მოსწავლეს შეუძლია კოსმოსური სხეულების მოძრაობისა და ზოგიერთი ასტრონომიური მოვლენის აღწერა მზის სისტემაში

WordSection1">

აქტივობა  1.  “ვახასიათებ ცხრილით

 

მიზანი

მოსწავლემ შეძლოს  მზის სისტემის კოსმოსური სხეულების  –  კომეტა, მეტეორი,  ასტეროიდი –  აღწერა და შედარება.

 

რესურსები

ორი სხვადასხვა ფერის სტიკერი, ფლიპჩარტი, ტექსტი, წყვილებში დასარიგებელი ცხრილები (ცხრილი 1), ცარცი, დაფა.

 

მიმდინარეობა

მასწავლებელი მთელ კლასს ინდივიდუალურად  ურიგებს ორი განსხვავებული ფერის (მაგ. ყვითელი და მწვანე) წებოვან ფურცლებს – სტიკერებს. შემდეგ დაფაზე წინასწარ გაკრულ ერთ ფლიპჩარტზე წერს: “კუდიანი ვარსკვლავი” და მეორეზე - “ვარსკვლავის ჩამოვარდნა”. მოსწავლეებს სთხოვს, გაიხსენონ, რა სმენიათ კუდიანი ვარსკვლავის და ვარსკვლავის ჩამოვარდნის შესახებ, რა ცრურწმენებია დაკავშირებული ამ მოვლენებთან (მაგ. ჩამოვარდნილი ვარსკვლავის დანახვისას სურვილის ჩაფიქრება და ა.შ.), ამის შესახებ  დაწერონ თითო წინადადება: ყვითელ სტიკერზე კუდიანი ვარსკვლავის შესახებ, ხოლო მწვანე სტიკერზე ვარსკვლავის ჩამოვარდნის შესახებ.

შევსებულ სტიკერებს მოსწავლეები მიაწებებენ სათანადო ადგილას; მასწავლებელი წაიკითხავს ხმამაღლა და ასახელებს შესასწავლ თემას: “მზის სისტემის მცირე სხეულები”; დაფაზე დაწერს სიტყვებს: , , , .

მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს  სახელმძღვანელოში  მოძებნონ შესაბამისი ტექსტი ან დაურიგებს წინასწარ მომზადებულ ტექსტს; მოსწავლეებს დააწყვილებს და დაურიგებს შესავსებ ცხრილებს (იხ. “რეკომენდაცია მასწავლებლებს- ცხრილი 1)– წყვილში ერთი ცხრილი. აძლევს დავალებას: წაიკითხონ ტექსტი და მონიშნონ კომეტის, მეტეორისა და ასტეროიდის დამახასიათებელი თვისებები, დაახარისხონ ინფორმაცია და შეავსონ დარიგებული ცხრილი.

შემდეგ  წყვილები  წარადგენენ საკუთარ  ნამუშევრებს, პრეზენტაციის დროს მოსწავლეები საუბრობენ  ამ ციური სხეულების მსგავსებასა და  განსხვავებაზე: მასწავლებლის თხოვნით,  წყვილიდან ერთ–ერთი მოსწავლე აღმოჩენილ მსგავს თვისებებს ხაზს გაუსვამს და მსგავსებებზე ისაუბრებს, მეორე კი განმასხვავებელ ნიშნებს გამოკვეთს და ამის შესახებ  ისაუბრებს.

ამის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეთა ყურადღებას გადაიტანს გაკვეთილის დასაწყისში გაკრულ ფლიპჩარტებზე, დაფასთან გამოიყვანს ორ მოსწავლეს და აძლევს დავალებას: ჩუმად წაიკითხონ ფლიპჩარტებზე მიწებებული სტიკერები, ამოირჩიონ ერთი სტიკერი, მოხსნან და მიაწებონ დაფაზე მასწავლებლის მიერ დაწერილ შესაბამის სიტყვასთან.

