1. ასახავს ობიექტის ფორმას ნამუშევარში

ტიპური აქტივობა

1. აქტივობა "ქალაქი" (აპლიკაცია)

გუნდური ნამუშევარი

 

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ფანჯარაში გახედვას, სახლების ფორმის მიხედვით აღწერას – ოთხკუთხედი, ვიწრო, მაღალი, დაბალი, ზოგს ბრტყელი სახურავი აქვს, ზოგს სამკუთხა ან მომრგვალებული.

მოსწავლეები მუშაობენ წყვილებად. მოსწავლეებმა უნდა გამოჭრან სხვადასხვა ფერის და ზომის მართკუთხედები, სამკუთხედები, ნახევარწრეები (ვისაც გამოჭრა ეხერხება, შეუძლია გამოჭრას უფრო რთული ფორმის სახლები – კოშკით, ქონგურებით) და ამ ფიგურებით ფონისთვის განკუთვნილ, ერთნაირი ფერის ფურცლებზე, ერთმანეთის გვერდიგვერდ სხვადასხვა ფერისა და ზომის მართკუთხედების (სახლი) და სამკუთხედების ან ნახევარწრის (სახურავი) დაწებებით ქალაქის აწყობას. შემდეგ მოსწავლეები სახლებს ზევიდან დააწებებენ მონარჩენი ფურცლებიდან ამოჭრილ პატარა ფანჯრებს*, კარებს; შეიძლება რომელიმე ნაკუწი მიამსგავსონ ღრუბელს, მთვარეს, მზეს, ჩიტს). ყველა ნამუშევარი უკნიდან სკოტჩით ერთმანეთს გადაეწებება და ასე დაიკიდება.

 

რესურსები

1.I. ერთი ფერის A4 (მაგ. შავი ან ყვითელი, რომლის მსგავსი ფერიც არ შევა გამოსაჭრელი ფერადი ფურცლების კომპლექტში)* ფურცლები იმდენი, რამდენი მოსწავლეცაა კლასში; ფერადი ფურცლები, ჟურნალიდან ამოჭრილი ფერადი გვერდები, წებო. მაკრატელი, სკოტჩი.

 

შენიშვნა

1. *ეფექტურად გამოიყურება - შავი სახლები, სახურავები, პატარა ფერადი ფანჯრებით ღია ფერის (ყვითელ, ცისფერ) ფონზე. ამ შემთხვევაში მასალისთვის აღარ იქნება საჭირო სხვადასხვა ფერის ფურცლები – ყველა მოსწავლეს ფონისთვის უნდა ჰქონდეს ერთნაირი ღია ფერის ფურცელი. სახლებისთვის, შავი ფურცლების ნაცვლად, თეთრი ფურცლებიდან ამოჭრილი სახლების შავი გუაშით შეღებვაა შესაძლებელი.