საკლასო ალბომი.

WordSection1">

აქტივობის შესახებ

ეს აქტივობა ხელს უწყობს იმას, რომ მოსწავლემ შეძლოს წაკითხული ნაწარმოებით გამოწვეული შთაბეჭდილებების, ემოციებისა და განცდების მოხელთება და ვერბალურად გადმოცემა.

 

აქტივობის მიზანი

მოსწავლეები

1. გაიმეორებენ შესწავლილ მასალას;

2. შეაფასებენ წაკითხულ ნაწარმოებებს მხატვრულ-ესთეტიკური და ღირებულებითი თვალსაზრისით;

3. ისაუბრებენ მხატვრული ნაწარმოებით გამოწვეული გრძნობებისა და ემოციების შესახებ;

4. ივარჯიშებენ კალიგრაფიაში.

 

რესურსები

სახელმძღვანელო, ალბომი, ფურცლები, ფლომასტერები/ფერადი ფანქრები/საღებავები, წებო, საწერი კალმები.

 

აქტივობის აღწერა

1. მასწავლებელი  სთხოვს მოსწავლეებს, გაიხსენონ ბოლო  პერიოდში  (შესაძლებელია ერთი ან ორი თვის, ან სულაც სემესტრის განმავლობაში) შესწავლილი მხატვრული ტექსტები. ამის შემდეგ აძლევს მათ საშინაო დავალებას: გაიხსენონ ეს ნაწარმოებები, თუ საჭირო იქნება, თვალი გადაავლონ მათ და შემდეგ ლამაზად ამოიწერონ ფურცლებზე მათთვის ყველაზე საყვარელი/მიმზიდველი ადგილები (ეს შეიძლება იყოს ფრაზა, წინადადება, აბზაცი, სალექსო სტრიქონი ან სტროფი) და გააფორმონ ისინი (გაფორმება გულისხმობს, მაგალითად, ფერადი ან ფიგურული ფონის დადებას ტექსტისთვის, მის ლამაზ, გრაფიკულ ჩარჩოში მოთავსებას, ან რაიმე მხატვრული ელემენტებით გამდიდრებას). ამ დავალების შესასრულებლად მასწავლებელი კლასთან ერთად, წინასწარ შეიმუშავებს კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვითაც უნდა შეასრულონ მოსწავლეებმა დავალება, მაგალითად, მათ უნდა შეარჩიონ

1)  შინაარსობრივად ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ადგილი ნაწარმოებიდან;

2) ადგილი/სიტყვები ნაწარმოებიდან, რომელმაც ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე ემოციური თვალსაზრისით;

3) მხატვრული-ესთეტიკური  თვალსაზრისით  ყველაზე  მიმზიდველი  ადგილი  ნაწარმოებიდან;

4) ავტორის ან პერსონაჟის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომელიც ძალზე დამაფიქრებელია/ბრძნულია და სხვ.

2. მოსწავლეები მომდევნო გაკვეთილზე წარმოადგენენ შესრულებულ დავალებას. ისინი კითხულობენ თავიანთ ნამუშევრებს და ასაბუთებენ, თუ რატომ შეარჩიეს ესა თუ ის ადგილი/სიტყვები ნაწარმოებიდან. შესაძლებელია კლასში განხილვაც მოეწყოს და სხვა მოსწავლეებმაც გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები.

3. აქტივობის ბოლო ეტაპია ალბომის შექმნა. მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად გადაარჩევენ ნამუშევრებს და განიხილავენ, როგორ უნდა განაწილდეს ისინი ალბომში. მოსწავლეები აკრავენ ფურცლებს ალბომში, აწერენ სათაურს და აფორმებენ მას.

 

შეფასება

ამ აქტივობას ერთგვარად შემაჯამებელი სახე  აქვს. ამდენად, იგი კარგი საშუალებაა განმსაზღვრელი შეფასების გამოსაყენებლად. მასწავლებელს შეუძლია შეაფასოს, რამდენად კარგად აქვს მოსწავლეს შესწავლილი და დამუშავებული  განვლილი მასალა. ამასთანავე, ამ აქტივობით შეფასდება მოსწავლის უნარი 

  • შეაფასოს მხატვრული ნაწარმოები ესთეტიკური და ემოციური თვალსაზრისით, ასევე  სხვადასხვა ობიექტური კრიტერიუმის მიხედვით;
  • დაასაბუთოს თავისი არჩევანი;
  • იმუშაოს დამოუკიდებლად;
  • მონაწილეობა მიიღოს ჯგუფურ აქტივობაში;
  • გამოავლინოს შემოქმედებითი მიდგომა დავალების შესრულებისას.

 

მეთოდური მითითება

ამგვარი აქტივობების დაგეგმვა შესაძლებელია IV და V კლასებშიც, ბუნებრივია, სასწავლო გეგმით გათვალსიწინებული მოთხოვნების შესაბამისად. მისი ჩატარება მიზანშეწონილია სემესტრის ან სასწავლო წლის დასასრულს.