მოსწავლეს შეუძლია ტიპობრივი ეკოსისტემების დახასიათება

აქტივობა 1. ”ბიოტური და აბიოტური კომპონენტები

მიზანი

მოსწავლემ შეძლოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ბიოტური და აბიოტური კომპონენტების მიხედვით შედარება.

 

რესურსები

საქართველოს ფიზიკური რუკა.

 

მიმდინარეობა

მასწავლებელი ჰყოფს კლასს ჯგუფებად და დაურიგებს საქართველოს ფიზიკური რუკის გამოსახულებას.

მასწავლებლის შეკითხვა:

- გაიხსენეთ წინა კლასში  ნასწავლი მასალა და მითხარით, როგორ გავიგოთ, რა  სიმაღლეზეა რუკაზე მითითებული სხვადასხვა  გეოგრაფიული  ადგილი?  სად არის  რუკაზე საქართველოს დასავლეთი და აღმოსავლეთი, ჩრდილო  და სამხრეთ მხარეები?

რუკის განხილვის შემდეგ მასწავლებელი ამბობს:

- რუკა გამოგვადგება იმ პირობების - აბიოტური ფაქტორების დასადგენად, რომლებშიც იზრდება ესა თუ ის მცენარე. მაგალითად, თუ ვიცით, საქართველოში რა ადგილას  იზრდება კონკრეტული მცენარე, რუკაზე მოვნახავთ ამ ადგილს, დავადგენთ მცენარის გავრცელებას ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით,  გავარკვევთ,  საქართველოს რომელ ნაწილში ხარობს ეს მცენარე. ამ მონაცემების მიხედვით ვიმსჯელებთ აღნიშნულ ადგილას ჰაერის სეზონური ტემპერატურის, ტენიანობის შესახებ.

შეკითხვა:

- დავუშვათ, ვიცით, რომ რომელიღაც მცენარე გავრცელე- ბულია  ქართლში. რა  შეგიძლიათ   თქვათ იმ  აბიოტური პირობების შესახებ, რომლებშიც იზრდება ეს მცენარე?

კლასი მსჯელობს საკითხის გარშემო.

 

დამატებითი განმარტება აქტივობისთვის

საქართველოს ფიზიკური რუკა უნდა იყოს ამობეჭდილი ქაღალდზე. რუკაზე ფერით (და შესაბამისი წარწერით) განირჩევა ზღვის დონიდან სიმაღლეები.

რუკაზე გააკეთეთ აღნიშვნა: წითელი წერტილი

- კოლხეთის დაბლობის ტერიტორიაზე, ლურჯი წერტილი - სტეფანწმინდას ტერიტორიაზე.

 

აქტივობა 2.  ”მცენარეების გავრცელება

მიზანი

მოსწავლემ გააანალიზოს ამა თუ იმ მცენარის გავრცელების დამოკიდებულება აბიოტურ ფაქტორებზე.

 

რესურსები

საქართველოს რუკა, ბარათები შეკითხვებით.

 

მიმდინარეობა

მასწავლებელი ჰყოფს კლასს ოთხ ჯგუფად. მასწავლებელი აძლევს დავალებას 1 და N2 ჯგუფებს:

-  გამოიყენეთ რუკა, მოიფიქრეთ როგორია წითელი წერტილით აღნიშნულ ადგილში ჰაერის სეზონური ტემპერატურა და ტენიანობა, წერილობით დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრება და გაუგზავნეთ წერილი ჯგუფებს 3 და 4.

ამ პერიოდში ჯგუფები N3 და N4 მუშობენ  რუკაზე და ადგენენ  იმ ტერიტორიის აბიოტურ  ფაქტორებს, რომლებიც აღნიშნულია ლურჯი წერტილით.

მასწავლებლის ინსტრუქცია:

- დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრება წერილობით და გაუგზავნეთ წერილი ჯგუფებს N1 და N2.

სამუშაოს დამთავრების შემდეგ მასწავლებელი ურიგებს ჯგუფებს ბარათებს შეკითხვებით.