ამ ეტაპზე მოსწავლეები ითავისებენ ახალ მასალას: ახალი ცოდნის გამოყენებით ახდენენ გაკვეთილის დასაწყისში არსებული ცოდნის კლასიფიკაციას. შემდეგ სხვა წყვილი გამოვა დაფასთან და ისიც ფლიპჩარტებიდან ამორჩევით მოხსნის სტიკერს და სათანადო ადგილას გადაიტანს. ასე გაგრძელდება ფლიპჩარტების დაცარიელებამდე.

 

კავშირი რეალურ ცხოვრებასთან

მოსწავლე შეძლებს ღამის ცაზე შეუიარაღებელი თვალით დანახული ზოგიერთი მოვლენის მიზეზის ახსნას.

 

კავშირი სხვა საგნებთან

ქართ.V.1. ქართ.V.2. ქართ.V.7. ქართ.V.12. მათ.V.4. მათ.V.11. მათ.V.13. ს.გ.V.5. ს.გ.V.6.

  

რეკომენდაციები მასწავლებლებს

წყვილებში დასარიგებელი ცხრილი

ცხრილი 1  

ცხრილი ციურ სხეულებზე


საკითხის მოკლე აღწერა

 მზის სისტემის მცირე სხეულები

პლანეტების გარდა, მზის გარშემო საკუთარ ორბიტაზე მრავალი მცირე ზომის ციური სხეული მოძრაობს. ზოგიერთ მათგანს სფეროს ფორმა აქვს, ზოგი კი ქვის უსწორმასწორო ნამსხვრევს წააგავს. მათ ჯუჯა პლანეტებს ან ასტეროიდებს უწოდებენ. ისინი შედგება ქვის ან ლითონისგან, ზოგჯერ კი - ორივესგან ერთად. ზოგიერთ,  შედარებით დიდი ზომის, ასტეროიდს ხშირად მისი აღმომჩენის სახელს არქმევენ, ძალიან პატარებს კი - ნომრებს ანიჭებენ. ასტეროიდებს ქართული სახელებიც აქვთ, მაგ: “საქართველო”, “ხარაძე”, “თბილისი“. კოსმოსურ სივრცეში, მარსსა და იუპიტერს შორის, არსებობს ასტეროიდთა სარტყელი. ზოგიერთ ასტეროიდს განსხვავებული, უჩვეულო ორბიტა აქვს, რომელიც შეიძლება იუპიტერსაც გასცდეს ან მზესთან ახლოს მივიდეს და დედამიწის ორბიტაც გადაკვეთოს.

კომეტა ცივი  და არამნათი სხეულია. მზის სისტემის ირგვლივ, ნეპტუნისა და პლუტონისგან ძალიან შორს, ათასობით მილიონი კომეტის ბირთვი ტრიალებს. მათგან  მხოლოდ ძალიან ცოტა პოულობს მზის სისტემაში შესაღწევ გზას. ისინი, ჩვეულებრივ, მზეს ჩაუქროლებენ, შემდეგ ისევ ღია კოსმოსში ბრუნდებიან სამოგზაუროდ და ათასობით წლის განმავლობაში უკან აღარ ბრუნდებიან. ზოგიერთ მათგანს იუპიტერის ძლიერი მიზიდულობა კურსიდან აგდებს და გზას უცვლის. ისინი მზესთან ახლოს რჩებიან და რამდენიმე წელიწადში ერთხელ მათი დანახვა შესაძლებელი ხდება. კომეტა ჰალეი მზის გარშემო გრძელ, ელიფსურ ორბიტაზე ბრუნავს. მას ერთი სრული წრისთვის დაახლოებით 76 წელი სჭირდება. ბოლოს მზესა და დედამიწას ის 1986 წელს მოუახლოვდა. ამ კომეტის შესასწავლად რამდენიმე კოსმოსური ხომალდი გაგზავნეს.

