს უნდა გაკეთდეს შეთანხმებულად, რათა ნამუშევრების აწყობისას, ლიანდაგი არ აცდეს ერთმანეთს (უნდა გამოვიდეს ერთი მთლიანი ხაზი). ლიანდაგებზე დააწებებენ ფერად ვაგონებს და ბორბლებს. შემდეგ თეთრი ქაღალდისგან გამოჭრიან ვაგონის ფანჯრებს და დააწებებენ ვაგონებს. ფანჯრებში კი ფლომასტერით ჩახატავენ მხიარულ სახეებს.

 

რესურსები

2.II. მუყაო ან ფერადი ქაღალდები, სახატავი ფურცლები, წებო, მაკრატელი, ფანქარი, ფლომასტერი.

  

შენიშვნა

2. II. ამ აქტივობის შესრულებისას მოსწავლეებმა უნდა გაინაწილონ სამუშაო – ერთმა ნაწილმა გამოჭრას ვაგონები, მეორემ - დახატოს ლიანდაგი, დააწებოს გამოჭრილი დეტალები. თუ კლასში ბევრი მოსწავლეა, შესაძლოა მესამე ჯგუფის ჩართვაც, რომელიც დახატავს ან გამოჭრის ღრუბლებს, მთებს და სხვა.