შეკითხვები N1 და N2 ჯგუფებისთვის:

  • ზღვის დონიდან რა სიმაღლეზეა გავრცელებული დეკა?
  • საქართველოს რა ნაწილშია ის გავრცელებული?
  • როგორ პირობებთან (ჰაერის ტემპერატურა, ტენიანობა) არის შეგუებული დეკა?
  • ღირს  თუ არა დეკას ნერგის თბილისის შემოგარენში დარგვა? რატომ?
  • ღირს თუ არა დეკას ნერგის ბათუმში დარგვა? რატომ?


შეკითხვები N3 და N4 ჯგუფებისთვის:

  • ზღვის დონიდან რა სიმაღლეზეა გავრცელებული კოლხური მუხა?
  • საქართველოს რა ნაწილშია ის გავრცელებული?
  • როგორ პირობებთან (ჰაერის ტემპერატურა, ტენიანობა) არის შეგუებული კოლხური მუხა?
  • ღირს თუ არა კოლხური მუხის  ნერგის გორში დარგვა?
  • რატომ?

მასწავლებლის ინსტრუქცია:

-  თანაკლასელების ჯგუფისგან  მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უპასუხეთ ბარათზე დაწერილ შეკიხვებს, მოიფიქრეთ, ვინ უპასუხებს.

 

დამატებითი განმარტება აქტივობისთვის

1. წითელწერტილიანი რუკა ურიგდება ჯგუფებს N1 და N2, ლურჯწერტილიანი - ჯგუფებს N3 და N4.

2. ამ აქტივობისთვის მცენარის სახეობის შერჩევა საფრთხილოა. არსებობს ისეთი სახეობები, რომლებიც  ბარშიც და მთაშიც (გარკვეულ სიმაღლემდე) ხარობს.

4. არ არის აუცილებელი, რუკაზე სიმაღლე დიდი სიზუსტით იყოს მოცემული.

 

აქტივობა 3.  ”ადგილობრივი მცენარეები

მიზანი

მოსწავლემ შეძლოს მის მხარეში გავრცელებული მცენარეების ამოცნობა.

 

რესურსები

საქართველოს რუკა.

 

მიმდინარეობა

წინა აქტივობების ჩამთავრების შემდეგ, მასწავლებელს მიჰყავს მოსწავლეები ექსკურსიაზე და ავარჯიშებს ადგილობრივი მცენარეების გავრცელების ადგილის, იქ არსებული პირობების დადგენაში. მოსწავლეები იყენებენ რუკას.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს

ჯგუფების მუშაობის ერთ-ერთი ვარიანტი ზემოაღწერილი აქტივობისას: როდესაც ჯგუფი N3 და N4 რუკას დახედავს, მიხვდება, რომ დეკა მაღალ მთაში ხარობს. მთაში ბარისგან განსხვავებული პირობებია: ტემპერატურა ზამთარ-ზაფხულ უფრო დაბალია, დიდი თოვლი იცის და სხვ. მცენარე იმ პირობებს არის შეგუებული, სადაც იზრდება. მკვეთრად განსხვავებულ პირობებში ის ვერ  გაძლებს. აქედან გამომდინარე, მოსწავლე იმასაც  მიხვდება, რომ დეკა მაღალი მთის ეკოსისტემას არის მიჩვეული და მისი  ბარში ჩამოტანა და გახარება გაძნელდება. რუკის მიხედვით მოსწავლე იმასაც დაადგენს, საქართველოს რომელ კუთხეში ხარობს მცენარე. ეს ინფორმაციაც ძალზე მნიშვნელოვანია. საქართველოს დასავლეთი აღმოსავლეთისაგან გამოირჩევა უფრო მაღალი ტენიანობით. ამიტომ დასავლეთ  საქართველოში ხარობს ტენის მოყვარული ისეთი მცენარეები, რომლებსაც ვერ ვნახავთ ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში.