1. გადმოსცემს განწობილებას მხატვრული ხერხების მეშვეობით (ხაზი, ფერი და ფორმა)

ტიპური აქტივობები

1. აქტივობა I: ნამუშევრის თემა “ტყეში დაკარგული ბავშვები”

მოსწავლეები გაიხსენებენ შარლ პეროს ზღაპარს “ცეროდენა” და საღებავებით შექმნიან ნახატს ამ თემაზე.

ხატვის დაწყებამდე, მასწავლებელმა უნდა დასვას შეკითხვა, თუ რა განწყობაზე იქნებოდნენ ბავშვები, როცა აღმოაჩენდნენ, რომ ტყეში მარტო დარჩნენ, მოსწავლეებმა უნდა აღწერონ სიტუაცია - დაბურული ტყე, ვეებერთელა ნაძვები, მუხები,  და ა.შ. შემდეგ მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ვიზუალურ მასალას და ყურადღებას გაამახვილებინებს იმაზე, თუ რა ხერხებით გადმოსცეს მხატვრებმა განწყობა თავიანთ ნამუშევრებში, როგორაა დახატული ხეები, ფოთლები, ადამიანები.

მასწავლებელი იკითხავს, როგორ შეიძლება დაკარგული ბავშვების განწყობის უკეთ გადმოცემა – ფერით, ხაზით და სხვა. რა ფერებს გამოიყენებენ მოსწავლეები დაბურული ტყის დასახატად. შემდეგ მოსწავლეები შეუდგებიან ხატვას.

 

რესურსები

1.I. გუაში, აკვარელი, ფუნჯები, პალიტრა, სახატავი ფურცლები. ვიზუალური მასალა: იან ბრეიგელი, ჟან ფრანსუა მილე, ალფრედ სისლეი, გუსტავ დორე. “ცეროდენას” ილუსტრაციები (იხ. დანართი). 



1. აქტივობა II "ხაზები"

გაკვეთილის დასაწყისში (10-15 წუთი), მოსწავლეები სავარჯიშო რვეულში ხატავენ სხვადასხვა ხაზს – სწორს, წყვეტილს, ტეხილს, დაკლაკნილს, ორმაგს (იხ. I, II კლასების სავარჯიშოები). შემდეგ მასწავლებელი ასახელებს სხვადასხვა განწყობის და სიტუაციის აღმნიშვნელ სიტყვებს, მოსწავლეები კი სახატავ ფურცელზე ხატავენ შესაბამის ხაზებს: როგორია მშვიდი ხაზი, მხიარული ხაზი, ხაზი, რომელსაც ეჩქარება, მოუსვენარი, შეშინებული, კეთილი, მოხუცი, გაბრაზებული, ზარმაცი, მოწესრიგებული და მოუწესრიგებელი, ხაზი, რომელიც იმალება და ა.შ. მოსწავლეები ერთმანეთს და მასწავლებელს აჩვენებენ თავიანთ ხაზებს გამოსაცნობად - რას აღნიშნავს ესა თუ ის ხაზი.

 

 რესურსები

1.II. სავარჯიშო უჯრებიანი რვეული, სახატავი ფურცელი, უბრალო, რბილი (2BB) ფანქარი. 

 

 

1. აქტივობა III "წვიმიანი დღე"

მოსწავლეებმა უნდა აღწერონ წვიმიანი დღე – როგორი წვიმა არსებობს – ჟუჟუნა, კოკისპირული, შხაპუნა; რა ფერისაა ცა, როგორი ღრუბლებია ჟუჟუნა წვიმის, კოკისპირული წვიმის დროს.

ჟუჟუნა წვიმას ახლავს ცისარტყელა, კოკისპირულს - ელვა. ადმიანები დადიან ქოლგებით, საწვიმარებით და სხვა. შემდეგ მოსწავლეები შეასრულებენ ნახატს “წვიმიანი  დღე”. კავშირიაქტივობა ..III.3.. III.11.  

 

რესურსები

1.III. სახატავი ფურცლები, გუაშის ან აკვარელის საღებავი

  

შენიშვნა

1.III. მასწავლებელმა უნდა მისცეს მოსწავლეებს რჩევა, თუ რა ფერები შეაზავონ სასურველი ელფერის მისაღწევად (მაგ. იისფერი, ლურჯი, ნაცრისფერი).