კომეტის ბირთვი მყარია, ის შედგება კოსმოსური მტვრისა და ყინულის ნარევისაგან, რომელიც მზესთან მიახლოვებისას ლღვება, ფეთქდება და კომეტის ზედაპირზე უზარმაზარი ღრუბლის სახით ამოიფრქვევა. ღრუბელი რამდენიმე მილიონ კილომეტრზე იშლება - ეს კომეტის კუდია, რომელსაც ”კომა” ეწოდება. კომეტის, “კუდიანი ვარსკვლავის” გამოჩენას ძველად უბედურების მაუწყებლად  თვლიდნენ.

ღამით მოწმენდილ ცაზე შეიძლება შეამჩნიოთ, წამიერად როგორ გაიელვებს და ჩაქრება მანათობელი სხეული. ჩვენი წინაპრები ამ მოვლენას “ვარსკვლავის მოწყვეტას” ეძახდნენ. ახლა ცნობილია, რომ ვარსკვლავის ჩამოვარდნა შეუძლებელია. ეს მანათობელი სხეული კი მეტეორია. მეტეორი დიდი სიჩქარით შემოიჭრება დედამიწის ატმოსფეროში, თუმცა მის ზედაპირამდე ვერ აღწევს. ჰაერთან ხახუნის გამო მეტეორი ვარვარდება და კაშკაშა ნათებას იწყებს.  სწორედ ამ ნათებას ვხედავთ 1-2 წამის განმავლობაში.

კოსმოსურ სივრცეში უამრავი მყარი ნაწილაკი მოძრაობს. ისინი ასტეროიდების ერთმანეთთან შეჯახების და დამსხვრევის შედეგად წარმოიქმნება. ეს ნაწილაკები სხვადასხვა ზომისაა. კომეტის დაშლის დროს უამრავი ნაწილაკი წარმოიქმნება და იფანტება. თუ დედამიწამ კომეტის ორბიტა გადაკვეთა, ერთდროულად უამრავი მეტეორი  შეიჭრება მის ატმოსფეროში. ამ დროს ცაზე ასობით და ათასობით მეტეორი ჩნდება. ეს  მეტეორების “წვიმაა” ან სხვაგვარად - “ვარსკვლავთცვენა.”

თუ ატმოსფერო უფრო დიდმა სხეულმა - ბოლიდმა გადაკვეთა, მაშინ ცაზე დიდ ცეცხლოვან ბურთს დავინახავთ. მისი  გრძელი მანათობელი კვალი კარგა ხანს  რჩება ცაზე და შემდეგ იფანტება. მეტეორები რამდენიმე გრამიდან რამდენიმე კილოგრამამდე იწონის, ბოლიდი კი მათზე ბევრად დიდია - რამდენიმე კილოგრამიდან რამდენიმე ტონამდე.

ზოგიერთი ”კოსმოსური სტუმარი” დედამიწის ზედაპირამდეც აღწევს - ეს მეტეორიტია. დედამიწაზე უამრავი მეტეორიტი ცვივა. მთვარე რომ არა, დედამიწა უფრო მეტად “დაიბომბებოდა” მეტეორიტებით. მთვარეზე ატმოსფეროს არარსებობის გამო, მეტეორიტთა უმეტესობა მის ზედაპირზე ცვივა და იქ სხვადასხვა ზომის კრატერს აჩენს.

დედამიწაზე ყველაზე დიდი მეტეორიტი 1908 წელს, ციმბირში ჩამოვარდა. მისი ჩამოვარდნის შედეგად 15-30 კმ რადიუსზე ტყე მთლიანად განადგურდა.

  

დამატებითი ლიტერატურა, ინტერნეტ-ლინკები მასწავლებლებისთვის

http://www.discoveryeducation.com/free-lesson-plans 

http://www.mrdonn.org/geography.html

http://geography.mrdonn.org/powerpoints.html
http://education.nationalgeographic.com/education
http://kidsastronomy.com/solar_system.htm
http://kidsites.com/sites-edu/space.htm

  

რეკომენდაციები მშობლებს

ყურეთ დოკუმენტურ ფილმებს კოსმოსის შესახებ - “Space” (პირველი და მეორე ნაწილი), შვილთან ერთად და ისაუბრეთ ფილმის შესახებ.