4. ბუნებრივი და ხელოვნური მასალით ქმნის აპლიკაციას, კოლაჟს და მოზაიკას

ტიპური აქტივობა 

4. აქტივობა I. "შერეული მასალა"

მოსწავლეები მუყაოს ნაჭერს დაფარავენ პლასტილინის თხელი ფენით. პლასტილინით გამოძერწავენ ადამიანის, ამა თუ იმ ცხოველის ფიგურებს, დაალაგებენ მათ მუყაოზე და დაასრულებენ კომპოზიციას სხვა მასალის გამოყენებით: ხავსით - ბალახი, ხის ტოტებით - ხეები და სხვა.

მოსწავლეებს შეუძლიათ, პლასტილინის ფიგურებს მძივებით გაუკეთონ თვალები, პლასტმასის თავსახურებით – ქუდები, ნაჭრებით ჩააცვან ტანსაცმელი, ბუმბულით - ჩიტების კუდები და ფრთები, ფუჩეჩით თმები.


რესურსები

4.I. მუყაოს პატარა ნაჭერი, პლასტმასის თავსახურები, მძივები, ხავსი, პატარა ტოტები, ბუმბული, წებო, სკოტჩი, მაკრატელი.

 

 

4. აქტივობა II."ნახატი ქვიშით"

ესკიზი იხატება ფანქრით. ნახატზე ერთი ფერის ან ფაქტურის ადგილებს უნდა წაესვას წებო და დაეყაროს ქვიშა.  შემდეგ, ფურცელი უნდა გადმოტრიალდეს და თითების ნაზი დარტყმით გაზეთზე ჩამოიყაროს ზედმეტი ქვიშა. წებოს გაშრობამდე და ქვიშის დაწებდებამდე, მოსწავლე საღებავებით გააფერადებს ნახატის უქვიშო ნაწილებს. გარკვეულ ადგილებში, მეტი მოცულობის მისაცემად, გამშრალ ქვიშას შეიძლება კიდევ ერთხელ წაესვას წებო და დაემატოს ქვიშა. გამშრალი და დაწებებული ქვიშა შეიძლება გაფერადდეს.

ნახატი ქვიშით


რესურსები

4.II. მუყაო, ან სქელი სახატავი ქაღალდი, გაზეთი (დასაფენად), გუაში, წებო ПВА, ქვიშა, ფუნჯი, ფანქარი. 

  

შენიშვნა

4.II. დავალების გასართულებლად, მოსწავლეებმა ქვიშასთან ერთად შეიძლება იხმარონ ბრინჯი, წიწიბურა, სიმინდის ფქვილი, ჩაი, ყვითელი ყვავილი, პილპილი, ხმელი ქინძის თესლი. სხვადასხვა ფერის და ფაქტურის ზედაპირის მისაღებად.

ამ ტექნიკით შეიძლება კოლოფების, ბოთლების, ღია ბარათების, მაკეტების და ა.შ. გაფორმება.