4. ფიგურის, ფორმის ან ორნამენტის გამეორებით ქმნის რიტმულ კომპოზიციებს

ტიპური აქტივობები  

4. აქტივობა I. "შტამპი" 

შუაზე გაჭრილ პატარა კარტოფილზე დაიხატება მარტივი ფიგურა (სამკუთხედი, რომბი, ვარსკვლავი...) ან ორნამენტის მოტივი. ყველაფერი, რაც კონტურის გარეთაა ამოიჭრება ან ამოიფხიკება. კარტოფილზე დარჩენილ ამობურცულ ფორმას წაესმევა საღებავი და ორნამენტი დაიბეჭდება სახატავ ფურცელზე, რომელიც წინასწარ არის დაფერილი. ორნამენტებისთვის განკუთვნილი ადგილებიც წინასწარაა მონიშნული (უბრალო ფანქრით, მკრთალად).

მოსწავლეებმა ნამუშევრის შექმნამდე, სავარჯიშო ფურცელზე უნდა გაივარჯიშონ ხელი – მოსინჯონ, რა რაოდენობის საღებავი უნდა წაუსვან შტამპს, რა სჯობის - საღებავის წასმა თუ შტამპის საღებავში ჩაწობა, გაივარჯიშონ ხელი ფიგურების ერთ ხაზად, გვერდიგვერდ ან რაიმე სხვა სისტემით დაბეჭდვაში.

   

რესურსები

4. I. პატარა კარტოფილები, პლასტილინის დანა ან სხვა რაიმე მსგავსი ინსტრუმენტი, გუაში, ფუნჯი ან ღრუბელი, სავარჯიშო ფურცელი, სახატავი ფურცელი.

  

შენიშვნა

4. I. ფორმების დაბეჭდვა ჯერ სავარჯიშო ფურცელზე სცადონ, რათა ნახონ, რა სისქის უნდა იყოს შტამპზე საღებავის ფენა. გარდა ამისა, პირველად ყოველთვის სავარჯიშო ფურცელზე სცადონ ფორმის დაბეჭდვა, ზედმეტი საღებავით ნამუშევრის გაფუჭების თავიდან ასაცილებლად.

 

4. აქტივობა II. "ჩარჩო" 

მუყაო (თუ საკმარისი ზომის არ არის) დაიჭრება ზოლებად ან გამოიჭრება სასურველი ზომის და სისქის (მართკუთხა, მრგვალი, ოვალური) ჩარჩოს ფორმა. ფორმა ან ზოლები დაიფერება ღრუბლით ან ფუნჯით ნებისმიერი ერთი ფერის საღებავის გრადაციით მუქიდან ღიისკენ (ქვევიდან ზევით)*, კარტოფილის შტამპზე ამოჭრილი ორნამენტის 2-3 მოტივი დაიბეჭდება ერთმანეთის რიტმული მონაცვლეობით ნებისმიერი სხვა ფერის საღებავით (ფონს რომ არ შეერწყას). ჩარჩო დაეწებება შესაფერისი ზომის ნამუშევარს. თუ ნამუშევარი ჩარჩოზე პატარაა, მაშინ ის უნდა დაეწებოს რაიმე ნეიტრალური ტონის, შედარებით მოზრდილი ზომის ქაღალდზე და შემდეგ მიემაგროს ჩარჩო

 

რესურსები

4. II. მუყაო (შოკოლადის კოლოფები, ყუთები...), გუაში, ღრუბელი, მაკრატელი, ქაღალდი, რომელზეც ჩარჩო და ნამუშევარი დაეწებება.

 

შენიშვნა

4. II. მუყაოს ზოლები დაიჭრება სასურველ ზომაზე (ჩარჩოში მოსათავსებელი ნახატის გვერდების სიგრძის შესაბამისად); ნახატი წინასწარ უნდა დაწებდეს ქაღალდზე (ნებისმიერი ხარისხის მაგ. გაზეთი), რომელიც ნამუშევარზე იმდენით დიდი იქნება, რა სიგანისაც არის ჩარჩოს ზოლები, რომლებიც ზედ უნდა დაეწებოს.

* მეორე ვარიანტი – ჩარჩო ღრუბლით დაიფარება ერთი ფერის გრადაციით უსისტემო ლაქებად.

კავშირი .IV.1. – 3და ..IV.10-2.